საბედისწერო სკალპელი - როგორ გავიდნენ სამართალდამცავები ნიღბოსან მოძალადეზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 როგორც ახლა, ადრეც ითვლებოდა, რომ თუ დანაშაულს სამართალდამცავი ჩაიდენდა, ეს მთელ სისტემას ჩირქს სცხებდა. ამიტომ, ადრეც და ახლაც, ორგანოში მუშაობის დაწყების მსურველს ბოლომდე ამოწმებდნენ, მის წარსულს იკვლევდნენ, რათა არა მარტო ის, არამედ, მისი ოჯახის რომელიმე წევრი ნასამართლევი არ ყოფილიყო. ადრე ეს მიდგომა უფრო მკაცრი გახლდათ და ოჯახის წევრად სიძე და რძალიც კი ითვლებოდა ანუ შესაძლებელი იყო, მილიციაში მუშაობა მხოლოდ იმიტომ ვერ დაგეწყო, რომ შენი და ნასამართლევ პირზე გახლდათ გათხოვილი, ან ორგანოებიდან გაეთავისუფლებინეთ იმის გამო, რომ ოჯახის ახალი წევრი ნასამართლევი აღმოჩნდა. ამას ყურადღებას ახლაც აქცევენ, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუ დანაშაულს მოქმედი თანამშრომელი სჩადიოდა, ამას უმკაცრესი ზომები მოჰყვებოდა ხოლმე და მინისტრი იმ განყოფილებას, პრაქტიკულად, მთლიანად შლიდა და სახლში უშვებდა. გამონაკლისს ქრთამის აღება წარმოადგნდა ანუ ქრთამის გამო, კოლეგებს არ ეხებოდნენ.

 „მილიციაში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, როცა თბილისში ძალადობის შემთხვევებმა იმატა. ხელწერა ერთი და იგივე იყო - თავდამსხმელს თავზე ქალის კოლგოტი ჰქონდა ჩამოფხატული, მსხვერპლს ყელზე დანას აბჯენდა, მოფარებულ ადგილზე გაჰყავდა, შემდეგ, ქვის ჩარტყმით თიშავდა და აუპატიურებდა. ეჭვი გვქონდა, რომ რამდენიმე დაზარალებულმა ამის შესახებ, უბრალოდ, არ განაცხადა, მაგრამ ორ კვირაში სამი განცხადება სავსებით საკმარისი იყო, რომ მივმხვდარიყავით - საქმე გამოცდილ დამნაშავესთან გვქონდა, რადგან კვალს არ ტოვებდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

თავიდან სამართალდამცავები ეჭვობდნენ, რომ თავდასხმის იარაღი დანა იყო, მაგრამ შემდეგ მსხვერპლმა ვერ მოზომა და ორი ქალბატონის სხეულზე ჭრილობა დატოვა. ექსპერტებმა დაასკვნეს, ასეთ ჭრილობას მხოლოდ სამედიცინო იარაღი თუ დატოვებდა, დამნაშავე სკალპელითაა შეიარაღებულიო. გაჩნდა ეჭვი, რომ თავდამსხმელი, შესაძლოა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ყოფილიყო, რადგან მაშინ სკალპელი მარტივად არ იშოვებოდა. გადაამოწმეს საეჭვო ადამიანები, თუმცა ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს. გააძლიერეს პატრულირება, განსაკუთრებით ახალბედებს ტვირთავდნენ, რომლებსაც თავის გამოჩენა სურდათ და დღესა და ღამეს ასწორებდნენ, თუმცა ამაოდ. ეგ კი არა და, პაატრულირების დროსაც ორი შემთხვევა მოხდა და დანაშაულის რიცხვი შვიდამდე ავიდა. სამინისტროში განყოფილების უფროსს, პრაქტიკულად, ყოველდღე იძახებდნენ და შედეგს სთხოვდნენ. ისიც თანამშრომლებს არ ინდობდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა.

თავდასხმა, ძირითადად, ღამის საათებში ხდებოდა და იმის მიუხედავად, რომ მოძალადე საკმაოდ ბნელ ადგილებს ირჩევდა, ყველა დაზარალებული აღიარებდა - მას თავზე კოლგოტი ჰქონდა ჩამოცმული.

„გაჩნდა ვერსია, რომ თავდამსხმელს ან სახეზე ჰქონდა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი და არ სურდა, რომელიმეს შეემჩნია, ან ცნობილი პიროვნება იყო, მაგალითად, მსახიობი, მომღერალი... თუნდაც ექიმი, რომელთანაც, შესაძლოა, ამ ქალებიდან რომელიმე, მასთან მომავალში მოხვედრილიყო.

ცოდვა გამხელილი სჯობსო და, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიდან რამდენიმეს ჰქონდა გადახრა, როგორც სექსუალური, ისე ჰომოსექსუალური მიმართულებით. ამიტომ, ისინიც გადავამოწმეთ, თუმცა ხელჩასაჭიდი ისევ არაფერი გვქონდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ საქმეში ჯარისკაცებიც ჩართეს, თუმცა შედეგი არც ამან გამოიღო. ჯარისკაცებს ნაკლებად აინტერესებდათ ვინმეს დაკავება, მათ თავისუფლება იგრძნეს, პატრულირების დროს, მოქალაქეებს ფულს სთხოვდნენ, შემდეგ სასმელს ყიდულობდნენ და მთვრალები დაეხეტებოდნენ. მთელი სიმძიმე ისევ მილიციის თანამშრომლებს აწვებოდათ, მაგრამ თითქოს დამნაშავე ყველა ნაბიჯს თვლიდა, იმ ადგილებში უსაფრდებოდა ქალბატონებს, სადაც კადრების სიმცირის გამო, თანამშრომლები ვერ მორიგეობდნენ. განყოფილების უფროსს ისიც კი უთხრეს, ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს დამნაშავე ჩვენი თანამშრომელია, ზეპირად იცის, სად ვართ და სად - არაო, რამაც გამოცდილი მილიციელი მდგომარეობიდან გამოიყვანა. მას ისიც კარგად ესმოდა, აღნიშნული ვერსია რომ გამართლებულიყო, შესაძლოა, მხოლოდ სამსახურის დაკარგვას არ დასჯერებოდნენ და პასუხისგებაში მიეცათ - ამდენ ხანს, დამნაშავე თანამშრომელი როგორ ვერ გამოავლინეო.

ამიტომ, მას ამ ვერსიის გაგონებაც არ სურდა და სხვადასხვა მიმართულებებს ამუშავებდა.

როგორც იქნა, მილიციას ბედმა გაუღიმა. მორიგი თავდასხმის დროს, შემთხვევის ადგილზე, მოძალადეს სკალპელი დაუვარდა და ვერ შენიშნა. დაიწყეს მისი შესწავლა, მაგრამ თითის ანაბეჭდები ვერ ნახეს, რადგან იარაღი სპეციალური ხსნარით იყო დამუშავებული. გამოდიოდა, დამნაშავემ ისიც იცოდა, როგორ უნდა დაემუშავებინა საგანი, რათა მასზე ანაბეჭდი არ დარჩენილიყო. რიგითმა თანამშრომლებმა უკვე განყოფილების უფროსის გარეშე განიხილეს ვერსია, რომ შესაძლებელი იყო, თავდამსხმელი სამართალდამცავი ყოფილიყო, მაგრამ ვინ? ხელის გაშვერა კოლეგისკენ ურთულესი საქმე გახლდათ და ამის გაკეთებას არავინ აპირებდა.

„ცუდი შეგრძნებაა, როცა ეჭვი კოლეგაზე გაქვს და არ იცი, ვინ შეიძლება იყოს. ამიტომ, საკუთარი თავის გარდა, ვერავის ენდობი, მაგრამ თუ გვერდით მდგომის ნდობა არ გაქვს, ვერც საქმეს გახსნი. ორი ვარიანტი იყო - ან დამნაშავე საკუთარ რიგებში უნდა გვეძებნა, ან უნდა გვევარაუდა, რომ მოძალადემ კარგად იცოდა მთელი სტრუქტურა და მინიმუმ, ყოფილი თანამშრომელი იყო. განყოფილების უფროსს ამის გაგონებაც არ სურდა, პენსიამდე 4 წელი აკლდა და ამ დროს სამსახურიდან გაშვება მისთვის კატასტროფა იქნებოდა, რადგან ეს მთელი ცხოვრებისა თუ კარიერის წყალში გადაყრას უდრიდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

საქმე მარტივად გაიხსნა. მორიგი თავდასხმის შემდეგ, ორმა შემთხვევითმა გამვლელმა დაინახა, როგორ ცდილობდა თავზე კოლგოტჩამოფარებული კაცი ქალზე ძალადობას და იქვე გაკოჭა, მილიციაში დარეკა და სანამ სამართალდამცავები ადგილზე მივიდოდნენ, გვარიანადაც სცემა. უფრო ზუსტად, სამართალდამცავებს დროზე რომ არ მიესწროთ, ალბათ, მოკლავდა კიდეც. როგორც ვარაუდობდნენ, დაკავებული მილიციის თანამშრომელი გახლდათ და არა, უბრალოდ, თანამშრომელი, არამედ, განყოფილების უფროსის ნათლული, რომელიც მან თავად მიიყვანა ორგანოში, შვილივით ზრდიდა, უფრთხილდებოდა და ყველაფერს ასწავლიდა. ძალიან დიდი იყო იმის შანსსი, რომ მასთან ერთად, პასუხისგებაში განყოფილების უფროსიც მიეცათ. ჰოდა, აქ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა.

„დაკავებიდან ერთ საათში, თანამშრომლები მილიციის შენობის ეზოში ვიდექით, როცა ბრალდებული გამოვიდა და გასასვლელისკენ გაემართა. გაოცებისგან ყველას ყბა ჩამოგვივარდა, პირადად გავეკიდე, ხელები კვლავ გადავუგრიხე, მაგრამ განყოფილების უფროსმა ფანჯრიდან დამიძახა, გაუშვიო. მალე მის კაბინეტში ავედით და „მამაშვილურად“ დაგვიწყო საუბარი, ჩვენ ახლა მუნდირს უნდა გავუფრთხილდეთ, ხომ ხვდებით, რომ ამ საქმის გახსნით, მხოლოდ მე არ მომხვდება, ყველას ყურს აგვიწევენ, ყველას სახლებში გაგვიშვებენ. ამიტომ, ეს კაცი, ახლა რომ ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, საშიში დამნაშავეა. დაედევნეთ, აყვანის დროს, ალბათ, წინააღმდეგობას გაგიწევთ და სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდოთ, ესროლეთო. ყველაფერი დღესავით ნათელი იყო, განყოფილების უფროსს ჩვენი ხელით მისი მოკვლა სურდა, რადგან მას ჩვენება არ მიეცა, როგორ მოხვდა მილიციაში და როგორ უვლიდა შვილივით. ერთმანეთს გადავხედეთ და კაბინეტიდან უხმოდ გავედით. ყველამ ვიცოდით, რომ გაშვებულ კოლეგას დავაკავებდით და არავითარ შემთხვევაში არ მოვკლავდით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მოძალადის დაჭერა მილიციის თანამშრომლებმა მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს. სამინისტროში უკვე იცოდნენ, რა მოხდა რეალურად, ამიტომ განყოფილების უფროსს „მეგობრულად ურჩიეს“ პატაკის დაწერა და ისიც აღარ გაჯიუტებულა. მოძალადე თანამშრომელი მალევე გაასამართლეს და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ჩანს, გამყოფილების უფროსს მაინც იმედი ჰქონდა, რომ ორგანოებში დააბრუნებდნენ და წასვლიდან ექვსი თვის შემდეგ, წერილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს მისწერა, თუმცა პასუხი კატეგორიული და უარყოფითი იყო.