ვინ და რატომ ჩაცხრილა მეორადი მანქანებით მოვაჭრე კომპანიის დაცვის წევრები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დირექტორის დისშვილის სკანდალური აღიარება

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

კრიმინალად ერთი ადამიანიც არ იბადება. ყველას გარემოება, ან კონკრეტული შემთხვევა და მომენტი უწყობს ხელს, კრიმინალად რომ ჩამოყალიბდეს. ამ კონკრეტული შემთხვევის დროს ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მისი შანსია და ამ შანსის გამოყენება ძალიან კარგი იქნება. მით უმეტეს, შინაგანად, ქვეცნობიერში, ყველა დამნაშავეს ჰგონია, რომ გამომძიებელზე ჭკვიანია და მის ეშმაკობას ვერავინ მიხვდება. იყო შემთხვევა, როცა მოქალაქე, რომელსაც მანამდე კანონთან პრობლემა არ ჰქონია, ავარიას შეესწრო და როცა გონდაკარგული მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანა და სასწრაფოში დარეკა, „გონება გაუნათდა“ - გონდაკარგულ ადამიანს ოქროს ყელსაბამი შეხსნა. ყველაფერი ეს კი ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო, შედეგად, მოქალაქე ძარცვის (და არა - ქურდობის) ბრალდებით გაასამართლეს და ციხეში 6 წლით გაუშვეს...

 

„კომპანიები, რომლებსაც კერძო დაცვა ჰყავდათ, ძალიან იშვიათი იყო. რეალურად, დაცვის სამსახური ანუ აწყობილი სტრუქტურა არ არსებობდა და კომპანიები ძირითადად კუნთმაგარ ტიპებს ქირაობდნენ, რომლებიც პირველივე შემთხვევისთანავე, სწორედ კუნთებზე იხედებოდნენ და მუშტებს იქნევდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელიც გერმანიიდან მეორადი მანქანების ჩამოყვანით იყო დაკავებული, გაქურდეს და ქურდობის დროს, დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს, მენეჯერი კი დაჭრეს. შევარდნაძის ხელისუფლება უკანასკნელ თვეებს ითვლიდა, ამ საქმის გამოუძიებლობა კი ისედაც დამძიმებულ კრიმინოგენულ სიტუაციას უფრო ამძიმებდა და ოპოზიციას სალაპარაკოს აძლევდა. ამიტომ, საქმის სასწრაფო გამოძიება მოითხოვეს“, - გვიყვება პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მოკლული ახალგაზრდები დაცვის წევრები იყვნენ, მენეჯერი კი - ავტოსალონის მფლობელის დისშვილი, რომელსაც ტყვია ღვიძლში ჰქონდა მოხვედრილი და ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდნენ. თავად სალონის მეპატრონე ამბობდა, დაახლოებით, 50 ათასი დოლარია წაღებული, სეიფია ღია და ალბათ, დისშვილმა რომ გაუღო, სასიკვდილოდ მერე გაიმეტესო. ნერვიულობდა, ნეტავ, ბიჭი გადარჩეს, ჩემს დას თვალებში როგორ შევხედო, სოფლიდან წამოვიყვანე, ვიფიქრე, ცოტა ფულს იშოვის, ოჯახსაც დაეხმარება, კაცად ვაქცევო. გარდაცვლილები კი... სპორტსმენები, რომლებმაც კარიერა ვერ ააწყვეს და დაცვაში მუშაობდნენ. გულიანი ბიჭები ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა. ჰო, საინტერესო ის იყო, რომ სამივეს ტყვია ერთი და იგივე იარაღიდან ჰქონდა მოხვედრილი და ის იარაღი სალონის დაცვის სამსახურზე ირიცხებოდა ანუ ვიღაცა მოვიდა, დაცვას იარაღი წაართვა, იმავე იარაღიდან სამივე სასიკვდილოდ გაიმეტა, მერე იქვე დააგდო, ფული წაიღო და წავიდა. სამივე იმიტომ, რომ თავდამსხმელი დარწმუნებული იქნებოდა მენეჯერის სიკვდილშიც, მას ხომ ტყვია ღვიძლში ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ სასწაული მოხდა და ექიმებმა, პრაქტიკულად, უპრეცედენტო ოპერაცია გააკეთეს, დაგლეჯილი ღვიძლი ააწყვეს და ახლა ახალგაზრდა ორგანიზმის გამძლეობის იმედად იყვნენ.

დაიწყო იმ ადამიანების შესწავლა, რომლებმაც აღნიშნულ სალონს ავტომობილები დაუკვეთეს. ასეთები ბევრნი არ იყვნენ და თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანების დაკითხვა პრობლემა არ გახლდათ. ძალოვნებმა ყველა მარტივად იპოვეს, ერთის გარდა და ის ერთი, უბრალოდ, გაქრა, არავინ იცოდა, სად წავიდა და რატომ.

როცა „გამქრალი“ პირის შესწავლა დაიწყეს, გაირკვა, რომ ის აღმოსავლური ორთაბრძოლების მიმდევარი და რაც მთავარია, ამ სფეროში დაფასებული კაცი იყო. მისმა ნაცნობებმა თქვეს, ხელ-ფეხის ასე ოსტატურად ქნევა საქართველოში ცოტამ თუ იცისო. გამომძიებლებს მაშინვე ექსპერტიზის დასკვნა გაახსენდათ - გარდაცვლილებსაც და დაჭრილსაც სიკვდილამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ, უმოწყალოდ არიან ნაცემები და მხოლოდ ამის შემდეგ ესროლესო.

აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატზე, როგორც მთავარ ეჭვმიტანილზე, ძებნა გამოცხადდა, მაგრამ არსად იყო, უბრალოდ, გაქრა - არც მეგობრებთან, არც ნათესავებთან, არც სახლში. შეამოწმეს მისი მშობლების სახლი სოფელში, თუმცა ადგილობრივებმაც და მშობლებმაც თქვეს, რომ ბიჭი არ გამოჩენილა და... მამამ თქვა, მანქანის ყიდვას აპირებდა, ორი ძროხა და ღორები გავყიდე, ფული არ ჰყოფნიდა, „მერსედესი“ უნდოდაო.

სალონის მეპატრონემ ყველა დოკუმენტი გადმოიღო, მაგრამ ეჭვმიტანილის საბუთები ვერსად იპოვა, არადა, ჯიუტად იმეორებდა, ეგ ბიჭი ზუსტად მახსოვს, ფულიც მოიტანა, ხელშეკრულებასაც ხელი მოაწერა და დღე-დღეზე, მისი მანქანის შეკვეთას ვაპირებდითო ანუ ბიჭმა ფული სრულად გადაიხადა და მანქანას ელოდა, დათქმული ვადა ჯერ გასული არ იყო, რომ ეფიქრა, გადამაგდესო.

„მთავარი იმედი დაჭრილის გამოჯანმრთელება იყო, სწორედ მას უნდა მოეყოლა, რა მოხდა რეალურად, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ დაინახა, ვინ ესროლა და რაც მთავარია, ისიც იცოდა, რამდენი იყვნენ. ეჭვი გვქონდა, რომ მკვლელი მასთან ანგარიშის გასწორებას და დაწყებულის ბოლომდე მიყვანას ეცდებოდა, ამიტომ დაცვა დავუნიშნეთ და უმკაცრესად ვაკონტროლებდით მასთან შემსვლელთა ვინაობას. ნანატრი დღეც დადგა და მომხდარიდან მეათე დღეს, დაჭრილი ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მისი დაკითხვა შეიძლებოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რაც შეეხება დაკითხვას, „სალონში ვიყავით ჩვენ სამნი, როცა ის ტიპი მოვიდა. გვითხრა, გადავიფიქრე, მანქანის ყიდვა აღარ მინდა, ფული დამიბრუნეთო. უარი ვუთხარი, მეგონა, ბიძაჩემს მანქანა უკვე შეკვეთილი ჰქონდა და ფულიც გადაგზავნილი იყო, ამიტომ დაცვას ვუთხარი, გააცილეთ-მეთქი. იმან კი, ორი დარტყმით, დაცვის ორივე წევრი გათიშა, იარაღი წაართვა, ჯერ ერთს ესროლა, მერე - მეორეს, მერე მე დამიმიზნა, ხელშეკრულება დამიბრუნე და სეიფი გააღეო, მიყვირა. დავემორჩილე, სეიფიდან მთელი ფული წაიღო, ხელშეკრულებაც, წასვლისას კი მეც იარაღი მომადო მუცელზე და მესროლა“...

გამომძიებლების მოლოდინი გამართლდა. აკი, ექსპერტიზამაც თქვა, დაჭრილს ძალიან ახლოდან ესროლესო. გაქცეულის ძებნა გრძელდებოდა და ძალოვნები იმას ფიქრობდნენ, რომ აღნიშნული თანხით ეჭვმიტანილმა საბაჟოს თანამშრომელი მოისყიდა და ქვეყანა დატოვა, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა უბნის რწმუნებულის ზარის შემდეგ დადგა - მან განყოფილებაში დარეკა და განაცხადა, ორმაგ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი შინ დაბრუნდა და ახლა სახლშიაო. მის დასაკავებლად სპეცდანიშნულების რაზმი გავიდა. გეგმა ასეთი იყო, კარზე მეზობელს უნდა დაეკაკუნებინა, ხოლო როცა კარს გააღებდა, სპეცრაზმი შეჭრილიყო. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მარტო ის იყო გასაოცარი, რომ ეჭვმიტანილმა კარი მშვიდად გააღო და როცა სპეცრაზმის წევრები ეცნენ, გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. რაღა თქმა უნდა, მისი დაკითხვა არ გადადეს.

„მართალია, ცოტა გადავამლაშე, მაგრამ არ მეგონა, თუ ადამიანების ცემისთვის სპეცრაზმით ხდებოდა დაკავება. მანქანის ყიდვა იმიტომ გადავიფიქრე, რომ ჩემი საცოლის ძმა გახდა ცუდად და სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ასეთ ოპერაციას საქართველოში არ აკეთებენ, მაგრამ ბათუმში ჩამოვიდა გერმანელი ექიმი, რომელმაც თქვა, რომ რამდენიმე ასეთ ოპერაციას გააკეთებდა, ოღონდ ფული იყო საჭირო. ამიტომ, სალონს მივადექი, ფულს არ მიბრუნებდნენ, დაცვის ბიჭები გამეჭიმნენ, დაბლა დავყარე, მენეჯერსაც წამოვარტყი, სეიფი გავაღებინე, ჩემი ფული ავიღე, ხელშეკრულება გამოვართვი და წამოვედი. სეიფში სხვა თანხაც იყო, თუმცა ხელი არ მიხლია“, - ასე მარტივად დაიწყო და დაასრულა მოყოლა დაკავებულმა და როცა გაიგო, მკვლელობას ედვებოდნენ, პირი დააღო, რა მკვლელობა, ხომ არ გადაირიეთ, დაცვის ერთ-ერთ ბიჭს მაკაროვი წავართვი და იქვე, მაგიდაზე დავაგდე წამოსვლისასო. როცა ეჭვმიტანილმა გაიგო, რომ გარდაცვლილებს ორ-ორი ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი, გაეღიმა, სასროლეთზე გამიყვანეთ, იარაღი მომეცით და 20 მეტრში, ვაშლს მოვარტყამ, მოკვლა რომ მდომოდა, ორ-ორ ტყვიას რისთვის დავხარჯავდიო.

„ხომ არის შინაგანი ხმა? ჰოდა, ეს ხმა მეუბნებოდა, რომ დაკავებული არ ტყუოდა, ამიტომ დაჭრილის დისშვილს ხელიდან სინჯი ავუღეთ და სალონი გავჩხრიკეთ. ერთ-ერთი მანქანის საბარგულში ფულის დიდი ნაწილი ვიპოვეთ, მენეჯერის ხელებზე კი დენთის კვალი. მისი დაკითხვის დრო დადგა.

„როცა ყველაფერი დასრულდა, დავინახე ამდენი ფული სეიფში და მივხვდი, რომ ჩემი შანსი იყო. მაგიდაზე იარაღი ეგდო, დაცვის ბიჭები კი უგონოდ ეყარნენ. ორ-ორი ტყვია ვესროლე, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ერთი მოკლავდა. მერე მე ვისროლე, ღვიძლის მხარეს არ მინდოდა, მაგრამ იარაღი რომ მოვაბრუნე, დავიბენი, მარჯვენა და მარცხენა ამერია. მანამდე ფული მანქანაში დავმალე, იარაღი კი იქვე დავაგდე, რომელზეც მისი ანაბეჭდები იყო და არა ჩემი, რადგან ნაჭრის ხელთათმანები მეცვა. ვიფიქრე, ყველა ვარიანტში მას დაბრალდება-მეთქი, ჩემი სიტყვაც იმის წინააღმდეგ იყო და მისთვის რატომ უნდა დაეჯერებინათ. მძიმე ჭრილობას რომ გადავურჩი, უფრო გამიხარდა, მეტი დამაჯერებლობისთვის გამომადგებოდა“, - თავი ჩაღუნა მენეჯერმა.

სასამართლომ შესაბამისად იმსჯელა და დაკავებულს განზრახ მკვლელობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.