სასაფლაოზე დამალული ბრილიანტები და ორმაგი მკვლელობა - როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შესაძლოა, ახალგაზრდებს არ ახსოვთ, მაგრამ საქართველოში იყო პერიოდი (განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში), როცა ქალაქები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებოდნენ, ვის უფრო მეტი „კანონიერი ქურდი“ ჰყავდა. ამ მხრივ, პირველობას არავის უთმობდა ქუთაისი. მეორე ადგილისთვის კი ხონი, სამტრედია, წყალტუბო, ჭიათურა „იბრძოდნენ“. ამიტომ, სამართალდამცავებისთვის ეს მიმართულება ყოველწლიურად უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. დანაშაულები, რომლებიც „კანონიერი ქურდების“ მატებასთან ერთად მრავლდებოდა, ძნელი გასახსნელი არ იყო, თუმცა ხდებოდა ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივი ძალებით ვერ იხსნებოდა.

 

„მინისტრის მოადგილემ დამირეკა და მითხრა, რომ სასწრაფოდ დასავლეთ საქართველოში უნდა წავსულიყავი. ერთი შეხედვით, საქმე მარტივი იყო, სასაფლაოზე, დირექტორის მოადგილისა და ვიღაც მათხოვრის გვამები ნახეს, მაგრამ როცა მათხოვარი ექსპერტიზაზე გააშიშვლეს, მის სხეულზე „კანონიერი ქურდისთვის“ დამახასიათებელი სვირინგები იყო აღბეჭდილი. სწორედ ამიტომ, საქმეს საიდუმლო გრიფი დაედო (სასაფლაოს დირექტორის მოადგილეც არ იყო მცირე ჩინი) და საქმე მე ჩამაბარეს. სატელეფონო ზარიდან ექვსი საათის შემდეგ, აღნიშნულ რაიონში ვიყავი და უბნის რწმუნებულსა და სასაფლაოს დარაჯს ვუსმენდი. გვამები დარაჯმა ნახა და უბნის რწმუნებულს დაურეკა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

„ეს მათხოვარი სამი თვის წინ მიეკედლა სასაფლაოს. დირექტორს სთხოვა, აქ ვიცხოვრებ, ყოველდღე ვიღაც დადის საფლავზე, საკვებს ტოვებს, შევჭამ, თავს გავიტან, სამაგიეროდ, საფლავების გათხრაში უფასოდ დაგეხმარებითო. მართლაც, ყოველგვარი ჯამაგირის გარეშე, ღამით იწყებდა ხოლმე საფლავის თხრას და დილით ამთავრებდა. ყველა კმაყოფილი იყო, დირექტორი და მოადგილე პერიოდულად 10 მანეთსაც აძლევდნენ, რამეში დაგჭირდებაო და ისიც ბედნიერი იყო. აი, რატომ დახოცეს ერთმანეთი, ვერ გეტყვით“, - განაცხადა დარაჯმა და უბნის რწმუნებულს დასამატებელი, პრაქტიკულად, არაფერი ჰქონდა.

მათ ჩვენებაზე საინტერესო დირექტორის განცხადება იყო. ის გათხრილ საფლავს უყურებდა და თან სიას ჩაჰკირკიტებდა. მერე თავი ასწია, მხრები აიჩეჩა და თბილისიდან ჩასულ მაძებრებს უთხრა - „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ადგილი სიაში არ მაქვს ანუ აქ საფლავი არ უნდა გაეთხარათ. არ ვიცი, რატომ გათხარეს ეს საფლავი“.

დირექტორის ჩვენება უკვე საინტერესო იყო, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ „მათხოვრის“ თითის ანაბეჭდები კარტოთეკაში გადაამოწმეს და ის ორი წლის წინ, ქუთაისის ციხიდან გვირაბის გათხრის შედეგად გაქცეული „კანონიერი ქურდი“ იყო.

რაც შეეხება მკვლელობის იარაღს, ორივე გარდაცვლილს თავში მძიმე, ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმუილი და ის საგანიც იქვე ეგდო - ნიჩაბი. გასაგებია, რომ ერთმა მეორეს ჩაარტყა და მოკლა, მაგრამ მერე თავად ხომ არ ჩაირტყამდა და მოკვდებოდა? საფლავის ფსკერი ყოველი შემთხვევისთვის დაათვალიერეს და მცირე ზომის შუშის თვალი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, შუშა... უმაღლესი ხარისხის, წმინდა ბრილიანტი იყო. როგორც კი ბრილიანტმა გაიჟღერა, სასაფლაოს დირექტორმა ისევ ხმა ამოიღო - „შეუძლებელია, ნუთუ, ეს მართალია?!“

„როგორც გავარკვიეთ, ერთი წლის წინ, აღნიშნულ სასაფლაოზე რამდენიმე  „კანონიერი ქურდი“ შენიშნეს. მათ ახლოს ვერავინ მიეკარა, მერე კი ითქვა, რომ ქურდებმა სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავი გათხარეს და იქ რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიიდან მოპარული ბრილიანტები დამარხეს. საუბარი იყო 300 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობაზე. იმ ქურდებიდან ერთი დააკავეს, ორი გარდაცვლილი იპოვეს, მეოთხე კი დღემდე იძებნებოდა. გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ დაკავებული „კანონიერი ქურდი“ სასჯელს სწორედ იმ „კოლეგასთან“ ერთად იხდიდა, რომელიც გარდაცვლილი ვიპოვეთ. გამოდიოდა, რომ ერთმა მეორეს სამალავის ადგილსამყოფელი გაუმხილა და ამიტომ, სასწრაფო წესით, იმ ქურდის დაკითხვა მომინდა, მაგრამ ამაოდ - ის ტუბერკულოზით მაშინ გარდაიცვალა, როცა მისი კოლეგა გვირაბს თხრიდა და გაქცევას გეგმავდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

კიდევ ვის შეიძლებოდა სცოდნოდა ბრილიანტების ამბავი? სასაფლაოს დირექტორმა განაცხადა, ჩემმა წინამორბედმა მითხრა, ასეთი ჭორი დადის და არ გაგიკვირდეს, თვეში, ან ორ თვეში ერთხელ, გათხრილი საფლავი რომ დაგხვდეს, იმ ბრილიანტებს ეძებენო. მაშინ გამეცინა და რეალურად, სულ ორი შემთხვევა მქონდა, როცა საფლავი დაგვხვდა გათხრილი. მერე ეს მათხოვარი გამოჩნდა, კარგად მუშაობდა, მთელ დღეებსა და ღამეებს სასაფლაოზე ატარებდა, მუდმივად ხელთათმანები ეკეთა, რას ვიფიქრებდი, თუ ხელებზეც სვირინგები ჰქონდაო.

სამაგიეროდ, აგენტურული ქსელი მუშაობდა გამართულად და სწორედ აგენტურული ქსელის მეშვეობით გაირკვა, რომ სასაფლაოს დირექტორის ცოლს... მისი მოადგილე ჰყვარობდა, სწორედ ის, „კანონიერი ქურდის“ გვერდზე რომ ეგდო თავგატეხილი. როდესაც დირექტორს უთხრეს ეს ამბავი, ხელი აიქნია, რაღა საყვარელი, განქორწინებაზე განცხადება გვქონდა შეტანილი, ცოლად მიჰყვებოდა, მოადგილეობიდანაც მიდიოდა, თბილისში ჰქონდა ახალი სამუშაო ნაშოვნიო. გადაამოწმეს, მართალი გამოდგა. რაც მთავარია, დაშორების მიზეზი მამაკაცის უშვილობა იყო და ისიც ბედს გახლდათ შეგუებული.

გარდა იმისა, რომ გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ჰყავდა, უდიდესი ალბათობით, ის ბრილიანტებიც ნაპოვნი იყო და მის გატანას ქვეყნიდან აუცილებლად შეეცდებოდნენ. 300 ათასი მანეთის ღირებულების ბრილიანტი საქართველოში, უბრალოდ, ვერ გაიყიდებოდა ისე, სამართალდამცავებს რომ არ გაეგოთ. გამომძიებლებმა ლამის ხელი ჩაიქნიეს და ამ დროს მშველელად ისევ სასაფლაოს დირექტორი მოევლინათ, რომელმაც სასხვათაშორისოდ თქვა, ეგებ, რამეში გამოგადგეთ და, დარაჯი ადრე ნასამართლევია, თანაც ორჯერ, არსად იღებდნენ სამუშაოდ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი ცოლის ნათესავია, ვუშუამდგომლე და დარაჯად ავიყვანეო. გადაამოწმეს და მართალი აღმოჩნდა. დარაჯი დაკითხვაზე არ დაიბარეს, მას თვალთვალი დაუწყეს და ისევ აგენტურულმა ქსელმა ივარგა - სასაფლაოს დარაჯი ყიდდა ყველაფერს, რაც გააჩნდა - სახლს, ავეჯს, მიწის ნაკვეთს. ოღონდ ყიდდა ჩუმად, გახმაურების გარეშე.

„ხმამაღლა გამოვაცხადე, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მკვდარი თემაა და ამიტომ, თბილისში ვბრუნდები-მეთქი. დავემშვიდობე ყველას და ჩემს ბიჭებთან ერთად, თბილისისკენ წამოვედი, მაგრამ რეალურად, ქუთაისში, შსს-ს კონსპირაციულ ბინაზე მივედი და იქიდან ღამით, ისევ რაიონში დავბრუნდით. პარალელურად, დარაჯს სამი გამოცდილი ოპერმუშაკი უთვალთვალებდა. იმ დღეს არაფერი, არც მეორე დღეს, მესამე დღეს კი დარაჯთან ვიღაც უცხო პირი მივიდა ღამით და ერთ საათში უკანვე გამოვიდა. ორი ოპერმუშაკი მას გაჰყვა, ორიც ადგილზე დარჩა. დილით დარაჯი სახლიდან არ გამოსულა, ამიტომ ოპერმუშაკებმა ფრთხილად შეიხედეს ფანჯარაში და ის იატაკზე გაშხლართული ნახეს“, - იხსენება ბატონი თენგიზი.

ძალოვნები ოთახში შევარდნენ, უგონოდ მყოფი დარაჯი საავადმყოფოში გააქანეს და... მისი გადარჩენა მოხერხდა. პარალელურად, მეორე პირიც დააკავეს, რომელსაც თან... ბრილიანტები ჰქონდა.

„როცა სასაფლაოზე მათხოვარი გამოჩნდა, მაშინვე ვიცანი და იმასაც მივხვდი, რისთვის ტრიალებდა აქ. ამიტომ, ოფიციალურად გამოვაცხადე, სასაფლაოს ღამით ორი დარაჯი არ სჭირდება, მე იშვიათად დავრჩები-თქო და სასაფლაოს დირექტორიც დამეთანხმა. სინამდვილეში, ყოველ ღამით ადგილზე ვიყავი და მათხოვარს ვუთვალთვალებდი, ყოველ ღამით თხრიდა და ეძებდა ანუ მიახლოებით იცოდა, სად უნდა ყოფილიყო ბრილიანტები და ამიტომ, არაერთი საფლავის გათხრა მოუხდა. მერე ყველაფერი ეს, შემთხვევით, დირექტორის მოადგილემ დაინახა და მნაც თვალთვალი დაიწყო, მე კი ორივეს ვუთვალთვალებდი. იმ ღამით, როცა ბრილიანტები იპოვა, გასვლას ვაპირებდი, მაგრამ საიდანღაც დირექტორის მოადგილე გამოვარდა და „მათხოვარს“ ბარი თავში ჩაარტყა. რა უნდა მექნა, მეორე ბარი მე ჩავარტყი, ბრილიანტები საფლავში ჩაიყარა, მეგონა, ყველა ვიპოვე. იმავე ღამით, ძველ „პადელნიკს“ დავურეკე, ბრმად ვენდობოდი, ორჯერ სიკვდილს გადავარჩინე. ჩამოვიდა, ბრილიანტები გავატანე, მერე მეც უნდა წავსულიყავი, მან კი სასიკვდილოდ გამიმეტა“, - დაასრულა მოყოლა დარაჯმა.

ბრილიანტების საქმის გახსნა ქართულმა მხარემ რუსეთს უპატაკა და მეორე დღეს, ექსპერტები და სამართალდამცავები უკვე საქართველოში იყვნენ. მათ დეტალურად აღწერეს ამოღებული ძვირფასეულობა და მესამე დღეს, რუსეთის გზას გაუყენეს. ქართულმა მხარემ მადლობის სიგელი მიიღო, გამომძიებელს კი 300-ათასიანი საქმის გახსნისთვის, პრემია - 120 მანეთი ერგო.

 

ბათო ჯაფარიძე