ცნობილმა ქართველმა კარდიოლოგმა ცოლი მოკლა - ექიმის აღსარება და გამოძიების დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 მათ, რომლებსაც საბჭოთა კავშირში მოუწიათ ცხოვრება, აუცილებლად ემახსოვრებათ პატარა შუშის ბოთლში ჩაყრილი ყვითელი ბურთულები, რომლებიც ძალიან გემრიელი იყო და ბავშვებისთვის ვიტამინების როლს ასრულებდა. ამ ვიტამინებს პატარები სიხარულით მიირთმევდნენ, ამიტომ მშობლები იძულებულნი იყვნენ, ისეთ ადგილას დაედოთ, ბავშვებს იოლად ვერ მიეგნოთ და დიდი ოდენობით არ ეჭამათ...

 იყო საქართველოში ცნობილი კარდიოლოგი, რომლის მეუღლეც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. დაქვრივებულმა მეორე ცოლად 30 წლით უმცროსი ქალი მოიყვანა. ისტორია, მართლაც, საოცარი გახლდათ - ქალმა ახალგაზრდა ასაკში გააჩინა ბავშვი, რომელსაც გულის თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა და ხელს ერთი ექიმიც არ ჰკიდებდა. საბოლოოდ, ქალი ცნობილ კარდიოლოგთან მოხვდა, მან ყურადღებით გასინჯა ბავშვი და თქვა, რომ გარისკავდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბიჭი გადარჩა, ქალს კი, სიხარულით აღარ იცოდა, რა ექნა - ქმარმა ხომ იმიტომ მიატოვა, რომ ავადმყოფი ბავშვის წუწუნის ატანა ვერ შეძლო. შემდეგ, ექიმსა და პაციენტის დედას შორის უხილავი ძაფები გაიბა, ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ და საბოლოოდ, შეუღლდნენ კიდეც. ქალს ეტყობოდა, რომ თავისი შვილის მხსნელი თავდავიწყებით უყვარდა, კაცი კი ამაყობდა ახალგაზრდა ცოლით. ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, კარდიოლოგს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ვერაგი დაავადება იმდენად სწრაფად გავრცელდა, ორ თვეში, მთასავით კაცი ლოგინად ჩააგდო და უკანასკნელ დღეებს ითვლიდა... ქალი სამსახურში დადიოდა, ხოლო 6 წლის შვილი მამინაცვალთან რჩებოდა ხოლმე.

„ეს ისტორია საინტერესო არ იქნებოდა, რომ არა უბედური შემთხვევა. ერთ დღეს, შინ დაბრუნებულმა ქალმა შვილი უგონოდ ნახა. ეგონა, რომ ბიჭი გარდაცვლილი იყო, მაგრამ სასწრაფოში მაინც დარეკა. ქმარი წამლებით გახლდათ გაბრუებული და, პრაქტიკულად, ვერ აზროვნებდა. თითქმის უიმედო ბავშვი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს და რადგან სახეზე მწვავე ინტოქსიკაცია იყო, მუცლის ღრუს ამორეცხვა სასწრაფოს მანქანაშივე დაიწყეს. ამის მიუხედავად, პატარა კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შევიდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ბავშვისთვის შესაბამისი პროცედურების ჩატარების პარალელურად, ჩატარდა იმ პრეპარატების ანალიზი, რომელიც ბავშვის მუცლის ღრუდან ამოიღეს. დასკვნა ერთჯეროვანი იყო - პატარას დიდი ოდენობით ის ძლიერმოქმედი პრეპარატები ჰქონდა მიღებული, რომელსაც მამინაცვალი სვამდა. დედამ გაოცებისგან პირი დააღო, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვს წამლები აეღო და დაელია, ერთადერთი, ყვითელ ვიტამინებს ეტანებოდა, მაგრამ ავუხსენით, რომ დიდი ოდენობით არ შეიძლებოდა მათი დალევა და ხელს არასდროს ჰკიდებდაო. ვერსია, რომ ბავშვისთვის, შესაძლოა, ვინმეს ძალით მიეცა წამალი, მაშინვე გამოირიცხა. ჯერ ერთი, ბავშვს დაზიანება არ ეტყობოდა და მეორეც - სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, ქალმა გასაღებით გააღო და საკეტს რაიმე კვალი არ ეტყობოდა, თანაც იმის მიუხედავად, რომ კარდიოლოგი მძიმედ იყო ავად, ისე ნამდვილად არ იყო, შინ უცხო ადამიანის შესვლა ვერ გაეგო და, მით უმეტეს, ბავშვისთვის წამლების ძალით მიღებას ვერ მიმხვდარიყო.

გამოდის, მოხდა რაღაც, რამაც ბავშვი აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა. სამართალდამცავები ბაღში წავიდნენ.

„ბაღში პედაგოგებმა მხრები აიჩეჩეს, არაფერი მომხდარაო, მაგრამ ბავშვებმა დაიწყეს ტიტინი, გუშინ ბიჭს საჭირო ოთახში უნდოდა, ვერ მიასწრო, ჩაისველა და მასწავლებელმა დასცინაო. ახლა ის იყო გასარკვევი, შეიძლებოდა თუ არა, ეს დაცინვა გამხდარიყო ბავშვის სუიციდის მცდელობის მიზეზი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

საქმეში ფსიქოლოგებიც ჩაერთნენ და კატეგორიულად განაცხადეს, რომ აღნიშნულ ინციდენტს არ შეეძლო ბავშვის ფსიქიკაზე ისე ემოქმედა, რომ მას თვითმკვლელობა გადაეწყვიტა. პირველ რიგში, ეს იყო ასაკი ანუ 6 წლის ბავშვი სუიციდზე, უბრალოდ, არ ფიქრობს და, მით უმეტეს, წამლებით სუიციდზე. ელემენტარულად, ბავშვს ის უნდა სცოდნოდა, რომ ბევრი წამალი მომაკვდინებელი და საზიანოა, რაც გამორიცხული იყო.

გამოძიება ჩიხში შევიდა, ერთადერთ იმედად ბავშვი რჩებოდა ანუ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, მაგრამ არც უარესდებოდა და ექიმები ამბობდნენ, აუცილებლად გადავარჩენთო. სწორედ მას უნდა ეთქვა, რა მოხდა სინამდვილეში, თუმცა...

„მომხდარიდან სამი დღე იყო გასული, როცა განყოფილებაში კარდიოლოგმა დარეკა და მიმქრალი ხმით გვითხრა, ჩემმა მეუღლემ თავი მოიკლაო. ეს ნამდვილი შოკი იყო და რაღა თქმა უნდა, შემთხვევის ადგილზე გავედით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

როგორც კარდიოლოგმა გვითხრა, დაურეკეს და უთხრეს, რომ ბიჭი დაიღუპა. მეუღლემ ეს ვერ აიტანა და ფანჯრიდან გადახტა. სამართალდამცავები ძალიან გაბრაზდნენ, რადგან მედპერსონალი უმკაცრესად ჰყავდათ გაფრთხილებული, რომ თუ ბავშვი დაიღუპებოდა, ჯერ მათთვის უნდა ეთქვათ და მერე - მშობლებისთვის. ამიტომ, ერთ-ერთი ოპერმუშაკი საავადმყოფოში წავიდა, დანარჩენები ადგილზე დარჩნენ. საავადმყოფოდან თანამშრომეელი მალე დაბრუნდა და გაოცებულმა თქვა - ბავშვი ცოცხალია და არც საავადმყოფოდან დაურეკავს ვინმესო ანუ ვიღაცამ შეგნებულად იცრუა, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო. გადაამოწმეს და... ზარი მართლაც იყო განხორციელებული, ოღონდ ქუჩის ავტომატიდან ანუ ქალი მოატყუეს და ვინც ეს გააკეთა, ზუსტად იცოდა, რომ მისი ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებდა და ფანჯრიდან გადახტებოდა.

მეორე დღეს ექსპერტების დასკვნაც დაიდო - ქალს ჰქონდა რამდენიმე სისხლჩაქცევა, რომელიც მანამდე იყო მიყენებული, სანამ ფანჯრიდან გადააგდებდნენ. ჰო, გადააგდებდნენ, რადგან ექსპერტები ასპროცენტიანი სიზუსტით ამბობდნენ, რომ ქალი გადააგდეს, თვითონ არ გადავარდნილა. ეს იმიტომ, რომ ფანჯრის რაფაზე არ იყო ნაფეხურები და რაც მთავარია, ფანჯარასთან არ იდგა სკამი ანუ თუ ქალი რაფაზე ასვლას შეეცდებოდა, გვარიანად უნდა ეწვალა და ნაფეხურებით იქაურობა დაესვარა.

ცხადი იყო, რომ ოჯახის უფროსმა ყველაფერი იცოდა და მალავდა. წესითა და რიგით, მას შიში არ უნდა ჰქონოდა, რადგან ყველაზე თამამი პროგნოზითაც კი, ნახევარ წელზე მეტს ვერ იცოცხლებდა. სამართალდამცავები მის დასაკითხად კი არა, დასაკავებლად წავიდნენ. კარდიოლოგმა ერთი კი გაიბრძოლა, მაგრამ შემდეგ ექიმების მიყვანა ითხოვა და საინტერესო ამბავიც მოყვა.

„ბუნებით მესაკუთრე ვარ. ცხოვრებაში რაც მომეწონება, ან ჩემი უნდა იყოს, ან არავისი. ასე იყო ჩემი მეორე ცოლის შემთხვევაშიც, დანახვისთანავე მომეწონა და ბავშვსაც ოპერაცია მხოლოდ იმის გამო გავუკეთე, რომ ის უფრო ხშირად მენახა. არ მეგონა, თუ გადარჩებოდა, მაგრამ გადარჩა. 30 წელი სხვაობა რაც არის, ახსნა არ გჭირდებათ. როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, მივხვდი, ადრე თუ გვიან, ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემი ცოლი ქმარს თუ არა, საყვარელს აუცილებლად ნახავდა. ეს ვერ ავიტანე, ამ აზრს ვერ შევეგუე და გადავწყვიტე, მომეკლა. რაც შეეხება ბავშვს, კარგი ბავშვია, უჩემოდ და დედამისის გარეშე, უბრალოდ, დაიღუპებოდა და მისი მოკვლაც ჰუმანური მიზნებით განვიზრახე. ჩემი წამლები წყალში გავხსენი, ყვითელი ბურთულები მივეცი, დალიე, ვიტამინებია-მეთქი და ის ხსნარი დავაყოლებინე. ახლაც მიკვირს, როგორ გადარჩა. მეორე ეტაპი ცოლის მოშორება იყო. მე პირველი ქორწინებიდან გოგო მყავს, მისი ქმაარი კი გაქნილი კრიმინალია. მას შევუთანხმდი, თუ ცოლს მომაშორებ, ყველაფერი შენ დაგრჩება-მეთქი. დამთანხმდა და ზარიც მან განახორციელა, თუმცა ცოლმა გადამოწმება დააპირა, მაგრამ მე ცოტა გავართე, შემდეგ კი სიძეც მოვიდა, ჯერ გათიშა, მერე ფანჯრიდან გადააგდო. ვნანობ თუ არა ჩადენილს? ისეთ მდგომარეობაში არ ვარ, სინანულისთვის დრო დამრჩეს“, - ეს არის ექიმის „აღსარება“.

მისი სიძე „აღსარებიდან“ ერთ საათში დააკავეს და სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა, კარდიოლოგს კი ვერაფერი მიუსაჯეს - სასამართლომდე, საკანში გარდაიცვალა.

სხვათა შორის, მის მიერ მიცემული ჩვენება კვლევის საგანი გახდა და არაერთმა ექიმმა აღიარა, რომ ადამიანის ტიპი - „მესაკუთრე“ სათანადოდ არ იყო შესწავლილი.

რაც შეეხება პატარა ბიჭს, ის დედის ძმამ წაიყვანა გასაზრდელად და დღეს... საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი კარდიოლოგია.