„დანის ერთი დარტყმით მოვკალი“ - მკვლელობა გავლენიანი ადამიანების კორპუსში და მკვლელის აღიარებითი ჩვენება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

საქართველოში „მხედრიონის“ სახელმა ისევ გაიჟღერა - შს ყოფილმა მინისტრმა, თემურ ხაჩიშვილმა პირდაპირ თქვა, ჩემზე თავდასხმას „მხედრიონის“ წევრის შვილი ცდილობდა და საბედნიეროდ, ვერ მოახერხეაო. ზოგადად, „მხედრიონი“ ძალიან უცნაური მოვლენა იყო. დღემდე ბევრს, ის ვაჟკაცების ორგანიზაციად მიაჩნია, ბევრი კი თვლის, რომ „მხედრიონი“, უბრალოდ, ნაძირლების თავშესაფარი იყო. რეალობა კი ის გახლავთ, რომ „მხედრიონში“, ისევე, როგორც ყველგან, იყვნენ ვაჟკაცებიცა და ნაძირლებიც. საბოლოოდ, ზუსტად ისე გამოვიდა, ერთმა ტალახიანმა ღორმა ათასი რომ გასვარა. „მხედრიონმა“ აფხაზეთში ძალინ ბევრი მებრძოლი დაკარგა, მაგრამ იყო აფხაზეთი და იყო... დარჩელი, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

მაშინ ბევრი ცდილობდა, რაღაცები „მხედრიონისთვის“ დაებრალებინა, ბევრიც „მხედრიონელობას“ იბრალებდა და დღემდე არაერთ გაუხსნელ დანაშაულზე მიწერილია - „მხედრიონი“ იზამდაო, თუმცა რეალობა არავინ იცის და არც ის, იზამდა თუ არა.

 

„თბილისის ერთ-ერთ კორპუსში, მოსახლეობამ პენსიონერი დაიქირავა. იქ შეძლებული ხალხი ცხოვრობდა, ეს კაცი კი კარისკაცის ფუნქციას ასრულებდა - სადარბაზოს კეტავდა, თუ ვინმე იარაღიანი მოვიდოდა, კორპუსში განგაშს ტეხდა. მოკლედ, ცოცხალი სიგნალიზაცია იყო. ჰოდა, ერთ დღეს, დილით, ეს კაცი სადარბაზოში, სახელდახელოდ მოწყობილ ჯიხურში გარდაცვლილი იპოვეს - დანა ჰქონდა გულში დარტყმული, თუმცა მკვლელობის იარაღი ადგილზე არ იყო. მაშინ, 90-იანებში, მკვლელობა სხვა დანაშაულებზე ხშირად ხდებოდა და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. იმ კორპუსში იმდენი გავლენიანი ადამიანი ცხოვრობდა, შუაზე უნდა გავხეულიყავით და საქმე გაგვეხსნა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ადგილზე მისულ თანამშრომლებს ბევრი არაფერი დახვდათ. არ იყო მკვლელობის იარაღი, არ იყო მოწმე და რაც მთავარია, ჯიხურში იყო მხოლოდ იმ მოხუცის თითის ანაბეჭდი. კორპუსის მცხოვრებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასაკის მიუხედავად, კაცს მტკიცე ხასიათი ჰქონდა, არავის ეპუებოდა და კბილებამდე შეიარაღებულ ხალხსაც კი უკან აბრუნებდა. გაჩნდა ვერსია, რომ სწორედ იმ კბილებამდე შეიარაღებულმა ხალხმა იმსხვერპლა და ძიება ამ მიმართულებით წავიდა. პარალელურად, გარდაცვლილის წარსულის შესწავლაც დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ პენსიაზე გასვლამდე, ციხეში ზედამხედველად მუშაობდა და დიდი ალბათობით, შესაძლოა, ყოფილ პატიმარს ეძია შური, თუმცა...

„მის ბიოგრაფიაში იყო ერთი საინტერესო დეტალი: როცა ციხეში მუშაობდა, სამ პატიმარს გაქცევის მცდელობა ჰქონდა. გაქცეულები სწორედ მოკლულმა დაინახა და ცეცხლი გახსნა. ორი ადგილზე მოკლა, მესამე - დაჭრა. სწორედ იმ მესამის ძიება დავიწყეთ და დავადგინეთ, რომ იმ პერიოდისთვის, „მხედრიონში“ მსახურობდა. რაღა თქმა უნდა, გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ მკვლელობა სწორედ მისი ჩადენილი იყო და ძებნა დავიწყეთ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ძებნილს მალე მიაგნეს. კბილებამდე შეიარაღებული, ის ერთ-ერთ შტაბში იყო. გასაგებ მიზეზთა გამო, დაკითხვაზე ვერ წაიყვანდნენ, ამიტომ გამომძიებლებმა იქვე გამოკითხეს. პასუხიც შესაბამისი მიიღეს - ჩემი მოკლული რომ იყოს, არ დავმალავდი, არც კი ვიცოდი, მანდ თუ მუშაობდა, ან საერთოდ, სად იყო, თორემ შეიძლება, მართლა მომეკლაო. გარდა ამისა, მკვლელობის დროს, „მხედრიონელი“ სხვა ქალაქში იყო და მოწმეებიც ჰყავდა. მართალია, მოწმეების ძირითადი ნაწილიც „მხედრიონელები“ გახლდნენ, მაგრამ მაშინ ამ ორგანიზაციას ისეთი ძალაუფლება ჰქონდა, მკვლელობას, უბრალოდ, არ დამალავდნენ, „იღადავებდნენ“ და სამართალდამცავებს დასცინებდნენ.

გამოძიება ჩიხში შევიდა, რადგან სხვა მტერი გარდაცვლილს, უბრალოდ, არ ჰყავდა. არ ჰყავდა ცოლ-შვილი და გარდაცვალების შემდეგ, მისი ბინა ბიძაშვილს უნდა დარჩენოდა. ბიძაშვილი სოფელში ცხოვრობდა, თავს გაჭირვებით ირჩენდა და თბილისის ბინა, მისთვის ერთგვარი შვება იქნებოდა. შესაბამისად, ეჭვმიტანილი ის გახდა და მილიციის თანამშრომლები სოფელში ჩავიდნენ.

უტელეფონობის, უშუქობის და კიდევ ბევრი „უ“-ს გამო, ბიძაშვილმა მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა - ბიძის მეზობლები ვერ დაუკავშირდნენ და მილიციისგან შეიტყო, რომ ბიძაშვილი გარდაიცვალა, რომელიც მეორე დღეს, მეზობლებს უნდა დაემარხათ სამადლოდ. ალიბიც ჰქონდა - სოფლიდან არ გასულა, მთელი სოფელი თავდებში დაუდგა და არც ეტყობოდა იმ კაცს მკვლელის არაფერი. როცა ბინა და შესაძლო შემოსავალი უხსენეს, ხელი ჩაიქნია, მაგას იმდენი საბუთები და ფული დასჭირდება, არ მაქვს და ალბათ, არც მომცემენ მაგ ბინასო.

გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილი და მოწმე არ ჰყავდა. კორპუსის მაცხოვრებლებმა კი თქვეს, გარდაცვლილს თან ძველებური, ვერცხლის ძალიან ძვირფასი პორტსიგარი ჰქონდა და შეიძლება, იმისთვის გაიმეტა ვინმემო, მაგრამ პორტსიგარიც ჯიბეში ედო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი დაუფლება მკვლელს არ სურდა.

გარდაცვლილი სამადლოდ მეზობლებმა გაასვენეს, იქ მისულმა სამართალდამცავებმა კი საინტერესო ვერაფერი ნახეს. ის იყო, ხელი უნდა ჩაექნიათ, რომ განყოფილებაში აღნიშნული კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მივიდა და განწირული ხმით თქვა - გამქურდეს!

მკვლელობის განყოფილებაში ქურდობით ნაკლებად ინტერესდებოდნენ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო. პატრონი ბინაში ორი კვირა არ იმყოფებოდა, დაბრუნდა და ბინა გაქურდული დახვდა. რაც მთავარია, სავარაუდოდ, კარი „ატმიჩკით“ იყო გაღებული და დაკეტილი ანუ სანამ თავად არ შევიდა სახლში, მანამდე ვერავინ ვერაფერი გაიგო. გაჩნდა ვერსია, რომ ქურდი სწორედ მოხუცმა დაინახა, იცნო და ამის გამო მოიშორეს. მოპარულ ნივთებს შორის, ერთი ძველებური ხატი იყო, რომლის ფასსაც პატრონი ვერ ასახელებდა. ექსპერტებმა თქვეს, შეუფასებელიაო. მისივე თქმით, იმ მდგომარეობაში, ხატს ვერავინ გაყიდდა, რადგან სერიოზული რესტავრაცია და, დაახლოებით, 3-4 ათასი დოლარი სჭირდებოდა, რაც იმ დროისთვის, ძალიან დიდი ფული იყო.

„თბილისში, ხატების რესტავრატორები ერთი ხელის თითებზე დაითვლებოდნენ, ამიტომ ყველას სათითაოდ ჩამოვუარე, თან მისი მფლობელიც წავიყვანე და ერთ-ერთ სახელოსნოში, ხატს მივაგენით - რესტავრაციისთვის ჰქონდათ დატოვებული. რესტავრატორმაც არაფერი დამალა, პირდაპირ თქვა, არ ვიცი, ვინ მომიტანა, მაგრამ ფულის ნახევარი დატოვა, მეორე ნახევარს ორ დღეში შემოიტანს და ხატსაც წაიღებსო. გარისკვა არ შეიძლეროდა, სახელოსნოსთან ჩასაფრება იმ დღესვე მოვაწყვეთ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მართლაც, ხატის წასაღებად, შემკვეთი ორ დღეში მივიდა და მარტივად დააკავეს. ის იმავე კორპუსის მაცხოვრებელი და საკმაოდ შეძლებული კაცი აღმოჩნდა, თუმცა...

„ბიზნესი დავიწყე, მაგრამ არ გაამართლა. სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებამ  სულ ნაწილ-ნაწილ წამართვა ყველაფერი. შემდეგ მანქანა გავყიდე, ვალები რომ დამერიგებინა, მაგრამ მანქანის ფულიც გზაში წამართვეს. დავრჩი ყველაფრის გარეშე და მევალეებმა რომ გაიგეს, ქურდები ჩარიეს, მათ ცალკე პროცენტები დამაკისრეს, ამიტომ რაღაც უნდა მეღონა. ვიცოდი, რომ მეზობელს საოცარი ხატი ჰქონდა, კლიენტიც კი ვნახე, „ატმიჩკებს“ კი ახალგაზრდობიდან, გასართობად ვაკეთებდი და ვიყენებდი კიდეც - მეგობრების სახლებს ვაღებდი, ვერთობოდი. ყველაფერი საჩემოდ მოხდა, მეზობელი სადღაც წავიდა, ბინაში დაუბრკოლებლად შევაღწიე, ხატთან ერთად, დაახლოებით, ათასი დოლარიც წამოვიღე და ოქროს საათიც, რომელიც ოქრომჭედელს ჯართად ჩავაბარე, მაგრამ ვინმეს რომ არ ეცნო, ჯერ რელსზე დავდე და მატარებელმა ჯართად აქცია. არ ვიცი, იმ ჩემი ცოდვით სავსეს, იმ დღეს რა უნდოდა, ღამის სამ საათზე, მეზობლის ბინიდან რომ გამოვედი, კართან დამხვდა - ხმაური გავიგე, ასეთ დროს, კარს არავინ აღებს და ამოვედიო. მითხრა, ამ კაცის ბინაში რა გინდაო და ვუპასუხე, წასულია, ყვავილების მოსარწყავად გასაღები დამიტოვა-მეთქი. თავი გადააქნია, მატყუებ რაღაცას, ნამყოფი ვარ მაგასთან, ყვავილები არ მინახავსო და დამემუქრა, ეგ ფუთა, ხელში რომ გიჭირავს, უკან შეიტანე, თორემ მილიციაში დავრეკავო. კამათ-კამათით მის ოთახში ჩავედი. მივხვდი, არასასურველი მოწმე იყო და ამიტომ, დანის ერთი დარტყმით მოვკალი. დანარჩენი კი იცით“, - ეს გახლავთ ამონარიდი დაკავებულის ჩვენებიდან.

სასამართლომ ქურდობისა და მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს 11 წელი მიუსაჯა, თუმცა ნახევარიც არ მოუხდია - შეიწყალეს.