ბოშა ქალი და ძმებ გაივორანსკების ნარკომაფია

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ გახსნეს ქართველმა სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე

1980 წლის 19 ივლისს დაიწყო და იმავე წლის 3 აგვისტოს დასრულდა ოლიმპიური თამაშები, რომელსაც მოსკოვმა უმასპინძლა. ოლიმპიადის სიმბოლო - „საბჭოური“ დათუნია მაშინ გულწრფელად ბევრმა შეიყვარა, თუმცა ოლიმპიადის დაწყებიდან ერთ კვირაში, საბჭოთა კავშირში ძალიან სამწუხარო ამბავი გავრცელდა - 42 წლის ასაკში, პოეტი, პროზაიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი, თეატრისა და კინოს მსახიობი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, ვლადიმერ ვისოცკი გარდაიცვალა. ჰოდა, ოლიმპიადის ზეიმთან ერთად, საბჭოთა კავშირი ვისოცკისაც დასტიროდა. მაშინ ითქვა, რომ ცნობილი მომღერალი და მსახიობი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა კულუარებში ამბობდნენ, რომ ის, უბრალოდ, ნარკოტიკების ზედოზირებას ემსხვერპლა. არადა, ამის ხმამაღლა თქმა მაშინ წარმოუდგენელი იყო, რადგან... საბჭოთა კავშირში, ნარკოტიკები სექსივით იყო ანუ არ არსებობდა.

იმ დროისთვის, ყაზახეთსა და ყირგიზეთში, უდიდეს ფართობებზე ყაყაჩო ითესებოდა. ყაყაჩოს პლანტაციებიდან სახელმწიფო ოპიუმს იღებდა, რომლისგანაც სამედიცინო დანიშნულების წამალს ამზადდებდნენ, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ოპიუმი, ოღონდ გადაუმუშავებელი სახით, ყველა ოჯახში იყო, რომელსაც მთავარი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იყენებდნენ. ჩვილ ბავშვსაც კი, თუნდაც მუცლის ტკივილის დროს, პირში ოპიუმიან თითს გამოუსვამდნენ და 30 წამის შემდეგ, ტკივილი ქრებოდა. ერთი შეხედვით, პლანტაციები მკაცრად კონტროლდებოდა და მოსახლეობას ოპიუმის გატანის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მაგრამ ისინი მაინც ახერხებდნენ მოპარვას, რასაც უდიდესი მასშტაბები ჰქონდა. ამის მიუხედავად, კომპარტიის გენერალურ მდივნამდე ეს ამბავი არავის მიჰქონდა, რადგან ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ  ჯერ ნიკიტა ხრუშჩოვსა და შემდეგ - ლეონიდ ბრეჟნევს, ცხელ გულზე, საჩვენებელი სადამსჯელო ღონისძიება მოეწყოთ და ათეულობით ადამიანი, ნარკოტიკებთან ბრძოლოს მოტივით, დაეხვრიტათ.

„სწორედ მაშინ, როცა ოლიმპიადა გახურდა, ხოლო ბრეჟნევი რეალურად მმართველი აღარ იყო, რადგან ასაკისა და ავადმყოფობის გამო, ვეღარ მართავდა, ყველა რესპუბლიკას ერთი პრობლემა შეექმნა და მას ნარკოტიკი ერქვა. ოპიუმისა და მისგან წარმოებული ე.წ. „სირეცის“ პარტიები ყველა რესპუბლიკაში დიდი ოდენობით შედიოდა და სამართალდამცავები უძლურები ვიყავით, რადგან რაც არ უნდა დიდი პარტია ამოგვეღო, ხმამაღლა ამაზე საუბარი არ შეიძლებოდა. რაც მთავარია, როგორც ცალკე განყოფილება, ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულება, მხოლოდ ფურცელზე არსებობდა და როგორც მილიციაში, ისე უშიშროებაში, მასში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა“, - პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი იმ ისტორიას გვიყვება, როცა ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა, ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებული ადამიანების არსებობა ეღიარებინა.

ყაზახეთსა და ყირგიზეთში, ერთი კილო ოპიუმის ყიდვა 800-დან 1000 მანეთამდე შეიძლებოდა და ეს მაშინ, როცა უკვე დაფასოებული და სარეალიზაციოდ, „ჩეკებად“ გამზადებული კილო ოპიუმის ფასი 25 ათას მანეთამდე ადიოდა. მისი მომხმარებლები ძირითადად ხელოვნების დარგში დასაქმებული ადამიანები იყვნენ, ე.წ. ბოჰემა, რომლებსაც შესაძლოა შინაგანი პროტესტი ჰქონდათ საბჭოთა რეჟიმის მიმართ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. აკრძალული ნივთიერების მიღებაც, თითქოს, ერთგვარი პროტესტი იყო. ოპიუმს აქტიურად მოიხმარდნენ ჩინოვნიკთა შვილები, რომლებსაც სამართალდამცავები უბრალოდ ვერ აკავებდნენ.

„ერთხელ, ერთ-ერთი ბოშა ქალის სახლი გავჩხრიკეთ. არსებობდა ეჭვი, რომ მას იქ ნაქურდალი ოქრო ჰქონდა, მაგრამ ოქროს ნაცვლად, მივაგენით ოპიუმს და ეს არ იყო მცირე პარტია, 80 კილო ნარკოტიკი ვნახეთ, რომლის ფასიც შავ ბაზარზე 2 მილიონ მანეთს აჭარბებდა. რა თქმა უნდა, საქმეში უშიშროების კომიტეტიც ჩაერთო და იმის მიუხედავად, რომ ქალი ყველა დაშვებული, თუ აკრძალული მეთოდებით დაკითხეს, მან ხმა არ ამოიღო და მუდმივად იმას იმეორებდა, არ ვიცი, ეს რა არის, თქვენ მოიტანეთ და თქვენ დამიდეთ სახლშიო. არადა, 80 კილო ნარკოტიკს ძალოვანი უწყება არ კი არა, ვერავინ ჩადებდა იმიტომ, რომ ეს ოდენობა არათუ სამინისტროს საცავებში, არამედ, მთელ საქართველოში არ იქნებოდა. ამიტომ, აგენტურული ქსელი ამუშავდა და დაახლოებით, სამ დღეში, მომწოდებლის სახელი ვიცოდით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

კვალი ყირგიზეთში, ძმებ მიხაილ და ფიოდორ გაივორანსკებთან მიდიოდა. საქმეში იყო ჩართული მიხაილის ცოლიც და ეს სამეული ბედნიერად ცხოვრობდა, ადგილობრივებისგან ოპიუმს ყიდულობდნენ და შემდეგ იქვე, სოფლის ბოლოს, მოსკოველ „ბარიგებზე“ ჰყიდდნენ, საიდანაც უკვე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ავრცელებდნენ. თუმცა, ქართულ მილიციას ყირგიზეთში სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. ძმებს ნაყიდი ჰყავდათ ყველა, კოლმეურნეობის თავმჯდომარის ჩათვლით, რომელსაც თვეში 1000 მანეთს აძლევდნენ და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენს უხდიდნენ მილიციის უფროსს, ან პარტიულ მუშაკებს. უხეში დათვლებით, ძმები დღეში 15-დან 25 ათას მანეთამდე შოულობდნენ... დღეში... და ეს მაშინ, როცა ინჟინრის ხელფასი 200 მანეთიც კი არ იყო.

ქართველმა სამართალდამცავებმა დახმარებისთვის მოსკოვს მიმართეს. საბჭოეთის დედაქალაქში ქართველებს ყურადღებით მოუსმინეს და დაგეგმეს სპეცოპერაცია. ერთ-ერთი ქართველი სამართალდამცავი წაავარჯიშეს ჟარგონების თქმაში, ხელზე დროებითი ტატუებიც გაუკეთეს და ძმებ გაივორანსკებს სახლში მიაყენეს. ჰო, ეს იყო აფერა - ქართველი მილიციელი პირდაპირ სახლის კარებზე მიადგა ძმებს, მაგიდაზე 75 ათასი მანეთი დაუდო და უთხრა, რომ 5 კილო ოპიუმი სურდა. კილოში 15 ათასი გამოდიოდა, რაც ლამის ორმაგი ფასი იყო და... ძმები ანკესზე წამოეგნენ. მათ ოპიუმისთვის ქართველი მეორე დღეს, სოფლის განაპირას დაიბარეს, თუმცა... მეორე დღეს, მიხაილი ძმის გარეშე მივიდა და ძალოვნებმაც მხოლოდ ის დააკავეს. ამ ყველაფერს მისი ძმა შორიდან უყურებდა და როცა მიხვდა, რომ ჩავარდნენ, რძალთან ერთად გაიქცა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვის გამოცდილ ოპერმუშაკებს წყვილი ხელებშუა გაუძვრა და მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, სანკტ-პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადი) ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. აყვანის დროს, სამართალდამცავებს თან ფოტოაპარატიც ჰქონდათ, რათა ნივთმტკიცებები აღებეჭდათ და... ლოგინში, რძალ-მაზლს სურათი ნახევრადშიშვლებს გადაუღეს. როგორც ჩანს, ორივემ ჩათვალა, რომ თუ დაკავებული მიხაილი დახვრეტას გადაურჩებოდა, კარგა ხანს არ გამოვიდოდა ციხიდან, ამიტომ რომანი მარტივად გააბეს. დაკავებული მიხაილი არაფერს ამბობდა, მაგრამ როცა ცოლისა და ძმის სურათები დაუდეს წინ, ყველაფრის მოყოლა დაიწყო.

„ჩვენ ყაყაჩოს პლანტაციებში ვმუშაობდით. გეგმას ვასრულებდით, მაგრამ პარალელურად, ოპიუმს ვიპარავდით და მიწაში ვმარხავდით. მერე, როცა მოსავალს მთლიანად ავიღებდით და პლანტაციები აღარ კონტროლდებოდა, მივდიოდით და ვთხრიდით. მყიდველები ყოველდღიურად მოდიან, უბრალოდ, ჩვენ ოპიუმის დამუშავება ვისწავლეთ და არასდროს ვურევდით სხვა რამეს ანუ სუფთა საქონელი გვქონდა. ამიტომ, კლიენტი მუდმივად გვყავდა“, - განაცხადა მიხაილმა.

სამართალდამცავებმა მათი სახლიდან დიდი რაოდენობით ოქრო ამოიღეს. ასე განსაჯეთ, მათ სახლში ოქროს კოვზები, ჩანგლები, ჭიქები და თეფშებიც კი ჰქონდათ, რომლებსაც აქტიურად იყენებდნენ. მათ აღარეს, რომ ამით თავი ყოვლისშემძლე მეფეებად წარმოედგინათ და პრაქტიკულად, ყოველ საღამოს, ვახშამზე, მაგიდაზე მხოლოდ ოქროს ჭურჭელს აწყობდნენ.

უშიშროებამ ძმებსა და ქალს ბოლომდე თანამშრომლობა შესთავაზა. მეტიც, ბევრმა არ იცოდა, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ და ამიტომ, დროებით, ქალი საცხოვრებელ სახლშიც კი დააბრუნეს, რათა მსხვილი „ბარიგები“ გამოეჭირათ და აკი, გამოიჭირეს კიდეც. ოპერაცია ნახევარ წელზე მეტხანს გაგრძელდა და როცა გისოსებს მიღმა რამდენიმე ათეული „ბარიგა“ აღმოჩნდა, სამეულის გასამართლების დროც დადგა. ოფიციალურად, საბჭოთა კანონების მიხედვით, მათ დახვრეტა ემუქრებოდათ, რადგან მაშინ, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 100 ათას მანეთს აჭარბებდა, დახვრეტის მუხლი მოქმედებდა. თუმცა, თანამშრომლობის გამო, მამაკაცებს 15-15 წელი მისცეს, ქალს კი 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. როგორც ამბობენ, გათავისუფლების შემდეგ, მშობლიურ სახლში მხოლოდ ქალი დაბრუნდა, მამაკაცები კი იქ აღარ გამოჩენილან. რაც შეეხება ქალს, ის დღემდე... ყაყაჩოს პლანტაციებში მუშაობს, მაგრამ ახლა, პრაქტიკულად, მოპარვა გამორიცხულია, რადგან პლანტაციები კერძოა და მათ დრონებით აკონტროლებენ. ეს ოფიციალურად, თუმცა ყირგიზეთი დღესაც რჩება ნარკოტიკების ერთ-ერთ უდიდეს მიმწოდებლად და რაც მთავარია, დღესაც, ყველა ოჯახში, ოპიუმი მარტივად იშოვება...

ეს იყო ყველაზე ხმაურიანი საქმე, მაგრამ ძალოვნებს წინ უარესი ელოდათ. ავღანეთიდან საბჭოთა კავშირში, მანამდე უცნობი ნარკოტიკი - „ჰეროინი“ დაიძრა და მისი კონტროლი ბევრად გაძნელდა. ეს იმიტომ, რომ „ჰეროინის“ შემოტანის პროცესში, რუსი გენერლები იყვნენ ჩართულნი და რაც მთავარია, სამხედრო თვითმფრინავებს აფრენა-დაფრენისას, პრაქტიკულად, არ ამოწმებდნენ.

 

ავტორი- ბათო ჯაფარიძე