რატომ ჰყავდათ საფრანგეთში შუშანაშვილი ტერორისტად გამოცხადებული

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა - „ლე პარიზიენი“ წერს, ადგილობრივმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, კახა შუშანაშვილი, პრაქტიკულად, წამების მსხვერპლად გამოაცხადა. მისმა ადვოკატებმა სასამართლოს ორი წლის წინ მიმართეს და მოითხოვეს, მათი კლიენტისთვის სასჯელის მოხდის შესაძლებლობა ადამიანურ პირობებში მიეცათ. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ კახას ციხეში, დაახლოებით, ისე ექცევიან, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტს და მას არა მარტო ნორმალურ კვებაზე არ აქვს წვდომა, არამედ, სამედიცინო დახმარებაზეც უარს ეუბნებიან.

ადვოკატების განცხადებით, შუშანაშვილის ქვედა კიდურები სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, რადგან, უბრალოდ, ლპება და ძალიან დიდია ალბათობა, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში, კიდურების ამპუტაცია დასჭირდეს.

2015 წელს დაკავებული შუშანაშვილი დღემდე სამარტოო საკანში იხდის სასჯელს. სხვათა შორის, წლების წინ, პარიზის ციხეში მყოფი ერთ-ერთი ქართველი ჰყვებოდა, რომ თუ ფრანგი ჟანდარმები მოინდომებდნენ, დაკავებულს ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდნენ და კონვენციას თუ საყოველთაოდ აღიარებულ კანონებს არ იცავენო. სავარაუდოდ, სწორედ ასეა შუშანაშვილის შემთხვევაშიც.

ზოგადად, ევროპაში ე.წ. კანონიერი ქურდის ცნების გაგება უჭირთ და მათ ჩვეულებრივ, სიცილიური მაფიოზების დონეზე აიგივებენ, უარეს შემთხვევაში, ტერორისტთა საველე მეთაურებს ადარებენ და ექცევიან ისე, როგორც მათ მოექცეოდნენ. შუშანაშვილის ადვოკატებმა მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხიც დააყენეს, თუმცა უარი მიიღეს. ახლა მთავარი ისაა, კახას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდება.