სისხლიანი სასიყვარულო სამკუთხედი - დედამ ქალიშვილი მოკლა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვისი დახმარებით და როგორ გახსნეს ძალოვნებმა შემზარავი დანაშაული

 არცთუ იშვიათად, ერთსა და იმავე სამსახურში მომუშავე ცოლ-ქმარს მივლინებით ერთად უშვებდნენ. ასე მიდიოდნენ ოჯახები საცხოვრებოად ერთი ან ორი წლით საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში. მეტიც, არცთუ იშვიათი იყო შემთხვევა, როცა იქ რჩებოდნენ და უკან დაბრუნება აღარ სურდათ. საქართველოშიც იყვნენ ასეთი ოჯახები, თანაც საკმაოდ მრავლად - სტუმართმოყვარე და რაც მთავარია, წელში გამართულ ქვეყანაში ცხოვრება ყველას მოსწონდა.

 

„სწორედ ასეთი ოჯახი იყო ჩამოსული რუსეთიდან, ცოლ-ქმარი მეტალურგები იყვნენ და რუსთავში გამოუშვეს. ქალაქი ძალიან მოეწონათ და დარჩნენ. მათ ერთი შვილი ჰყავდათ - 16 წლის გოგონა და სწორედ ამ გოგოს გამო გავიცანი ისინი. ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. ამ დროს, შინ მხოლოდ დედა იყო, მამა რუსეთში გახლდათ, რადგან ძმა გარდაეცვალა და გასვენებაში წავიდა. რა თქმა უნდა, იქიდან სასწრაფოდ დაბრუნდა, როგორც მეზობლებმა გვითხრეს, შვილის კუბოზე დაემხო და ბოლო ხმაზე იმუქრებოდა, შენს მკვლელს ვიპოვი და დავსჯიო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებს მკვლელობის ვერსიაზე ეჭვი ისედაც ჰქონდათ, რადგან ფანჯარაზე არ იყო ნაფეხურები. როგორც დედა ამტკიცებდა, გოგონა კი არ გადმოხტა, არამედ, ფანჯრების გასაწმენდად რაფაზე ავიდა და ფეხი დაუცდა. იქვე იყო სველი ჩვარი, თუმცა არ ჩანდა ნაფეხური, მით უმეტეს, ფეხის ასრიალების დროს, მკვეთრი კვალი რჩება. გამომძიებლებმა ოჯახის შესწავლა დაიწყეეს და ვერაფერი გაარკვიეს იმის გარდა, რომ დაახლოებით, რვა თვის წინ, ქმარმა ცოლი ისე სცემა, მილიციის გამოძახება გახდა საჭირო. უბნის რწმუნებულმა ქმარს 30 მანეთი გამოართვა ქრთამის სახით, თითი დაუქნია, მეორედ აღარ ქნაო და საქმე არც აღძრულა. სხვა საეჭვო არაფერი იყო, ოჯახი ჩვეულებრივ ცხოვრობდა - მშობლები მუშაობდნენ, გოგო სწავლობდა და კონფლიქტი არავისთან ჰქონდა, თუმცა...

ბავშვის დასაფლავებიდან ერთ კვირაში, ქალი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა მილიციაშიც დარეკეს, რადგან ქალბატონი ნაცემი იყო და ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა. როგორც ამბობდა, შინ მიმავალს, უკნიდან ვიღაც დაესხა და მისი გაგუდვა სცადა, ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, მან კი სახეში მუშტები დაუშინა, რათა გაეთიშა, თუმცა ვერ მოახერხა. ყვირილზე ხალხი  მოგროვდა და თავდამსხმელი გაიქცა.

„მოწმეების დაკითხვით, მხოლოდ ერთი რამ გავარკვიეთ - დასისხლიანებული ქალი მიწაზე ეგდო და ბოლო ხმაზე ყვიროდა, თავდამსხმელი კი არავის დაუნახავს. ექიმების დასკვნით, ქალი სასტიკად ნაცემი არ იყო, რადგან სილურჯეები არ ეტყობოდა და ყველაზე დიდი, ცხვირში ერთხელ ჰქონდა ხელი მოხვედრილი, რამაც სისხლდენა გამოიწვია. ყელში ხელის წაჭერისა და დახრჩობის მცდელობის კვალიც არ ემჩნეოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა ქალს თვალთვალი დაუწყეს, აინტერესებდათ, განმეორდებოდა თუ არა თავდასხმა, რადგან თუ ვინმემ მისი მოკვლა მართლაც სცადა, მეორედაც შეეცდებოდა მკვლელობას. ათდღიანი თვალთვალით ვერაფერი დადგინდა. არადა, ქალი ამ ათი დღის განმავლობაში, ორჯერ შინ ისე გვიან და ისეთი გზებით დაბრუნდა, პოტენციური მკვლელი უკეთესს ვერ ინატრებდა, თუმცა არავინ გამოჩენილა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ, ქალს თავს მართლა დაესხნენ და ოპერმუშაკებმა მისი დაკავება მოახერხეს. რაოდენ დიდი იყო გაოცება, როცა ხელში... ქმარი შერჩათ. რაღა თქმა უნდა, ის სასწრაფოდ დაკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა კაცმა არაფერი თქვა - ხანდახან თავს ვერ ვაკონტროლებ და მაგის ბრალიაო. ხმა არ ამოიღო ცოლმაც, აქაოდა, ასეთი შემოტევები ჩემს ქმარს რუსეთშიც ჰქონდა, მიჩვეული ვარ, ამის გამო, გაშორებას არ ვაპირებო.

ცხადი იყო, ორივე მხარე რაღაცას მალავდა, მაგრამ რას?!

გამოძიება ჩიხში შევიდა. თვალთვალიც აღარ გამოდიოდა, რადგან ქალი მიხვდა, რომ სამართალდამცავები ისე მალე შემთხვევით ვერ გაჩნდებოდნენ და მუდმივად უკან იხედებოდა. კაციც გაფრთხილდა, ცდილობდა, სამსახურის შემდეგ, პირდაპირ შინ მისულიყო და თითქოს ოჯახური იდილიაც შეიკრა, მაგრამ ყველაფერი ეს, ომის წინ ჩამოვარდნილ სიმშვიდეს ჰგავდა. სწორედ მაშინ, როცა მილიცია ელოდა, რომელს უმტყუნებდა ნერვები, განყოფილებაში გარდაცვლილი გოგონას დაქალი, მშობლებმა მიიყვანეს.

„ჩემმა მეგობარმა გარდაცვალების დღეს დამირეკა, ვუპასუხე თუ არა, დედამისის ხმაც გავიგონე, უყვიროდა. მეგობარმა ყურმილი დაკიდა, მაგრამ სიჩქარეში ან ნერვიულობაში, კარგად ვერ დადო და ყველაფერი მესმოდა. დედა-შვილი ბოლო ხმაზე უყვიროდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ყვირილი შეწყდა და ხმაური გარეთ ატყდა. გავიხედე და ჩემი მეგობარი ასფალტზე გაუნძრევლად ეგდო“, - დაახლოებით, ასეთია გარდაცვლილი გოგონას მეგობრის ჩვენება.

აღნიშნული ჩვენებით ერთი რამ უეჭველად დგინდებოდა - გოგონა ფანჯრებს არ წმენდდა და შესაბამისად, ვერც ფეხი დაუცურდებოდა რაფაზე. ის ან გადმოხტა ისე, რომ რაფას არ შეეხო, ან უბრალოდ, დედამ გადმოაგდო. რაც მთავარია, გარდაცვლილის მეგობარმა ჩვენებაში თქვა, რომ ყვირილის დროს დედა-შვილმა რამდენჯერმე ახსენეს ვინმე დათო. მილიციამ სწორედ ამ ახალი პერსონაჟის ძებნა დაიწყო და მალე მიაგნო. დათო გვერდით კორპუსში მცხოვრებ 25 წლის ბიჭს ერქვა, რომელზეც მეზობლები ამბობდნენ, რომ სწორედ ის გარდაცვლილი გოგო უყვარდა.

„გადავწყვიტე, ბიჭი დაკითხვაზე დამებარებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გოგოს გარდაცვალების მეორე დღეს, მან სამსახურში შვებულება აიღო და სოფელში წავიდა. რა თქმა უნდა, სოფელში ჩავედით და მეტი ეფექტისთვის, დასაკითხი ობიექტი ქალაქში წამოვიყვანეთ, თანაც ისე, რომ მანქანაში კრინტი არ დამიძრავს. ეს ფსიქოლოგიური მომენტია - ეჭვმიტანილს ნერვები აწყდება და შეცდომებს უშვებს“, -გვიყვება ბატონი თენგიზი.

დათოს მონაყოლმა საქმე მთლიანად ამოაბრუნა. როგორც მან აღნიშნა, მეზობლის ქალი, დაახლოებით, ერთი წლის წინ, შემთხვევით, მაღაზიაში გაიცნო, შემდეგ კი ქალმა სთხოვა, მძიმე ჩანთები მაქვს, სახლში ამატანინეო. შემდეგ ჩაის დალევა შესთავაზა, შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და შალიფად ჩაიცვა. ასე გახდა დათო ქალის საყვარელი. როგორც ჩანს, ყველაფერი ეს, ქმარმა გაიგგო და სწორედ ამიტომ, მეუღლე სასტიკად სცემა. შეხვედრები შეწყდა, მაგრამ დროებით. ამის შემდეგ, წყვილი დათოს სახლში ერთობოდა და ძალიან ფრთხილობდა, თუმცა მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - დათომ საყვარლის შვილი გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. გოგონაც არ იყო გულგრილი, ამიტომ ბიჭმა მომავალ სასიდედროსთან ურთიერთობის გარკვევა გადაწყვიტა და უთხრა, რომ ყველაფერი დასრულდა. შემდეგ ყველაფერში შეყვარებულსაც გამოუტყდა და...

სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგოს დედა დააკავეს და უთხრეს, რომ ჰყავდათ მოწმე, რომელმაც დაინახა, როგორ გადმოაგდო დედამ შვილი მეშვიდე სართულიდან. აუხსნეს, რომ თუ მას დახვრეტის მუხლის აცდენა სურდა, აღიარებითი ჩვენება უნდა მიეცა. არადა, საბჭოთა კავშირში, ქალებს, პრაქტიკულად, არ ხვრეტდნენ, თუმცა ამან იმუშავა.

„შვილმა სკანდალი მომიწყო, ჩემს შეყვარებულს თავი დაანებეო. ვერ დავანებებდი, მეც თავდავიწყებით მიყვარდა. შემდეგ დამემუქრა, ყვველა თანაკლასელს ჩამოვურეკავ და ვეტყვი, რომ საყვარელი გყავს, მამა გაიგებს და სახლიდან გაგაგდებსო. ეს ვერ ავიტანე და ხელი ვკარი, არ მეგონა, თუ გადავარდებოდა“, -განაცხადა ქალმა.

რა თქმა უნდა, სასამართლომ ხელის კვრის ვერსია არ გაიზიარა, რადგან ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ხელის კვრით, ფანჯრიდან ადამიანის გადაგდება შეუძლებელი იყო. ამიტომ, დაკავებულს 15-წლიანი სასჯელი მისცეს ანუ მაქსიმუმი, დახვრეტის მუხლამდე. კაცმა ამდენ სირცხვილს ვეღარ გაუძლო და სამშობლოში დაბრუნდა.

„სხვათა შორის, როგორც კი სასამართლო დასრულდა, მკვლელმა დედამ განაჩენი გაასაჩივრა, შემდეგ რუსეთში წერდა წერილებს, აქაოდა, მსურს სასჯელი მანდ მოვიხადო, საქართველოში მჩაგრავენო, მაგრამ მისი ყველა თხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩა. ციხეში ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულის გამო, წელიწადი დაუმატეს და საბოლოოდ, 16 წლით ჩასვეს.

 

 

ბათო ჯაფარიძე