როგორ დაიგეგმა ორი სკანდალური სპეცოპერაცია - იტალიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ათეულობით ქართველის დაკავების ექსკლუზიური დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საქართველოს 55 მოქალაქე დააკავეს, ფართოდ არ გაშუქებულა. მხოლოდ გაკვრით ითქვა, რომ აღნიშნულ სპეცოპერაციაში, ევროპაში მყოფი საქართველოს პოლიციის ატაშეებიც მონაწილეობდნენ. რეალურად, კი არ მონაწილეობდნენ, არამედ, თავიდან ბოლომდე იყვნენ ჩართულნი. სპეცოპერაცია ექვსი თვის განმავლობაში მზადდებოდა და მისი კოდური სახელი „Kanonieri Qurdi“ იყო.

 სპეცოპერაცია - „Kanonieri Qurdi“, ექვსი თვის განმავლობაში მზადდებოდა. მასში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს პოლიციის ატაშეები. საქმე ის გახლავთ, რომ ევროპაში მყოფმა ქართველმა კრიმინალებმა ადგილობრივებზე იქორწინეს და როგორც გვარები, ისე სახელებიც შეიცვალეს. ამიტომ, მათი ვინაობის დადგენა ევროპელი სამართალდამცავებისთვის რთული იყო. სამაგიეროდ, ქართველმა ატაშეებმა მათი არა მარტო ნამდვილი სახელები და გვარები იცოდნენ, არამედ, ისინი თითოეულს სახეზეც კი იცნობდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ათეული ტომი გამოგვიგზავნა და მათი იდენტიფიკაციისთვის საჭირო მასალა შეგროვდა. სპეცოპერაციის სახელწოდება - „Kanonieri Qurdi“-ც ქართველმა ატაშეებმა მოიფიქრეს, რაც ქართულ ენაზე, კრიმინალური სამყაროს უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე მყოფ პირს ნიშნავს“, - წერს იტალიური მედია.

იმავე დღეს, სპეცოპერაცია ჩატარდა საფრანგეთის ოთხ ქალაქში. სპეცოპერაციის კოდური სახელწოდება საფრანგეთში, „Bratva-35“ იყო (ესეც ქართველ ატაშეებს მოუფიქრებიათ) და როშ-სიურ-იორში, ანჟერში, ბორდოსა და რენში, საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის, „კანონიერი ქურდი“ კახა ალიშბაია (მეტსახელად, „კახა ზუგდიდსკი“). სხვათა შორის, ალიშბაია ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც საქართველო ძალიან ადრე, 90-იანი წლების მიწურულს დატოვა.

იმავე დღეს ანუ 9 თებერვალს, აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, საბერძნეთში, ბელგიასა და სლოვენიაში კი - თითო-თითო.

ბოლო დროს, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გახშირებული კრიმინალური შემთხვევების გამო, გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეეზღუდათ. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად ითანამშრომლა ევროპელ სამართალდამცავებთან და სპეცოპერაციაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო. ამით, ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ კრიმინალს ნებისმიერ დონეზე ებრძვის და მზად არის, დახმარება, როგორც დოკუმენტურად, ისე ადამიანური რესურსით გაუწიოს“, - ესეც იტალიურ პრესაში დაიწერა.