ვინ არის ქალი, რომელმაც ორი მამაკაცი სადისტურად მოკლა - დამნაშავის სკანდალური აღიარება და იდენტური მკვლელობების დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ოქროს თაობა“ - ეს ტერმინი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. „ზოლოტაია მოლოდიოჟ“ - ასე მოიხსენიებდნენ მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოში მაღალჩინოსანთა შვილებს. მოზარდებს ჰქონდათ ყველაფერი, რაც კი მაშინ, საბჭოთა კავშირში, რიგითი ადამიანების შვილებს არ ჰქონდათ - დაწყებული ჯინსებიდან, დამთავრებული - აკრძალული ლიტერატურით. ამიტომ, მათთან მეგობრობას ბევრი ესწრაფვოდა და ბევრს სურდა, გაეგო ნამდვილი ცხოვრების გემო. აგარაკებზე ღრეობები, ორგიებში გადასული ქეიფი რუსული სინამდვილისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ქართულისთვის კი...

 

რა თქმა უნდა, ჩინოვნიკთა შვილებს არც აქ აკლდათ არაფერი, მაგრამ ამის აფიშირებას ერიდებოდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანა იყო იმისთვის, რომ სიმდიდრე ქუჩაში გამოეფინათ. მაშინვე, არაერთი მოქალაქე, სადაც ჯერ არს, იქ იჩივლებდა და საქმეში ძალოვნები ჩაერთვებოდნენ. ამის მიუხედავად, სამთავრობო აგარაკებზე ახალგაზრდების დროსტარება არცთუ იშვიათი იყო და რაც მთავარია, მათ სიმშვიდეს... სამართალდამცავები იცავდნენ, რათა ტერიტორიაზე უცხო ადამიანს არ შეეღწია.

„არ მქონდა გამოცდილება და ნელ-ნელა ვსწავლობდი, როცა საშინელი დანაშაული მოხდა. ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე, 22 წლის ბიჭი ნახეს გარდაცვლილი. მამამისი მინისტრის მოადგილის აპარატის ხელმძღვანელი იყო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? 1977 წელი იდგა ანუ კომუნიზმის რენესანსის ეპოქა და მთელ მსოფლიოს ვუმტკიცებდით, რომ საბჭოთა კავშირში მძიმე დანაშაულები არ ხდებოდა, რეალურად კი... ადგილზე მისულებს, გარდაცვლილი ბიჭის მამა მოგვივარდა და კატეგორიულად მოგვთხოვა, აგარაკის ტერიტორია დაგვეტოვებინა. გაოცებული ვუყურებდით, რადგან იქვე, საძინებელში, მისი შვილი - 22 წლის ბიჭი იყო გარდაცვლილი, მაგრამ კაცი მასზე არ წუხდა, რაღაც აღუწერელი შიში ჰქონდა თვალებში. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით და ბინის დათვალიერება განვაგრძეთ, ის კი ტელეფონს ეცა და მინისტრის მოადგილეს დაურეკა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ცოტა ხანში, აგარაკზე უშიშროების თანამშრომლები გამოჩნდნენ და მშვიდად განაცხადეს, რომ საქმე მათ მიჰქონდათ. შსს-ს გამომძიებლებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ან როგორ უნდა გაეწიათ, როცა მათ წინ, ძლევამოსილი „კა გე ბე“ იდგა, თუმცა უშიშროების მოსავლამდე მოასწრეს და საძინებელში მდგარი კარადის უჯრებში, ქალის უცხოური წარმოების თეთრეული ნახეს. ეს თეთრეული არ იყო დიდისთვის განკუთვნილი, აშკარად, ახალგაზრდა გოგონას ეკუთვნოდა და რაც მთავარია, მისი პატრონი საკმაოდ კარგი აგებულების უნდა ყოფილიყო. უშიშროების მოსვლამდე, ცხედრის დათვალიერება ექსპერტმაც მოასწრო და განაცხადა, რომ ბიჭს, რომელსაც მხოლოდ ტრუსი ეცვა, საზარდულის მიდამოებში, ჭრილობა შამპანურის გატეხილი ბოთლით მიაყენეს ანუ მკვლელმა ბოთლი ჯერ მარმარილოს მაგიდაზე მიაფშვნა, შემდეგ კი ხელში შერჩენილი ნამსხვრევით, საზარდულის მიდამოებში, ბიჭს, დაახლოებით, ოცჯერ დაარტყა. რაც მთავარია, გარეთ მდგომ დაცვის თანამშრომელს არ გაუგია ყვირილის ხმა და არ დაუნახავს, როგორ დატოვა აგარაკის ტერიტორია იმ გოგონამ, რომელიც გარდაცვლილმა მიიყვანა.

გოგონას აღწერას აზრი არ ჰქონდა, რადგან ტერიტორიის მცველმა ის, დაახლოებით, 40 მეტრიდან დაინახა და სახე არ გაურჩევია.

„ცხადი იყო, რომ გარდაცვლილის მამა უკვე საკუთარ თავზე ფიქრობდა. მან ზუსტად იცოდა, რომ სამართალდამცავები აგარაკზე მისთვის სასიკეთოს ვერაფერს იპოვიდნენ და ამიტომაც გაუშვა. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ დაედო, თუმცა შსს-მ ვერ მოითმინა და სანამ საქმიდან მთლიანად ჩამოაშორებდნენ, საინტერესო რამ მოიფიქრა.

„იმავე საღამოს, მინისტრისგან მივიღეთ ბრძანება, რომ რადაც უნდა დაგვჯდომოდა, გაგვერკვია, ვინ იყო მინისტრის მოადგილის აპარატის უფროსის საყვარელი და რაც მთავარია, გაგვერკვია, იყო თუ არა ეს საყვარელი მკვლელობის ჩამდენი. საამისოდ, აპარატის უფროსისთვის უნდა გვედევნა, მაგრამ ეს გამორიცხული იყო, მისი „ვოლგა“ დიდი სისწრაფით დადიოდა, წითელზე არ აჩერებდა და ასეთ დროს, ოპერატიული მანქანა ადვილად გაიშიფრებოდა. ამიტომ, იმავე ღამეს, როცა მისი პირადი მძღოლი შინ დაბრუნდა, სადარბაზოსთან, ორმა „ნასვამმა“ ახალგაზრდამ ჩხუბი დაიწყო, მძღოლი მისდაუნებურად გასაშველებლად ჩაერია, რომელსაც „შემთხვევით“, ფეხი მოსტეხეს. მეორე დღეს, აპარატის უფროსის მძღოლად შსს-ს თანამშრომელი დაჯდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ერთი კვვირის განმავლობაში არაფერი მომხდარა. კაცი შვილის დასაფლავებით იყო დაკავებული და ახალ მძღოლს, როგორც ძაღლს, ისე ექცეოდა, თან სამსახურის გარდა, არსად დადიოდა. იმ დროისთვის, უშიშროებამ ოფიციალურად აიღო მართვის სადავეები ხელში და შსს გააფრთხილა, რომ ამ საქმეში არ ჩარეულიყო. ამის მიუხედავად, უკვე შეგზავნილი მძღოლის გამოწვევა არ გამოდიოდა და შსს იძულებული იყო, მძღოლის გამოჯანმრთელებას დალოდებოდა.

სანამ ნამდვილი მძღოლი ფეხზე დადგა, ერთ დღეს, აპარატის უფროსმა შსს-ს თანამშრომელს უთხრა, რომ სახლის ნაცვლად, პიონერთა სასახლესთან მიეყვანა. იქ გაჩერებულ მანქანაში, მოულოდნელად, ახალგაზრდა გოგონა ჩახტა, ლამის ბაბუის ტოლა კაცს ყელზე მოეხვია და კოცნა დაუწყო. „ხაზეინმა“ ბრძანება გასცა - აგარაკზე, თუმცა გოგონამ იუარა, იქ მეშინია, შენი ბიჭი რომ მოკლეს, იმის მერე ვერ მივალო, რამაც აპარატის უფროსი გააცოფა. საბოლოოდ, გეზი წყნეთისკენ აიღეს, მძღოლი მანქანიდან ნახევარი საათით გაუშვეს, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდნენ. გოგონა სახლთან მიიყვანეს, უფრო სწორად, საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით ჩამოსვეს, რათა არავის დაენახა, თუმცა გამოცდილმა ოპერმუშაკმა მაინც მოახერხა და სარკეში დალანდა, თუ რომელი კორპუსის ეზოში შევიდა გოგონა.

მეორე დღეს, სამართალდამცავებს საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ. გოგონა იმ მინისტრის მოადგილის შვილი აღმოჩნდა, ვისთანაც აპარატის უფროსად ეს კაცი მუშაობდა. გამოდიოდა, რომ მან მოახერხა და თავისი უფროსის 17 წლის შვილი შეაცდინა, მეტიც, საყვარლადაც გაიხადა. რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მკვლელიც ეს გოგონა ყოფილიყო, მთავარი გასარკვევი ეს გახლდათ. აგარაკზე ნაპოვნი საცვლებიც, სწორედ ამ ბავშვის საკუთრება უნდა ყოფილიყო.

„ძალიან კარგად გვესმოდა, რომ მინისტრის მოადგილის შვილს არც არავინ დაგვაკითხვინებდა და რაც მთავარია, ამის უფლებაც არ გვქონდა, რადგან საქმე უშიშროებას ჰქონდა წაღებული. აღარ ვიცოდით, რა გვექნა და სწორედ ამ დროს, უშიშროებიდან წერილი მოგვივიდა, სადაც გვატყობინებდნენ, რომ საქმე დაიხურა. ძიებამ დაადგინა, რომ ნერვული აშლილობის ნიადაგზე, ბიჭმა დაზიანებები თავად მიიყენა და, პრაქტიკულად, თვითმკვლელობა ჩაიდინა. ცხადი იყო, რეალობას ყველა მალავდა, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ჩუმად უნდა ვყოფილიყაავით და ეს საქმე, უბრალოდ, დავივიწყეთ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მომხდარიდან 7 წელი გავიდა. რუსთავში, საკუთარ სახლში, 30 წლის ბიჭი იპოვეს გარდაცვლილი. მას... საზარდულის არეში, შამპანურის ბოთლის ნატეხით 20-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ისე მოხდა, რომ აღნიშნული საქმის გამოსაძიებლად მისულ ჯგუფში ერთ-ერთი ის ოპერმუშაკი ერია, რომელიც 7 წლით ადრე, სამთავრობო აგარაკზე მომხდარი მკვლელობის დროსაც შემთხვევის ადგილზე გახლდათ. რა თქმა უნდა, მან თქვა, რომ ეს საქმეები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა და მკვლელიც, შესაძლოა, ერთი და იგივე ყოფილიყო, თანაც მეზობლებმა დაადასტურეს, რომ ბიჭი შინ ახალგაზრდა გოგოსთან ერთად დაბრუნდა. ორი საქმის გაერთიანება არ გამოვიდოდა, რადგან პირველი დახურული იყო, თუმცა მეორეს სამართალდამცავები ბოლომდე მიჰყვნენ.

„მთავარი მოწმე ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ იმ საღამოს, სადარბაზოდან ტყვიასავით გამოვარდნილი გოგო მანქანაში ჩაუხტა და საერთო საცხოვრებელში მიყვანა სთხოვა. ყველაფერი ეს მეზობელმა დაინახა და სამართალდამცავებს ტაქსის მოძებნა არ გასჭირვებიათ. ტაქსის მძღოლს ზუსტად ახსოვდა გოგოს აღწერილობა და ამიტომ, არ გასჭირვებია ეთქვა, კონკრეტულად რომელი იყო. ხელში ობოლი, ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგონა შეგვრჩა“, -იხსენებს ბატონი თენგიზი.

გოგონა დააპატიმრეს, ანაბეჭდები აუღეს და გარდაცვლილის სახლში აღებულ ანაბეჭდებს შეადარეს. ისინი ერთმანეთს დაემთხვა.

„ბავშვთა სახლში მას შემდეგ მოვხვდი, რაც მშობლები ავარიაში დაიღუპნენ, ნათესავებმა კი ჩემი წაყვანა არ ისურვეს. იქ, მოზარდობის ასაკში, ჩემი გაუპატიურება რამდენჯერმე სცადეს და ამიტომ, მუდმივად თავის დაცვა მიწევდა. როცა სრულწლოვანი გავხდი და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე, ბიჭებს ეჭვის თვალით ვუყურებდი. ჯერ ის გამოჩნდა, ჩინოვნიკის შვილი, მიყვარხარო, მეფიცებოდა, აგარაკზე წასვლა რამდენჯერმე შემომთავაზა, თავს ვიკავებდი, ბოლოს, გულწრფელი მეჩვენა და წავყევი, თუმცა ოთახში შევედით თუ არა, გაიხადა და დამეტაკა. შამპანურის ბოთლი გადავამტვრიე და მერე აღარც მახსოვს, რა ვქენი. ფანჯრიდან გადავძვერი და გამოვიპარე. 7 წლის მანძილზე, ბიჭებს გამარჯობის თქმის უფლებასაც კი არ ვაძლევდი, მაგრამ ეს შემომიჩნდა, ვგიჟდები შენზეო და ბოლოს, სახლშიც დამპატიჟა, მშობლები უნდა გაგაცნოო. ავედი და მშობლები არ დამხვდნენ, ამანაც ოთახში შემაგდო და გახდა დამიწყო. ინსტიქტმა იმუშავა და იგივე გავიმეორე“, - დაახლოებით ასეთია გოგონას მონოლოგი.

იმის მიუხედავად, რომ ორი მკვლელობა აღიარა, უშიშროებამ კატეგორიულად მოითხოვა ძველი საქმე არ წამოეწიათ, რადგან უკვე გამოძიებული იყო. იმის სანაცვლოდ, რომ გოგოს არც სასამართლოზე ეთქვა რამე, მეორე მკვლელობაც აფექტში ჩაუთვალეს და მხოლოდ 6 წელი მისცეს, თუმცა 4 წლის შემდეგ, კარგი ყოფაქცევის გამო, გაათავისუფლეს.

 

 

ბათო ჯაფარიძე