შეუკვეთეს თუ არა „დათო ტბილისკის“ შვილებმა გია კვარაცხელიას ვაჟის მკვლელობა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ევროპაში „მოღვაწე“ ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ ნიკა კვარაცხელიას მკვლელების მოკვლის ბრძანება გასცეს

 

 

2001 წელი, 25 აგვისტო, მოსკოვი... ვუჩეტიჩის ქუჩაზე მდებარე კოტეჯი, რომელიც ახალგაზრდა კაცს აქვს ნაქირავები და დიასახლისთან ერთად ცხოვრობს. დიასახლისი ახალგაზრდათი კმაყოფილია, ფულს დროულად იხდის, შინ ქალები არ დაჰყავს, არ სვამს... ახლაც, სახლიდან ნაშუადღევს, პირველ საათზე  გავიდა, საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა და... აფეთქების ხმამ კოტეჯის ფანჯრები ჩაამსხვრია. დიასახლისმა მილიციასა და სასწრაფოში დარეკა. ექიმებმა ცოცხალს მიუსწრეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციაში 14 საათი აცოცხლეს, მაგრამ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზარალებული გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. მოგვიანებით, ექსპერტმა თქვა, რომ თავდამსხმელებმა ხელნაკეთი ბომბისთვის, მინიმუმ, 200 გრამი ტროტილი გამოიყენეს და ჩანთა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო, ლურსმნებით იყო სავსე. სწორედ ეს ლურსმნები იყო გარდაცვლილის სხეულში მიმოფანტული. მოკლული საქართველოს მოქალაქე, „კანონიერი ქურდი“, 37 წლის დავით კაკულია, მეტსახელად, „დათო ტბილისკი“ გახლდათ. კაკულია იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდი იყო და მას ტიტული ისეთი „კანონიერი ქურდებისგან“ ერგო, როგორებიც არსენ მიქელაძე, პაატა ჩლაიძე და ავთანდილ ჩიხლაძე იყვნენ. როგორც მაშინ რუსულმა მედიამ დაწერა, კაკულია კრიმინალურ გარჩევებს ემსხვერპლა და კონკურენტების აფეთქებას თავადაც აპირებდა, უბრალოდ, დაასწრეს. ეს ვერსია კი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც კოტეჯის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა ხელნაკეთი ბომბი იპოვეს, რომელშიც... 200 გრამი ტროტილი იყო.

 

მომხდარიდან 20 წლის შემდეგ, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ქართველ ცუკერბერგად შერაცხული, უნიჭიერესი ახალგაზრდა, ნიკა კვარაცხელია საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. თავდამსხმელმა მას ცხრა ტყვია ესროლა, საიდანაც მიზანს რვამ უწია. დაჭრილი კვარაცხელია ექიმებმა საავადმყოფომდე ცოცხალი მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილი ბიჭი „კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შვილი გახლდათ.

რაღა თქმა უნდა, მაშინვე წარმოიშვა ვერსია, რომ ნიკას მკვლელობა მამის საქმიანობას უკავშირდებოდა და ეს, იმის მიუხედავად, რომ უმცროსი კვარაცხელია არასდროს ყოფილა შემჩნეული კრიმინალში. სამი წლის წინ, ის საქართველოში საფრანგეთიდან დაბრუნდა, სადაც განათლება მიიღო და ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა. ნიკა პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი გახლდათ და მას სტატია „ფორბსმაც“ მიუძღვნა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდას და მომავალ მილიარდერს.

ვინც ნიკას იცნობდა, ყველა აღიარებს, რომ სამყაროს სხვანაირი აღქმა ჰქონდა, სხვანაირად ხედავდა მოვლენებს და არა მარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოშიც ხმამაღალ სიტყვას ძალიან მალე იტყოდა. მაშ, რა მოხდა, რატომ მოკლეს ბიჭი, რომლის მთავარი „დანაშაული“ „კანონიერი ქურდის“ შვილობა იყო?! ყოველ შემთხვევაში, გამოძიებას სხვა ვერსია ჯერჯერობით არ აქვს.

მკვლელობაში ორი ეჭვმიტანილია - 21 წლის ალეკო ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე. როგორც შს სამინისტროს კულუარებში ამბობენ, გასროლა ჭელიძემ განახორციელა, კავილაძე კი დაქოქილ მანქანაში იჯდა და მკვლელი იქაურობას ოპერატიულად გააცილა. იმასაც ამბობენ, რომ ორივე მათგანმა საქართველო უკვე დატოვა და საზღვარი არალეგალურად, აღმოსავლეთ საქართველოს მხარეს გადაკვეთა. ეს უკვე დაზუსტებული ინფორმაციაა - ჭელიძის ოჯახის წევრები მომხდარით შოკირებულები არიან. რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჩანდეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილის მშობლები წესიერი ხალხია, საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ და რაც მთავარია, მათ ფინანსურად არ უჭირთ ანუ გამორიცხულია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვინმეს ფინანსურად მოეხიბლა და შეკვეთილ მკვლელობაში ფული აეღო.

სამართალდამცავებიც და ორივე ოჯახის მეგობრებიც ვარაუდობენ, რომ საქმე 20 წლის წინ მომხდარ მვკლელობას ეხება. მაშინ არაოფიციალურად ხელი, სწორედ კვარაცხელიასკენ გაიშვირეს და თქვეს, რომ დათო კაკულიას მკვლელობა, სწორედ გია კვარაცხელიამ შეუკვეთა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაციითვე, მხარეებს შორის შეხვედრა შედგა, კვარაცხელია პირადად ესაუბრა კაკულიას შვილებს და დაარწმუნა, რომ მათი მამის მკვლელობასთან შეხება არ ჰქონია.

როგორც გვეუბნებიან, კაკულიებმა კვარაცხელიას ხელიც ჩამოართვეს და წლების განმავლობაში, მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. უფრო მეტიც, კაკულიებს თუ კვარაცხელიას მოკვლის სურვილი ჰქონდათ, ამას მარტივად მოახერხებდნენ და ოჯახის წევრზე შურს არ იძიებდნენ. მაშ, რა მოხდა ახლა, რამაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა?

ევროპაში მცხოვრები „კაი ბიჭები“ არ გამორიცხავენ, რომ ძმები კაკულიები ვიღაცამ, ვისიც მათ სჯერათ, დაარწმუნა, რომ მამა სწორედ კვარაცხელიამ მოუკლა და ამ ხნის განმავლობაში, უბრალოდ, ატყუებდა. ეს გახდა ასეთი სასტიკი შურისძიების მიზეზიც ანუ მათი თქმით, კვარაცხელიას არ აპატიეს ის, რომ წლების განმავლობაში, მამის მკვლელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. არავინ უარყოფს, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, კაკულიები სომხეთში იმყოფებოდნენ. 4 დღით სომხეთში იყო წასული მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჭელიძეც და საქართველოში, ნიკა კვარაცხელიას სიკვდილამდე 3 დღით ადრე დაბრუნდა. მიიღო თუ არა მან კაკულიებისგან კვარაცხელიას მოკვლის დავალება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტები დროსა და სივრცეში ერთმანეთს ძალიან საეჭვოდ ემთხვევა.

ახლა კი მთავარი: ევროპაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ უკვე გატარდა „პრაგონი“, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში ეჭვმიტანილებს არათუ თავშესაფარი უნდა მისცეს არავინ, ვისაც „კაიბიჭური“ ცხოვრება სურს, არამედ, ისინი უნდა დახოცონ. ქურდული „კანონებით“, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა  ჩარჩოებში არ ჯდება, მით უმეტეს, თუ ოჯახის ეს წევრი კრიმინალთან კავშირში არ არის და შეხება არც „შავ სამყაროსთან“ აქვს. შედეგად, ჭელიძისა და კავილაძის ქვეყნიდან გასვლა, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი ქართულ მართლმსაჯულებას გაექცნენ, გაექცევიან თუ არა ქურდულ ვენდეტას, ძნელი სათქმელია.

„არცთუ იშვიათად ყოფილა, როცა „კანონიერი ქურდის“ მკვლელის მოკვლისთვის, მკვლელისთვის „კანონიერი ქურდის“ გვირგვინი დაუდგამთ. თითქმის ანალოგიური შემთხვევაა  ახლაც. გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ თუ რომელიმე „კაი ბიჭი“ ნიკას მკვლელობაში ეჭვმიტანილებს მოკლავს, გია კვარაცხელია მათ ქურდის წოდებას არ დაამადლის. ამ სახელის ასე „მარტივად“ მოპოვება კი ძალიან ბევრს სურს“, - ამბობენ ევროპაში მცხოვრები კრიმინალები...

21-ე საუკუნეში, „კანონიერი ქურდობა“ კვლავ რომანტიულად რომ ჟღერს, „კაი ბიჭები“ კვლავ რომ არსებობენ და მათი არსებობა ყველამ იცის, სწორედ ეს გახლავთ ტრაგედია. ისიც ითქვა, კაკულიები კვარაცხელიას მოკვლის სანაცვლოდ, მის მკვლელებს შეპირდნენ „კანონიერი ქურდის“ ტიტულსო და ყველაფერი ერთ დიდ ჯოჯოხეთს რომ ემსგავსება, ალბათ, თქვენც ატყობთ?!

 ავტორი - ბათო ჯაფარიძე