ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ცოლი ნაჯახით მოკლა და ბებიის გვერდით დამარხა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხუთი წლის ბავშვის სკანდალური მინიშნება - სისხლიანი ოჯახური დრამის დეტალები

პოლიციელებიც ადამიანები არიან - მათაც აქვთ ნერვები, ყოფითი პრობლემები, მაგრამ იძულებულნი არიან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყველაფერი ეს დაივიწყონ და საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე იდგნენ. ალბათ, ბევრს გინახავთ, თუნდაც დღევანდელ საქართველოში, როგორ აყენებენ ხოლმე დემონსტრანტები პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, არცთუ იშვიათად, ფიზიკურადაც ეხებიან (ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, პოლიციელზე შეხება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება), ისინი კი მოთმინებით ცდილობენ, აქციის მონაწილეების დამშვიდებასა და წესრიგის დაცვას.

 „ერთი გამორჩეულად პატიოსანი თანამშრომელი მყავდა - ჩუმი, წესიერი, არ სვამდა, არ ეწეოდა, სპორტულ ფორმას ინარჩუნებდა, უქმეებს ცოლ-შვილთან ატარებდა. მოკლედ, ნამდვილი მეოჯახე იყო. პრაქტიკულად, არასდროს დადიოდა ჩვენთან ერთად საქეიფოდ, მაინც არ ვსვამ და საჭმელი სახლშიც მაქვსო, იტყოდა ხოლმე. ჰოდა, სწორედ ის გამომეცხადა ერთ დღეს და აკანკალებული ხმით მითხრა, ცოლი დამეკარგა, გუშინ, შუადღეს, სახლიდან ერთად გავედით, ბებიაჩემის საფლავზე ხის ჯვარი დავამაგრე, იქიდან შინ დავბრუნდით, მაღაზიაში შევივლიო, ასე მითხრა და გაქრაო. გადაამოწმა ნათესავებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან... არსად იყო“, -გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

წესითა და რიგით, ადამიანის ძებნა ოფიციალურად მას შემდეგ უნდა დაწყებულიყო, რაც მისი გაუჩინარებიდან 72 საათი გავიდოდა, მაგრამ საქმე სამართალდამცავის ცოლს ეხებოდა და ამიტომ, არაოფიციალური ძებნა იმ დღესვე დაიწყეს. გამოკითხეს ყველა, ვისი გამოკითხვაც შეიძლებოდა და აღმოჩნდა, რომ ქალი მაღაზიაში არ შესულა. ის, რომ ცოლ-ქმარი შინიდან ერთად გავიდნენ, მეზობლებმაც დაადასტურეს და ისიც თქვეს, უკან მხოლოდ კაცი დაბრუნდა, ძალიან მშვიდად მოდიოდა, აღელვების ნიშან-წყალი არ ეტყობოდაო. ყოველი შემთხვევისთვის, მილიცია სასაფლაოზეც მივიდა, თუმცა იქ ვერაფერი ნახა - ბებიის საფლავი სამიოდე დღის ამოვსებული იყო და ახალი ხის ჯვარიც იდგა ანუ მათი კოლეგა არ ტყუოდა.

სამი დღის შემდეგ, მილიციელის დაკარგული ცოლის ძებნაში უკვე ოფიციალურად მთელი უწყება ჩაერთო, მაგრამ რად გინდა - ქალი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. ის აფთიაქში ფარმაცევტად მუშაობდა, მაგრამ კოლეგებმა ბევრი ვერაფერი თქვეს, არ ვმეგობრობდით, ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდაო. სამართალდამცავებმა კოლეგას 5 წლის შვილის გამოკითხვის უფლება სთხოვეს, იქნებ, ბავშვს ისეთი რამ სცოდნოდა, რაც საქმეს წაადგებოდა და მამას, უბრალოდ, ვერ უმხელდა ანუ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალს საყვარელი ჰყავდა და მასთან ერთად წავიდა.

ბავშვი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მილიციის თანამშრომელმა ქალმა დაკითხა, ოღონდ ჯერ ზღაპრები წაუკითხა, შემდეგ ბურთით ეთამაშა და დედის გაუჩინარების თემა ნელ-ნელა შეაპარა, ხომ არ იცი, სად შეიძლება წასულიყოო. პასუხმა ყველა დააბნია - ბავშვი დედის დაკარგვით გახარებული იყო და ამბობდა, ნეტავ, არ დაბრუნდესო.

დეტალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დედა, შვილს სისტემატურად სცემდა, თუ რამეს დააშავებდა, სასტიკად სჯიდა - კუთხეში აყენებდა, აშიმშილებდა და მისი ერთადერთი ხსნა მამის შინ დაბრუნება იყო. მამა მისი ნამდვილი მეგობარი გახლდათ და მისი თანდასწრებით, დედა ვერაფერს უბედავდა, თუმცა სამსახურის გამო, მამა შინ იშვიათად იყო და ახლა, ბავშვს დედის არყოფნა ძალიან ახარებდა.

„ყველაფრის გათვალისწინებით, მთავარ ეჭვმიტანილად, სწორედ ჩემი კოლეგა გვექცა და იმის მიუხედავად, რომ მისგან დანაშაულის ჩადენა ვერ წარმოგვედგინა, მაინც დავკითხეთ. არანაირი აღელვება, არანაირი ნერვიულობა, პირიქით, გვამშვიდებდა, ვიცი, პროცედურააო და კითხვებს დამაჯერებლად პასუხობდა. მის დაკითხვას მეც დავესწარი და დავრწმუნდი, ეს კაცი უბრალო იყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ამასობაში, ერთი კვირა გავიდა და განყოფილებაში კივილით ქალი შევარდა, მაღაზიასთან ეტლი გავაჩერე, პურის საყიდლად შევედი და რომ გამოვედი, 8 თვის ბავშვი ეტლში აღარ დამხვდაო. ყველასთვის მოულოდნელად, სამართალდამცავმა, რომელმაც ცოლი დაკარგა, ფერდაკარგულმა ამოილუღლუღა - ჩემი ცოლის უახლოესი მეგობარი, სწორედ ეს ქალიაო. გამომძიებლებმა ფიქრი სხვა მიმართულებით დაიწყეს. მათი აზრით, დაქალებს შორის რაღაც მოხდა, ქალი შეგნებულად გაუჩინარდა და ახლა, ბავშვის მოპარვით, დაქალს სამაგიერო გადაუხადა. ვერსია იმდენად დამაჯერებლად ჩანდა, რომ ძალოვნებმა დაკარგული ქალის თანამშრომლების სახლები გაჩხრიკეს იმის იმედით, რომ შესაძლოა, რომელიმე მათგანთან მეგობრობდა. ჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო, თუმცა საღამოს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი, ჩვილთან ერთად მივიდა.

„დაახლოებით, ერთი წლის წინ, ათი თვის შვილი მომიკვდა. მას შემდეგ, თოჯინას ვახვევ ნაჭერში და ის მიწევს გვერდით, ვერ შევეგუე შვილის დაკარგვას. დღეს, მაღაზიასთან გავიარე, დავინახე ეტლი, სადაც ბავშვი იწვა და აზრზე რომ მოვედი, ეს ბავშვი ხელში მყავდა და საკუთარ სახლში, დივანზე ვიჯექი. ბევრი ვიფიქრე, დამებრუნებინა თუ არა, მაგრამ გამახსენდა, რა დღეში იქნებოდა დედამისი, ამიტომ მოვედი და მზად ვარ, პასუხი ვაგო“, - განაცხადა ქალმა.

ქალი შესამოწმებლად ფსიქიატრიულში გაუშვეს, ბავშვი მშობელს დაუბრუნეს და ვერსია, რომ ჩვილი დაკარგულმა ქალმა მოიპარა, ხუხულასავით დაინგრა. ძიება ისევ კედელზე ურტყამდა თავს და წინ ვერ მიდიოდა. კოლეგას დანარჩენები თვალს ვერ უსწორებდნენ. როგორი საქმეა, სხვა დანაშაულებს ხსნიდნენ და საკუთარი მეგობრის ცოლის ბედის შესახებ ვერაფერს იგებდნენ, თუმცა...

„თვეზე მეტი იყო გასული, როცა ცოლდაკარგული თანამშრომელი ჩემს კაბინეტში შემოვიდა. სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, ხელში „ქსივა“ და იარაღი ეჭირა, მაგიდაზე დამიდო, სკამზე მძიმედ დაეშვა და დაიწყო: ცოლი მე მოვკალი და აღარ შემიძლია ამ ტვირთის ზიდვა. ადრე თუ გვიან, საქმეს მაინც გახსნით და რომც არ გახსნათ, აგერ, გიყვებით ყველაფერს. იმ დღეს, მართლაც, სასაფლაოზე წავედით. ურთულესი ხასიათი ჰქონდა ჩემს ცოლს, მაგრამ ძალიან მიყვარდა, ის ხომ ჩემი შვილის დედა იყო, სიყვარულით შევირთე. ნაჯახით ჯვარს წვერს ვუკეთებდი, მიწაში რომ ჩამერჭო, ის კი ტვინს მიბურღავდა, აბა, შენ რა კაცი ხარ, ამდენი ხანია, ლეიტენანტობას ვერ გასცდი, მე რომ არ ვმუშაობდე, შიმშილით სული გაგვძვრება, ჩექმებს არ მყიდულობ, ქურქი არ მაქვს, ესაო, ისაო... მერე, გარდაცვლილ ბებიას გადასწვდა, ორჯერ იმიტომ გათხოვდა, ბოზი იყოო, დედაშენიც ბოზი იქნებოდა და, სავარაუდოდ, მე ვიღაც უჯიშო ნაბიჭვარს გავყევი ცოლად, თორემ ასეთი უნიათო როგორ ხარო. აზრზე რომ მოვედი, ის დაბლა ეგდო, მე კი ხელში გასისხლიანებული ნაჯახი მეჭირა. სასაფლაოზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ბებიაც ახალი დაკრძალული გახლდათ და საფლავი ახლიდან გავთხარე - ცოლი იქ ჩავაწვინე. მიწა გადავყარე და სახლში მშვიდად დავბრუნდი. ჰო, მშვიდად, რადგან უდიდესი ტვირთი მოვიცილე და შინაგანად, თითქოს ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა“, - ნაღვლიანად გვიყვება ბატონი თენგიზი.

სასამართლომ სამართალდამცავს, ცოლის მკვლელობისთვის, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის განაჩენში შემამსუბუებელი როლი შვილმა ითამაშა, რომელიც დედ-მამის გარეშე დარჩა, თუმცა დამამძიმებელი გარემოება მისი პროფესია გახლდათ.