2021 წელს მომხდარი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური ფაქტები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

24 წლის წამალდამოკიდებული ბიჭი, რომელმაც ორსული ცოლი სასტიკად მოკლა

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 2021 წელი სრულდება და კრიმინალური სტატისტიკის შეჯამებაც შეიძლება. სამწუხაროდ, უმძიმესი დანაშაულებით ეს წელიც გამოირჩა - არასრულწლოვნების მკვლელობა, საქმის კვლავ „კანონიერ ქურდებთან“ გარჩევები, სულ ახლახანს, ორსული გოგონას სასტიკი მკვლელობა... 2021 წელს, პირველად დაფიქსირდა კატალიზატორების მასობრივი ქურდობა, რადგან ბაზარზე, მანქანის ამ ნაწილს სოლიდური ფასი აქვს და არის შემთხვევები, როცა კატალიზატორებში 10 ათას ლარსაც კი იხდიან. შესაბამისად, ბინის ქურდობას, სადაც არ იცი, რა დაგხვდება და რას წაიღებ, გარკვეულმა პირებმა კატალიზატორების მოპარვა ამჯობინეს და იყო შემთხვევა, როცა ერთი კორპუსის წინ, ერთ ღამეში 7 კატალიზატორი მოიპარეს. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებისთვის მთავარ გამოწვევად ნარკოდანაშაული რჩება.

 წელს, ნარკორეალიზატორების დასაკავებლად, ათეულობით სპეცოპერაცია ჩატარდა, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ გაისადაც მთავარი გამოწვევა, სწორედ ნარკოდანაშაული იქნება. შს სამინისტრომ, გასულ კვირას, სხვადასხვა დროს ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება 37 მილიონ ლარს აჭარბებს.

მოდით, გადავხედოთ, რა დაწვა სპეციალურ ღუმელში შსს-მ: 23 კილო და 759 გრამი ჰეროინი, 12 127 აბი სუბოტექსი, 9 კილო კოკაინი, 220 გრამი „მდმა“, 347 გრამი მეტადონი, 1 ტონა და 655 კილო კანაფი, 1 ტონა და 15 კილო მარიხუანა „მდმა“-ს შემცველი, 1000 სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი, 367 კაფსულა/ტაბლეტი „ტრამადოლი“, მეტადონის შემცველი, 896 გრამი კანაფის ფისი, 229 გრამი „ალფა პვპ“, 679 კაფსულა „პრეგაბალინი“, 260 გრამი ახალი ფსიქო-აქტიური ნივთიერება, 580 კაფსულა „ფსევდო­ეფედრინი“.

ჩამოთვლილთაგან საქართველოში, მხოლოდ მარიხუანა და კანაფის ფისი იწარმოება, თუმცა იმ ტონაზე მეტ განადგურებულ მარიხუანაში, შემოტანილი ნარკოტიკის ხვედრითი წილიც დიდი იყო. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც მარიხუანასადმი კანონი უფრო ლოიალური გახდა, მის მოყვანაზე უარს ბევრი არ ამბობს - ე.წ. ჰიბრიდული თესლით და სპეციალური საშუალებებით, ოჯახურ პირობებშიც გამოჰყავთ. მისი ყიდვა ბაზარშიც მარტივად შეიძლება, სადაც ნახევარლიტრიანი ქილა, დაახლოებით, 600-700 ლარი ღირს. იკრიბება ამ ბალახის მოყვარული 6-7 ადამიანი, ყიდულობენ ქილას და ინაწილებენ. შესაბამისად, კანონის ლოიალობა ვიღაცებმა საკუთარ ბიზნესად აქციეს.

წელსვე, საქართველოში, პირველად დაფიქსირდა დრონების საშუალებით კანაფის მოპარვის ფაქტები. ყველა შემთხვევაში, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა ანუ სქემა ასეთი გახლდათ - კონკრეტული ადამიანები მოპედით მიდიოდნენ თბილისის შემოგარენში, სოფლების განაპირას, ჰაერში აწევდნენ დრონს და იღებდნენ ეზოებს. შემდეგ, ამ ჩანაწერს სახლში, კომპიუტერში შიფრავდნენ და თუ სადმე კანაფის ძირს დაინახავდნენ, ღამით მიდიოდნენ და იპარავდნენ. ამის ნიადაგზე, არაერთი კონფლიქტი მოხდა, რამდენიმე ასეთი ქურდი კანაფის მეპატრონეებმა დააკავეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, თუმცა გვგგონია, რომ კრიმინალების მიერ მოფიქრებული ეს სქემა ძალიან კარგად იმუშავებს ნარკორეალიზატორების გამოსავლენად. ბევრად უფრო ძვირადღირებული დრონით, ადვილი შესაძლებელია, იგივე ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი ისე, რომ ადამიანმა დრონი ვერ შენიშნოს. როგორც გვეუბნებიან, შს სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და 2022 წელს, ე.წ. ჯაშუში დრონები ბევრი მიმართულებით იფრენენ.

ეს, რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, თუმცა მძიმე დანაშაულების პრევენცია ბევრად რთულია. სტატიი დასაწყისში, ბოლოს მომხდარი სასტიკი მკვლელობა ვახსენეთ და ახლა ირკვევა, რომ რამდენიმე თვის ორსული გოგონას ქმარი ფსიქოტროპულ წალმებს იღებდა და ჰალუცინაციები ჰქონდა. თავის დროზე, ის ნარკოდამოკიდებულიც ყოფილა და მოდით, ვაღიაროთ, 22 წლის ბიჭი მძიმე ნარკოტიკზე, უბრალოდ, არ და ვერ იქნებოდა, რადგან საამისოდ არც სახსარი გააჩნდა და ძვირადღირებულ წამალს საჩუქრადაც არავინ გაუკეთებდა. ყველაფერი მარიხუანით დაიწყო, რომელსაც შემდეგ ქიმიურ ხსნარებს ასხამენ ეფექტისთვის და ასე იწყება ჯერ ფილტვებში ნახვრეტების გაჩენა, შემდეგ - ჰალუცინაციები და ბოლოს, მივდივართ იქამდე, რომ რეალობისა და სხვა სამყაროს გარჩევა ერთმანეთისგან ჭირს.

ძალიან, ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიხმარს სუფთა მარიხუანას, ძირითადად, ქიმიური მინარევებით იყიდება და ეს უდიდესი პრობლემა გახლავთ. ამ გადმოსახედიდან, კანონის გამკაცრება გამორიცხულია, მაგრამ შსს-მ აუცილებლად უნდა იფიქროს ამაზე, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცის, რომ ამოღებული მარიხუანას უდიდესი ნაწილი, სწორედ ქიმიური მინარევების შემცველია.

კატალიზატორების ქურდობის ფაქტებს რაც შეეხება, დამნაშავეების დაკავება სულ უფრო რთულდება. ძნელია, ღამით, ყველა ავტომობილის ქვეშ შეიხედო, ზემოდან კი არ ჩანს, მანქანის ქვეშ ქურდია შემძვრალი ხელის „ბარგალკით“, თუ ძაღლი. გამოსავალი ბაზრის უმკაცრესი კონტროლია და იმის გარკვევა, რამდენ კატალიზატორს აბარებს ერთი და იგივე პიროვნება. გაჭირვების გამო, შესაძლოა, ვინმემ საკუთარი ავტომობილიდან მოხსნას კატალიზატორი და ჩააბაროს, მაგრამ ერთი და იგივე პირადობით, თვეში ათი კატალიზატორი რომ ბარდება, ადვილი მისახვედრია, რომ საქმე მარტივად არაა და გადასამოწმებელია.

რამდენიმე დღის წინ, სტატისტიკაც დაიდო და, თურმე, 2008-2020 წლებში, საქართველოში, 72 ათასამდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 103 ათასზე მეტი ადამიანი დასახიჩრდა, 7 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა ანუ ყოველი მეათე საგზაო შემთხვევა მსხვერპლით სრულდება. ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის კანონი, დაახლოებით, ისეა გასამკაცრებელი, როგორც ეს, მაგალითად, სამხრეთ აფრიკაშია. იქ ამისთვის, 10 ათასი დოლარით აჯარიმებენ და მართვის უფლებას სამუდამოდ ართმევენ, პლუს, თუ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, როგორც მკვლელობა, ეს ისე განიხილება და ნასვამ მძღოლს ციხეში წასვლა, მინიმუმ, ათი წლით უწევს.

იქნებ, ეს იყოს გამოსავალი და ასეთი მკაცრი კანონის შემდეგ, ნასვამი მძღოლების რაოდენობამ იკლოს.

იმავე სამხრეთ აფრიკის მაგალითზე, წელიწადში, ნასვამობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ორს არ აღემატება.

მშვიდობიან 2022 წელს გისურვებთ!