ახლად ნამშობიარევმა ქალმა გინეკოლოგი პალატაში მოკლა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახური საიდუმლო

პატიმრის დღიური

მშობიარობის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, ქალი, რომელიც დედა გახდა, თითქმის შეურაცხადად ითვლება. რა თქმა უნდა, თითქოს, მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ რეალურად, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დიდი შანსია, მას აფექტი და შეურაცხადობა დაუდგინონ. იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როცა დედას ახალშობილთან გაუცხოვება ეწყება, თითქოს, ვერ გრძნობს, რომ მისი შვილია...

„თბილისის ერთ-ერთი სამშობიაროდან შეტყობინება შემოვიდა, ახლად ნამშობიარებმა ქალმა გინეკოლოგს არტერიაში ლანცეტი ჩაარტყა, მას სასწრაფო ოპერაცია უკეთდება, ქალს კი ძლივს აჩერებენო. არც კლინიკა იყო უბრალო და არც - გინეკოლოგი, ამ კაცს ძალიან კარგად იცნობდნენ და რაც მთავარია, მშობიარეც არ იყო რიგითი, მისი მეუღლე გავლენიანი ჩინოსანი გახლდათ. ამიტომ, შემთხვევის ადგილზე არა მარტო მე, სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მოვიდნენ“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი და იმასაც ამბობს, რომ აღნიშნული ისტორია, სწორედ იმ ჩინოსნის გამო მიიჩქმალა და არ გახმაურდა. მიზეზი კი... მიზეზი ზედმეტად საინტერესო გახლდათ.
როგორც ადგილზე გაირკვა, მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა, ბავშვი პრობლემებით გაჩნდა და მას სასწრაფო წესით, სისხლის გადასხმა დასჭირდა. საჭირო გახდა დედის ან მამის სისხლი, როცა ანალიზები გააკეთეს, გინეკოლოგი დედასთან შევიდა და... ინციდენტიც სწორედ მაშინ მოხდა - მაგიდაზე დაუდევრად დაგდებულ ლანცეტს ქალმა ხელი დაავლო და გინეკოლოგს არტერია გადაუჭრა. რატომ და რისთვის, არავინ იცოდა. ქალი გიჟის თვალებით იხედებოდა და მხოლოდ ორ სიტყვას გაჰკიოდა - „ბავშვი გადამირჩინეთ!“
საავადმყოფოს ეზოში ბოლთას სცემდა ჩინოსანი და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მან არ იცოდა, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ყველაფერი მალევე გაარკვიეს. ის ბიჭის დაბადებას ეზოში აღნიშნავდა, როცა ჩოჩქოლი ატყდა, მერე მკლავი გაიშიშვლა, მეოთხე ჯგუფის სისხლი მაქვს და ბავშვს ან ჩემი სისხლი ექნება, ან დედისო... სწორედ ამის შემდეგ შევიდა გინეკოლოგი დედასთან და მოხდა ის, რაც მოხდა. თითქოს, უცნაური არაფერი იყო, მაგრამ... გინეკოლოგის გადარჩენა ვერ მოხერხდა, არტერია თითქმის ბოლომდე იყო გადაჭრილი და სისხლისგან დაიცალა. მკვლელობა - ეს იყო ერთადერთი ფრაზა, რომელიც ჰაერში მძიმედ დაეკიდა და ხმას ვერავინ იღებდა. სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ წყვილი შვილს 11 წელი ელოდა, აგერ, ნანატრი დღეც დადგა და ძალიან დიდი იყო შანსი, რომ სახლის ნაცვლად, დედა ციხეში წასულიყო. გამომძიებელმა პირდაპირი დავალება მიიღო მინისტრისგან - ქალი არ უნდა დაეკავებინათ და დაეწყოთ მიზეზის ძიება, რა შეიძლებოდა გამხდარიყო დედის ასეთი გარდასახვის მიზეზი, რადგან... ექთნები ამბობდნენ, მშობიარობის შემდეგ, ძალიან ადეკვატური იყო, ბედნიერებისგან ტიროდა, შვილი ლამის გალოკა, ისე უხაროდაო.
„ცუდ დღეში ჩავვარდი. ერთი მხრივ, ტიპური მკვლელობა მქონდა - განზრახ მკვლელობა, ცივი იარაღით, მეორეს მხრივ, არ მყავდა მოწმე, მაგრამ ქალი არ უარყოფდა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა მიზეზს ვერ ხსნიდა, ასე ამბობდა, მეგონა, გინეკოლოგი მეუბნებოდა, შვილი უნდა მოგიკლაო. ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხული იყო, მაგრამ ფსიქოლოგები ცალკე მიმტკიცებდნენ, მშობიარობის შემდეგ, დედებს ბევრი რამ ეჩვენებათო და ესეც ერთ-ერთი „მოჩვენება“ უნდა ყოფილიყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
გამომძიებელს ისიც გასაგებად უთხრეს, რომ ყველაფერს თუ აფექტს დააბრალებდა და საქმეს დახურავდა, მოკლულის ოჯახის გაჩერება-გაჩუმებას საკუთარ თავზე ჩინოსანი იღებდა. სავარაუდოდ, საქმე დიდი ფულით გადაწყდებოდა, გარდა ამისა, მოკლული ექიმის შვილიც იმავე კლინიკაში მუშაობდა და დიდი ალბათობით, მას მამის ადგილზე გადაიყვანდნენ. ხდებოდა მაშინ ასეთი რაღაცები, ახლაც ხდება და ამიტომ, გამომძიებელი საქმეს სიფრთხილით შეუდგა. რაც მთავარია, ისე უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ ძიების ხელმეორედ დაწყების შემთხვევაშიც კი, მოსადავებელი არაფერი ყოფილიყო. აი, აფექტი იდეალურ გამოსავლად ჩანდა, თუმცა ჯერ ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა გაკეთებულიყო და ამიტომ, მოკლული გინეკოლოგის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპერტმა ახალი არაფერი თქვა, მამაკაცი არტერიაზე მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. მანაც, როგორც მედიცინის მუშაკმა, გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მშობიარობის შემდეგ, შესაძლოა, დედებს მართლაც ჰქონდეთ რამე უცნაური გამოვლინება და ადეკვატურად არ მოიქცნენ.
საქმე დასახურად მზად იყო, გამომძიებელს მხოლოდ ექთნების ჩვენებები აკლდა, რომლებსაც რეალურად არაფერი დაუნახავთ, მაგრამ მაინც უნდა დაკითხულიყვნენ.
„პირველი მედდა მარტივად დავკითხე, არაფერი დაუნახავს, არაფერი გაუგონია, მეორე კი, რომელიც უშუალოდ ეხმარებოდა გინეკოლოგს, ცოტა არეული მეჩვენა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს რაღაც იცოდა და იმ რაღაცის თქმის ძალიან ეშინოდა. ამიტომ, ხან ერთი მხრიდან მოვუარე, ხან - მეორედან და როგორც იქნა, ამოთქვა. როცა ბავშვისთვის სისხლი უნდა გადაგვესხა, მამას ჯგუფი ვკითხეთ და მან მეოთხე თქვა, რამაც გინეკოლოგი გააოცა, მან კიდევ ორჯერ ჰკითხა მშობელს, დარწმუნებული ხარ, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლი გაქვსო და ჩინოვნიკმა ლამის შეაგინა, ერთხელ ნათქვამს რატომ ვერ იგებო. ჰოდა, მთელი ამბავიც ის არის, რომ მამას მეოთხე ჯგუფის სისხლი თუ აქვს, გამორიცხულია, შვილს პირველი ჯგუფის სისხლი ჰქონდეს (გამომძიებელს ზუსტად არ ახსოვს, პირველი და მეოთხე ჯგუფები მამისა თუ შვილის შემთხვევაში არ ემთხვევა, - რედ.). მგონია, რომ გინეკოლოგი ბავშვის დედასთან ამ ამბის გადასამოწმებლად და სათქმელად წავიდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.
ეს ამბავი მთელ საქმეს თავდაყირა აყენებდა. იმის მიუხედავად, რომ გამომძიებელს მინისტრის მოადგილემ უთხრა, ყველაფერზე საქმის კურსში ჩამაყენეო, ამ ეტაპზე, მისთვის რამის თქმა საჭირო არ იყო. ბატონი თენგიზი ჩინოსნის სახლში იმ დროს მივიდა, როცა ოჯახის უფროსი შინ არ იყო. ქალმა შინ მშვიდად შეიპატიჟა და ძალოვანმაც ყოველგვარი შესავლის გარეშე ჰკითხა - „ბავშვის მამა ვინ არის?!“ კითხვა იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო, ქალი კინაღამ სკამიდან გადმოვარდა, მერე ძალა მოიკრიბა, გამომძიებელს თვალებში ჯიქურ შეხედა და მტკიცედ თქვა - „ეგ თქვენი საქმე არ არის!“ თუმცა, მას მაშინვე განუმარტეს, რომ ეს ყველაფერი უკვე აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობა აღარ იქნებოდა, არამედ, განზრახ მკვლელობად გადააკვალიფიცირებდნენ, რისთვისაც სერიოზული სასჯელიც ელოდა. ქალმა თავი ჩაღუნა და დაიწყო:
„შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ გვყავდა, ყველგან ვიყავი სამკურნალოდ, მეუღლე კი, თანამდებობისა თუ სირცხვილის გამო, არ მომყვებოდა. ბოლოს, ისიც დავითანხმე, მითხრეს, რომ უშვილობის მიზეზი მეუღლე იყო და ბავშვი არასდროს გაუჩნდებოდა. შვილის აყვანა არ სურდა, რომ მეთქვა, უშვილობის მიზეზი შენ ხარ-მეთქი, გაგიჟდებოდა და ბავშვზე აღარ იფიქრებდა. ამიტომ, რაღაც ვიტამინები ვიყიდე, ექიმმა გამოგიწერა-მეთქი, მე კი იმაზე ვფიქრობდი, ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემი შვილის მამა. ჩავიტარე შესაბამისი კვლევები და კონკრეტულ დროს, ჩემი ქმრის მძღოლის ძმა დავიბარე შინ, ადრეც მოდიოდა ხოლმე, ჯანმრთელი კაცი იყო. მას მშვიდად ავუხსენი, რა მინდოდა, წინ 2 ათასი მანეთი დავუდე და ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვარდა. მან ზუსტად იცოდა, რომ სამომავლოდ ურთიერთობის გაგრძელების იმედი არ უნდა ჰქონოდა და თუ ხმას ამოიღებდა, შემეძლო, საერთოდ გამექრო. ჰოდა, ამ დროს, შემოდის გინეკოლოგი და მეუბნება, ეს ბავშვი შენი ქმრის არ არის და იცისო? მანდ გადამეკეტა და ლანცეტი ინსტიქტურად დავუსვი“...
გამომძიებელი ქალის აღიარებით მინისტრის მოადგილესთან წავიდა. მან გაოცებისგან პირი დააღო, მინისტრთან შევიდა, იქ უკვე მინისტრი გაოცდა და...
„ქალს პირობითი მსჯავრი მისცეს, ჩინოსანმა ყველაფერი მშვიდად მიიღო, ბოლომდე იჭიდავა, რომ ცოლი არ დაეკავებინათ, თუმცა მერე თქვეს, როგორც კი საქმე ჩაიფარცხა, ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, ცოლთან კავშირი გაწყვიტა, მაგრამ იმის გამო, რომ ნამდვილი კომუნისტი არ შეიძლებოდა ცოლსთან გაშორებული ყოფილიყო, ოფიციალური განქორწინება არ შედგა.