ბიზნესმენმა სიძის მკვლელობაში 26 ათასი დოლარი გადაიხადა - რატომ არ დაასახელეს ბოშებმა მკვლელობის შემკვეთი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 რაც უფრო ჭკვიანია კრიმინალი, მით უფრო რთულია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. ამიტომაცაა, რომ რიგითი კრიმინალები ციხეში ხშირად ხვდებიან, გამოცდილი და განათლებულები კი - იშვიათად. ჰოდა, მთავარი ის გახლავთ, რომ ამ დროს, გამომძიებელი უნდა იყოს კრიმინალზე ჭკვიანი, სხვაგვარად, მისი დაკავება არ გამოვა.

 90-იანი წლების გარიჟრაჟზე, თბილისში ყაჩაღობა მოხდა. მაშინ ეს არავის უკვირდა, რადგან ყაჩაღობა და მკვლელობა საქართველოს ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სტუმრად გოგოს მამასთან იმყოფებოდა, ბიზნესმენთან, რომელსაც ყველა პატივს სცემდა და ყველამ იცოდა, რომ მას, როგორც ძალოვნებთან, ისე, „კანონიერ ქურდებთან“ ყველაფერი დალაგებული ჰქონდა. ამიტომ, ყველას გაუკვირდა, როცა ბიზნესმენის ბინაში ყაჩაღები შევიდნენ, სიძე მოკლეს, გოგოს კი გულის მხარეს ესროლეს, მაგრამ ის გადარჩა. ტყვია ნეკნებში გაიჭედა და ექიმების წარმატებული ოპერაციის შემდეგ, თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ბიზნესმენმა უთხრა, ოღონდ ეს საქმე გამოიძიეთ და მზად ვარ, რა თანხაც წაიღეს, ერთი იმდენი პრემიის სახით მოგცეთო. გამომძიებლები მიხვდნენ, რომ იგივე პირობას ბიზნესმენი „ქურდულ სამყაროსაც“ წაუყენებდა და ახლა საქმე დასწრებაზე იყო.

კრიმინალებს უპირატესობა ჰქონდათ - მათ უკეთ იცოდნენ, ვინ იყო ასეთ საქმეზე წამსვლელი, ძალოვნებს კი საამისოდ რამდენიმე დღე მაინც სჭირდებოდათ, სახლიდან კი იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა, 26 ათასი დოლარი იყო წაღებული. სწორედ ეს ციფრი დაასახელა ბიზნესმენმა.

„გარდაცვლილ მამაკაცს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი გულის არეში და ის მაშინვე გარდაიცვალა. იგივე იარაღიდან ესროლეს გოგონასაც, თუმცა ამ შემთხვევაში, ტყვია ნეკნებს შორის გაიჭედა და გადარჩა. ორივე ტყვია „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდანაა ნასროლი და ტყვიის გულას ჭრილი მიანიშნებს, რომ ერთი იარაღიდან ისროდნენ“, - ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

როგორც ძალოვნები, ისე კრიმინალური სამყარო თავხედური თავდასხმის შემსრულებელთა ძიებით გახლდათ დაკავებული, თუმცა ისინი თითქოს მიწამ ჩაყლაპა, გაქრნენ და ცხელ კვალზე ვერავინ ვერაფერი გაარკვია. არც სიძე და არც ქალიშვილი არ მუშაობდნენ, ისინი ბიზნესმენის კისერზე იყვნენ და შესაბამისად, თავდასხმაც, სწორედ ბიზნესმენის სახლში ამიტომ მოხდა. გარდაცვლილი სიძე ბიზნესმენმა პომპეზურად გაასვენა და დაიფიცა კიდეც, შენს მკვლელებს ვიპოვი და უკან მოგაყოლებო.

მეზობლებს არაფერი დაუნახავთ, ამბობდნენ, ორი უცხო ბიჭი კი შევნიშნეთ, მაგრამ ისინი ყაჩაღებს არ ჰგავდნენ და არც იარაღი ჰქონდათო, თუმცა „მაკაროვის“ დამალვა ძალიან მარტივია და არაერთი კრიმინალი არსებობს, რომელსაც ანგელოზის სახე აქვს. მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ, გამოძიებას არაფერი ჰქონდა, არც კრიმინალებისგან ისმოდა რამე, თუმცა ყველაფერი თავდაყირა ექსპერტმა დააყენა.  ის გამომძიებელთან მივიდა და ერთადერთი სიტყვა უთხრა - „შეუძლებელია!“

გამომძიებელმა დაღლილი თვალებით ახედა, ექსპერტმა კი გააგრძელა - „შეუძლებელია, ერთი და იმავე იარაღიდან ისროლო ტყვია და ამ დროს, პირველი ტყვია, ლამის, მეორე მხარეს გამოვიდეს, მეორე ტყვია კი, პრაქტიკულად, კანში გაიჭედოს. დასკვნაში კი წერია, ტყვია ძვალმა გააჩერაო, მაგრამ ძვალიც კი არ იყო დაზიანებული, ტყვიამ, უბრალოდ, კანი გახია და პირველივე წინააღმდეგობის დროს გაჩერდა. იგივე ძალით, შესაძლებელია, ტყვია შურდულით ისროლო, მანაც შეიძლება კანში შეაღწიოს და გაჩერდეს, ამიტომ აქ რაღაც ისეთია, რასაც ჯერ ვერ ვხვდები“...

გამომძიებელი უფრო დაიბნა. მას თავადაც ეჭვი ჰქონდა, როგორ შეიძლებოდა, ახლო მანძილიდან ნასროლი „მაკაროვის“ ტყვია ძვალს გაეჩერებინა, ამიტომ შესაბამის სპეციალისტებს მიმართა და საინტერესო პასუხიც მიიღო. თურმე, მარტივად შეიძლება ტყვიის სიმძლავრე დაასუსტო, მთავარია, დოზები იცოდე ანუ ტყვიას დაშლი, დენთს გაანახევრებ, ანდა, მესამედს, მეოთხედს დატოვებ, ისევ ააწყობ და შემდეგ უკვე, ნასროლ ტყვიას ის ძალა აღარ აქვს და არც მომაკვდინებელია. სპეციალისტების ნაამბობი კი იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ ზუსტად იცოდა, რას და ვის ესროდა და გოგონაც შემთხვევით არ გადარჩენილა. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავებმა, სწორედ გოგონას გარემოცვის შესწავლა დაიწყეს და იმის მიუხედავად, რომ მასზე საინტერესო ვერაფერი გაიგეს, წვალებას ტყუილად არ ჩაუვლია - სამაგიეროდ, მის მეუღლეზე გაარკვიეს. მოკლული ბიჭი მუდმივად ფულის დეფიციტს განიცდიდა და იმის მიუხედავად, რომ სიმამრი არაფერს უჭირვებდა, სიძე თამაშობდა და ძალიან ხშირად, დიდ თანხებს აგებდა. რამდენჯერმე სიმამრმა უშველა - „კანონიერ ქურდებთან“ კარგი ურთიერთობის გამო, არ ათამაშებდნენ, თუმცა მაინც ახერხებდა, მოენახა წრე, რომელიც თამაშზე თანახმა იქნებოდა.

ბოლოს, 6 ათასი დოლარი წააგო და წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან უნდა გაესტუმრებინა. სავარაუდოდ, სიმამრთან, სწორედ ამ თანხის სათხოვნელად იყო მისული, თუმცა სტუმრობა ფატალური გამოდგა და მოხდა ის, რაც მოხდა.

„რას იტყვი, ასეთი ვერსია რომ განვიხილოთ: სიმამრს ყელში ამოუვიდა სიძის თამაში და ფულების გადაყრა, მოურიგდა ვიღაცებს, გაითამაშა ყაჩაღობის სცენა ისე, რომ მისმა ქალიშვილმაც კი არაფერი იცოდა, სუსტი ტყვიით დაჭრეს გოგო, მაგრამ მოკლეს ბიჭი, წაიღეს ის მოგებული 6 ათასი და ზედ, ამ ამბებისთვის საჭირო 20 ათასი დოლარიც „ხელს გააყოლეს“. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზის გამო, ვერც ქურდები და ვერც ჩვენ ვერ ვპოულობთ შემსრულებლებს“, - უთხრა ერთმა გამომძიებელმა მეორეს და სამუშაო ვერსიაც შეიქმნა.

ძალოვნებმა მოკლულის გარემოცვის შესწავლა გააგრძელეს. უფრო სწორად, მათი, რომლებთანაც ბიჭს ბოლოს ჰქონდა კავშირი და გაარკვიეს, რომ ბოლოს ის ბოშებს ეთამაშებოდა ანუ მათ, რომლებსაც ნაკლებად აინტერესებდათ „ქურდული“ და  „კანონიერებასაც“ დიდად არ სცნობდნენ. ისიც გაირკვა, რომ პრაქტიკულად, ყველა ბოშა იარაღს ერთი დედაბერის სახლში ინახავდა, რომელიც სანაცვლოდ, ყოველთვიურ ჯამაგირს იღებდა და სპეცოპერაციაც ამ ქალის სახლში ჩატარდა. სახლიდან ორი ათეული იარაღი ამოიღეს, მათ შორის, სამი ცალი „მაკაროვი“. გარდა იმისა, რომ სხვა იარაღი სხვადასხვა დროს გაუხსნელ საქმეებში ფიგურირებდა, „მაკაროვებიდან“ ერთი სწორედ ის იყო, რომლითაც ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს.

ძალოვნებმა კარგად იცოდნენ, რომ დედაბერი არაფრის მთქმელი იყო, თუმცა მას ერთი ოქროს წესი ჰქონდა - სახლში არავის უნდა მოეტანა მკვლელობის იარაღი. ეს წესი დაირღვა და გამომძიებლებმა დედაბერს პირდაპირ უთხრეს, მკვლელობის ბრალდებას შენ წაგიყენებთო. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქალმა მხოლოდ ამ კონკრეტული იარაღის მეპატრონე დაასახელა, დანარჩენებზე კი ხმა არ ამოუღია. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და მან ასევე, მალევე თქვა, როგორ მოიგეს 6 ათასი დოლარი, როგორ დაადგნენ შემდეგ ბიზნესმენს და როგორ დაემუქრნენ სიძის მკვლელობით. სწორედ ამ დროს გაუნათდა ბიზნესმენს სახე და ბოშებს შესთავაზა, დამატებით 20 ათას დოლარს მოგცემთ, ოღონდ ეგ კაცი მომაშორეთო. მხოლოდ სიძის მკვლელობა ეჭვს გააჩენდა და, პირველ რიგში, გოგონა დაეჭვდებოდა. მან ზუსტად იცოდა მამის დამოკიდებულება მისი ქმრისადმი, მაგრამ ქმარი ძალიან, ძალიან უყვარდა, ამიტომ მოიფიქრეს ტყვიის სიმძლავრის შესუსტება. მეტიც, გაირკვა, რომ თურმე, ასეთი ტყვიებით, ბოშები „ომობანასაც“ კი თამაშობდნენ და ამბობდნენ, შორ მანძილზე კანსაც ვერ ხევს, უბრალოდ, ადგილს ალურჯებსო. საბოლოოდ, ყველაფერი იდეალურად გამოვიდა, მაგრამ ექსპერტის საზრიანობამ და გამომძიებელთა მონდომებამ შედეგი დადო.

რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, გაასამართლეს ყველა, გარდა ბიზნესმენისა. მან იმდენი მოახერხა, რომ პირველი ჩვენების მიცემის შემდეგ, ბოშებმა სასამართლოზე ყველაფერი გადათქვეს და დანაშაული მთლიანად საკუთარ თავზე აიღეს.

ბიზნესმენის ხსენება ყველა მიმართულებით გაქრა და არავინ იცის, ყველაფერი ეს რა დაუჯდა, მაგრამ ფაქტია, მართლმსაჯულებას თავი დააღწია.