გავლენიანი თანამდებობის პირის ცოლმა კაცი ავარიით მოკლა, შვილმა კი დედის თვალწინ, გოგონა გააუპატიურა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 საშინელი ორმაგი დანაშაულის დეტალები

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 „თეთრი ბაირაღები“ წაკითხული თუ არა, ფილმად მაინც გექნებათ ნანახი. მთავარ ეჭვმიტანილებს - ზაზა ნაკაშიძესა და როსტომ ამილახვარს ბრალი იმაში ედებათ, რომ რესტორანში იჩხუბეს და ერთ-ერთ პიროვნებას თავზე ბოთლი გადააფშვნეს, რაც მისი კომაში ჩავარდნის მიზეზი გახდა. წიგნსა და ფილმში ყველაფერი კარგად სრულდება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში (და ისტორია რეალურია), ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ამილახვარის პროტოტიპმა 7-წლიანი სასჯელი მოიხადა და ციხეში ამდენი ხნის განმავლობაში, სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის იჯდა.

80-იანი წლების დასაწყისში, პარტიული ნომენკლატურა იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერს, სწორედ პარტიული მაღალჩინოსნები წყვეტდნენ. შესაბამისად, მათი ოჯახის წევრები საზოგადოებაში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ყველაფერი ეს, დედაქალაქში აშკარად იგრძნობოდა. ვიღაცის ცოლი, ვიღაცის შვილი... ყველამ ყველაფერი იცოდა და ცდილობდნენ, მათთან ან ემეგობრათ, ან მინიმუმ, არ გაებრაზებინათ.

 

„თბილისში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში დანაშაული მოხდა. დირექტორის მოადგილე, რესტორნის გვერდით, ბუჩქნარში გარდაცვლილი იპოვეს და იმის მიუხედავად, რომ ეს არ იყო არც განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე და არც - მაღალჩინოსნის მკვლელობა, მაინც მე გამიშვეს, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, რადგან იმ დღეს, აღნიშნული რესტორანი დაკეტილი იყო - იქ დაბადების დღეს, კომპარტიის რანგით მესამე თუ არა, მეოთხე პირის შვილი, მეგობრებთან ერთად, 21 წლის იუბილეს აღნიშნავდა. შესაბამისად, სტუმრებიც მხოლოდ მისი გარემოცვიდან იყვნენ ანუ თბილისის „ოქროს თაობა“ ზეიმობდა. ამ დროს მკვლელობა იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ პარტიას ესროლა, პარტია დაჭრა, თუმცა რეალურად, ყველა ხვდებოდა, რომ მკვლელი, სწორედ დაბადების დღის სტუმრებში უნდა გვეძებნა და თუ ვიპოვიდით, პარტიას უნდა გადაეწყვიტა, დავსჯიდით თუ არა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილი 35-37 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც თავზე ღია ჭრილობა ეტყობოდა. ადვილი მისახვედრი გახლდათ, რომ თავში ბოთლი ჩაარტყეს, რადგან ჭრილობაში მინის მწვანე ნამსხვრევები მოუჩანდა. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, დამტვრეულ ბოთლს სამართალდამცავებმა მიაგნეს და ნამსხვრევები წამოკრიფეს კიდეც. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ნამსხვრევებზე თითის ანაბეჭდები იქნებოდა, მაგრამ ის ადგილი, სადაც ბოთლის ნამსხვრევები ნახეს და სადაც გარდაცვლილი იყო, ერთმანეთისგან, დაახლოებით, 35-40 მეტრის მოშორებით მდებარეობდა. რა გამოდიოდა? - კაცი მოკლეს და შემდეგ, ამ მანძილზე გადაიყვანეს, რათა ბუჩქნარში დაეგდოთ? ისე, უფრო ახლოსაც იყო სხვა, უფრო ხშირი ბუჩქნარი და მკვლელის ან მკვლელების მოქმედება ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული. მომხდარს პასუხი ექსპერტიზამ გასცა.

„მამაკაცი თავში ბოთლის ჩარტყმით არ არის გარდაცვლილი. მართალია, ეს დაზიანება მიიღო, მაგრამ სიკვდილი ავტომობილის დაჯახებამ გამოიწვია. მას ავტომობილი მარცხენა მხარეს დაეჯახა და მკერდის ძვლები შეუნგრია. სავარაუდოდ, ამ დროს მამაკაცი დახრილი ან დაჩოქილი იყო. მანქანა თეთრი ფერისაა, წინა ფარი და ფართან თუნუქი დაზიანებული აქვს. მამაკაცის საათზე შერჩენილია მანქანის საღებავი, ფარის ნამსხვრევი კი - პიჯაკის ჯიბეზე“, - დაწერეს ექსპერტებმა.

ახლა ყველაფერი ცხადი გახდა: მამაკაცს ჯერ ბოთლი ჩაარტყეს, დიდი ალბათობით, ის წავიდა იმ მხარეს, სადაც დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ სწორედ ამ დროს, ავტომობილი დააჯახეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს. სანამ სამართალდამცავები დამსწრეთა სრულ სიას არკვევდნენ, საავადმყოფოდან კიდევ ერთი შეტყობინება მოვიდა - კლინიკაში, სწორედ იმ დღეს და იმ რესტორნიდან, 19 წლის გოგო მიიყვანეს, რომელიც სასტიკად გახლდათ ნაცემი და გაუპატიურებული. დაზარალებული ამბობდა, გაუპატიურების მცდელობა იყო და არა - გაუპატიურება, სხეულიც ძიძგილაობის დროს ჩამიშავდაო, მაგრამ ექიმთა დასკვნით, გოგონა გვარიანად იყო ნაცემი და რაც მთავარია, ამბობდა, რომ არ ახსოვდა, ვინ აპირებდა მასზე ძალადობას, რადგან ნასვამი იყო. ჰო, მედიკოსებმა სისხლში ალკოჰოლის მცირე შემცველობაც კი ვერ აღმოაჩინეს.

„ცხადი იყო, გოგოს ეშინოდა და ეშინოდა იმის, ვინც მასზე იძალადა. რაღა თქმა უნდა, მან ზუსტად იცოდა, ვინ გააუპატიურა, ვინ სცემა და დიდი შანსი იყო, სცოდნოდა ისიც, ვინ ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ თვალებში რომ შევხედე, მივხვდი, არაფრის მთქმელი იყო, თავად წავიდოდა ციხეში, დამნაშავეს კი არ დაასახელებდა. ამიტომ, სხვა გზებით უნდა გაგვეგო, ვინ იყო მკვლელი და ვინ - მოძალადე“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ბოთლის ნამსხვრევებიდან ერთ-ერთზე, ექსპერტებმა თითის ანაბეჭდები ნახეს, მაგრამ როგორ უნდა მოეხდინათ იდენტიფიცირება, არავინ იცოდა. მაღალჩინოსნების შვილები თითის ანაბეჭდების აღებაზე, უბრალოდ, უარს ამბობდნენ და არავინ იყო, რომ დაეძალებინა. დაკითხეს რესტორნის პერსონალი, რომლებმაც თეთრი ფერის სამი მანქანა გაიხსენეს და სამივეს მფლობელი დაასახელეს. მაშინ არ იყო ასეთი სერვისები, სამართალდამცავებმა ყველა ავტომობილი ჩუმად დაათვალიერეს და მიხვდნენ, ავარია ერთსაც არ ჰქონდა გაკეთებული, რადგან ასე მოკლე დროში ფარის შეცვლა თუ შესაძლებელი იყო, შეღებვა არ გამოვიდოდა, თანაც იმდროინდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, შეღებილ ნაწილს აუცილებლად დაეტყობოდა.

გამომძიებლები ისევ იუბილარს დაადგნენ იმ იმედით, რომ ის მაინც იტყოდა რამეს, რადგან დანაშაული სწორედ მის დაბადების დღეზე მოხდა და წესით, საქმის გახსნით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო. კორპუსის ეზოში შესვლისას, მათი ყურადღება თეთრი ფერის ავტომობილმა მიიპყრო, რომელსაც ფარიც დაზიანებული ჰქონდა და გვერდითა ფრთაც. მეზობლებს ჰკითხეს და გაიგეს, რომ ამ მანქანით მაღალჩინოსნის ცოლი გადაადგილდებოდა. ახლა ის იყო გასარკვევი, აღნიშნული ავტომობილით, დაბადების დღეს, დედა გადაადგილდებოდა თუ შვილი. დაკითხვაზე მისულ სამართალდამცავებს ოჯახის წევრები მტრულად შეხვდნენ, კითხვებს აგდებულად პასუხობდნენ და გამომძიებელმაც ხერხი იხმარა, ბიჭს უთხრა, მადლობა მაინც თქვი, ნასვამი რომ წამოხვედი, ავარია არ გააკეთე და „გაიმაც“ არ გაგაჩერაო. ბიჭმა ამაყად მიუგო, ნასვამი არ ვჯდები, დედამ წამომიყვანაო. ეს აღიარება მილიციისთვის ბრალდების ტოლფასი იყო. მანქანის საგულდაგულოდ დათვალიერების შემდეგ, ექსპერტებმა სისხლის ნიმუშიც იპოვეს და ის გარდაცვლილს ეკუთვნოდა. ახლა მთავარი იყო, პარტიული მაღალჩინოსნებისგან მიეღოთ თანხმობა საქმის ბოლომდე გამოსაძიებლად.

„მინისტრმა უმაღლეს პირებთან პირადად შეათანხმა ყველაფერი და დედა-შვილი დავაკავეთ. ბოთლზე ნაპოვნი ანაბეჭდი შვილს ეკუთვნოდა, გაუპატიურებული გოგოს სხეულიდან აღებული სპერმის ნიმუშიც მისას დაემთხვა, ხოლო დედას პირდაპირ წავუყენეთ ბრალი შენგებულ მკვლელობაში. ისინი ჯერ ხმას არ იღებდნენ, მაგრამ როგორც კი დაზარალებულმა გოგონამ მათი დაკავების შესახებ შეიტყო, აღიარებითი ჩვენება მოგვცა და ყველაფერი თქვა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

„აქამდე იმიტომ არ ვთქვი არაფერი, რომ მეშინოდა. დარწმუნებული ვიყავი, ხელშეუხებელ ოჯახს არავინ დასჯიდა, მაგრამ რადგან დააკავეთ... სასმელი არასდროს დამილევია და ამიტომ, არც დაბადების დღეზე დავლიე. იუბილარი დათვრა და მითხრა, ცუდად ვარ, გარეთ გამყევიო. ხელში ბოთლი ეჭირა. გავყევი, ბუჩქნარისკენ წავიდა. გული მერევაო და იქ რომ მივედით, მეცა და გახდა დამიწყო. წინააღმდეგობა გავუწიე, დაყვირებაც მოვასწარი და ამ დროს რესტორნის თანამშრომელი დაგვადგა თავზე. ხელის კვრით მომაცილა ბიჭი, წამომაყენა და როცა მოტრიალდა, ამან თავზე ბოთლი დააფშვნა. არ გათიშულა, მაგრამ სისხლი თქრიალით წამოუვიდა. ბარბაცით წავიდა შენობისკენ, მე გაქცევა დავაპირე, მაგრამ ამან არ გამიშვა. ყვირილზე ის კაცი ისევ მობრუნდა, მაგრამ მოულოდნელად, თეთრი ფერის მანქანა გამოვარდა და დაეჯახა. ეს თავის საქმეს შეუდგა, პერიოდულად გონებას ვკარგავდი, მაგრამ მახსოვს, როგორ დაჰყურებდა ვიღაც ქალი და როგორ ეუბნებოდა, ჩქარა, ხალხი მოვაო. მერე აღარაფერი მახსოვს, მოგვიანებით გავიგე, რომ ის ქალი დედა იყო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა? დედამ მოკლა კაცი, უყურებდა შვილს, რომელიც გოგოს აუპატიურებდა და არაფერი მოიმოქმედა ანუ შვილის გამო, ყველაფერზე იყო წამსვლელი და ამიტომაც მეშინოდა. ახლა კი ორივე დაჭერილია“, - განაცხადა გოგომ.

სამწუხაროდ, ამ ისტორიას ლოგიკური ფინალი არ ჰქონდა. ქალიც და ბიჭიც მალე გაათავისუფლეს, ბრალდებაც მოუხსნეს, იმ გოგონამაც უკან წაიღო თავის ჩვენება და ყველაფერი... გარდაცვლილს „შეტენეს“. მართალია, პარტიული მაღალჩინოსანი ამ ამბავს გადაჰყვა და მალე დააქვეითეს, მაგრამ სამართალმა ვერ იზეიმა, რამაც მაშინ ძალიან, ძალიან ბევრი დანაშაული წაახალისა.