საუკუნის ძარცვა ლონდონში - „ბებრების ბანდა“

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხუთი წლის წინ, 2015 წლის აპრილის დასაწყისში, ლონდონში მოხდა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყაჩაღობა - მძარცველებმა Hatton Garden Safe Deposit (Hatton Garden) - დან დაახლოებით 13,5 მილიონი ფუნტის ღირებულების სამკაულები წაიღეს.

მათ ნაგვის კონტეინერებით გამოიტანეს ოქრო, ბრილიანტები, ძვირფასი ქვები, ასევე სამკაულები, ფული და სხვა ძვირფასი ნივთები.

ყაჩაღობა აღსანიშნავია არა მხოლოდ მოპარული ნივთების ღირებულებით (რომელთა დიდი ნაწილი, სხვათა შორის, ჯერაც არ არის ნაპოვნი), არამედ იმით, თუ რამდენად ადვილად და მარტივად იქნა ეს ძარცვა ჩადენილი, და ასევე უამრავი სასაცილო და კურიოზული დეტალით.

საზოგადოება გაოგნებული იყო ყაჩაღების ასაკითაც: აღმოჩნდა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში, ბანდის წევრები საშუალოდ 62 წლისები იყვნენ, მათ შორის ყველაზე ხნიერი 80 წელს გადაცილებული გახლდათ. ბანდას ხუმრობით Grandpa Gang (ბაბუების ბანდა) შეარქვეს და ასევე უწოდებდნენ Diamond Wheezers (ალმასის ბებრებს).
Hatton Garden Safe Deposit Ltd რესპექტაბელური ბრიტანული კომპანიაა, რომელიც 100 წელზე მეტია აქირავებდა სეიფებს ოქროს, ძვირფასი თვლებისა და სხვა ფასიანი ნივთების შესანახად. მისი საცავი ჰატტონ-გარდენზე მდებარეობდა. ეს ქუჩა ცნობილია მრავალი საიველირო მაღაზიით და ითვლებოდა, რომ იგი ფორტ ნოქსივით საიმედოდ იყო დაცული. თუმცა ეს მხოლოდ მანამდე, სანამ ერთხელ, 2015 წლის ხანგრძლივი სააღდგომო დასვენების დღეებში, პენსიონერი მამაკაცების ჯგუფმა საწინააღმდეგო არ დაამტკიცა.
ბანდაში რვა მძარცველი იყო და მათ უმრავლესობას კრიმინალური წარსული ჰქონდა.


მათი ხელმძღვანელი 1939 წელს დაბადებული ბრაიან რიდერი იყო. რომელიც 80-იან წლებში პოლიციელის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. 1983 წელს იგი მონაწილეობდა ჰითროუს აეროპორტის საწყობის ცნობილ ყაჩაღობაში: მაშინ 26 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიპარეს და ნაძარცვის უმეტესი ნაწილს ვერსად მიაგნეს.


უკანასკნელ წლებში ბრაიან რიდერს, რომელსაც მისი თანამშრომლები „პატრონს“ და „ბოსს“ უწოდებდნენ, ნახმარი მანქანებით ვაჭრობის მცირე ბიზნესი ჰქონდა. ჰეტონ გარდენის სარდაფის გასაძარცვად, ის ავტობუსით, სხვისი სამგზავრო ბარათით ჩამოვიდა. ისევე როგორც კოლეგა დენიმ, რიდერმაც ამ საქმისთვის ფერადი ტანისამოსი ჩაიცვა - მას ეკეთა წითელი შარფი, რომელიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს და მოგვიანებით მის სახლში იპოვეს.

მისი მთავარი თანამზრახველი იყო დანიელ ჯონსი (დენი), 1955 წელს დაბადებული, მდიდარი გამოცდილების მქონე „მედვჟატნიკი“ სეიფების ოსტატი, რომელიც ძარცვებში სულ მცირე 1975 წლიდან მონაწილეობდა. 1982 წელს ის ექვსი წლით ციხეში ჩაჯდა საიუველირო მაღაზიის გაქურდვის გამო.

დენიმ სარდაფის ძარცვის მომზადება სხვებზე ადრე დაიწყო. აღწერილ მოვლენებამდე სამი წლით ადრე, მან ყურადღებით შეისწავლა სხვადასხვა სახის საბურღი დანადგარები ინტერნეტში.

დენის თანამზრახველებმა მის შესახებ გამომძიებლებს საოცარი რამ უთხრეს. ამ ექსცენტრიულ ყაჩაღს, ერთ-ერთი თანამონაწილის თქმით, დედის პენუარში ეძინა და ღამით ფესკას (თურქულ ქუდს) ატარებდა. ჯონსი თავის ძაღლს ადამიანივით ესაუბრებოდა, სასამართლო პროცესზე კი განაცხადა, რომ ის ფლობს ზებუნებრივ ძალებს და შეუძლია გააკონტროლოს ადამიანების გონება.

პოლიციამ არ შეამოწმა ბოლო ორი განცხადების სიზუსტე, მაგრამ დენის ექსცენტრიულობა ნამდვილად არ აკლდა. იგი ძარცვაზე ზოლიანი შარვლით, წითელი ბოტასებით, მუქი ლურჯი კეპკითა და ასევე შუქამრეკლი ჟილეტით მივიდა - იმისათვის, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო, ბანდიტები თავს მუშებად ასაღებდნენ.

ჯონ კენეტ კოლინზი, 1940 წელს დაბადებული, რომელსაც თანამზრახველებმა უბრალოდ კენი უწოდეს, უფრო მარტივი ფრინველი იყო: იგი 6-ჯერ დააპატიმრეს - ჯამში, დაახლოებით, 13 წლის განმავლობაში, წვრილმანი ძარცვის გამო. მას ყველაზე მარტივი რამ ევალებოდა: ყაჩაღობის ადგილთან უნდა გაჩერებულიყო და საფრთხის შემთხვევაში, თანამზრახველებს რადიოთი უნდა დაკავშირებოდა.

როგორც პოლიციამ გაარკვია, კენი ვერ გაუმკლავდა მასზე დაკისრებულ ამოცანას. მას ძარცვის დროს თავისი ფურგონის საჭესთან დაეძინა. მეტიც, მან ვერც ნაძარცვის გამოყენება მოახერხა და ნივთების ნაწილი სწორედ მის სახლში იპოვეს.

ტერენტი პერკინსი (ტერი) დაიბადა 1948 წლის 4 აპრილს. მან საკუთარ დაბადების დღეზე ჰეტონის ბაღების დეპოზიტარი გაძარცვა. ტერი არანაკლები „გაქანების“ ყაჩაღი იყო, ვიდრე „ბოსი“ ბრაიან რიდერი. ის მონაწილეობდა ისეთ ცნობილ საქმეში, როგორიცაა Security Express საცავის ძარცვა ლონდონში. საიდანაც დღისით, მზისით, 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიპარეს - ეს იყო ბრიტანეთის ისტორიაში ფულის ყველაზე დიდი მოპარვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ცნობილი მოვლენა ტერის დაბადების დღეს მოხდა - 1983 წლის 4 აპრილს. როგორც ჩანს, მას ნამდვილად უყვარდა საკუთარი თავისთვის ძვირადღირებული საჩუქრების ჩუქება.

ტერიის ბიოგრაფიაში იყო კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ის ციხიდან გაიქცა. უფრო ზუსტად, ის არ დაბრუნებულა ციხეში შვებულებიდან, რომელიც მან პატიმრობის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე აიღო. შემდეგი 16 წლის განმავლობაში იგი დედასთან იმალებოდა, მაგრამ არც ისე ფრთხილად: ის მძღოლად მუშაობდა და ექიმთანაც კი დადიოდა, რომელთანაც თავისი ნამდვილი სახელით იყო დარეგისტრირებული. პოლიცია მას არც ისე აქტიურად ეძებდა: იპოვეს მხოლოდ 2012 წელს და გაგზავნეს სასჯელის მოსახდელად.

2015 წლის ძარცვა ტერიის გედის სიმღერა იყო. მრავალი წლის განმავლობაში ის სერიოზულად დაავადებული იყო დიაბეტით. 2010 წელს მას სასამართლო პროცესი უნდა დაეწყო ლონდონის ბონდის ქუჩაზე მდებარე Chatila საიუველირო მაღაზიის გაქურდვის გამო, მაგრამ ჯანმრთელობის გამო ეს ვეღარ შეძლო.

უილიამ ლინკოლნი, 1955 წელს დაბადებული, მეტსახელად „ბილი თევზი“, იყო თანაგუნდელი, რომელსაც უნდა წაეყვანა ბანდა დანაშაულის ადგილიდან. თევზის აღიარებით, ის არ იყო უმაღლესი გონების ადამიანი. გარდა ამისა, მას აწუხებდა ოსტეოართროზი და თეძოს ორი სახსარი ჰქონდა შეცვლილი. ბილი თევზი კენის დასთან თანაცხოვრობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა კენიმ გაუმხილა მას გაძარცვის გეგმა და მასთან ერთად წავიდა საქმეზე.

ამ ჯგუფის „ახალგაზრდობის“ (60 წლამდე) განყოფილება შედგებოდა 58 წლის კარლ ვუდისა და 48 წლის ჰიუ დოილისგან. ორივე ამ ამბის უმნიშვნელო პერსონაჟები იყვნენ. ჰიუ საერთოდ არ მონაწილეობდა ძარცვაში - მას მოეთხოვებოდა, დაეთმო სახელოსნო ნაძარცვის შესანახვად. კარლი, რომელიც დენი ჯონსის მეგობარი იყო, კრონის დაავადებით იტანჯებოდა, უმუშევრობის შეღავათებით ცხოვრობდა და რამდენიმე ათასი გირვანქა ვალი ჰქონდა, რომლის გადასახდელადაც ჩაერთო ძარცვაში.

უკანასკნელი და ყველაზე იდუმალი პიროვნება იყო ადამიანი, რომელსაც ბასილი ჰქვია და რომლის ნამდვილი სახელი არცერთმა თანამზრახველმა არ იცოდა. პოლიცია მას უფრო დიდხანს ეძებდა ვიდრე სხვებს. მის შესახებ ცნობილი იყო, რომ სწორედ მან გამორთო განგაში და ყაჩაღებს საცავში შესვლაში დაეხმარა.

ტრენინგი

„ბებერი ყაჩაღები“ საქმეს 2 აპრილს შეუდგნენ. მანამდე კი ისინი ფრთხილად მოემზადნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ აქტიური მომზადება ყაჩაღებმა კარგა ხნით ადრე დაიწყეს. ბრაიან რიდერის სახლის ჩხეკისას იპოვეს წიგნები ალმასებით არალეგალური ვაჭრობის შესახებ, ბრილიანტის ტესტერი და ჟურნალები ბრილიანტებზე.
კოლინზი მრავალი დღის მანძილზე მოძრაობდა საცავის შენობის ირგვლივ, აკვირდებოდა და აფიქსირებდა თანამშრომლების მიმოსვლის გრაფიკს. პოლიციამ მოგვიანებით ვიდეოკამერების ჩანაწერებზე მრავალჯერ დააფიქსირა მისი ფურგონი.
მეზობლად მდებარე საიველირეო მაღაზიის მეპატრონე მოგვიანებით აცხადებდა, რომ 2015 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გრძნობდა, რომ უთვალთვალებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მართლაც უთვალთვალებდნენ, მაგრამ არა მას, არამედ საცავს. მძარცველებმა შეძლეს საცავის შიგნიდანაც დათვალიერებაც  - მათ პოტენციურ კლიენტებად გაასაღეს თავი.
მათ წიგნიც კი იყიდეს „კრიმინალისტიკა ჩაინიკებისათვის“, რათა ესწავლათ, როგორ არ დაეტოვებინათ დნმ-ი დანაშაულის ადგილზე.

ძარცვა

2 აპრილი, ხუთშაბათი - ბოლო სამუშაო დღე იყო ოთხდღიანი სააღდგომო დასვენების წინ. შენობა, სადაც ინახებოდა ასობით მილიონი ფუნტის ძვირფასეულობა, ოთხი დღით დაცარიელდა - დაკეტილი კარისა და ჩართული სიგნალიზაციის იმედად. ეს დრო მძარცველებს ეყოთ დაგეგმილი ძარცვის განსახორციელებლად.
ხუთშაბათ საღამოს მუშებად გადაცმული მძარცველები ბორბლებიანი ნაგვის ურნებით, რომლებშიც ხელსაწყოები ედოთ, საცავთან მივიდნენ. საცავის დაკეტვამდე ცოტა ხნით ადრე, ბეზილი შიგნით შევიდა, თავი გაასაღა სატელეკომუნიკაციო სამსახურის ხელოსნად და გათიშა სიგნალიზაცია მობილური სიგნალის დამხშობის გამოყენებით.
შენობაში მოხვედრის შემდეგ, მძარცველებმა ლიფტის შახტაში შეაღწიეს და ჩაიტანეს იქ ბურღი. დილის რვა საათამდე ისინი ბურღავდნენ 50 სმ-ის სისქის ბეტონს, მაგრამ უშედეგოდ, რადგან იქ აღმოჩნდა ფოლადის ფირფიტაც. ისინი წავიდნენ საცავიდან, უკან შუადღეს დაბრუნდნენ და თან მოიტანეს უფრო ძლიერი დანადგარი. ამჯერად მათ არ ახლდათ კარლი, რომელსაც შეეშინდა და მეორედ საქმეზე აღარ წავიდა.
მეორე ცდა შედეგიანი აღმოჩნდა: მძარცველებმა გახვრიტეს კედელი იმისათვის, რომ იქ ადამიანი გატეულიყო. მათ უპრობლემოდ გატეხეს 73 სეიფი, რომელთა ღირებულებაც, პოლიციის შეფასებით, 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. ძარცვის მეორე ფაზა იდეალურად შესრულდა: ნაძარცვი უპრობლემოდ გაიტანეს, და გაიყვეს: თითოეულს უნდა შეენახა თავისი წილი ხელსაყრელ დრომდე.

როგორ დაიჭირეს და გაასამართლეს მძარცველები

გაძარცვულ საცავში სიმშვიდე სუფევდა კვირასაც და ორშაბათსაც. მხოლოდ სამშაბათს, 7 აპრილს, თანამშრომლები დაბრუნდნენ სამსახურში და აღმოაჩინეს, რომ სანამ ისინი ისვენებდნენ, ვიღაცამ გვარიანად იშრომა. მედიამ მომენტალურად შეიტყო მომხდარის შესახებ. პირველ სათაურებში აცხადებდნენ, რომ ეს საუკუნის ყველაზე დიდი ქურდობაა, ზიანი 200 მილიონ ფუნტ სტერლინგს აღწევდა. პოლიციამ მკლავები დაიკაპიწა, საქმეს შეუდგა და ძალიან მალე მიაგნო ყაჩაღების კვალს: რაც არ უნდა ეცადო კვალის დაფარვა, მათ ეს ვერ შეძლეს. ოქრო, ბრილიანტები, ძვირფასი თვლები, სამკაულები, ნაღდი თანხა და სხვა ძვირფასეულობა, რომელსაც კლიენტები სეიფებში ინახავდნენ, ბანდიტებმა ნაგვის კონტეინერების მეშვეობით გაიტანეს.
პირველი ხაზი იყო კოლინზის თეთრი ფურგონი, რომელიც ბევრჯერ გამოჩნდა საცავთან ძარცვამდე და დაფიქსირდა კამერებით. რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიცია უკვე აკვირდებოდა ზოგიერთ ყაჩაღს.

მძარცველებს ეჭვი კი არ გასჩენიათ, რომ მათ უთვალთვალებდნენ და, საცავში წარმატებული შეღწევიდან ერთი თვის შემდეგ, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ტერი პერკინსის დისშვილის სახლში ნაძარცვის ნაწილის განკარგვისა და შემდგომი გეგმების განსახილველად. სწორედ მაშინ დაიჭირეს და მთელი ბანდა წარსდგა სასამართლოს წინაშე, გარდა იდუმალი ბეზილისა, რომელიც აგრძელებდა დამალვას.

ექსპერტების აზრით, მათ შორის დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებიც, რომლებსაც ბრიტანული მედია გამოკითხავდა, აცხადებდა, რომ მძარცველები ბრწყინვალედ მოემზადნენ საქმისთვის, მაგრამ საკუთარი ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის გამო,  რამდენიმე გაუმართლებელი შეცდომა დაუშვეს. არაა საუბარი მხოლოდ კამერაში მოხვედრილ ფურგონზე, არამედ, მაგალითად, ისინი საერთოდ არ ზრუნავდნენ უსაფრთხოებაზე ციფრულ საკითხებში და მშვიდად განიხილავდნენ ძარცვის დეტალებს მიმოწერაში.

გარდა ამისა, ისინი ძარცვიდან ძალიან მალე შეხვდნენ ერთმანეთს.  კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა ანონიმურობის პირობით Mirror- ს განუცხადა, რომ მძარცველები უბრალოდ სულელურად იქცეოდნენ: ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა დაშლილიყვნენ და ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ვეღარ იპოვიდნენ.

დამნაშავეთაგან ოთხს - პერკინსს, ჯონსს, ლინკოლნსა და კოლინზს - შვიდ-შვიდი წელი, დანარჩენებს კი ნაკლები სასჯელი მიუსაჯეს. ჰიუ დოილმა, რომელიც სინამდვილეში არ მონაწილეობდა ძარცვაში, პირობითი მსჯავრი მიიღო. იგი დიდი ხნის განმავლობაში ხელს ართმევდა ნაფიც მსაჯულებს და პირობა დადო, რომ მათ ქვაბებს უფასოდ შეუკეთებდა.

საინტერესო ის არის, რომ ნაძარცვის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ არ არის ნაპოვნი: ბანდიტებს არ სურდათ ნაძარცვის მიცემა.
ერთ-ერთმა მძარცველმა - დენიმ პოლიციის მოტყუება სცადა და მათ ნაძარცვის მხოლოდ ნაწილი გადასცა. მან თქვა, რომ თავისი წილი დამალა ედმონტონის სასაფლაოზე მდებარე სამარხში და მას დათმობს სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ. პოლიციამ გაჩხრიკა სასაფლაო და სუპერმარკეტის ჩანთაში ერთ-ერთ საფლავში განძი იპოვა, მაგრამ შემდეგ სკოტლანდ იარდმა დენის სთხოვა მისულიყო და ეჩვენებინა ის ადგილი, სადაც მან განძი დამარხა. თანაც არ გაუმხილა, რომ ჩანთა უკვე იპოვეს. დენი პოლიციის თანხლებით ჩამოვიდა და მათ სხვა ადგილისკენ მიუთითა, სადაც სხვა ჩანთა იყო დამალული. მას სურდა ნადავლის ნაწილის დატოვება, მაგრამ ვერ შეძლო.

რა ბედი ეწია Hatton Garden საცავს

დეპოზიტარის მომხმარებლებს ამ ინციდენტის შემდეგ ბევრი კითხვა ჰქონდათ. რამდენად დასაშვები იყო ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ძვირფასეულობის უყურადღებოდ დატოვება, სიგნალიზაციასა და კარის საკეტზე დაყრდნობით? რატომ იყო ასე იოლი სიგნალიზაციის გამორთვა? ძარცვის შემდეგაც, კიდევ ორი ​​დღის განმავლობაში, რატომ არავინ მოვიდა დანაშაულის ადგილზე? მიანდობს ვინმე თავის ღირებულებებს ასეთ მეურვეებს?

მენეჯმენტმა ყველა ამ კითხვაზე ერთი მკაფიო პასუხი გასცა: 2015 წლის სექტემბერში კომპანია სამუდამოდ დაიხურა.

ყველა მოპარული ძვირფასი ნივთი დაზღვეული არ იყო ქურდობისგან: ბევრი მეანაბრე თვლიდა, რომ ფულის შენახვა დეპოზიტარში ყველაზე საიმედო გარანტია.

ვინ აღმოჩნდა ბეზილი


უკანასკნელი კრიმინალი, რომელიც პოლიციას ყველაზე დიდხანს ემალებოდა, იყო მაიკლ სიდი. ძარცვის დროს ის 49 წლის გახლდათ. კემბრიჯის ფიზიკის პროფესორის შვილი, ის თავად სწავლობდა ფიზიკასა და ელექტრონიკას ნოტინჰემის უნივერსიტეტში. სტუდენტობის წლებში ის დაინტერესდა სინთეზური ნარკოტიკებით და ნასამართლევი იყო მათი გავრცელების გამო ჯერ კიდევ 1984 წელს. მომდევნო წლებში იგი მუშაობდა სიგნალიზაციის სპეციალისტად, ასევე არემონტებდა ტელევიზორებს, ვიდეოკამერებსა და კომპიუტერებს. ჯგუფის წევრების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც ძარცვიდან თვენახევარში დაიჭირეს, მან სამი წლის განმავლობაში მოახერხა პოლიციისგან დამალვა. მისი ძებნა ძალიან რთული იყო: იგი არ იხდიდა გადასახადებს, არ სთხოვდა სახელმწიფოს შეღავათებს და, პრაქტიკულად, არ იყენებდა საბანკო ანგარიშს, ყველგან ფულს იხდიდა და მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა. მისი ხანდაზმული თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ის ციფრული უსაფრთხოების მცოდნე იყო, მაგრამ საბოლოოდ ვერც ამან უშველა: ისიც დააპატიმრეს და 2018 წელს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რა ბედი ეწიათ მძარცველებს?

ბრიტანული კანონების თანახმად, პატიმრები, როგორც წესი, იხდიან მისჯილი სასჯელის მხოლოდ ნახევარს.

თუმცა, სასამართლო მათ გათავისუფლებას ასე იოლად არ აპირებდა და 2018 წელს, ბანდის ოთხი ლიდერის წინააღმდეგ მიიღეს ახალი გადაწყვეტილება: თუ ისინი არ დააბრუნებდნენ ნაძარცვის დარჩენილ ნაწილს (6 მილიონ გირვანქაზე მეტს), გაუხანგრძლივებდნენ პატიმრობას შვიდი წლით. მიუხედავად  ამისა,  არცერთმა მათგანმა ნაძარცვი სასამართლოს არ გადასცა. თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა ბანდის მეთაურს, 79 წლის ბრაიან რიდერს, იმავე 2018 წელს გათავისუფლებულიყო. სასამართლომ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ არ გაგზავნა ციხეში: მას უკვე ჰქონდა დემენცია, უფრო მეტიც, ჰქონდა პროსტატის კიბო და რამდენიმე ინსულტი.

ბანდის თითქმის ყველა წევრი გაათავისუფლეს და ყურადღებით აკვირდებიან მათ თითოეულ ნაბიჯს, რათა არ გაუშვან მომენტი, როდესაც ბანდიტები საგანძურს მიაკითხავენ.
ჯონ კოლინზი ისევ ციხეში მოხვდა. თავდაპირველად, მან სამწელიწადნახევარი მოიხადა და გაათავისუფლეს. თუმცა 2019 წელს, სასამართლომ იგი ისევ დააპატიმრა,  და ნაძარცვის არდაბრუნების გამო შვიდი წელი მიუსაჯა.

დენი ჯონსი კვლავ გისოსებს მიღმაა, რადგან 2018 წელს მას მიუსაჯეს ახალი სასჯელი - სამი წელი საიუველირო მაღაზიის ძარცვისთვის.

ტერი პერკინსი 2018 წლის თებერვალში, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, ლონდონის ბელმარშის ციხეში. ამბობდნენ, რომ სიკვდილის წინა დღეს თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ როდესაც ექთანი მისი მდგომარეობის შესამოწმებლად მივიდა, მან არ შეუშვა, რადგან ის ტელევიზორში რაგბის მატჩს უყურებდა.