რატომ ძალადობდა სიმსივნით დაავადებული ბიჭი ქალებზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მე ჩერნობილში დამხვრიტეს“

 ბათო ჯაფარიძე

 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. დღემდე ჩერნობილი მიტოვებული ქალაქია, იქ შესვლას, რადიაციის გამო, ვერავინ ბედავს და, როგორც ამბობენ, არავინ იცის, ოდესმე თუ მოხდება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხო გახდეს. არადა, ავარიიდან მეორე დღესვე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, აღნიშნული ინფორმაცია დაიბლოკა, ვერც უცხოურმა მედიამ გაიგო რამე, განგაში კი მხოლოდ მაშინ ატყდა, როცა რადიაციის დონემ საგრძნობლად აიწია და ეს მეზობელმა ქვეყნებმა დააფიქსირეს. პარალელურად, მთელი საბჭოთა კავშირიდან, ჩერნობილში, დაზარალებულთა დასახმარებლად არაერთი ადამიანი წაიყვანეს, თუმცა არ უთხრეს, რომ მუშაობა რადიაციის ქვეშ მოუწევდათ. ბევრი მათგანი მალევე დაიღუპა, ბევრი - შემდგომში, გართულებების შედეგად. საბჭოთა მანქანამ რიგითი ადამიანები, უბრალოდ, მოატყუა და ამას ათასობით მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა საბჭოეთისთვის დიდი მსხვერპლი, ძირითადად, სტატისტიკური მონაცემი იყო, ვიდრე - ტრაგედია. მთავარი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი გახლდათ, ქვეყნის, სადაც არ ხდებოდა დანაშაული, ყველა ბედნიერად ცხოვრობდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირში, სექსიც კი არ არსებობდა.

 

სავარაუდოდ, ასეთი მიდგომის გამო, საბჭოთა კავშირში ძალიან იშვიათად აკითხავდნენ საგამოძიებო უწყებას ის ქალბატონები, რომლებიც ძალადობის მსხვერლნი ხდებოდნენ. განსაკუთრებით, რუსეთში, სადაც გაუპატიურება ხშირად ხდებოდა, განცხადება კი არ შედიოდა, რადგან შემდეგ, სასამართლო პროცესზე, არავის სურდა საკუთარი ვინაობის გამხელა, მერე მეზობლები გაიგებდნენ, ნათესავები, თანამშრომლები... ამიტომ, მოძალადეებს იშვიათად იჭერდნენ და ამ მაჩვენებლით, საბჭოეთი მართლაც მოწინავე იყო. არადა, დამნაშავეებიც არსებობდნენ და დანაშაულსაც სჩადიოდნენ.

ჰოდა, ამ პირობებში, სამართალდამცავებს ძალიან გაუკვირდათ, როცა განყოფილებაში ახალგაზრდა გოგონა მივიდა და მაგიდაზე განცხადება დადო, გამაუპატიურესო. გოგოს აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზებული და გამწარებული იყო, თითქოს შეგრძნება ჰქონდა, რომ მოერივნენ, ძალით აჯობეს. ამიტომ, კატეგორიულად ითხოვდა, დამნაშავე უნდა დავიჭიროთ, სახეც მახსოვს მისი და დეტალურად აღვწერო. მერე გაირკვა, დაზარალებული ქალთა კოლონიაში ზედამხედველად მუშაობდა, საბრძოლო ილეთებსაც ფლობდა, მაგრამ როგორც ამბობდა, თავდასხმა მოულოდნელი იყო. მას ახალგაზრდა მამაკაცმა საათი ჰკითხა, მერე - კიდევ რაღაც და მოულოდნელად ყბაში ძალუმად დაარტყა მუშტი. ქალმა გრძნობა დაკარგა, აზრზე რომ მოვიდა, რომელიღაც ხის ძირში ეგდო და ზემოდან ის ახალგაზრდა კაცი დახვნეშოდა. ყვირილს მეორე დარტყმა მოჰყვა, ამჯერად რკინის ნაჭერით და გოგო მეორედ გაითიშა. როცა ისევ მოვიდა აზრზე, ირგვლივ ვერავინ დაინახა, სკვერის სიღრმიდან, სადაც მოძალადემ შეათრია, გამოვიდა და პირდაპირ განყოფილებისკენ აიღო გეზი. შესაბამისი ექსპერტიზების შემდეგ, გოგო შინ გაუშვეს, სამართალდამცავებმა კი შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, სადაც ვერაფერი ნახეს. მეორე დღეს ქალი დამშვიდებული მივიდა და ფოტო-რობოტის შედგენაში დაეხმარა სამართალდამცავებს, თან იმ ადგილებში სიარულს მოუხშირა, ჯიბეში გახსნილი დანა ედო, ჩემი ხელით უნდა დავკლა, თუ კიდევ გადამეყარაო.

გამოძიებისთვის სამწუხაროდ, არც ახალი შემთხვევა მოხდა და დამნაშავის კვალსაც ვერ მიაგნეს. ასე გავიდა ოთხი თვე, შემდეგ კი... გონდაკარგული ქალი იმავე სკვერში გამვლელებმა შემთხვევით იპოვეს და მილიციას და სასწრაფოს ერთად გამოუძახეს. რომ არა ეს შემთხვევა, შესაძლოა, მასაც არაფერი ეთქვა, საჩივრის დაწერაც არ უნდოდა, არადა, დანაშაული გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა იმას, რომელიც მანამდე მოხდა. ისევ გამოლაპარაკება, ისევ ყბაში მუშტი, ისევ გაუპატიურება... ფოტო-რობოტზე მეორე დაზარალებულმა მოძალადე ამოიცნო. სკვერში სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა სამართალდამცავებმა პატრულირება დაიწყეს, ერთი თვის განმავლობაში, გვიანობამდე რჩებოდნენ, მაგრამ ახალი არაფერი მომხდარა. სკვერის თვალთვალი შეწყდა და ორი დღის შემდეგ, მორიგი შემთხვევა მოხდა, თუმცა ამჯერად, მოძალადეს ხელი რიგითმა ადამიანებმა შეუშალეს და მან მორიგი მსხვერპლის მხოლოდ გათიშვა მოახერხა, შემდეგ კი, იძულებული გახდა, გაქცეულიყო.

პირველი დაზარალებული მილიციის შენობას ხშირად სტუმრობდა, თავის ამბავს კითხულობდა, დაკავებულების ფოტოებს ათვალიერებდა, ამბობდა, ამ საქმეს არ შევეშვები, ვინც უნდა იყოს, საფლავში ჩავყვებიო. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, როცა მომხდარიდან ნახევარ წელზე მეტი იყო გასული, ქალი საგამოძიებოს უფროსის ოთახში გაფითრებული შევიდა და ხმის კანკალით თქვა - ჩემზე მოძალადე თქვენს განყოფილებაშია, თანამშრომლებს მეგობრულად ესაუბრება, ნამდვილად ის არისო. გამომძიებელმა გაოცებისგან პირი დააღო, კორიდორში გავიდა და სანამ რამეს იტყოდა, ქალი ვიღაც კაცს მიაფრინდა, მოულოდნელი მიხტომისგან ის წაიქცა, ქალმა კი სახეში მუშტები დაუშინა. როგორც იქნა, მოჩხუბრები გააშველეს, თუმცა ქალს ვერ აკავებდნენ, ამან გამაუპატიურაო. პირი, ვისაც ხელი დაადეს, განყოფილების ახალი თანამშრომელი იყო. უფრო ზუსტად, პრაქტიკა გაიარა აღნიშნულ განყოფილებაში, დღე-დღეზე, მუშაობა უნდა დაეწყო და ახალ სამსახურში თითქმის ყოველ დღე მოდიოდა, კითხულობდა, ჩემზე ბრძანება ხომ არ დაწერილაო. მან ძალიან მშვიდად შეხედა გაცოფებულ ქალს, შემდეგ მზერა გამომძიებელზე გადაიტანა და ასევე მშვიდად თქვა: „მართალს ამბობს, მე ვარ მოძალადე“. გაოცებისგან ყველამ პირი დააღო.

„მეხუთე კურსზე ვიყავი, როცა ჩერნობილის ტრაგედია მოხდა და დასახმარებლად მოხალისედ წავედი. იქიდან დაბრუნებულს, თავბრუსხვევები დამეწყო, მერე გავიგე რადიაციის შესახებ, შემდეგ, მამაჩემის კავშირებით, მოსკოვში ჩავიტარე კვლევა და მითხრეს, რომ რადიაციის გამო, ტვინის სიმსივნე მაქვს და ეს დაავადება ნელ-ნელა ბოლოს მომიღებს, გადარჩენის შანსი არ მაქვს. ამიტომ, საკუთარ თავს უარს არაფერზე ვეუბნები, არც დრო მაქვს, უაზრო ამბებში ვხარჯო, შებმის ნაცვლად, ქალებს ვთიშავ და სურვილს ვიკმაყოფილებ. მომეწონა ქალი, არის შანსი, რატომაც არა?! ახლა არ მითხრათ, დაგხვრეტთო, მე დამხვრიტეს უკვე, ჩერნობილში გამომიტანეს სასიკვდილო განაჩენი“, - განაცხადა ეჭვმიტანილმა.

მისივე თქმით, არც ახსოვდა, რამდენ ქალზე იძალადა, მაგრამ ციფრი აშკარად ორნიშნა იყო. საჩივლელად კი მხოლოდ ერთი მივიდა, მეორე - გამვლელებმა იპოვეს და იძულებული გახდა, ეჩივლა, თუმცა როგორც კი გაარკვია, რომ მოძალადე დააკავეს და სასამართლოზე უნდა გასულიყო, საჩივარი უკან გაიტანა. პარალელურად, მოძალადეც მიხვდა, რომ მასზე ერთადერთი ეპიზოდის გარდა, არაფერი ჰქონდათ და თუ ძალიან მოინდომებდა, ის ერთი ეპიზოდიც, ეგებ, გაუპატიურებად სულაც არ ჩაეთვალათ, თუმცა ქალს სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებული ჰქონდა და სამედიცცინო დასკვნას ვერსად გაექცეოდა...

სასამართლომდე რამდენიმე დღით ადრე, ქალი, რომელმაც, პრაქტიულად, დამნაშავე დააკავა, განყოფილებაში მივიდა და ჩუმად თქვა, საჩივარი გამაქვსო. გამომძიებლებს მისი სიტყვების არ სჯეროდათ, რადგან ყველაზე მონდომებული სწორედ ეს ქალი იყო, სწორედ ის არ ისვენებდა, სწორედ ის მუშაობდა ყველაზე მეტს და იმ დროს, როცა დაკავებულისთვის კუთვნილი უნდა მიეზღოთ, სარჩელის გატანას აპირებდა. საგამოძიებოს უფროსმა ქალი ოთახში დაიმარტოხელა და რეალური მიზეზი ჰკითხა. გაჩნდა ეჭვი, რომ დაკავებულის მხარემ მას ფული გადაუხადა.

„არანაირი თანხა, როგორც გინდათ, სადაც გინდათ, იქ გადაამოწმეთ. მე ჩემს ქალობას არ ვყიდი, მაგრამ დედამისი იყო მოსული და მთხოვა, სიცოცხლის უკაანასკნელ დღეებს ციხეში თუ გაატარებს ჩემი შვილი, მეც მოვკვდები, უფლება მიეცი, გარეთ იყოსო. მეც დავფიქრდი, ექიმის დასკვნასაც გავეცანი, რომლის მიხედვითაც, მას მართლაც რამდენიმე თვე დარჩა და ამიტომ, სარჩელი გამაქვს, იცოცხლოს. ახალ დანაშაულს რომ არ ჩაიდენს, დედამისი შემპირდა, ყველგან თან წავყვებიო, მითხრა“, - განაცხადა ქალმა.

კანონი სენტიმენტებს არ სცნობს, ამიტომ სამართალდამცავები მეორე დაზარალებულს ეცნენ და საჩივარი ახლიდან დააწერინეს, რის საფუძველზეც, დაკავებულს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა რეალურად, მან გისოსებს მიღმა ოთხი თვე იცოცხლა - „ჩერნობილის განაჩენი“ აღსრულდა.