ტრაგედია თბილისის ღამის კლუბში - გოგონა მსუბუქი ნარკოტიკების მიღების შემდეგ გარდაიცვალა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არის იგორი - მსუბუქი ნარკოტიკის გასაღების სქემა

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კლუბური ნარკოტიკი ძალზედ პოპულარულია. არცთუ შორეულ წარსულში, სამართალდამცავებმა რამდენჯერმე განახორციელეს რეიდი ღამის კლუბებში და ყველა შემთხვევაში, იმ ნარკოტიკის რამდენიმე ასეული აბი იპოვეს, რომელიც ერთი შეხედვით, მსუბუქად ითვლება, მაგრამ რეალურად, ამ ნარკოტიკებიდან უფრო მძიმე საშუალებებზე გადასასვლელად სულ ერთ ნაბიჯია საჭირო. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ლოიალური დამოკიდებულება სულ უფრო პოპულარული ხდება და სამართალდამცავებიც, ხშირ შემთხვევაში, უძლურნი არიან, რადგან მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს, სასამართლო გირაოთი ათავისუფლებს და გათავისუფლებული პირი, გირაოს თანხის ნაცვლად, იმ თანხას ეძებს, რომლითაც ახალი დოზის შეძენას მოახერხებს. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ ზემოხსენებულ რეიდების წინ მოხდა ანუ შეიძლება ითქვას, რომ იმ რეიდებს სწორედ ეს ისტორია უსწრებდა და მას ნარკომიმართულებით გაგრძელება მხოლოდ იმიტომ არ მოჰყვა, რომ მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა.

 

მაშ ასე, ზაფხულის ერთ საღამოს, დედაქალაქში, საკმარისზე მეტად ცნობილ ღამის კლუბში, ერთბაშად შვიდი ადამიანი მოიწამლა, კლუბიდან შინ მისული გოგონა კი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა კლუბი მაშინვე დაკეტეს, მოწამლულებს სასწრაფო ანალიზი ჩაუტარეს, გოგონას გვამი კი ექსპერტიზაზე გადააგზავნეს. პასუხმა არ დააყოვნა - ყველა მათგანს ერთი და იგივე, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული და მოწამვლაც ამის ბრალი იყო. ახლა, მთავარი ის გახლდათ, ძალოვნებს გაეგოთ არა მარტო ამ ნარკოტიკების გამსაღებლის ვინაობა, არამედ, იმ პირისაც, ვინც ამ ნარკოტიკს ამზადებდა. ექსპერტებმა ნივთიერებები ცალკ-ცალკე დაშალეს და შეისწავლეს, რის შემდეგაც დაასკვნეს, რომ ვიღაც ყველაფერს ერთმანეთში ურევდა და იღებდა ნარკოტიკს, რომელიც გარკვეულ პრეპარატებთან თანხვედრის შემთხვევაში, ძლიერ ინტოქსიკაციას იწვევდა. მოწამლული რვა ადამიანიდან შვიდი გადარჩა, ერთი გარდაიცვალა და არსებობდა ვარაუდი, რომ გოგონას სხეულმა ნარკოტიკის სიძლიერეს ვერ გაუძლო, თუმცა...

„ის, ვინც ამ ნარკოტიკს ამზადებს, ძალიან კარგად ერკვევა ქიმიაში. ამასთან ერთად, გოგონამ აღნიშნულ ნარკოტიკთან ერთად, წნევის დამწევი პრეპარატიც მიიღო ანუ წამალი, რომელიც რეალურად არ სჭირდებოდა. სავარაუდოდ, მას ის საკვებში ან სასმელში გაურიეს და ვინც ეს გააკეთა, მანაც ზუსტად იცოდა, რომ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკისა და წნევის დამწევი წამლის შერევა ფატალურ შედეგს გამოიწვევდა ანუ გოგონა მოკლეს და ყველაფერი ეს, საყოველთაო მოწამვლის შემდეგ გადაწყდა, რადგან შვიდი პირი ცუდად ბარში გახდა, გოგონა კი სახლში მისვლიდან ორ საათში გარდაიცვალა“, - ნათქვამი იყო ექპსეტიზის პირველად დასკვნაში.

დასკვნა კი პირველადი იმიტომ იყო, რომ ექსპერტს არ ჰქონდა უფლება, ვერსიებზე ემსჯელა, მას, უბრალოდ, უნდა დაეწერა, რა და როგორ იყო, ვერსია კი გამოძიების პრეროგატივა გახლდათ. ამიტომ, ექსპერტს დასკვნა ლამის თავზე გადაახიეს, ახლიდან დააწერინეს, თუმცა გამოძიება სწორედ იმ ვერსიას გაჰყვა, რომელიც ექპერტს ეწერა.

საინტერესო იყო, ვის აწყობდა გოგონას სიკვდილი და რაც მთავარია, ვისგან აიღეს ნარკოტიკი. საჭირო იყო, კლუბში მყოფი ახალგაზრდებიდან ისეთების ნახვა, რომლებსაც კანონთან პრობლემა ჰქონდათ და ასეთები მრავლად ნახეს. ყველა მათგანს მარტივად აუხსნეს, რომ ციხის გზას გაუყენებდნენ, თუ ნარკოტიკის გამსაღებელს არ დაასახელებდნენ და ყველამ ერთხმად ხელი... ერთ-ერთი ბარმენისკენ გაიშვირა. მას ნარკოტიკი კანფეტის ქაღალდში ჰქონდა გახვეული და როცა ვინმეს ყიდვა სურდა, უბრალოდ, ეუბნებოდა, კანფეტი მომეცი და ისიც აძლევდა.

ბარმენის ნახვა, რაღა  თქმა უნდა, პრობლემა არ იყო და ახლა მას უნდა ეთქვა, ვისგან იღებდა ნარკოტიკს გასაყიდად. როცა პოლიცია დაადგა, ბარმენს შიშისგან ლამის გული გაუსკდა, რადგან იცოდა, რომ ნარკოტიკით გოგო გარდაიცვალა და ამიტომ, მაშინვე თქვა, თუ ვინ აწვდიდა ნარკოტიკს. დავარქვათ ამ პირს, პირობითად, იგორი, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ გახლდათ და თბილისშიც, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ყველაფერი ეს ბარმენმა თქვა, თორემ სამართალდამცავებმა არც იგორის მისამართი იცოდნენ, არც - გვარი და ზოგადად, არსაიდან გამოჩნდა კაცი, რომელიც ტოვებდა ნარკოტიკს, მიჰქონდა ფული და ყველა კმაყოფილი იყო.

ძალოვნებმა ვიდეოკამერების შესწავლა დაიწყეს, იგორის სახე დააფიქსირეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. ძებნაც არის და ძებნაც, გამომძიებლები ეჭვმიტანილს ქუჩის სათვალთვალო კამერით ეძებდნენ და საბურთალოზე, ერთ-ერთმა კამერამ ძებნილი დააფიქსირა. დაახლოებით, ნახევარ საათში, ნარკოდილერი ხელბორკილით შს სამინისტროს შენობაში მიიყვანეს.

ჩატარდა მისი ბინის ჩხრეკაც, სადაც ნამდვილი ქიმიური ლაბორატორია აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, იგორს ქიმიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და შემდგომში გაირკვა, რომ მისგან ძალიან კარგი სპეციალისტი დადგებოდა, თუმცა ქიმიკოსებს ნამდვილად არ აქვთ ის შემოსავალი, რომელსაც იგორი ნარკოტიკებით იღებდა.

„ჩემი ნარკოტიკი სუფთაა. ძალიან სუფთა. თქვენ ბარმენს მიაწექით, ვიღაცამ ჩემს კანფეტებში შხამი გაურია და სავარაუდოდ, ეს კონკურენტებმა გააკეთეს, რადგან ჩემი საქონელი ჩაწვეს. ბარმენს აუცილებლად ეცოდინება, ვინ ართმევდა ჩემს კანფეტებს და ვინ უბრუნებდა უკან“, - თქვა დაკავებულმა და სამართალდამცავები ისევ ბარმენს მიადგნენ.

ის ჯერ გაოცდა, მეტი არაფერი ვიციო, შემდეგ კი ხელი ერთ-ერთი მენეჯერისკენ გაიშვირა, მან რამდენჯერმე გამომართვა კანფეტების შეკვრა, აქაოდა, შეიძლება პოლიცია მოვიდესო, თუმცა შემდეგ უკან დამიბრუნაო. გამომძიებლებმა მენეჯერის გარემოცვაც შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ მისი და გარდაცვლილი გოგონას თანაკლასელი და უახლოესი მეგობარი იყო. რაღა თქმა უნდა, მენეჯერის დაკითხვა არ გადადეს. მენეჯერი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, არც ბარმენის სიტყვებს ადასტურებდა და ზოგადად, თავი გამოიშტერა, რა კანფეტები და მარმელადი, პირველად მესმის და აგერ, ჩემი დის უახლოესი მეგობარი გარდაიცვალა, გლოვა მაცადეთო.

ძალოვნები კი ხვდებოდნენ, რომ ბარმენი არ ტყუოდა, მაგრამ მტკივებულება არ ჰქონდათ - ერთის წინააღმდეგ, მეორის სიტყვა იყო და რატომ უნდა დაეჯერებინა სასამართლოს ბარმენისთვის და არა - მენეჯერისთვის? ამიტომ, მისი ტელეფონი შეამოწმეს და ბოლო დროს განხორციელებული ზარების მიხედვით, ერთ პირზე გავიდნენ, რომელიც... ასევე, ქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო. მისი სახლის ჩხრეკა მოულოდნელად ჩატარდა და იქაც თითქმის ანალოგიური ლაბორატორია იპოვეს. სახლის პატრონს მარტივად აუხსნეს, სამუდამო პატიმრობა არ აგცდება, თუ სქემას არ გაგვიშიფრავო და მანაც დაიწყო:

„კლუბის მენეჯერი ჩემი მეგობარია. მითხრა, ჩვენთან, კლუბში, რაღაც მსუბუქი ნარკოტიკი კარგად იყიდება, ვიღაც შენნაირ ქიმიკოსს დააქვს, ეგებ, შენც გააკეთო და იმას გავუშვებ, ჩვენ გავყიდოთო. ორჯერ მომიტანა კანფეტი და ქიმიური ანალიზის შედეგად, შემადგენლობა და დოზები გავიგე. შემდეგ, მენეჯერს მივეცი ფხვნილი, რომელიც იმ კანფეტისთვის უნდა დაემატებინა და ეს მოწამვლას გამოიწვევდა და არა - სიკვდილს. მე იმ გოგოს სიკვდილში ბრალი არ მიმიძღვის, მოწამვლას ვაღიარებ, ჩემს მიერ მომზადებული ფხვნილით მოხდა“...

გამომძიებლებმა მენეჯერის და, გარდაცვლილი გოგონას თანაკლასელიც დაკითხეს. იმან თავი გაიგიჟა, რა ნარკოტიკი, მთელი საღამო ერთად ვიყავით, მომავალ თვეში ქორწილი უნდა ჰქონოდა და უბედნიერესი იყო, ნარკოტიკს საერთოდ არ ეტანებოდაო. მოკვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ გარდაცვლილი სწორედ თავისი დაქალის ყოფილ საქმროზე თხოვდებოდა. ჰო, ასე მოხდა, დაქალმა დაქალს საქმრო გააცნო, შემდეგ ბიჭი ამ გოგოზე გადაერთო და იმის მიუხედავად, რომ დაქალებმა ცოტა იკინკლავეს, წლების მეგობრობა არ დაივიწყეს და შერიგდნენ, მაგრამ ქალური თავმოყვარეობა და შურისძიების წყურვილი ასე მარტივად გაქრებოდა? სამართალდამცავებმა გოგოს სახლი გაჩხრიკეს და მის ჩანთაში წნევის დამწევი წამლის ნაწილაკები იპოვეს. მანამდე გამომძიებლებს მენეჯერიც დამუშავებული ჰყავდათ და მას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ერთ-ერთი კანფეტი თავის დასაც მისცა, ოღონდ არა ისეთი, ვინმე რომ მოეწამლა, უბრალოდ, გასართობად მისცა და... ისიც დააყოლა, რომ ამ კანფეტთან ერთად, სხვა პრეპარატი არ უნდა მიეღო, განსაკუთრებით, წნევის დამწევი, რადგან შესაძლოა, ფატალური შედეგი დამდგარიყო ანუ გოგომ იცოდა, რომ ეს ნარკოტიკი კონკრეტულ წამალთან ერთად, მომაკვდინებელ შხამად იქცეოდა.

მართალია, ძიებას პირდაპირი მტკიცებულებები არ ჰქონდა, მაგრამ დაკავებულმა გოგომ ჩვენების მიცემა გადაწყვიტა.

„მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა, მსურდა, ის ნარკოტიკი ქორწილის დღეს მიმეცა და არაადეკვატურად მოქცეულიყო, მაგრამ მერე ვიფიქრე, მოვწამლავ-მეთქი... ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ბავშვობის მეგობარმა საქმრო „ამახია“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომ, ის ნარკოტიკიც და ერთი აბი წნევის დამწევი ჩუმად შევურიე სასმელში... მოკვლა მართლა არ მინდოდა“...

სასამართლომ შესაბამისად იმსჯელა, ბარმენს ნარკოტიკების გასაღებისთვის 8 წელი მისცეს, იგორს - 20, მენეჯერს 6 წელი აკმარეს, ხოლო მის მეგობარ ქიმიკოსს - 4, რადგან მას მინი-ქარხანა კი ჰქონდა აწყობილი, მაგრამ წარმოება არ ჰქონდა დაწყებული. გოგონას კი... ამბობენ, ვიღაცები ჩაერივნენ, განზრახ მკვლელობა გაუფრთხილებელში გადაუყვანეს და ექვსწლიანი ციხე მიუსაჯეს.