სასტიკი დანაშაული - მამამ 7 წლის შვილის გატაცება და მოკვლა დაგეგმა - რატომ ფიგურირებს საქმეში ბაბუა და როგორ გავიდნენ ძალოვანები დამნაშავეზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 არასრულწლოვანის გატაცება ახლაც კი ერთ-ერთ სასტიკ დანაშაულად ითვლება და ადრე, როცა ოფიციალურად, ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს უნდა ჰქონოდათ და დიადი კომინუზმიც მხოლოდ მომავალ თაობაზე ზრუნავდა, ბავშვის გატაცება არათუ სერიოზული დანაშაული იყო, არამედ, ასეთ საქმეებს, შესაძლოა, მინისტრიც გადაჰყოლოდა. რაღა თქმა უნდა, საქმეს მუდმივად ედო საიდუმლო გრიფი, რადგან საბჭოთა კავშირში ბავშვებს არ იტაცებდნენ. არადა, იტაცებდნენ და კლავდნენ კიდეც.

 

ახალი წლის წინა დღეებში, განყოფილებაში შეტყობინება შევიდა, რომ 7 წლის ბიჭი ეზოდან გაქრა. ბავშვები თოვლში თამაშობდნენ და სამსახურდან დაბრუნებულმა მამამ სათამაშო მოედანზე შვილის ქუდი იპოვა, სახლში შევიდა და ცოლს ღიმილით ჰკითხა, შენმა ვაჟკაცმა ქუდი სად დაკარგაო? დედამ პირი დააღო, ბავშვი შინ არ მოსულა და თუ უქუდოდ თამაშობს, აუცილებლად გაცივდებაო. დედ-მამა ბავშვის მოსაძებნად ერთად გავიდა, მაგრამ მისი კვალი გაქრა. იქვე, მოშორებით იპოვეს ერთი ცალი დაბალყელიანი ჩექმა და კაშნე. ცხადი იყო, ბავშვი ტანსაცმელს ასე არ გაიხდიდა, ცალი ფეხსაცმლით და უქუდოდ თამაშს არ გააგრძელებდა. დედამ მაშინვე მილიციაში დარეკა და სამართალდამცავებიც ადგილზე გაჩდნენ.

„პირველ რიგში, ეზოს ბავშვები დაკითხეს და ერთ-ერთმა გაიხსენა, რომ გაუჩინარებამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე, ბავშვი ვიღაც მოხუც კაცთან ერთად დაინახა. კაცი ჯოხით გადაადგილდებოდა, ცალი ფეხით კოჭლობდა, თუმცა ბავშვს სახე არ გაურჩევია და ყურადღებაც არ მიუქცევია. ოჯახის წევრებს ვკითხეთ, ხომ არ ჰყავდათ სამეგობროში ისეთი, ვინც კოჭლობდა და თან მათთვის ცუდი უნდოდა, მაგრამ ვერავინ გაიხსენეს. ამის მიუხედავად, წამის მეასედში, მამაკაცის თვალებში რაღაც ისეთმა გაიელვა, მივხვდი, ხვდებოდა, ვისზე იყო საუბარი. საღამოს ტელეფონის ზარიც გაისმა, ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ, ვიღაც 20 ათას მანეთს ითხოვდა“, - გვიყვება ერთ-ერთ რეზონანსულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მოულოდნელად, სამართალდამცავები ბინიდან წავიდნენ, აქაოდა, ბევრი საქმე გვაქვს, აქ ვერ დავრჩებითო. დიასახლისმა გაოცებისგან პირი დააღო, გაუკვირდა, ასეთ უბედურებას მარტო რომ შეატოვეს მილიციის თანამშრომლებმა და წყევლა-კრულვაც არ დააკლო. ამის მიუხედავად, გამომძიებლებმა ბინა დატოვეს და წავიდნენ. ეს მასკარადი ოჯახის უფროსის დასანახად მოეწყო, სინამდვილეში, ოპერმუშაკები კორპუსის გარშემო განლაგდნენ და ლოდინი დაიწყეს. მათ სჯეროდათ, რომ ოჯახის უფროსმა რაღაც იცოდა და იმ რაღაცის გასარკვევად აუცილებლად წავიდოდა. ასეც მოხდა, როგორც კი შებინდდა, მამაკაცი სახლიდან გამოვიდა, იქვე, „შემთხვევით“ მდგარ ტაქსიში ჩახტა და ქალაქის გარეუბნისკენ აიღო გეზი. გარდა იმისა, რომ ტაქსის საჭეს ოპერმუშაკი უჯდა, მას უკან ორი მანქანით გაჰყვნენ. გატაცებული ბავშვის მამამ ნახევრად დანგრეულ სახლთან გააჩერებინა მანქანა, თავად კი შიგნით შევიდა, თუმცა სანამ შევიდოდა, გზად ეზოში დაგდებული არმატურის ნაჭერი აიღო. როგორც კი მამაკაცი შენობაში მიიმალა, სამართალდამცავები ფეხდაფეხ მიჰყვნენ, თუმცა ჯერ დააცადეს, აინტერესებდათ, რა მოხდებოდა. შიგნიდან ჯერ ყვირილის ხმა ისმოდა, შემდეგ მუშტი-კრივი გაიმართა და მილიციის თანამშრომლებიც შეცვივდნენ. გატაცებული ბავშვის მამა არმატურის ნაჭერს ვიღაცას გამეტებით ურტყამდა და ალბათ, მოკლავდა კიდეც, მილიციის თანამშრომლებს რომ არ მიესწროთ. ორივე განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ის კაცი, ვის მოკვლასაც აპირებდნენ, გატაცებული ბავშვის ბაბუა ანუ ამ კაცის მამა იყო. თურმე, კაცმა ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა ბიჭი ჯერ კიდევ 4 წლის გახლდათ, დედამ ის წვალებით გაზარდა, თუმცა 16 წლის ასაკში, დედა სიმსივნით გარდაიცვალა და დარჩა მარტო. სოფლელი ბიჭი ქალაქში წამოვიდა, ჩააბარა და ცოლად ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გოგო მოიყვანა. სიმამრმა სასწავლებელიც წარმატებით დაამთავრებინა, ბინაც უყიდა და თბილ სამსახურშიც მოაწყო. ჰოდა, როცა კაცი მხრებში გაიშალა, მამა სწორედ მაშინ გამოეცხადა, აქაოდა, ცხოვრებამ დამანგრია, დავინვალიდდი და შენ უნდა მარჩინოო. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ არსებობდა კანონი, რომელიც ახალგაზრდებს მოხუცი მშობლებისთვის ალიმენტის გადახდას აკისრებდა. ჰო, მშობლებისთვის, თუ მათ ინვალიდის ცნობა ჰქონდათ. კაცი კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ მამა დაემუქრა, თუ ფულს არ გადამიხდი, სასამართლოში წავალ და მაინც გადაგახდევინებო. რადგან კაცი კოჭლობდა, შვილმა იფიქრა, რომ შვილიშვილი სწორედ ბაბუამ მოიპარა და ამიტომაც დაადგა თავზე“,-იხსენებს ბატონი თენგიზი.

თავის მხრივ, დაკავებულმა პირი დააღო, რა ბავშვის გატაცება, შვილიშვილს ხშირად ვნახულობდი, მუდმივამდ კანფეტი მიმქონდა და დღესაც ვნახე, კანფეტი მივეცი და წამოვედი, არ გამიტაცნიაო. რაც მთავარია, მთავარ ეჭვმიტანილს ალიბი ჰქონდა, ბავშვის ნახვის შემდეგ, ლუდხანაში იჯდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, სიმართლეს არ ამბობდა და ბავშვი გაიტყუა? მით უმეტეს, თუ ის ენდობოდა, მაგრამ თავის მხრივ, ეს მეორე ვერსიას გამორიცხავდა - ბავშვი ძალით წაიყვანეს, წაყვანის დროს ქუდი და ფეხსაცმელი დაკარგა. ამის მიუხედავად, ბაბუა პატიმრობაში დატოვეს, ბავშვის მამამ კი თქვა, რომ გარისკვას არ აპირებდა და 20 ათასს გადაიხდიდა. მართალიაა, მას ამდენი თანხა არ ჰქონდა, მაგრამ სიმამრის იმედად იყო და მართლაც, როცა შინ დაბრუნდა, ცოლმა 20 ათასი დაახვედრა, მშობლებმა მომცესო. კაცმა ფული აიღო და მილიციის თანამშრომლებს უთხრა, უკან არ გამომყვეთ, არ მსურს, ფულის გამო შვილის სიცოცხლით გავრისკოო.

„ბინიდან უკლებილვ ყველა წავედით და ტელეფონი მოსმენაზე დავტოვეთ. ბინასთან მხოლოდ მე დავრჩი, მოპირდაპირე კორპუსში, ძველ ნაცნობთან. სწორედ იქ უნდა დაერეკათ და ეთქვათ, სად შეთანხმდებოდნენ შეხვედრაზე გამტაცებლები და ბავშვის მამა. დაახლოებით, ორ საათში დარეკეს, შეთანხმება შედგა, კაცს ფული ცირკის ასასვლელ კიბეზე ღამით უნდა დაეტოვებინა. ყველაფერი ძალიან კარგად იყო გათვლილი - მაშინ არც იმხელა ხეები იდგა ცირკთან და კიბეზეც თავისუფლად შეიძლებოდა იმის დანახვა, ვინ ადიოდა და ჩადიოდა. ამიტომ, ბრძანება გავეცი და სიცივის მიუხედავად, ოპერმუშაკები ადგილზე თითქმის 5 საათით ადრე გავუშვი“, - გვიყვება ბატონი თენგიზი, რომელიც ცირკთან თავადაც წავიდა და ერთ-ერთი ხის ძირში, სპეციალურ კომბინიზონში შეფუთული გაისუსა.

დათქმულ დროს, ოჯახის უფროსი ცირკის კიბეზე გამოჩნდა, გარემო შეათვალიერა და ერთ-ერთი საფეხურის კუთხეში, ვითომ შემთხვევით დავარდნილი ქვის ქვეშ, მოზრდილი შეკვრა დადო და იქაურობას ჩქარი ნაბიჯით გაეცალა. მომხდარიდან ათ წუთში, ცირკის კიბეს მძიმე ნაბიჯით ასაკოვანი ქალი შეუყვა, ქვას მიუახლოვდა, მშვიდად აიღო დასტა, ჩანთაში ჩადო და ქვევით ჩამოსვლა დაიწყო, როცა სამართლალდამცავებმა დააკავეს. ისინი კარგად ხვდებოდნენ, შესაძლოა, ქალი არაფერ შუაში იყო და მანაც ალალად თქვა - დაბლა კაცი მელოდება, 50 მანეთი მომცა, ასე მითხრა, ერთი ფეხი ხის მაქვს და ეგებ ჩემთვის დატოვებული ფუთა ჩამომიტანოო.

ოპერმუშაკები ფრთხილად დაეშვნენ მითითებული ადგილისკენ და ტაქსის წინ ნერვიულად მოსიარულე კაცი შენიშნეს. როგორც მან მილიციის თანამშრომლების მოახლოება იგრძნო, მაშინვე ტაქსიში ჩახტა და მძღოლს შესძახა, დროზე დაძარიო, მაგრამ ტაქსის მძღოლს პრობლემები არ სჭირდებოდა, მანქანის გასაღები გამოაძრო, ავტომობილიდან გადავიდა და გვერდით დადგა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მარტივად დააკავეს.

დაკავებული... ერთ-ერთი მინისტრის პირველი მოადგილის პირადი მძღოლი აღმოჩნდა. მისთვის დაძალებაც კი არ გახდა საჭირო, ისე დაიწყო მოყოლა.

„მე და გატაცებული ბავშვის მამა თანაკურსელები ვართ, თუმცა ბედმა ისე ინება, რომ მე მძღოლი ვარ, ის თბილ ადგილზე მუშაობს. ამას წინათ, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ოჯახში დავპატიჟე, ჩემი ცოლის დაბადების დღე იყო. მინისტრის მოადგილესთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს და ისიც მოვიდა სტუმრად ცოლ-შვილით. სწორედ იქ გაიცნო მოადგილის შვილი, 20 წლის გოგონა და მერე გავიგე, თავბრუ დაახვია, სიყვარულს ეფიცებოდა. ბოლოს, მითხრა, ეგ გოგო ცოლად უნდა მოვიყვანო და ამას დავშორდე, კარიერული წინსვლისთვის მჭირდებაო. ცოლიც არანაკლებ გავლენიანი ოჯახის შვილი ჰყავდა, ამიტომ ბავშვის გატაცების ინსცენირება გადაწყვიტა, მერე იტყოდა, ასეთ სტრესში ვერ ვიცხოვრებ, სიმამრის გამო, მუდმივად საფრთხე გვემუქრებოდესო და ცოლს დაშორდებოდა. ის 20 ათასი კიდევ, ამ ახალი საცოლის მოსახიბვლად სჭირდებოდა. ბავშვი არსად გაუტაცია, ჩემთან ჰყავდა“, - დაფქვა დაკავებულმა.

სამართალდამცავები მაშინვე დაკავებულის ბინაში წავიდნენ, თუმცა დიასახლისმა უთხრა, ბავშვი მამამ წაიყვანაო. ახლა გატაცებულის სახლში მივიდნენ, მაგრამ იქ არავინ დახვდათ. სწორედ ამ დროს, განყოფილებაში უცხო ადამიანმა დარეკა, ქუჩაში ბავშვი ვნახე, დახმარებას მთხოვდა, მამა მოკვლას მიპირებსო. მოქალაქის მიერ დასახელებული მისამართი, ბავშვის ბაბუის სახლის მახლობლად იყო. ლამის, მთელი მილიცია იქით წავიდა.

„მოკლედ რომ გითხრა, ასე იყო: კაცმა გადაწყვიტა, ეს ოჯახი დაენგრია და ახალი ოჯახი კარიერის უკეთ განვითარების მიზნით შეექმნა. მთელი ეს ოპერაცია თავად მოიფიქრა, ბავშვი დაარწმუნა, რომ მის მეგობართან უნდა ყოფილიყო, რადგან ასე სჯობდა, შემდეგ კი სამოგზაუროდ წაყვანას ჰპირდებოდა. მამამისსაც მხოლოდ იმიტომ მიუვარდა, რომ ეჭვი გაუჩნდა, ხომ არ დაინახა ბაბუამ, როგორ გაჰყავდა მამას შვილი ეზოდან, მერე როგორ მოიტანა ბავშვის ფეხსაცმელი, კაშნე და ქუდი და როგორ დაყარა თავად. შემდეგ ბავშვი დავკითხეთ და მან პირდაპირ თქვა, რომ ბაბუის სახლში მიყვანის შემდეგ, მამა მას მოკვლას უპირებდა, გამოიქცა და პირველივე შემხვედრს დახმარება სთხოვა“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

სასამართლომ ბავშვს არ დაუჯერა ანუ მოსამართლეები ვერ დარწმუნდნენ, რომ მამას შვილის მოკვლა შეეძლო. ამიტომ, მას და მის მეგობარს, მხოლოდ თაღლითობის მუხლი წაუყენეს და 6-6 წელი მიუსაჯეს.