მორგში გვამი აფეთქდა – ვინ და რატომ ჩაამონტაჟა ბომბი მოკლულის სხეულში

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოხალისე შურისმაძიებლის კრიმინალური ამბავი

მორგი – ადგილი, სადაც ყოფნაც კი დამთრგუნველია და ამიტომ, ნუ გიკვირთ ხოლმე, თუ პათანატომთა უმრავლესობა სასმელს ეტანება, ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. ყოველდღიურად გვამებთან შეხება სასიამოვნო ნამდვილად არ არის და რაც მთავარია, ერთ დღეს თუ 90-ს მიტანებული მოხუცი შეიძლება გაკვეთო, მეორე დღეს, შესაძლოა, ნაწამები ბავშვის სხეული მოგიტანონ, მესამე დღეს – სხეულის ნაწილი, რომელზეც ექსპერიმენტები უნდა ჩაატარო და ექსპერტიზის დასკვნა დადო. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მორგში, არასდროს დაავიწყდება ფორმალინის სუნით გაჟღენთილი კედლები, სისხლის მძიმე სუნი, რომელიც თითქოს გემოსაც ტოვებს და ყველაფერი ეს, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

„მორგში ყოფნა არასდროს მიყვარდა და ყოველთვის ვცდილობდი, გვამის დასათვალიერებლად ან ხელქვეითი გამეგზავნა, ან გვამი ადგილზე დამეთვალიერებინა, ვიდრე მორგში წაიყვანდნენ. ამიტომ, როცა მითხრეს, რომ დედაქალაქიდან დასავლეთში უნდა წავსულიყავი და მორგი მენახა, ვიუარე, ცხვირი ავიბზუე, თუმცა დამიკონკრეტეს, იქ გვამი აფეთქდა და იმიტომ გიშვებთო. აფეთქებული გვამი მინახავს, მზეზე, უპატრონოდ დაგდებული, გაბერილი და შემდეგ შეხებისგან გადამსკდარი კანი, მაგრამ მორგში აფეთქებულმა გვამმა არათუ დამაინტერესა, დამაინტრიგა კიდეც. ამიტომ, სახლში შევირბინე, ასეთი შემთხვევებისთვის მუდმივად მზადყოფნაში მყოფი ჩემოდანი საბარგულში ჩავდე და წავედი“, – გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ადგილობრივი სამართალდამცავების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის გვამი ტყეში სოკოზე წასულმა პიროვნებამ იპოვა. ძალოვნებმა ადგილზევე დაათვალიერეს და ნახეს, რომ გვამს მუცელი ჰქონდა გაჭრილი და ამოკერილი. სხეული მორგში წაიღეს და როცა პათანატომმა მისი გაკვეთა დააპირა და ძაფები შეხსნა, აფეთქების ხმა გაისმა. პათანატომი ძალიან დაშავდა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა, გვამი ნაფლეთებად იქცა, დანარჩენები კი არ დაშავებულან – ცოცხლებიდან მორგში მხოლოდ პათანატომი იმყოფებოდა. რაღა თქმა უნდა, თბილისიდან ჩასულმა ჯგუფმა, პირველ რიგში, ნაპოვნი გვამის შესწავლა დაიწყო. მისი ვინაობა უკვე დადგენილი გახლდათ – ის რაიონში ცნობილი კრიმინალი იყო. მეტიც, დაახლოებით, ექვსი თვის წინ, მას ახალგაზრდა ქალის მკველობას ედავებოდნენ, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს.

„მთელი რაიონის აგენტურული ქსელი ამბობდა, რომ ქალი მან მოკლა, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, საქმე, უბრალოდ, შეწყდა. ამიტომ, სავარაუდოდ, ვიღაცამ შური იძია, მაგრამ შური იძია არა მარტო მამაკაცზე, არამედ, პათანატომზეც. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, სწორედ იმ საქმის შესწავლა დავიწყე და იმის გარკვევა, ვინ დაუშვა ნებსით თუ უნებლიედ ისეთი შეცდომა, რომელმაც მკვლელი გაამართლა და მის მიმართ არსებული ეჭვები მოხსნა“, – იხსენებს ბატონი თენგიზი.

ხელახალი ძიებით დადგინდა, რომ საქმის გამომძიებელი არაფერ შუაში იყო, ის პატიოსნად მიჰყვებოდა ძიებას და დამნაშავე დაკავებულიც ჰყავდა, მაგრამ ადვოკატმა ხელახალი ექსპერტიზა მოითხოვა და სწორედ ახალი ექსპერტიზის შემდეგ დადგა საქმე თავდაყირა. მთავარი მტკიცებულება, რომელიც საქმეში იყო, ხელახალმა ექსპერტიზამ დაუშვებლად სცნო, დაბეჯითებით პასუხი ვეღარ დადო და ბრალდება ჰაერში ჩამოეკიდა, თუ გამოეკიდა. საქმის გამომძიებელმა თბილისელ კოლეგებთან მხრები აიჩეჩა, მე რა უნდა მექნა, კაცი დაკავებული მყავდა, ზუსტად ვიცოდი, მკვლელი რომ იყო, მაგრამ ექსპერტიზამ ყველაფერი თავდაყირა დამიყენა და დაჭერილი კაცი გამაშვებინეს, არადა, რომ მჯდარიყო, ეგებ, ახლა ცოცხალი ყოფილიყოო. დაშავებული ექსპერტის დაკითხვა, ჯერჯერობით, შეუძლებელი გახლდათ, მაგრამ აქაც საქმის ძველმა გამომძიებელმა უშველა, ეს პათანატომი რა შუაშია, დასკვნა სხვამ დადო და ამიტომ მგონია, რომ აფეთქება პათანატომზე შურისძიებას არ უკავშირდებაო. მეორე პათანატომის დაკითხვა, დაახლოებით, ორ საათში შედგა.

„მე არაფერი ვიცი და არც აფეთქებასთან მაქვს კავშირი. ჩემი მოკვლა რომ სდომოდათ, მე ამაფეთქებდნენ. დასკვნაში დავწერე ის, რაც დავინახე და განმეორებითი ექსპერტიზა მე არ მომითხოვია. პირველ ჯერზე ის დავწერე, რაც იყო, მეორეზეც იგივე, მაგრამ მეორეზე მთავარი მტკიცებულება გაქრა, აღარ ჩანდა. ამიტომ, ჩემთან ნუ ეძებთ“, – განაცხადა პათანატომმა.

ერთადერთი იმედი დაშავებული პათანატომის დაკითხვა იყო, მაგრამ ის უგონო მდგომარეობაში გახლდათ და ამიტომ, საქმე წინ არ მიდიოდა. დაშავებულის პალატასთან, 24-საათიან რეჟიმში ძალოვნები მორიგეობდნენ, სამი დღის შემდეგ, ექიმმა განაცხადა, პაციენტი აზრზე მოვიდა და ყველაზე დიდი, ორი წუთი გექნებათ კითხვების დასასმელად, მეტს ვერ დავტვირთავო. მის დასაკითხად ბატონი თენგიზი შევიდა.

„მორიგე მე არ უნდა ვყოფილიყავი, კოლეგამ გამიცვალა, შეუძლოდ ვარო, ასე მითხრა, ხშირად ვცვლიდით ხოლმე „სმენას“, პრობლემა არ იყო და ამიტომ, რეალურად არავინ იცოდა, როდის, ვინ იქნებოდა მორგში“, – თქვა დაშავებულმა და ისევ გონება დაკარგა. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მეორე პათანატომი ეჭვმიტანილის სტატუსით დაეკავებინათ, მაგრამ ის, უბრალოდ, გაქრა. მისი ძებნის პარალელურად, სამართალდამცავებმა მოკლული გოგოს გარემოცვის შესწავლა დაიწყეს, თუმცა ისეთს ვერავის მიაგნეს, ვისაც შეიძლებოდა, მის გამო შური ეძია. გოგოს გათხოვილი და ჰყავდა, მაგრამ სიძე ბუნჩულა ტიპი იყო, ამდენს ვერ მოიფიქრებდა და, მით უმეტეს, ვერ განახორციელებდა. მამა კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, სანათესაოში კი თავს არავინ შეიწუხებდა. გამოძიებამ აგენტურული ქსელი დაძაბა, ეგებ, შეყვარებული ჰყავდაო, მაგრამ ამ მიმართულებითაც საინტერესო არაფერი აღმოჩნდა, გოგონა არავის ხვდებოდა. ძიება ჩიხში შევიდა, აქეთ გაქცეული პათანატომის ძებნამ ვერ გამოიღო შედეგი. მისი დაშავებული კოლეგა აზრზე კი მოვიდა და დეტალურად გაიხსენა, როგორ გაჭრა ზონარი და როგორ გაიგონა რაღაც ჩხაკუნის ხმა, რის შემდეგაც აფეთქება გაისმა. შესაბამისმა სამსახურმა დაადგინა, რომ მუცელში ხელნაკეთი ბომბი იყო ჩამონტაჟებული ამონალით და დინამიტის კაფსულით, რომელიც აფეთქდა და სავარაუდოდ, სასხლეტს სწორედ ის ზონარი იჭერდა, რომლითაც გვამს მუცელი ჰქონდა ამოკერილი.

„ყოველი შემთხვევისთვის, იმ ადგილის მონახულება გადავწყვიტე, სადაც გვამი იპოვეს და სოკოზე წასული მამაკაციც ვიახლე. მან პირდაპირ მიმიყვანა იმ ადგილზე, სადაც შემთხვევით წააწყდა გვამს. საინტერესო ვერაფერი ვნახე, თან მეტყევეც მახლდა, რომელიც დეტალურად მიხსნიდა ყველაფერს, როგორ შეიძლებოდა მკვლელი ტყეში შესულიყო, როგორ შეიძლებოდა ევლო და იქვე დააყოლა, მიკვირს, რის იმედად იყო, გვამი ტურას ან მელას, თუნდაც მგელს რომ ეპოვნა და ჭამა დაეწყო, ჭამას მუცლიდან დაიწყებდა, რადგან გაჭრილი იმ ადგილზე იყო, სისხლის სუნიც იქ იქნებოდა ყველაზე მეტად და აფეთქება აქ მოხდებოდაო. ამ ამბავმა ჩამაფიქრა და სოკოს მკრეფავს გავხედე, მერე კი მეტყევეს ჩუმად ვკითხე, ეს კაცი სოკოზე ადრეც თუ დადიოდა-მეთქი და უარი მითხრა, პირველად ვხედავ, სახელებითა და გვარებით ვიცი, ვინც სეზონურად სოკოზე დადის, ეს პირველად ვნახეო. ასე გადაწყდა იმ კაცის დაკავება, ვინც გვამი აღმოაჩინა“, – ამბობს ბატონი თენგიზი.

მისმა დაკითხვამ გამოძიებას არაფერი მისცა, თანაც დაკითხვის პარალელურად, ძალოვნებმა ისიც გაარკვიეს, რომ მას მოკლულ გოგოსთან კავშირი არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მისი ბინის ჩხრეკისას, სისხლიანი ტანსაცმელი იპოვეს, რომელიც მოკლული მამაკაცის სისხლს დაემთხვა. უარყოფამ აზრი დაკარგა და მანაც მოყოლა დაიწყო.

„მარტოხელა კაცი ვარ, ცოლის მოყვანა არც ადრე მსურდა და არც ახლა მსურს. ვცხოვრობ ჩემთვის და ვცდილობ, თუ ვინმეს გამოვადგები, დავეხმარო. გოგოს მკვლელობის ამბავი მეც გავიგე, ისიც გავიგე, ვინც მოკლა და გამიკვირდა, როცა დაკავებიდან მალევე, ლუდხანაში დავინახე. მეგობრებთან ტრაბახობდა, ნახევარ ქალაქს გავწყვეტ, მთავარია, საჭირო ხალხს იცნობდე და ფული გქონდესო. ამ საქმით მერე დავინტერესდი და გავარკვიე, რომ ფული პათანატომმა აიღო. ორივეს დასჯა გადავწყვიტე, ბომბის დამზადება არ გამჭირვებია, ჯარში მადანმომპოვებელ ბატალიონში ვმსახურობდი, ხშირად ვაფეთქებდით და ჯარისკაცები ბომბებით, უბრალოდ, ვერთობოდით. ერთადერთი, რაც ვერ გავთვალე, პათანატომის მორიგეობა იყო. მძლავრი ბომბი არ მქონია, არ მინდოდა, სხვაც დაშავებულიყო, ან შენობა დანგრეულიყო. მიხარია, რომ უდანაშაულო კაცი გადარჩა“, – განაცხადა დაკავებულმა.

ძიება, პრაქტიკულად, დასრულებული იყო. ერთადერთი, დამნაშავე პათანატომის ძებნა გრძელდეოდა, მაგრამ ადგილობრივებმა თბილისელი კოლეგები დაამშვიდეს, იმას თქვენს გარეშეც ვიპოვითო, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულეს – ძებნილი ისევ დედაქალაქელებმა აიყვანეს ლოტკინზე, ერთ-ერთ სახლში. სასამართლომ მოხალისე შურისმაძიებელს განზრახ მკვლელობის, ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა-შენახვა-დამზადებისა და მკვლელობის მცდელობის გამო, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მტკიცებულებების გამყალბებელ პათანატომს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ერგო.

 

ბათო ჯაფარიძე