სად გაუჩინარდა იტალიაში გაშვილებული ქართველი გოგონა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ ვერ დაუმტკიცდა დისშვილის მკვლელობა და რა ბრალდებით ჩასვეს ციხეში დაკარგულის დეიდა

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი (სხვათა შორის, პირველი და უკანასკნელი) მიხეილ გორბაჩოვი გახდა, მან რკინის ფარდის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და დასავლური ტექნიკა, ტრადიციები, ავეჯი, ტანისამოსი, თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. თითქმის იმიტომ, რომ ყველაფერი ეს მაინც ძვირი ღირდა და ყველა ვერ ყიდულობდა. მეტიც, გორბაჩოვის ინიციატივით, საბჭოთა ბავშვები დასასვენებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წავიდნენ, იქიდანაც ჩამოიყვანეს პატარები საბჭოეთში დასასვენებლად, ვისაც გაუმართლა, 10 დღით აშშ-საც ეწვია და პრეზიდენტიც ყველას პირდებოდა, „პერესტროიკა“ ქვეყანას სიკეთეს მოუტანსო. საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე 15-ვე რესპუბლიკამ იხილა, როცა სისხლითა და ცეცხლით მოიპოვა დამოუკიდებლობა და ბოლომდე დამოუკიდებელი, ალბათ, ბალტიისპირეთის ქვეყნები თუ არიან, თორემ დანარჩენებზე რუსეთს კვლავ პრეტენზია აქვს.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროპას ადამიანებმა უკვე სახელმწიფო პროგრამებით კი არა, დამოუკიდებლად მიაშურეს. ევროპელებიც სიამოვნებითა და უდიდესი ინტერესით სტუმრობდნენ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს ყოფილ რესპუბლიკებს, აინტერესებდათ, რეალურად როგორ ცხოვრობდა ის ხალხი, რას აკეთებდა, რას ფიქრობდა. ასე მოხვდნენ საქართველოში იტალიელები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ძალიან მოეწონათ და შეეცადნენ, რამენაირად დაკავშირებულნი ყოფილიყვნენ. წყვილი 40 წელს იყო მიტანებული, შვილი არ ჰყავდათ და განაცხადეს, თუ ქართველ ბავშვს მოგვაშვილებენ, სიამოვნებით გავზრდითო. ყველაფერი ეს, სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა კატეგორიული უარი უთხრეს. ბავშვის აყვანის მსურველები მაშინ არც ჩვენ გვაკლდა (არც ახლა გვაკლია, მაგრამ ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ადამიანები რიგში წლობით დგანან), თან შინაგანად, ბევრს სჯეროდა, რომ კავშირის დაშლა დროებითი მოვლენა იყო და ის ისევ აღდგებოდა. ყველაფერი ასე მარტივად შეიძლებოდა დასრულებულიყო, მაგრამ გამოჩნდა ქალი, რომელმაც იტალიელებს უთხრა, თუ მოახერხებთ ბავშვი საზღვარზე გაიყვანოთ, ჩემს დისშვილს მოგაშვილებთ, დედ-მამა ავარიაში დაეღუპა, მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი გვყავს, პატარას ჩემს გარდა არავინ დარჩა და მისი შენახვის საშუალება არ მაქვსო. იტალიელებმა მოახერხეს და ერთადერთი მეურვისგან ნოტარიულად დამტკიცებული თანხმობა მიიღეს ბავშვის გაყვანაზე (და არა შვილად აყვანაზე), დეიდასაც რამდენიმე ათასი გადაუხადეს და პირობა დადეს, რომ 7 წლის გოგონას ნამდვილ ევროპელ მოქალაქედ აღზრდიდნენ...

შევარდნაძის ეპოქა ბოლო წელს ითვლიდა, როცა იტალიის საელჩოს წარმომადგენელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა – იტალიური ოჯახი შვილობილს ეძებდა, გოგონას, რომელიც გაზარდეს, რომელიც საქართველოში დეიდასთან სტუმრად ჩამოვიდა და გაქრა. დეიდა ამტკიცებდა, აეროპორტამდე მე მივიყვანე მანქანით, გაფრენას აპირებდა, ბილეთები აღებული ჰქონდა და მერე სად გაქრა, წარმოდგენა არ მაქვს, იტალიაში უნდა იყოსო. აღნიშნულ რეისზე გოგონას ბილეთი მართლაც ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ თვითმფრინავში არ ასულა, არც რეგისტრაცია გაუვლია და არც ბარგი ჩაუბარებია. რაც მთავარია, აეროპორტში არსებულ კამერებზე გოგონა საერთოდ არ ჩანდა. დეიდამ ისიც თქვა, ვიღაც უყვარდა, ადრე რომ ჩამოვიდა, ვიღაც ბიჭს ხვდებოდა და შესაძლოა, იმასთან ერთად გაიპარაო, მაგრამ იტალიურ წყვილს ამის არ სჯეროდა. მალე საქართველოში ქართველი გოგონას გამზრდელები ჩამოვიდნენ.

„იმის გამო, რომ ბავშვს მშობლიური ენა არ დავიწყებოდა, საქართველოს საელჩო როგორც კი გაიხსნა, მაშინვე დავუკავშირდით და ჩვენს შილობილს ქართულის გაკვეთილებს უტარებდნენ. პარალელურად, ის იტალიურ სკოლაში სწავლობდა და ძალიან ბედნიერი იყო. მისი ოცნება საკონდიტროს გახსნა გახლდათ, რომელიც ჩვენს ქალაქში უნდა გაეხსნა. ფართიც შეარჩია, მაგრამ დაახლოებით, 20 ათასი დოლარი აკლდებოდა ფართისა და ინვენტარისთვის, დანარჩენს ჩვენ ვაძლევდით. საქართველოში ამიტომ წამოვიდა, დედ-მამის სახლი უნდა გაეყიდა და საკონდიტრო გაეხსნა. ჩვენ არც ვიღაც ბიჭის არსებობის გვჯერა, ჩვენი შვილობილი დანიშნული იყო, ქორწილისთვის ემზადებოდა და არ გახლდათ ისეთი უპასუხისმგებლო, ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა“, – ამბობდნენ ჩამოსულები.

სამართალდამცავებმა ძიება დაიწყეს. აქეთ სამინისტრო სთხოვდა პასუხს, იქეთ – იტალიის საელჩო და ამიტომ, საქმეში საუკეთესო მაძებრები ჩაერთნენ. პირველ რიგში, გოგონას ის მეგობრები დაკითხეს, რომლებთანაც იტალიაში წასვლის შემდეგაც ინარჩუნებდა ურთიერთობას. დაკითხეს დეიდაც, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა, ისეთი ჩერჩეტი იყო, უეჭველად, იმ ბიჭს გაჰყვაო, მაგრამ საინტერესო ის გახლდათ, რომ ბიჭის არსებობას არცერთი მეგობარი არ ადასტურებდა. ისინი ერთხმად ამბობდნენ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, საიდან მოიგონა დეიდამ ბიჭის ამბავი, როცა გოგონას სიტყვაც არ დასცდენია და მუდმივად თავის იტალიელ საქმროზე საუბრობდა.

ძიებამ ისიც გაარკვია, რომ სანამ გოგონა იტალიაში ცხოვრობდა, დეიდას ბინა გაქირავებული ჰქონდა და მართალია, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ აღებულ ფულს პატიოსნად ინახავდა და დისშვილს უგზავნიდა, ან როცა საქართველოში ჩამოდიოდა, ახვედრებდა, მაგრამ ეს ფაქტი მამობიულ-დედობილმა არ დაადასტურეს. გოგონას გზავნილი არასდროს მიუღია, როცა იტალიიდან საქართველოში მიდიოდა, მუდმივად მიჰქონდა იმდენი თანხა, რომ უკან დასაბრუნებლადაც ჰყოფნოდა, გარდა ამისა, არასდროს უთქვამს, რომ დეიდამ რამე მისცა. არადა, გამზრდელებს ყველაფერს უყვებოდა, უმნიშვნელო დეტალსაც კი და დედობილ-მამობილმა ზუსტად იცოდნენ, ვინ აჩუქა მათ შვილობილს სათამაშო, ვინ – მაისური, ვინ – ტუჩსაცხი, ან სუნამო. დეიდის პიროვნების შესწავლის შემდეგ, ძიებამ ძველ არქივებში მიაგნო ცნობას, რომლის მიხედვითაც, ქალი რამდენიმე წლის წინ, მკვლელობის თანამონაწილეობაში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მაშინ დანაშაული ვერ დაუმტკიცდა. საქმე ასაკოვანი ქალის გარდაცვალებას ეხებოდა, რომელზეც მეზობლები ამბობდნენ, ნათესავმა მამაკაცმა და ამ ქალმა გაგუდეს, ბინა რომ დარჩენოდათ, მაგრამ... მაშინ ფულით ყველაფრის კეთება შეიძლებოდა და მტკიცებულებების არარსებობის გამო, საქმე შეწყდა. იქნებ, ახლაც ბინა იყო მიზეზი, რომ გოგონა მოულოდნელად გაუჩინარდა?

დაკარგული გოგონას მეგობრები ამბობდნენ, რომ ის საკონდიტროს გახსნაზე ოცნებობდა და ბინის გაყიდვას აპირებდა. ბინის კლიენტიც ჰყავდა, თან არაერთი, თუმცა ისეთ ფასს არავინ აძლევდა, რომელიც სურდა. ერთმა მეგობარმა ისიც გაიხსენა, რომ გაუჩინარებულს დეიდამ ურჩია, ბინა მინდობილობით მე გადმომიფორმე, ორ თვეში აუცილებლად ისეთ კლიენტს მივყიდი, ვინც რეალურ ღირებულებას გადაიხდისო. გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ გოგონამ დეიდას, იტალიაში გაფრენის წინა დღეს, სანოტარო წესით, ბინაზე გენერალური მინდობილობა მისცა. მას ბინის გაყიდვა და გაჩუქება შეეძლო.

მართალია, ყველაფერ ამის შემდეგ, დეიდა მთავარ ეჭვმიტანილად იქცა, მაგრამ მის წინააღმდეგ სამხილი არ არსებობდა. თუ არ იტყოდა, რომ დისშვილი მე მოვკალი, მტკვარში გადავაგდე, ან კონკრეტულ ტერიტორიაზე დავმარხეო, ძიება ვერაფერს იზამდა. დეიდა კი ამას ცოცხალი თავით არ იტყოდა, თანაც ჰყავდა ავტომობილი, რომელსაც ძალიან კარგად ატარებდა. ამიტომ, მარტივად შეეძლო, გვამი მანქანაში დაემალა, ნებისმიერ ადგილზე წაეღო და გადაეგდო, ან დაემარხა. მანქანა დეტალურად შეამოწმეს და მოტეხილი ფრჩხილის ნაწილი იპოვეს, ისიც სალონში, უკანა სავარძელზე, თუმცა დეიდამ მხრები აიჩეჩა, შეიძლება ჩემი იყოს, შეიძლება დისშვილის, შეიძლება რომელიმე დაქალის, ქალებს ფრჩხილები ხშირად ტყდებათო და მართალიც გახლდათ. ერთი დღის შემდეგ ექსპერტიზამ დასკვნა კი დადო, რომ ფრჩხილი დაკარგულ გოგონას ეკუთვნოდა, მაგრამ მერე, რა? საქართველოში ის მუდმივად დეიდას დაჰყავდა მანქანით და ამიტომ, ფრჩხილი, თმა, დნმ-ის ნებისმიერი ნიმუში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. ძალოვნებს რაღაც უნდა მოეფიქრებინათ, მაგრამ რა?

გადაწყდა, ქალის ბინა გაეჩხრიკათ და გაჩხრიკეს კიდეც. ერთ-ერთ მაისურზე მუქი ლაქა შენიშნეს. ცხადი იყო, ლაქის ამოყვანას განსაკუთრებულად ეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ექსპერტიზამ იწვალა და დაადგინა, რომ სისხლი გოგონასი იყო, მაგრამ დეიდამ ისევ მშვიდად თქვა, წინა დღეს, ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, ხელსახოცი ქაღალდი მივაწოდე და მაშინ დავისვარეო. ყველაზე საყურადღებო კი ის იყო, რომ გოგონას მითიური ქართველი საქმრო, რომლის არსებობის შესახებაც, თურმე, მხოლოდ დეიდამ იცოდა, რეალობაში არ არსებობდა, რადგან ქალმა ვერ თქვა მისი გვარი, ვერ დაასახელა მისამართი, ზოგადი აღწერილობით შემოიფარგლა და განაცხადა, გიორგი თუ დავითი ერქვაო ანუ სახელები, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული საქართველოში. გამოძიება დარწმუნდა, რომ მკვლელობა ქალმა ჩაიდინა, მაგრამ ვერ ამტკიცებდა, ის კი ხმას არ იღებდა. ჰოდა, ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მაშინ ხდებოდა – სამართალდამცავებმა ნახეს ორი ნარკომანი, რომლებმაც ქალს ხელი დაადეს, ჰეროინი მოგვყიდაო. მისი ავტომობილის ჩხრეკის დროს, ნახეს გასაყიდად გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი, რომელზეც გულდასმით იყო დატანილი სპეციალურად დამზადებული ნიმუშიდან ქალის თითის ანაბეჭდები და სასამართლომ 12-წლიანი სასჯელი არ დაამადლა. გოგონა კი... ის დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარულად ითვლება.

ბათo ჯაფარიძე