სიძემ ცოლისძმა მოკლა - კვიპროსზე გადარიცხული საბედისწერო 80 ათასი დოლარი და სისხლიანი გარჩევა თბილისში

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი პერიოდიც იყო, როცა მილიციას (და მაშინ, სწორედ მილიცია ერქვა), შესაბამისი აღჭურვილობა კი არა, ფორმა, რომელიც უნდა სცმოდათ, უბრალოდ არ ჰქონდა. ამიტომ, სამართალდამცავები ბაზრობებზე ყიდულობდნენ შესაბამისი ფერის ქსოვილს, შემდეგ კი მკერავებთან დადიოდნენ და ფორმასაც იკერავდნენ. პრობლემა იყო სამსახურეობრივი მანქანები, მათში საწვავის ჩასხმა, ტაბელური იარაღისთვის ტყვიები... მოკლედ, ყველაფერი და „ყველაფერი“ ეს, უახლეს ქართულ ისტორიაში, 90-იან წლებადაა შეტანილი. სწორედ იმ პერიოდში, რომელიღაც ამერიკელი კონგრესმენისა თუ სენატორის თავგამოდების შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროს ე.წ. ელექტროშოკერები და შოკერპისტოლეტები გადმოეცა. რაოდენობა იმდენი ნამდვილად არ იყო, ყველა განყოფილებას შეხვედროდა, ამიტომ... ისინი, უბრალოდ, სამინისტროში ჩაკეტეს, „ჯიგრულ-ქართულ“ პონტში დაარიგეს, ან სულაც გაყიდეს ბიზნესმენებსა და იმ ადამიანებზე, რომლებსაც თუ სახლებში ამერიკული ნაწარმი (და სულ ერთი იყო, რა ნაწარმი) ექნებოდა, ეს პრესტიჟულად მიაჩნდა. ასე მოხვდა ძალოვნებისთვის გადაცემული შოკერები რიგითი ადამიანების ხელში და ზოგი მას სათუთად ინახავდა, ზოგს - გამოსაჩენ ადგილზე ედო, აგერ, რა მაქვსო. არა ერთმა და ორმა კი ცდა მაწანწალა ძაღლებსა და კატებზე ჩაატარა...

 

სწორედ ამ პერიოდში, მცირე კალიბრის ფირმები ყალიბდებოდა, ყველა რაღაცას „ჩალიჩობდა“, ყველას ფულის შოვნა სურდა და ზოგი ამას გადარჩენისთვის აკეთებდა, ზოგიც - მართლაც დიდი კაპიტალის დასაგროვებლად. რა თქმა უნდა, სოლიდური კომპანიები თითზე ჩამოსათვლელი იყო და მცირე მეწარმეობა, ძირითადად, „ბუტკების“ ჩადგმითა და წვრილმანი ვაჭრობით შემოიფარგლებოდა. იმ თაობამ, რომელიც 90-იანებს არ მოსწრებია, კარგად რომ აღიქვას, რა ხდებოდა, მარტივ მაგალითს მოვიტან - ერთ-ერთი „ბუტკის“ წინ, მანქანა გაჩერდა, მძღოლმა 1 კოლოფი „მალბორო“ და 1 ბოთლი „კოკა-კოლა“ იყიდა, ჩაჯდა და წავიდა, ბირჟაზე მდგარმა ბიჭებმა კი შურით თქვეს, აუ, ნახე, ტიპს რა მაყუთი აქვსო. ჰო, კოლოფი „მალბორო“ და „კოკა-კოლა“ მაშინ სერიოზული თემა იყო და ლამის, ნახევარი საქართველო, სიგარეტს ღერებით ყიდულობდა. ჰოდა, ასეთ პირობებში, ერთ-ერთი, მეტ-ნაკლებად მსხვილი კომპანიის შეფის მკვლელობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქმე ის გახლდათ, რომ მაშინ არც მკვლელობები იყო უცხო ხილი და ადამიანების გარდაცვალებასაც, სწორედ მაშინ მიეჩვია ერი, მაგრამ ასე, საკუთარი სახლის წინ, მანქანაში, კეფაში გასროლით მოკვლა, მაინც ძალიან ცუდად ჩანდა.

სამართალდამცავებს კატეგორიულად მოსთხოვეს საქმის გახსნა, მაგრამ ეს უფრო იმიტომ, რომ სხვებს დაენახათ, აგერ, ვმუშაობთო, რეალურად კი, საქმის გახსნის იმედი, პრაქტიკულად, არავის ჰქონდა, თუმცა...

გარდაცვლილი კომპანიას სიძესთან, დის ქმართან ერთად მაართავდა. ერთი აღმასრულებელი დირექტორი იყო, მეორე - კომერციული და ასე, შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. ცოლის ძმის გარდაცვალება სიძემ უმძიმესად გადაიტანა, სამართალდამცავებს უთხრა, ჩემი ცოლი ანუ მოკლულის და, მეორე კვირაა, დასასვენებლად კვიპროსზეა წასული, მე ვერ ვეტყვი, ეგებ, თქვენ შეატყობინოთო. ძალოვნებმა, რაღა თქმა უნდა, უარი არ უთხრეს, კვიპროსელ სამართალდამცავებს როგორღაც დაუკავშირდნენ და მეორე დღესცე, გარდაცვლილის და თბილისში გადმოფრინდა. სხვათა შორის, ძიება სულ უიმედო არ იყო - მეზობლები ამტკიცებდნენ, მთელი დღის განმავლობაში, გარდაცვლილის სახლთან ვიღაც ბიჭი მოძრაობდა, სახლს წრეს ურტყამდა, თავზე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატებული და პერიოდულად რაღაც აბებს ყლაპავდაო. მილიციის თანამშრომლები არ გამორიცხავდნენ, რომ მკვლელი, შესაძლოა, სწორედ ის ყოფილიყო. მეორე დღეს კი ყოველგვარი ეჭვები გაქრა - განყოფილებაში კომპანიაში მომუშავე მდივანმა დარეკა კივილით, ჩემს შეფზე თავდასხმა მოხდა, დაჭრილიაო. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი წინ საინტერესო სურათი გადაეშალათ - წინა დღეს მოკლული ბიზნესმენის სიძე მხარში იყო დაჭრილი და სისხლისგან იცლებოდა, მის წინ კი ახალგაზრდა მამაკაცის გვამი ეგდო, რომელსაც... ელექტროპისტოლეტიდან ჰქონდა ნასროლი. სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაჭრილს წაიყვანდა, მან მოასწრო და სხაპასხუპით მიაყარა, ეგებ, ვერც გადავრჩე და ეს ტიპი შემოვიდა დილით ოთახში, იარაღი მომიშვირა, გაისროლა, სანამ მეორეს მესროდა, შოკერის სროლა მოვასწარი და არ მგონია, მკვდარი იყოს, შოკში იქნებაო.

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ თავდამსხმელი სწორედ შოკერის მოქმედების შედეგად იყო გარდაცვლილი, მას გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა და შოკერის დარტყმას ვერ გაუძლო. იარაღზე მისი თითის ანაბეჭდები იყო და რაც მთავარია, მეზობლებმა გარდაცვლილში ამოიცნეს პირი, რომელიც კომპანიის დირექტორის მკვლელობის წინა დღეს, მის ეზოში იმყოფებოდა. ექსპერტმა ისიც დაასკვნა, რომ ორივე შემთხვევაში, გასროლა ერთი და იმავე იარაღიდან განხორციელდა.

სამართალდამცავები მხოლოდ იმაზე წუხდნენ, რომ თავდამსხმელი მკვდარი იყო და შემკვეთის ვინააობის დადგენა გაჭირდებოდა. არადა, ადვილი მისახვედრი გახლდათ, რომ შემკვეთი მათი კონკურენტი უნდა ყოფილიყო და მოჩხრიკეს კიდეც გამომძიებლებმა ეს მიმართულება, მაგრამ საინტერესოს ვერაფერს მიაგნეს. არავინ იყო ისეთი, ამ საქმეზე ხელი რომ მოეწერა და რაც მთავარია, ისე ჩანდა, რომ არც იმ დონის თანხები ტრიალებდა ამ კომპანიაში, კაცის მოკვლად რომ ღირდა, მაგრამ ფაქტი ის გახლდათ, რომ კონკრეტულმა ადამიანმა მოკლა ფირმის ერთი მფლობელი, თავს დაესხა მეორეს და ამას მოტივის ან დაინტერესების გარეშე არ გააკეთებდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სამართალდამცავები თავდამსხმელის ვინაობას ვერ ადგენდნენ, იმ პერიოდში, საქართველოში მობილური ტელეფონები არ არსებობდა და შიდა მიგრაცია ძალიან დიდი იყო. ამიტომ, ადამიანები ოჯახის წევრებს თვეობითაც ეძებდნენ.

სამართალდამცავები პირველად მაშინ დაიძაბნენ, როცა ქმრის დასაფლავების შემდეგ, განყოფილებაში გარდაცვლილი დირექტორის და ანუ დაჭრილი დირექტორის ცოლი მივიდა და განაცხადა, რომ ეჭვი... საკუთარ ქმარზე ჰქონდა.

„კვიპროსში იმიტომ წავედი, რომ ჩემმა ძმამ მითხრა, შენი ქმარი რაღაცებს მაიმუნობს, მგონი, კომპანიის ფულის უდიდეს ნაწილს კვიპროსზე რიცხავს, ფინანსებში ბოლომდე ვერ ვერკვევი, ვერც ვიხედები და იქნებ, გაარკვიოო. ძმა ჩემთვის ყველაფერი იყო, მით უმეტეს, ქმართან შვილი არ მყავდა და ის ამაზე საერთოდ არ ნერვიულობდა, არც ექიმთან მიდიოდა, მოკლედ რომ ვთქვა, ეკიდა და ასე მგონია, ცოლადაც ძმის გამო მომიყვანა, კომპანიაში მეწილედ რომ შესულიყო. მგონია, ქილერი მან დაიქირავა“, - განაცხადა ქალმა და ძალოვნებმაც ამ მიმართულებით ფიქრი და მოქმედება დაიწყეს.

რა ძნელი გამოსაცნობია, რომ მეუღლემ ყველაფერი უარყო, ცოტა კი ვიკამათეთ, მაგრამ ის მიზეზს ეძებდა და ახლა საუკეთესო მომენტი ჩაუვარდა ხელშიო. გაირკვა გადარიცხვების ოდენობაც, რომელიც კვიპროსში განხორციელდა და მათი საერთო რაოდენობა 80 ათას დოლარს აჭარბებდა, რაც ქართული სინამდვილისთვის ძალიან, ძალიან დიდი თანხა იყო. გამოძიება უფრო და უფრო მტკიცედ მიდიოდა ქალის მიერ ნათქვამი ვერსიისკენ, მაგრამ ისევ და ისევ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ვინაობის გარკვევის გარეშე, ძნელი დასადგენი იყო, რეალურად, რა და როგორ მოხდა. ყველაფრი კი იმდენად მარტივად დალაგდა, გამოძიება ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა. მილიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი მივიდა და განაცხადა, რომ საქმრო დაკარგა და სურათიც წარადგინა. საქმრო სწორედ ის ბიჭი იყო, რომელსაც ქილერობაში სდებდნენ ბრალს.

„მას გულის მანკი ჰქონდა, ამიტომ ოფიციალურად სამსახურში არავინ იღებდა, როცა იგებდნენ, რომ აღნიშნული დაავადება ჰქონდა, ყველა ერიდებოდა, მძიმე სამუშაოზე დაეტვირთა, კაბინეტს კი, რა თქმა უნდა, არავინ დაუთმობდა. ამიტომ, ისეთ სამსახურს ეძებდა, სადაც ფიზიკური დატვირთვა ნაკლებად მოუწევდა. სამი დღის წინ მითხრა, ახალი სამსახური დავიწყეო და მერე, უბრალოდ, გაქრა“, - თქვა გოგონამ და ის მისამართიც დაასახელა, სადაც საქმრო ნაქირავებში ცხოვრობდა. სამართალდამცავები მაშინვე იქეთ გაეშურნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. მათ საბრძოლო მასალა არ უპოვიათ, სამაგიეროდ, იპოვეს დღიური, სადაც ბიჭი ჩანაწერებს ყოველდღიურად აკეთებდა. ბოლო ჩანაწერი კი ასეთი იყო:

„ახალი სამსახური დავიწყე, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ კომპანიაში მივედი, ვუთხარი, რომ გულის მანკი მაქვს და თუ ჰქონდათ რაიმე სამუშაო, რომელიც დიდ დატვირთვას არ მოითხოვდა, ვიმუშავებდი. ყველაფერი ეს, დირექტორმა მოისმინა, დეტალურად გამომკითხა და მითხრა, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთო და სამსახურში ამიყვანა. ორი დღე ტყუილად ვიარე, მესამე დღეს კი უცნაური დავალება მომცა, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში უნდა გამეტარებინა მთელი დღე, დილიდან საღამომდე, ყოველ საათში ერთხელ, ამ კორპუსზე წრე უნდა დამერტყა და უნდა ჩამენიშნა, რაიმე უცნაური თუ მოხდებოდა. ამ ერთი დღის სანაცვლოდ, 200 ლარს დამპირდა, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, პირველი ხელფასის ასაღებად ხვალ მივდივარ“...

საბოლოოდ გაირკვა, რომ მოკლული ბიზნესმენის სიძე ძალიან კარგად იცნობდა ადამიანის ანატომიას, ზუსტად იცოდა, რომ შოკერის დარტყმას გულის მანკით დაავადებული ადამიანი ვერ გაუძლებდა, ამიტომ ის ჯერ ცოლის ძმის კორპუსთან დააყენა, რათა ყველას დამახსოვრებოდა, შემდეგ ცოლის ძმა თავად მოკლა, ბოლოს კი ბიჭს შოკერი ესროლა, იარაღი მხარში თავადაც დაიხალა და ყველაფერი გადასარევად მოაწყო, თუმცა... სასამართლომ მას ორი ადამიანის მკვლელობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა იმასაც ამბობენ, ციხიდან მალე გავიდა, თავის წონა ფული გადაიხადა და საცხოვრებლად კვიპროსზე გადასახლდაო.