ვინ არის რეჟისორი, რომელიც საბავშვო ბაღის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს - მოწმის სკანდალური ჩვენება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

  ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 ადრე რეჟისორებს ყველა იცნობდა და მათ ჩამოთვლას დიდი დრო არ სჭირდებოდა. იცოდნენ გენიალური ელდარ შენგელაია, მიშა ჭიაურელი, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ჩხეიძე და კიდევ არაერთი ჩინიანი თუ უჩინო რეჟისორი. ახლა კი მთავარია, შესაბამისი დაფინანსება იშოვოს და ფილმს იღებს ნებისმიერი, ვისაც ამის სურვილი აქვს. მერე რა, რომ ხშირად ასეთი ფილმები ერთი ნახვის შემდეგ გავიწყდება, სამაგიეროდ, ტიტრებში რეჟისორისა თუ პროდიუსერის გვარები წერია და ის შთამომავლობას რჩება. ჰო, ამ კონკრეტული პირების შთამომავლობას, თორემ მეეჭვება, კინოხელოვნებაში რამე ღირებულს ქმნიდნენ.

 

ჰოდა, აგერ, 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე, სწორედ ასეთი რეჟისორი იპოვეს გარდაცვლილი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის სარდაფში. ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ, მის ამოსატანად ჩავინენ და გარდაცვლილიც იქ ნახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებსა და ექსპერტებს საინტერესო სურათი დახვდათ - გარდაცვლილი რეჟისორის (უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი, ახალგაზრდა კაცის) წინ ჩართული ვიდეო-კამერა იდგა, თავად გვამი კი ორივე ხელით ეკიდა კედელზე და გულის მხარეს დანა ჰქონდა გაყრილი. ხელებზე გარდაცვლილს ბორკილები ედო, ბორკილების მეორე ბოლო კი კედელზე, სპეციალურად შერჭობილ რკინის კაუჭებზე იყო მიმაგრებული. ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ ვიღაცამ მსხვერპლი ჯერ ბორკილებით მიაბა, შემდეგ კი გულში დანა გაუყარა და რაც მთავარია, ყველაფერი ეს ვიდეოზე გადაიღო. რაღა თქმა უნდა, ვიდეო-კამერა სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე წაიღეს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ იქ მკვლელი არ გამოჩნდებოდა, თუმცა მწარედ მოტყუვდნენ.

„ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მსხვერპლი საკუთარი ხელით, მარცხენა ხელს იბამს ბორკილით, შემდეგ, მარჯვენა ხელით გულში ირტყამს დანას, შემდეგ, დაჭრილი, მაღლა სწევს მარჯვენა ხელს, უყრის ბორკილში და კედლის დახმარებით, იდებს მეორე ბორკილსაც. ყვირის, რომ სამყარო მის სიკვდილს იხილავს და მიხვდება, რა საშინელია ცხოვრება, ხოლო შემდეგ სისხლისგან იცლება და კვდება. იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდამცავებს, ლამის მთელი ფილმი ჰქონდათ მომხდართან დაკავშირებით, მშვიდად შეეძლოთ, საქმე სუიციდის ვერსიით დაეხურათ, მაგრამ კადრი გრძელდება და დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ, ვიღაცის ხმა - „ვახ, ჩემი“ - ისმის და ის ვიღაც ქრება. შესაძლოა, ეს შემთხვევითი ადამიანი ყოფილიყო, მაგრამ იმავე კამერაზე, კედელზე ჩანს ჩრდილი, რომელიც ირხევა, თითქოს ვიღაც დგება და ხმა სწორედ შემდეგ ისმის ანუ იქ მკვლელობის დროს კიდევ ვიღაც იყო და სამართალდამცავებს სწორედ ეს ვიღაც უნდა ენახათ. საქმით დაინტერესდა უშიშროების სამსახურიც, რადგან გამოითქვა ვერსია, რომ შესაძლოა, რეჟისორი დააჰიპნოზეს და აიძულეს, სუიციდამდე მისულიყო. სხვაგვარად, გარდაცვლილის დიდება არც არავის სჭირდებოდა, მით უმეტეს, კიდევ გავიმეორებთ, გარდაცვლილს რეჟისორი პირობითად ერქვა, საძმაკაცო-სანათესაოში მოგროვილი ფულით, ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჰქონდა გადაღებული და იქ მოთამაშე დამწყებ მსახიობებსაც ჰონორარი ვერ გადაუხადა.

„ის დიდი რეჟისორი იყო, ძალიან დიდი, მაგრამ ბოლო დროს, იმის გამო აიჭრა, რომ ფული ისესხა ერთ-ერთი კრიმინალისგან ფილმის გადასაღებად, ფილმს ვერ იღებდა, ის ფულიც შემოეხარჯა და ის კრიმინალი კიდევ ყოველდღიურად აწუხებდა, რამდენჯერმე სასტიკადაც სცემეს და ალბათ, მან მოკლა“, - განაცხადა გარდაცვლილის დამ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელიც თქვა. გამომძიებლებს სავარაუდო დამნაშავე დაკითხვაზე ერთ საათში ჰყავდათ.

„ეგ იდიოტი სადღაც ბარში გავიცანი, განგრეული მთვრალი ვიყავი, იმან კიდევ დაბოლება დამიწყო, პროდიუსერი გახდი, ფილმის დაფინანსება შენს სახელსაც კულტურასთან გააიგივებს, კრიმინალს აღარ დაგიძახებენ, თან ისეთი სცენარი მაქვს, მილიონებს მოვხსნიო და, სიმართლე გითხრათ, „პა პიანკე“, ჩემებს დავავალე და იმავე საღამოს, 50 ათასი დოლარი მივეცი. ერთი კვირა არ გამოვფხიზლებულვარ, მერე რომ გამახსენდა, რა ვქენი, მაგრად ვინანე და იმ დებილს დავადექი, მაყუთი დააბრუნე-მეთქი. იმან კიდევ, რეკვიზიტები მაქვს შეკვეთილი, მსახიობებს ჰონორარის ნაწილი წინასწარ მივეცი, ფილმს კი არა, ბომბს ვიღებო. მოკლედ, არ მჯეროდა, რა, კაცს უყურებ, აფერისტია და არაფრის გადამღები ეგ არაა. ამიტომ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, „დავამუშავებდი“ ხოლმე და ვახსენებდი, რომ ეს მტკივნეული პროცედურა დასრულდებოდა ვალის გადახდისთანავე. ის კი მეუბნებოდა, აუცილებლად გადავიხდიო და გადახდა დაიწყო კიდეც. მართალია, მცირე ნაწილით, მაგრამ მაინც დაიწყო და როგორ გგონიათ, კაცს, რომელსაც ჩემი 50 ათასი ემართა და რომელმაც გადახდა დაიწყო, მოვკლავდი?“, - დაასრულა მოყოლა დაკავებულმა და მისი განცხადება ძალიან ლოგიკურად ჟღერდა.

50 ათასი არ იყო პატარა ფული და რეჟისორს გადახდა რომც არ დაეწყო, მისი მოკვლით კრიმინალი მაინც ვერ იხეირებდა, მკვდარი თანხას საერთოდ არ გადაიხდიდა.

ძიების პროცესში ისიც გაირკვა, რომ გარდაცვლილს ვალები, პრაქტიკულად, ყველგან ჰქონდა და ყველას ეუბნებოდა, რომ გადაუხდიდა, რადგან საოცარი სცენარი ჰქონდა და ვენეციის კინოფესტივალზე მთავარ ჯილდოს მიიღებდა, მერე კი... მერე არათუ ჰოლივუდისკენ ექნებოდა გზა ხსნილი, არამედ, ყველა მასთან გადაწყვეტდა საქმის დაჭერას. მის სახლში სამი ფილმის სცენარი ნახეს, სამივე ერთი და იმავე პიროვნების დაწერილი, მაგრამ არცერთი იყო ისეთი, ვენეციის კინოფესტივალი კი არა, ქართული კონოთეატრები რომ გაექაჩა. მეტიც, დამ თქვა, ამ სამი სცენარიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა წაკითხული და ამბობდა, იდიოტიზმიაო. რაც მთავარია, სცენარისტი სამივე სცენარში ჰონორარს ითხოვდა, ვიშრომე და გადამიხადეო და ამის ნიადაგზე, რეჟისორთან მუშტი-კრივიც გამართა, თან არაერთხელ.

ადრეც ასე იყო და ახლაც - მსახიობები ერთმანეთს ფეხს ისე მშვიდად უდებენ, თქვენი მოწონებული და, შესაბამისად, სამართალდამცავებს არ გაჰკვირვებიათ, როცა განყოფილებაში ანონიმური წერილი მიიღეს, ერთ-ერთი დამწყები მსახიობი ყველაფრის აზრზეა, ზუსტად იცის, რატომ მოიკლა თავი რეჟისორმა და ის დაკითხეთო. მითითებულ მსახიობს რომელიღაც ფილმში იღებდნენ და მისი მოძებნა გადასაღებ მოედანზე მოხერხდა. სამართალდამცავების დანახვისას ისე დაიბნა, საუბარიც კი ვერ მოახერხა, განყოფილებაში კი საერთოდ აკანკალდა. ძალოვნებმა ეს კანკალი მხოლოდ შოკს და შიშს არ დააბრალეს და ანალიზი აუღეს, რითაც დადასტურდა, რომ დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. გამომძიებლებმა მსახიობს ექსპერტიზის დასკვნა დაუდეს და უთხრეს, თუ ყველაფერს არ მოყვები, ნარკოტიკების მოხმარების გამო, ციხეში იმდენ ხანს გაგიშვებთ, მსახიობობა კი არა, ოჯახს შენი არსებობა დაავიწყდებაო. მანაც ერთი ამოიხვნეშა და დაიწყო.

„წლებია, გარდაცვლილთან ვმეგობრობ, მის რამდენიმე ფილმში უსასყიდლოდ ვითამაშე, მაგრამ ფილმები არ იყო ისეთი, ვინმეს მოსწონებოდა. ამას თავადაც ხვდებოდა და თქვა კიდეც, რაღაც ისეთი მინდა, სენსაცია რომ იქნება, ერთ დღეში აღიარებას რომ მომიტანსო. ჰოდა, სადღაც მოკრა ყური, რომ არსებობს ასეთი, „Snuff Film“-ს, რაც განსხვავებული ჟანრია. ეს ჟანრი მიზნად ისახავს, მაყურებელს აჩვენოს რეალური თვითმკვლელობის სცენები, ამ ფილმების პოპულარიზაცია სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რამდენად რეალურად და სასტიკად მოიკლავს ადამიანი თავს. რაც მთავარია, არ არის აუცილებელი, მართლა მოკვდე, საკმარისია, ბეწვის ხიდზე გაიარო, ოღონდ ეს უნდა იყოს ნამდვილი, რეალობასთან ძალიან ახლოს კი არა, ყველაზე რეალური, რაც ოდესმე გინახავს. ჯერ მეუბნებოდა, შენ ქენიო და როცა კატეგორიული უარი მიიღო, მერე მითხრა, მე ვიზამ, ოღნდ შენი დახმარება დამჭირდებაო. ამაზეც უარი ვუთხარი, მაგრამ შემდეგ საიდანღაც სუფთა მორფინი მოიტანა და იმით „დამკერა“. ჩანაფიქრი ასეთი იყო - მას დანა უნდა შეერჭო გულის მხარეს, გულამდე დაახლოებით 1 სანტიმეტრი დარჩებოდა, შემდეგ კი, როცა გაითიშებოდა, მე უნდა ჩამომეხსნა, გადასხმა დამეყენებინა, მოკლედ, უნდა გადამერჩინა. ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, ეს ჭრილობა არ იქნებოდა სასიკვდილო, თუ მე დროზე მივეშველებოდი. შემდეგ ეს ფირი ვენეციის ფესტივალზე უნდა გამეგზავნა და როცა პრიზს აიღებდა, მომდევნო ფილმებში, რომელსაც დაუკვეთავდნენ, მეც ვითამაშებდი. ადგილზე რომ მივედი, მორფი გავიკეთე და დამეძინა. რომ გავიღვიძე, ის უკვე მკვდარი იყო, სისხლისგან დაიცალა. შემეშინდა, ძალიან შემეშინდა და გავიქეცი. მე არ მომიკლავს, მე, უბრალოდ, ჩამეძინა“, - დაასრულა მოყოლა მსახიობმა და ატირდა.

ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ, ხოლო ფილმი... ის ვენეციის ფესტივალზე არავის გაუგზავნია და, როგორც ამბობენ, არც ოჯახისთვის დაუბრუნებიათ.