სისხლიანი ეჭვიანობა - ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს თავში ჯერ ქვა ჩაარტყა, შემდეგ კი გაგუდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში დასასვენებლად მთელი პარტიული ელიტა დადიოდა - ცნობილი მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები აფხაზეთის სანაპიროს ვერ ელეოდნენ და სანუკვარ შვებულებას სწორედ იქ ატარებდნენ. ამიტომ, ზაფხულობით, აფხაზეთის ზღვისპირეთში არავის უკვირდა, თუნდაც ალა პუგაჩოვას, იური ნიკულინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ნახვა. რა თქმა უნდა, მათი სტუმრობა ადგილობრივ სამართალდამცავებს პასუხისმგებლობას მატებდა, რადგან არ უნდა მომხდარიყო ის, რაც, მაგალითად, ალისა ფრეინდლიხის შემთხვევაში, თბილისში მოხდა, როცა საბჭოთა კინოს კაშკაშა ვარსკვლავს „დუბლიონკა“ (ზამშის ქურქი) გახადეს.

 

„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ყოველთვის გამოცდილი კადრები ჰყავდა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ჩვენც გვიძახებდნენ. სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა 80-იანების მიწურულს, როცა ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში ქალი მოკლეს. მთავარი ის კი არ იყო, ვინ მოკლეს, არამედ ის, რომ ამ სასტუმროში, ცოლთან ერთად, საბჭოთა კინოს ლეგენდა, ევგენი ლეონოვი ისვენებდა და სამართალდამცავებს არა მხოლოდ მისი უსაფრთხოება უნდა დაგვეცვა, არამედ, იმაზეც გვეზრუნა, ლეონოვის ყურამდე მკვლელობის ამბავი არ მისულიყო და იქაურობა არ დაეტოვებინა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

თბილისიდან სამართალდამცავების ჩასვლამდე, ადგილობრივებს უზარმაზარი სამუშაო ჰქონდათ ჩატარებული - დაადგინეს ქალის ვინაობა, რომელიც იმავე სასტუმროში ცხოვრობდა და ისიც გაარკვიეს, რომ მას თავში ჯერ მძიმე საგანი ჩაარტყეს, შემდეგ კი გაგუდეს.

მილიციამ ისიც კი იცოდა, რომ ქალი ქმარს დაშორებული იყო, მეტიც, გაარკვიეს, რომ რამდენჯერმე, სასტუმროში უცხო მამაკაცმა მიაკითხა და სასეირნოდ წავიდნენ. ჰოდა, ახლა ყველა სწორედ იმ მამაკაცს ეძებდა, რომლის სავარაუდო აღწერილობა და ფოტორობოტიც კი შედგენილი ჰქონდათ.

ოპერმუშაკებს დიდხანს ძებნა არ დასჭირვებიათ, მეორე დღეს, სავარაუდო ეჭვმიტანილი თავისი ფეხით გამოცხადდა და გაოცდა, როცა ხელბორკილი დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. როდესაც გაიგო, რომ ქალი, რომელსაც მიაკითხა, გარდაცვლილი გახლდათ, ჯერ თავში წაიშინა ხელი, მერე ტირილი დაიწყო, ბოლოს კი თქვა, ჩემი ბრალიაო. ყველაზე მეტად, სამართალდამცავები ბოლო ფრაზამ დააინტერესა.

„ეს ქალბატონი სანაპიროზე გავიცანი. საკურორტო რომანი გულში არც გამივლია, მეც ცოლს დაშორებული ვარ და სერიოზული ურთიერთობა მინდოდა. დავუახლოვდით, რამდენჯერმე შევხვდით, ბოლოს წინა შეხვედრამდე კი მითხრა, ასე მგონია, ვიღაც გვითვალთვალებს, მეშინია, ან შენ, ან მე არ მოგვკლანო. ყველაფერი ეს სასაცილოდ არ მეყო, მაგრამ ვერაფრით ვათქმევინე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვისაც ჩვენი მოკვლა შეეძლო. ბოლო შეხვედრისას უკვე საკმაოდ შეშინებული იყო და მითხრა, მე დავინახე ვინც გვითვალთვალებს და აღარ მოხვიდე, უბედურებას ვერ ავცდებითო. რა თქმა უნდა, არც ეს მივიღე სერიოზულად და თბილისში წავედი, რადგან საკმარისი ფული არ მქონდა, რომ საქორწინო ბეჭედი მეყიდა და ხელი მეთხოვა. ფული ავიღე, ჩამოვედი და ეს ამბავი დამხვდა“, - თქვა კაცმა და ჯიბიდან საქორწინო ბეჭედი ამოიღო.

სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ ცრუ კვალს ადგნენ და გადაწყვიტეს, დამნაშავე სხვა მხარეს ეძებნათ, მაგრამ სხვა მხარე, უბრალოდ, არ არსებობდა, რადგან ქალის გვერდით, სხვა არავინ დაუნახავთ. დაიწყეს ქმრის ძებნა და მას თბილისში მიაგნეს. ყოფილი ცოლის სიკვდილი არც გახარებია, არც სწყენია, ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვქონდა და მე რა ვიცი, ვინ მოკლა, ეგ ბოზიო. ქალის უწესო ცხოვრებაზე მინიშნება მილიციისთვის ახალი იყო და ამ ვერსიას გაჰყვნენ, თუმცა ამაოდ - არცერთი მეგობარი და არცერთი მეზობელი არ ადასტურებდა, რომ ქალს ან ქმართან თანაცხოვრების დროს, ან მასთან დაშორების შემდეგ, ვინმესთან ურთიერთობა ჰქონდა. ის მოკრძალებულად და მშვიდად ცხოვრობდა. სამაგიეროდ, რამდენიმე მეზობელმა არ დამალა, რომ ყოფილი ქმარი საშინლად ეჭვიანი იყო და ამის ნიადაგზე, კონფლიქტი არაერთხელ მოსვლიათ. მეტიც, ამის გამო, ქმარს ცოლი უამრავჯერ გაულახავს და დაშორების ინიციატორიც, საბოლოოდ, ქალი გახდა, რომელმაც ამდენი ცემა, უბრალოდ, ვეღარ აიტანა.

სამართალდამცავებმა ქმრის ალიბი გადაამოწმეს, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს. ის დილით სამსახურში იყო, დღის ბოლოს შინ მიდიოდა, დილით კი ისევ სამსახურში ცხადდებოდა. ერთადერთი ვარიანტი ის გახლდათ, რომ კაცი თბილისიდან სოხუმში უნდა გადაფრენილიყო, მკვლელობა ჩაედინა და უკან გადმოფრენილიყო, მაგრამ აეროპორტში მის სახელზე ბილეთი გაყიდული არ გახლდათ. ავტომობილით კი ამხელა მანძილის დაძლევა, თანაც ასე მოკლე დროში, წარმოუდგენელი გახლდათ.

„ყველა ძაფი ხელიდან გაგვისხლტა, აბსოლუტურად ყველა. სასტუმროს ეზო კარგად იყო დაცული, იქ შემთხვევითი ადამიანი, პრაქტიკულად, ვერ მოხვდებოდა და გადაწყდა, პერსონალი გამოგვეკითხა, თანაც ცოტა მკაცრად, რადგან შეუძლებელი იყო, მათ ვინმე არ დაენახათ, ან არ შეემჩნიათ. დაკითხვებს პირადად ვხელმძღვანელობდი, თუმცა ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა. ყველა იმას იმეორებდა, რომ ლეონოვის გამო, განსაკუთრებით გაფაციცებულები იყვნენ და შესაბამისად, ვერავინ გამოეპარებოდათ, თუმცა ფაქტია, გამოეპარათ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ის იყო, გამომძიებლებს ხელი უნდა ჩაექნიათ, როცა განყოფილებაში სასტუმროს რესტორნის ერთ-ერთი მიმტანი გოგონა გამოცხადდა და...

„წინა დღეს, მეგობრებთან ერთად, ცოტა დავლიე და დილით ნაბახუსევზე ვიყავი. რესტორნის გამგეს რომ შეემჩნია, გამაგდებდა, ამიტომ გულისრევა რომ ვიგრძენი, სასტუმროს ეზოში გამოვედი, ბუჩქებთან მივედი და გულიც იქ ამერია. როცა ვბრუნდებოდი, ერთ-ერთი ბუჩქის უკან მამაკაცი შევნიშნე. მაშინ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ეს მამაკაცი ძალიან ჰგავს იმ ფოტოზე აღბეჭდილ კაცს, რომელიც თქვენს მაგიდაზე იდო“, - განაცხადა მიმტანმა და ხელი... მოკლული ქალის ქმრის ფოტოს დაადო.

გამომძიებლებმა პირი დააღეს. მაშინ ყველაზე სწრაფ მანქანად „ვოლგა“ ითვლებოდა, მაგრამ „ვოლგითაც“ კი შეუძლებელი იყო იმ მანძილის დაფარვა თბილისიდან სოხუმამდე და უკან დაბრუნება იმ დროში, რა დროშიც მკვლელობა მოხდა. ერთადერთი გზა თვითმფრინავი გახლდათ, მაგრამ როგორ მოახერხა კაცმა თვითმფრინავით მგზავრობა ისე, რომ ბილეთი არ შეიძინა? სამართალდამცავებმა აეროპორტის თანამშრომელთა შორის გარდაცვლილის ქმრის მეგობრის, ნათესავის თუ ნაცნობის ძიება დაიწყეს და ასეთს ვერავის მიაგნეს.

„როცა რაღაც არ გამოგვდიოდა ან ლოგიკაში არ ჯდებოდა, დახმარებისთვის გამოცდილ კრიმინალებს მივმართავდი. ასე მოხდა ამჯერადაც, ერთ-ერთ „კანონიერ ქურდთან“ მივედი და ჩემი გასაჭირის შესახებ ვუამბე. საქმე რომ რიგით დანაშაულს შეხებოდა, ქურდი ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ მკვლელობას ვიძიებდი, თანაც, სავარაუდოდ, ცოლის მკვლელობას და მანაც მშვიდად ამიხსნა, რომ აეროპორტში, ნებისმიერ სტიუარდესასთან გასაუბრების შემდეგ, ორმაგი თანხის გადახდის შემთხვევაში, ეკიპაჟის რომლიმე წევრი ბორტზე უპრობლემოდ აგიყვანდა და უპრობლემოდ ჩაგიყვანდა დანიშნულების ადგილზე. ეს მხოლოდ შიდა რეისებზე ვრცელდებოდა ანუ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავები მაშინვე აეროპორტში წავიდნენ, სოხუმის რეისის სტიუარდესა მონახეს, ფული შესთავაზეს და ერთ საათში, ყოველგვარი ბილეთის გარეშე, ორი ოპერმუშაკი თვითმფრინავში იჯდა. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. იმ დღის ეკიპაჟის ყველა წევრი დააკავეს და გამოჰკითხეს. ერთმა სტიუარდესამ და ეკიპაჟის კაპიტნის მოადგილემ მაშინვე ამოიცნეს პირი, რომელმაც წასვლა-წამოსვლაში 500 მანეთი გადაიხადა. ცოლის მკვლელობის ბრალდებით, ყოფილი ქმარი სამსახურში დააკავეს.

„ცოლი სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მუდმივად ვეჭვიანობდი. ასე მეგონა, მას საყვარელი ჰყავდა და ყველა მე დამცინოდა. საბოლოო ჯამში, ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა, რომ დავშორდით. შერიგებას ვთხოვდი, მის გარეშე სიცოცხლე არ მინდოდა, მაგრამ როცა ვცემე, ორსულად ყოფილა, მუცელი მოეშალა და ეს ვერ მაპატია. მერე სოხუმიდან დამირეკა, ვთხოვდები და იმედია, ახლა მაინც დაისვენებ, შენს ცხოვრებას მიხედავო. ჩავფრინდი სოხუმში და თანაც ისე, რომ ვერავის გაეგო. მოკვლას არ ვფიქრობდი, მაგრამ როცა ეზოში დავიმარტოხელე, პირში მომახალა, ნამდვილი კაცი ვიპოვე, შენს დანახვაზე გული მერევაო. იქვე ქვა ეგდო, თავში ჩავარტყი და შემდეგ გავგუდე. ვიცოდი, ვერ დავთმობდი და ადრე თუ გვიან, მაინც მოვკლავდი, მით უმეტეს, სხვის გვერდით რომ დავინახავდი. ქვა წამოვიღე, ზღვაში გადავაგდე, უკან გამოვფრინდი და დილით სამსახურში ვიყავი“, - აღიარა დაკავებულმა.

სასამართლომ მკვლელობის შემამსუბუქებელ გარემოებად ეჭვიანობა დაასახელა და დაკავებულს მხოლოდ... 8 წელი მიუსაჯა.

რაც შეეხება ლეონოვს, როგორც ამბობენ, მას მომხდარის შესახებ არაფერი გაუგია და მშვიდად მიიყვანა საკუთარი შვებულება ბოლომდე.