რა კავშირი ჰქონდა კიევში რამდენიმე დღის წინ ჩაცხრილულ კრიმინალ ირაკლი მალანიას მიხეილ სააკაშვილთან

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 სქემა, რომლითაც ვატო ყიფიანი ქართულ ციხეს თავს დააღწევს

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 წინა უქმეებზე, უკრაინის დედაქალაქში ირაკლი მალანია ჩაცხრილეს. ერთი შეხედვით, ეს რიგითი კრიმინალური გარჩევა იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. დავიწყოთ იმით, რომ მალანია კიევის საქალაქო სასამართლოს წინ ჩაცხრილეს, სადაც ის ბრალდებულის სტატუსით იყო დაბარებული - ბრალად რეკეტი, ფულის გამოძალვა, ადამიანის გატაცება, ყაჩაღობა და წამება ედებოდა. მასთან ერთად, აღნიშნულ საქმეში ბრალდებული საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე იყო - ლერი ლევანის ძე ასათიანი და ირაკლი ჯაფარიძე. დაზარალებულთა შორის კი, უკრაინულის გარდა, ქართული გვარებიც ფიგურირებს: უკრაინაში ცნობილი ოფთალმოლოგი მალხაზ თორდია, შვილები - ლოლა და ანა თორდიები, მისი მეუღლე მაია ჟვანია. დაზარალებულთა შორის არიან ცოლ-ქმარი - კონსტანტინ და ირინა კუზნეცოვები, რომლებიც უკრაინაში, სარეკლამო სფეროს მაგნატებად ითვლებიან.

 

სხვათა შორის, იმავე მალანიას, უკრაინელი სამართალდამცავები ორი წლის წინ, ქვეყანაში ცნობილი ბიზნესმენის, ალკოჰოლური სასმელების ყველაზე დიდი კომპანიის მფლობელის, ნიკა დავითაშვილის გატაცებასა და მკვლელობასაც ედავებოდნენ, თუმცა შემდეგ ეს ბრალდება მოუხსნეს და მასში დამნაშავედ ჩეჩენი კრიმინალი სცნეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მალანია სასჯელს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრზე, არსენ ავაქოვზე თავდასხმისთვის იხდიდა. როგორც მაშინ უკრაინული მედია წერდა, მალანიას ავაქოვის მოშორება სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. რაღა თქმა უნდა, მოკლულ კრიმინალურ ავტორიტეტს უზარმაზარი სასჯელი ელოდა, მაგრამ ქვეყანაში მომხდარი სამთავრობო ცვლილებებისა და ხელისუფლებაში ვოლოდიმირ ზელენსკის მოსვლის შემდეგ, მალანიას მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და ის ციხიდან გაუშვეს. მაშინ, იგივე უკრაინული მედია ამტკიცებდა, რომ ქართველის გამოშვებაში ლომის წილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვოდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ირაკლი გათავისუფლებულიყო და ამით საკუთარი უსაფრთხოებაც უზრუნველჰყო.

არადა, მალანია უკრაინაში ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი კრტიმინალური ავტორიტეტის, ვახტანგ, იგივე, ვატო ყიფიანის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ყიფიანი და სააკაშვილი კი ერთმანეთის პირადი მტრები არიან. გამოდის, უკრაინული მედიის მოსაზრება ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ სწორედ ამ მოსაზრების მიხედვით, ყიფიანის შურისძიებისგან სააკაშვილს, უკრაინაში, სწორედ მალანია იცავდა.

მოგეხსენებათ, ყიფიანი ამჟამად ქართულ ციხეში ზის. მას ქართული მაართლმსაჯულება ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შეკვეთას ედავება. ფეიქრიშვილების გვარმა ვაკეში, ბადუკა ნათობაძის მიერ, ავტომობილში ჩაცხრილული სოსო ჯოხაძის საქმეში გაიჟღერა. მაშინ ამბობდნენ, რომ ნათობაძის უკან, სწორედ ფეიქრიშვილები იდგნენ, ჯოხაძე კი ყიფიანის ძმაკაცი იყო და ვატომ შურისძიება გადაწყვიტა, თუმცა ყიფიანისთვის წაყენებული ბრალდების მიუხედავად, როგორც გვეუბნებიან, სამართალდამცავებს მტკიცებულებების მიმართულებით ძალიან უჭირთ.

სანამ მალანიაზე ბოლომდე მოგიყვებით, ყიფიანის უკრაინულ ამბებზეც ვთქვათ. ფაქტია, რომ უკრაინაში, ვატო მაქსიმალურად ცდილობდა, კრიმინალის იარლიყი მოეშორებინა და ოფიციალურ ბიზნესში ჩართულიყო. ამის მტკიცებულებები უკრაინაში მრავლად მოიპოვება.

უკრაინიდან რამდენჯერმე გაძევებული ყიფიანი კიევში, 2020 წელს გამოჩნდა და ოფიციალურად ცხოვრების უფლება მიიღო. ამჯერად, ის უკვე ვახტანგ წულუკიძე გახლდათ და უკრაინის მოქალაქე, სომეხი ეროვნების ქალბატონის ქმრად მოიხსენებდნენ. უკრაინაში ოფფიციალურად ცხოვრების უფლებაც, სწორედ ამ ქორწინების საფუძველზე მიიღო. იმავე წელს, უკრაინაში საქველმოქმედო ფონდი - „უკრაინის მოქალაქეთა სპორტული გაერთიანება ოლიმპი“ დაარსდა. დამფუძნებელთა შორის, ვახტანგ წულუკიძის, იგივე, ვატო ყიფიანის სახელი და გვარიც ფიგურირებდა. ფონდი ვეტერან სპორტსმენებს ეხმარებოდა და ამით ფონდის დამაარსებლები უკრაინის პოლიტიკის უმაღლეს ეშელონებს უტევდნენ, რადგან რადას არაერთი დეპუტატი ვეტერანი სპორტსმენია. პარალელურად, ამავე ფონდის ბაზაზე, მუდმივად ვარჯიშობდნენ კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, უზარმაზარი ძალა და რესურსი იყო.

იმავე 2020 წლის ოქტომბერში, ვატო ყიფიანი (ამ შემთხვევაშიც წულუკიძის გვარით) კომპანია „პეტრუსის“ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

„მეგობრებო, სიხარულით გაცნობებთთ, რომ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა ვახტანგ წულუკიძე, რომელიც საქართველოში ცნობილი მეღვინეების შთამომავალია. მისი წინაპრები, რამდენიმე თაობა, საქართველოში ერთ-ერთ უძველეს ღვინის ქარხანას ფლობდნენ, თავად ბატონ ვახტანგს კახეთში, მდინარე ბურსას ნაპირებთან ახლოს, ვენახები აქვს. მისი გამოცდილება ჩვენს კომპანიას ძალიან წაადგება“, - ასე გამოეხმაურნენ „პეტრუსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ვატო ყიფიანის დანიშვნას.

„პეტრუსის“ პრეზიდენტი ლუდმილა რუსალინა გახლავთ. ის აღნიშნული კომპანიის თანადამფუძნებელ ნიკოლაი პეტრენკოს კომპანიის წილებსა და მომავალზე ვერ შეუთანხმდა და მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ყიფიანის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ კი... პეტრენკომ საკუთარ წილზე უარი თქვა და კომპანიიდან წავიდა. აი, ყიფიანის დაკავების შემდეგ, რუსალინამ კომპანიის წილი უკრაინის რადას დეპუტატს, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტის წევრს,  ვიტალი ვოიცეხოვსკის გადაუფორმა და ახლა, მფარველის როლსაც ის ასრულებს, თუმცა... კომპანიის ვებ-გვერდზე, დღემდე დევს ვახტანგ წულუკიძის სურათი, მისი მოწოდება მომხმარებლებისადმი და ის დღემდე ვიცე-პრეზიდენტად მოიხსენიება.

ისევ მალანიას დავუბრუნდეთ. ირაკლი „ინფინიტის“ მარკის ავტომობილიდან მაშინ ჩაცხრილეს, როცა სასამართლოს შენობაში შესვლას აპირებდა. ყველა აღნიშნავს, რომ პროფესიონალები მოქმედებდნენ, რადგან სწრაფად მიმავალი ავტომობილიდან ექვსი ტყვია ისროლეს, საიდანაც ოთხმა მიზანს მიაღწია და მართალია, მალანიამ რამდენიმე წუთი იცოცხლა, მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლამდე გარდაიცვალა.

უკრაინული მედიის მტკიცებით, მალანია ყიფიანის საქმეებს განაგებდა და მასზე თავდასხმა პირდაპირ მიანიშნებს, რომ გისოსებს მიღმა მყოფი ვატოს ძალაუფლება უკრაინაზე აღარ ვრცელდება და მისი გავლენის სფეროებს სხვები გადაინაწილებენ.

თავის მხრივ, ყიფიანის ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მოახერხებენ და ბრალდების არამყარი არგუმენტების გამო, ვატო ქართულ საპყრობილეს დატოვებს. რეალურად, ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამბობს, რომ მან შეკვეთა უკრაინაში, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტისგან მიიღო, თუმცა ის არ ამბობს, რომ ეს კაცი ყიფიანი იყო ანუ ის ვატოს ხელს არ ადებს, მაგრამ გონივრული ეჭვის საფუძველზე ფიქრობენ, რომ შეკვეთა სწორედ მისგან მოდიოდა.

გონივრული ეჭვის საფუძველზე, უმძიმესი ბრალდებით ადამიანის გასამართლება შეუძლებელი იქნება და ამიტომაც ვამბობთ, ქართულ მართლმსაჯულებას დაკავებულისთვის სასჯელის მისჯა გაუჭირდება.

მანამდე კი, უკრაინაში ძალთა გადანაწილება დაწყებულია. ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების შემდეგ, ქვეყნიდან 674 (!!!) ე.წ. კანონიერი ქურდის გაძევებაზე მუშაობენ, მათი დიდი ნაწილი გააძევეს კიდეც, ნაწილს კი დღემდე ეძებენ. ამ სიაში, თავის დროზე, ყიფიანიც იყო - 543-ე ნომრად ეწერა და გააძევეს კიდეც, თუმცა 2020 წელს, წულუკიძის გვარით დაბრუნება მოახერხა და რაც მთავარია, ლეგალურ საქმიანობაში ჩაერთო. რამდენად შეძლებს, გათავისუფლების შემთხვევაში, უკრაინაში დაბრუნებას, ძნელი სათქმელია.