გამდიდრების თაღლითური სქემა - ახალგაზრდა მამაკაცი თავს გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილად ასაღებდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ძალიან რთულია, სამართალდამცავებს აჯობო. კრიმინალმა უნდა მოიფიქროს ისეთი რამ, რაც სახელმწიფო მანქანას ვერ მოერევა, ვერ მოატყუებს და დროის გასვლასთან ერთად, ეს სულ უფრო და უფრო ძნელდება. ცხადია, რომ არცთუ შორეულ მომავალში, ვიდეოთვალი ყველა სოფელშიც კი იქნება და პრაქტიკულად, სახლის ფანჯრებშიც კი შემოიხედავენ. ამის მიუხედავად, კრიმინალთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ახლა გიამბობთ ისტორიას, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სასაფლაოს შესასვლელთან, ყვავილებით მოვაჭრე ქალი, იმავე სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს. მას თავში, სავარაუდოდ, ჩაქუჩი ჰქონდა ჩარტყმული და ვერსიაც გაჩნდა - ქალბატონი დღისით გასაყიდ ყვავილებს ღამით, საფლავებიდან იღებდა და მეორედ ჰყიდდა. ამის გამო, არაერთხელ გააფრთხილეს და შესაძლოა, რომელიმე ჭირისუფალმა გაიმეტაო. მისმა კოლეგებმა ისიც გაიხსენეს, რამდენიმე დღის წინ, ერთი ბიჭი მიუვარდა, ჩემი საცოლის საფლავიდან ასი ცალი ვარდი რატომ მოიპარეო და მოკვლითაც დაემუქრაო. ბიჭი მალე იპოვეს, მაგრამ გაოცებისგან პირი დააღო, კი გავბრაზდი, მაგრამ ყვავილების გამო, ადამიანს როგორ მოვკლავდიო? არადა, მისი ფეხსაცმლის ძირზე, სასაფლაოს ტალახი იყო და ნაკვალევი ზუსტად ემთხვეოდა იმას, რომელიც ქალის გვერდით იპოვეს.

ბიჭმა დაადასტურა, სასაფლაოზე ვიყავი, ყოველ მეორე დღეს ავდივარ, მაგრამ იქ მკვდარი არავინ მინახავსო. გადაამოწმეს მობილური ტელეფონის ლოკაცია და სხვაობა, დაახლოებით, 15-წუთიანი იყო ანუ ბიჭს თავისუფლად შეეძლო, ყვავილების გამყიდველი მართლა მოეკლა, მაგრამ გამოძიებას პირდაპირი მტკიცებულება, უბრალოდ, არ ჰქონდა.

დაკითხეს სასაფლაოს დარაჯი, რომელიც საფლავების მეთვალყურეობის ნაცვლად, საღამოს თვრებოდა, ეძინა და დილით შინ მიდიოდა. თქვა კიდეც, ამდენ მიცვალებულს ფხიზლად ვერ ვუყურებ და დალევაც ამიტომ დავიწყეო, თუმცა ისიც გაიხსენა, ბოლო ორი თვეა, ეს ქალბატონი სასაფლაოზე ღამით რამდენჯერმე მოვიდა და ვიღაც ახალგაზრდა კაცს შეხვდაო. დარაჯს დაკავებული ბიჭის ფოტო აჩვენეს, მაგრამ მან მტკიცედ თქვა, ამას ვიცნობ და ვისაც მოკლული ხვდებოდა, უფრო ასაკოვანი და უფრო მაღალიაო. მეტიც, დარაჯმა გონება დაძაბა და ისიც გაიხსენა, რომ სწორედ ეს ბიჭი დაინახა იმ ღამეს საყარაულო ჯიხურის ფანჯრიდან და მას ხელში ან პატარა წერაქვი ეკავა, ან ჩაქუჩიო. მიხვდნენ გამომძიებლები, რომ დარაჯმა მკვლელი დაინახა, მაგრამ ვინ?! დარაჯს ის სხვა დროს სასაფლაოზე არ ჰყავდა ნანახი და ამიტომ, ვერ ამბობდა, ვის აკითხავდა ჭირისუფალი, თორემ ასე კვალზე გასვლა შეიძლებოდა.

ძიება ჩიხში შევიდა. მეტიც, სხვა ვერსია, უბრალოდ, არ იყო, დაკავებულიც გაათავისუფლეს და რაც მთავარია, გარდაცვლილის ყველა კონტაქტის გადამოწმების შედეგად, საეჭვოს ვერაფერს მიაგნეს. ცუდი ის იყო, რომ ქალს ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ არავინ ურეკავდა და არავის ურეკავდა. მისმა კოლეგებმა კი გაიხსენეს, ვიღაცები მოდიოდნენ, ფულს უტოვებდნენ, ეუბნებოდნენ, ამა და ამ საფლავზე ყვავილები დააწყვე, ან გაასუფთავეო და ისიც ხან აკეთებდა, ხან - არაო. მოსაზრება, რომ ვიღაცას ყველაფერი ეს, ყელში ამოუვიდა და გამწარებულმა მოკლა, კიდევ უფრო გამყარდა, თუმცა ეჭვმიტანილი მაინც არ ჩანდა. ჰო, ყვავილების ერთ-ერთმა გამყიდველმა გაიხსენა, ვიღაც მაღალი ბიჭი, ბოლო სამი თვის განმავლობაში, რამდენჯერმე იყო მოსული და ქალს ეუბნებოდა, დღეს, საფლავზე ყვავილები დააწყვეო, თუმცა ფული არასდროს დაუტოვებია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უცხო მამაკაცი, უბრალოდ, იმას მიანიშნებდა, როდის უნდა შეხვედროდნენ ისინი ერთმანეთს, მაგრამ რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა ასაკოვან ქალს და ახალგაზრდა მამაკაცს, თანაც რატომ უნდა შეხვედროდნენ ისინი მაინცდამაინც სასაფლაოს ტერიტორიაზე და არა - სხვაგან?

გამომძიებლებმა ყვავილების გამყიდველი ქალები გააფრთხილეს, ის კაცი კიდევ თუ გამოჩნდება, გვითხარითო, თუმცა ორი კვირა ისე გავიდა, არავინ გამოჩენილა.

სამაგიეროდ, დარაჯი გამოჩნდა და თან როგორი ინფორმაციით - ის ბიჭი დღეს დავინახე, ერთ-ერთი საფლავის ეგსგუმაცია მოხდა და იქ იმყოფებოდაო. სამართალდამცავებს არ გასჭირვებიათ არც გახსნილი საფლავის აღმოჩენა და არც ბიჭის ვინაობის დადგენა - ის სამი წლის წინ გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილად ასაღებდა თავს და ოფიციალურ შვილებს სამკვიდროს სთხოვდა. საუბარი რამდენიმე ბინაზე, მანქანებსა და რაც მთავარია, სოლიდურ ბიზნესზე იყო. ის ფრთხილად გამოჰკითხეს, მაგრამ მეყვავილესთან ნაცნობობა და შეხვედრები უარყო, ხოლო როცა მეორე მეყვავილე დააპირისპირეს, რომელიც ამტკიცებდა, გარდაცვლილს ესაუბრებოდაო, ხელი აიქნია, ერთიანად ვაძლევდი დიდ თანხას და შემდეგ ვეუბნებოდი, მამაჩემის საფლავზე ყვავილები როდის დაეწყოო. როგორც აღმოჩნდა, ბიჭის მამაც, დაახლოებით, სამი წლის წინ გარდაიცვალა, დედა - სამი თვის წინ და სწორედ სიკვდილის წინ უთხრა დედამ, შენი ნამდვილი მამა ის გარდაცვლილი ბიზნესმენიაო.

სამართალდამცავებმა ვერაფერი თქვეს, რასაც ბიჭი ყვებოდა, ყველაფერი სიმართლე ჩანდა - მამა სამი წლის წინ გარდაიცვალა, დედა - სამი თვის წინ...

დაკავებული გაათავისუფლეს, დნმ-ს ანალიზმა კი აჩვენა, რომ მართლაც, გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილი იყო, დამთხვევა, ლამის, 100%-იანი გამოდგა. არადა, ბიზნესმენს ამ მხრივ უმწიკვლო რეპუტაცია და ნამდვილი მეოჯახის სახელი ჰქონდა, მაგრამ რა უნდა ექნათ შვილებს, კვლევის შედეგები წინ ედოთ, თანაც ახლადგამოჩენილი მემკვიდრე ბევრს არაფერს ითხოვდა - ბინას, მანქანას და ერთ-ერთ მცირე ბიზნესს.

საბუთების მოგროვება დაიწყო, როცა გამომძიებლებთან ის ექსპერტი მივიდა, რომელიც ეგსგუმაციას ესწრებოდა და სასხვათაშორისოდ თქვა, არ ვიცი, ამას მნიშვნელობა აქვს თუ არა, მაგრამ ათეულობით ეგსგუმაციას დავსწრებივარ და პირველად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საფლავი არცთუ დიდი ხნის წინ, უკვე გათხრილი იყოო. ძალოვნებმა ერთმანეთს გადახედეს და გეზი სასაფლაოსკენ აიღეს. მათ ექსპერტები წაიყვანეს და ის საფლავი დაათვალიერებინეს, რომელშიც ეჭვმიტანილის დედ-მამა იყვნენ დასაფლავებულნი. მიწის ჩიჩქნის შემდეგ, ექსპერტებმა თქვეს, რომ ქალის საფლავის მიწაყრილი და მისი სამი წლის წინ გარდაცვლილი მეუღლის მიწაყრილი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ანუ კაცის საფლავი გახსნილი არ ყოფილა. შესაბამისად, ეჭვი, რომ ბიჭმა ჩონჩხი შეცვალა, გამოირიცხა. საფლავს თუ ვერ ამოთხრიდა, ძვლებს ვერ ამოიღებდა. გამოძიებას ეს ძაფიც ხელიდან გაუსხლტა, თუმცა...

„ნარკომანი გვყავს დაჭერილი, დოზას და გაშვებას ითხოვს და გვეუბნება, ისეთ საქმეს გაგიხსნით, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათო და სასაფლაოზე მოკლულ ქალს ახსენებს“, - უთხრეს მკვლელობის განყოფილების თანამშრომლებს ნარკოდანაშაულთან მებრძოლმა კოლეგებმა. ნარკომანი დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, დოზაც გაუკეთეს, მისი მოთხოვნის შესაბამისად, ხილის წვენებიც დაუდგეს და სმენად იქცნენ.

„ის ბიჭი, ბიზნესმენის შვილად რომ ასაღებს თავს, ჩემი ძმაკაცია. როცა დედა გარდაეცვალა, იმის ფულიც არ ჰქონდა, რომ მესაფლავეები დაექირავებინა და საფლავის თხრა ჩვენ დავიწყეთ. აბა, ჩვენ რისი მთხრელები ვართ, აგვერია, დაგვერია სიღრმე-სიგანე და მამამისის კუბოს ფიცარს მივარტყით ბარი, იქიდან კი თავის ქალა გადმოგორდა. ამ ჩემმა ძმაკაცმა თავი გადააქნია, აგერ, სამი საფლავის იქეთ დიდი ქვა რომ დგას, ეგ კაცი უმდიდრესი ბიზნესმენი იყო და ეგ და მამაჩემი ერთ დღეს დაასაფლავეს, რა იქნებოდა, ის ყოფილიყო მამაჩემის საფლავი, ახლა მილიონერი ვიქნებოდიო. მოკლედ, მამამისის ძვლები უკან შევყარეთ და ფიცარიც მივადეთ. ღამით კი... ღამით გენიალური იდეა დაებადა, დედის გასვენება ორი დღით გადაწია, ამ ორი დღის განმავლობაში, იმ ბიზნესმენის საფლავს ძალიან ფრთხილად ვთხრიდით. ზემოდან ხელოვნური ბალახის ხალიჩა აფარია, გადავწევდით, ამოვთხრიდით, დავაფარებდით. ასე ჩავედით ძვლებამდე და ძვლები შევცვალეთ, ის ჩონჩხი აქეთ, ეს - იქით. მეყვავილე ქალი დაბოდიალობდა ხოლმე, დღისით გაყიდულ ყვავილებს იპარავდა და დაგვინახა. ჩემი ძმაკაცი ათას დოლარს დაპირდა, მაგრამ ის აჩქარებდა, ამდენი დრო არ მაქვს, ფული ახლა მჭირდებაო. ჰოდა, როგორც ჩანს, არასასურველი მოწმე მოიშორა. დანარჩენი კი იცით. ჩემი წილი ათი ათასი უნდა ყოფილიყო. მე რა, არც არავინ მომიკლავს და არც დამიმარხავს“, - თქვა ნარკომანმა.

ძალოვნებმა ცრუ მემკვიდრე ერთ საათში დააკავეს და ისიც იძულებული გახდა, ყველაფერი ეღიარებინა. ბიზნესმენის შვილებს კი მამის სახელის გადარჩენა უფრო გაუხარდათ, ვიდრე მისი ქონების ნაწილის.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე