სერიული მკვლელობები მტკვრის სანაპიროზე - ქრთამი მოსამართლეს ბოშების ბარონისგან

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პალეოლითი - ძველი ქვის ხანა ანუ პერიოდი, როცა შრომისა და საბრძოლო იარაღი, უმთავრესად, ქვისგან იქმნებოდა, მაგრამ გამოიყენებოდა ძვალი და ხეც. მას შემდეგ ასწლეულები გავიდა, მაგრამ ქვას ბევრისთვის მნიშვნელობა დღემდე არ დაუკარგავს -  როგორც სამუშაო, ასევე, „სანადირო“ იარაღად იყენებენ.

 „გაზაფხულის თბილი საღამო იყო და სამსახურში შემოვრჩი. ვიფიქრე, სახლამდე ფეხით გავისეირნებ-მეთქი, იმდენად მონატრებული მქონდა ქუჩაში გასვლა. შებინდდა და ის იყო, კაბინეტის კარი გამოვიხურე, მორიგე შემომეფეთა, დარეკეს, სანაპიროზე მკვლელობააო. რა უნდა მექნა? - მძღოლი, რომელიც ბედნიერი სახით მელოდებოდა, რადგან იცოდა, დღეს ადრე მოუწევდა შინ წასვლა, ჩემსავით მოიღუშა და მტკვრის სანაპიროს მანქანით ერთად გავუყევით. ადგილზე რამდენიმე სამართალდამცავი, სასწრაფოს მანქანა და ოცამდე ცნობისმოყვარე დამხვდა. მკვლელი იქვე რომ დამეკავებინა, ალბათ, ტყვიას დავახლიდი, ისე ვიყავი გაბრაზებული, დასვენება რომ საქმეში გადამივიდა“, - გვიყვება მორიგ საინტერესო ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილი 30-32 წლის ახალგაზრდა კაცი იყო, თავში რაღაც ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული და წინასწარი დათვალიერებით, ჯიბეები - დაცარიელებული, თითიდან ბეჭედი ჰქონდა მოხსნილი, ყელზე კი შეწყვეტილი ძეწკვის კვალი ეტყობოდა. მისი ვინაობაც მალე დადგინდა - ერთ-ერთი საწარმოს რიგითი მუშა, რომელიც სამუშაოს შემდეგ, შინ ბრუნდებოდა.

რატომ და რისთვის მოკლეს, ცოლს წარმოდგენა არ ჰქონდა და მისი სანაცნობოს გამოკითხვამაც აჩვენა, რომ მტრები არ ჰყავდა. უფრო მეტიც, ხელიდან წამძვრალი ბეჭედი მის მიერვე, ჩვეულებრივი ქანჩისგან იყო გაკეთებული. ცოლ-ქმარს იმდენად უჭირდა, რომ ძვირფასი მეტალისთვის ფული არ ჰქონდა და ამიტომ, ქმარმა სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად, ორი ცალი „ბოლტი“ გაალამაზა, გააპრიალა, ერთი თავად გაიკეთა, მეორე ცოლს მისცა.

ყელზე შეწყვეტილი ძეწკვიც ჩვეულებრივი უჟანგავი ფოლადის მავთულისგან იყო აწყობილი. ცოლის მტკიცებით, ქმარს ჯიბეში, მაქსიმუმ, 3 მანეთი შეიძლებოდა ჰქონოდა. მაშინ რატომ მოკლეს, ვინ მოკლა და რაც მთავარია, რა იყო მკვლელობის იარაღი? - ექსპერტიზის ვარაუდით, გარდაცვლილს უკნიდან მიეპარნენ, თავში ქვა ჩაარტყეს, შემდეგ გაქურდეს, ქვა კი, უბრალოდ, მტკვარში მოისროლეს. იმ ადგილზე, მტკვარში რაიმეს ძებნას აზრი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, მტკვრის ფსკერი ისედაც ქვიანია და მეორეც - წყალი ყველაფერს წაშლიდა.

მომხდარიდან ორ დღეში, ისევ სანაპიროზე, ახალი თავდასხმა მოხდა. ამჯერად, სამსახურში მიმავალ მოხუცს ჩაარტყეს თავში ბლაგვი საგანი. კაცი ერთ-ერთ ობიექტში დარაჯი იყო და საბედნიეროდ, გადარჩა, თუმცა ტვინის შერყევით, საავადმყოფოში მოხვდა. მან გამოძიებას საერთოდ ვერაფერი უთხრა. ჩვეული გზით მიდიოდა, მოულოდნელად, თავის არეში დარტყმა იგრძნო, გონზე კი საავადმყოფოში მოვიდა. ვინ დაარტყა, რა დაარტყა და რატომ, წარმოდგენა არ ჰქონდა. თავდამსხმელებმა ვერაფერი წაიღეს, რადგან კაცი ახლოს ცხოვრობდა და სამსახურში წასასვლელად, ტრანსპორტი არ სჭირდებოდა. შესაბამისად, ჯიბეში ფული არ ედო, საგზლად წაღებული ნახევარი პური, 2 ცალი კვერცხი, ძეხვის ნაჭერი და მწვანილი კი იმ ადგილზე ეგდო, სადაც თავდასხმა მოხდა, თუმცა სამართალდამცავებმა ყურადღება იმასაც მიაქციეს, რომ მოხუცის შარვლის ჯიბეები ამობრუნებული იყო ანუ თავდამსხმელები ფულს ეძებდნენ.

„იცით, რა იყო ყველაზე ცუდი ჩვენს საქმეში? - უმკაცრესი მითითება გახლდათ, რომ სერიული დანაშაულების შესახებ, ხმამაღლა არ გვეთქვა ანუ საბჭოთა კავშირში არ არსებობდნენ სერიული მკვლელები, სერიული მოძალადეები, სერიული მძარცველები. ამის შესახებ, შეგვეძლო ერთმანეთში გვესაუბრა და არა - თათბირზე და მით უმეტეს, უფლება არ გვქონდა, ეს ტერმინი ოფიციალურ საქმეში შეგვეტანა. არადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე სერიულ ძარცვასთან გვქონდა, რომელთაგან ერთი, სიკვდილით დასრულდა, თუმცა, რატომ ერთი? მოხუცზე თავდასხმიდან მესამე დღეს, მორიგი თავდასხმა გვქონდა და მორიგი მსხვერპლიც გვყავდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

თამდასხმა, ამჯერად, უშუალოდ სანაპიროზე არა, მაგრამ გზის მეორე მხარეს მოხდა. გარდაცვლილი იყო ახალგაზრდა, 19 წლის ბიჭი, რომელსაც თუ რამ ჰქონდა, ყველაფერი ამოაცალეს. მკვლელის ხელწერა იგივე - თავში ბლაგვი საგანი, მკვლელობის იარაღი, სავარაუდოდ, ისევ ქვა, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ვერც ამჯერად ნახეს.

გაჩნდა ვარაუდი, რომ მკვლელი, მტკვრის სანაპიროს შეგნებულად არჩევდა, რადგან მკვლელობის იარაღი მოეცილებინა. სავარაუდოდ, ის საშუალოზე მაღალი უნდა ყოფილიყო, რადგან თუ პირველ ორ შემთხვევაში, მსხვერპლი საშუალო ტანის იყო, მესამე შემთხვევაში, ბიჭის სიმაღლე 180 სანტიმეტრზე მეტი გახლდათ, დარტყმა კი მაინც ზემოდან ქვემოთ განხორციელდა, რასაც საშუალო ტანის კაცი ვერ მოახერხებდა.

ოპერმუშაკებმა სანაპიროზე პატრულირება დაიწყეს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები, წინ და უკან დადიოდნენ, მაგრამ ჯერ ერთი, არც იმხელა რესურსი ჰქონდა თბილისის მილიციას, მთელი სანაპირო გაეკონტროლებინა და მეორეც, ამ საქმის გარდა, სხვაც იყო გასაკეთებელი.

„ერთი თანამშრომელი გვყავდა, მაგარი მუშა ბიჭი იყო, რომელიც ტვინითა და გამჭრიახობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ თუ საქმეზე მიუშვებდი, აუხსნიდი, რა უნდა ექნა, მოკვდებოდა და გააკეთებდა. ხანდახან, წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ, ნამდვილად ჭკვიანურ რამეს ამბობდა, თან ისეთ მარტივსა და გენიალურს, გაოცებას ვერ ვმალავდით. ჰოდა, ამ საქმეზეც ისეთი რამ თქვა, გამოცდილმა მაძებრებმა ერთმანეთს გადავხედეთ და პირი დავაღეთ. მოკლედ, საქმის მასალებს ფურცლავდა, მგონი, კითხვაც კი არ იცოდა კარგად და იმ ბეჭედს ჩააშტერდა, რომელიც პირველ მსხვერპლს შეხსნეს. მისი ზუსტი ასლი ცოლს ჰქონდა და სურათი სწორედ ცოლის ბეჭედს გადავუღეთ. უყურებს ეს ჩემი ცოდვით სავსე ამ „ბოლტისგან“ დამზადებულ ნაკეთობას და რაღაცას ფიქრობს, თან თავისი ქორწინების ბეჭედს დაჰყურებს. უცებ, თითი აღმართა ჰაერში და მკაფიოდ წარმოსთქვა - მკვლელს წარმოდგენა არ აქვს მეტალზე ანუ არ იცის, საქმე ვერცხლთან აქვს, ოქროსთან თუ ჯართთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითიდან წამძვრალ ბეჭედს აუცილებლად მიიტანდა სადმე, რომ გაეყიდა და აუცილებლად დასცინებდნენ, ამიტომ ის ოქრომჭედლები უნდა მოვინახულოთ, რომლებიც ვიცით, რომ მოპარულის ყიდვაზე უარს არ ამბობენო. ეს თქვა და შიშით გადმოგვხედა, არ დამცინონო, მაგრამ რა დაცინვა, იდეა ყველას მოგვეწონა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ოპერმუშაკები პირველად მოკლული მამაკაცის ცოლთან წავიდნენ და ბეჭედი ითხოვეს, შემდეგ კი ოქრომჭედლებს ჩამოუარეს. ბეჭედი სამმა მათგანმა ამოიცნო, ვიღაც ბოშა ჯერ ძვირს აფასებდა, ბოლოს, 5 მანეთადაც კი ჰყიდდა, მაგრამ მასეთი „ბოლტი“ ორი კაპიკი ღირს მაღაზიაშიო. უფრო კონკრეტულად კი, ერთ-ერთმა ოქრომჭედელმა მიუთითა, ეგ ის ბიჭია, ადრე მოტოციკლის ქურდობაზე რომ გყავდათ დაკავებულიო. სამართალდამცავებმა დამნაშავის ვინაობა კი იცოდნენ, მაგრამ ისიც იცოდნენ, ლოტკინის გორაზე, სადაც მკვლელი ცხოვრობდა, მას ბევრი ნათესავი და ქომაგი ჰყავდა, ამიტომ მილიციას მკვლელის მშვიდად აყვანა გაუჭირდებოდა. შესაბამისად, გადაწყდა, მისთვის ეთვალთვალათ და როგორც კი უბანს მოსცილდებოდა, აეყვანათ. დიდხანს ცდა არ დასჭირდათ, იმავე საღამოს, ბიჭი მშვიდად დაეშვა გადასასვლელი ხიდისკენ და ოპერმუშაკებს ბრძანებაც შეუცვალეს - არ დააკავოთ, მხოლოდ უთვალთვალეთო. არსებობდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის ახალ საქმეზე წასულიყო და ცხელ კვალზე აყვანას, სხვა პეწი ექნებოდა.

ბოშამ გზად მოზრდილი ქვა შეარჩია, ქურთუკის უბეში ამოიდო და მშვიდად ჩაუყვა გზას ჩელუსკინელების ხიდისკენ. სამართალდამცავები მოშორებით მიჰყვებოდნენ, ისე, რომ არ დაეფრთხოთ. ამ სიფრთხილეს, ლამის მორიგი მსხვერპლი მოჰყვა - სანაპიროზე ჩასული ბოშა, მოულოდნელად, პირველივე შემხვედრს მიუტრიალდა, უბიდან ქვა გამოაძრო, მაღლა შემართა და მხოლოდ ოპერმუშაკების შეყვირების შემდეგ მოიქნია ხელი მტკვრის მიმართულებით. ქვა მდინარემ შთანთქა, ბოშა კი მშვიდად მიეყუდა მოაჯირს და სამართალდამცავებს გაოცებით ჰკითხა, რისთვის მიჭერთო?!

„მაშინ, როცა ყველა დახვრეტის მუხლს ველოდებოდით, სასამართლომ მხოლოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არ ვიცი, შეიძლება ვცოდავ, მაგრამ ამბობდნენ, მოსამართლეს იმ ბიჭის წონა ფული მიუტანეს ბოშებმაო. მაგათი ბარონის დის შვილი იყო და ამიტომ გაუფრთხილდნენო. არ ვიცი, ვერ ვიტყვი ბოლომდე, მართლა აიღო თუ არა მოსამართლემ ფული, მაგრამ ფაქტია - პროკურორს არ აუღია, რადგან დახვრეტა მოითხოვა, სასამართლომ კი, გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო, მხოლოდ გაძარცვა სურდაო და 8 წელი „დააჩაქუჩა“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.