პატრიარქის მკვლელობიდან მონაზვნის გაუპატიურებამდე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრესბლოგი 

 

ეშმაკი პირჯვარს იწერს ანუ რატომ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა

 

ნინო დოლიძე

 

ცხრამუხის ტაძარში მომხდარმა გაუგონარმა კრიმინალმა მთელი საქართველო შეძრა - მხცოვანი მონაზვნის დაყაჩაღება და ჯგუფური გაუპატიურება, მამა პეტრეს (კოლხი) თქმისა არ იყოს, ალბათ, იმის ნიშანია, რომ ერი, რომელიც თავს ღვთისმშობლის წილხვედრად თვლის, უფალს განუდგა და ბარაბას გზას დაადგა. ეკლესიის ადმინისტრაცია ანუ საპატრიარქო ცხრამუხის ტრაგედიის პასუხისმგებლობას მედიას, ესე იგი, ჩვენ, ჟურნალისტებს გვაკისრებს, ყველაფერი იმის ბრალია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე „ჰეითი“ (სიძულვილი) მიდისო, მაგრამ სინამდვილეში, მედია არაფერ შუაშია, რადგან ვის, ვის და, სწორედ საპატრიარქოს უნდა ახსოვდეს კარგად, რომ ჯერ კიდევ გასული ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისში, პატრიარქი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. არადა, მაშინ მედია ასეთი აქტიური არ იყო. ესეც რომ არა, ჟურნალისტების მოვალეობა სწორედ ის არის, რომ ინფორმაცია მოიპოვონ და გაავრცელონ, თუმცა ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... ერთი სიტყვით, მონაზონზე თავდასხმამ საქართველოს ეკლესიის ქრონიკები გამახსენა, ქრონიკები, რომელზეც კარგმა მწერალმა, შესაძლოა, ბესტსელერიც დაწეროს, რასაც, ალბათ, ასე დაარქმევს - „ეშმაკი პირჯვარს იწერს“. დიახ, საქართველოს ეკლესიის ქრონიკებს, ბოლშევიკებიდან მოყოლებული, სისხლის სუნი ასდის. ყველაფერი კი მარტყოფის მონასტრის ტრაგედიით დაიწყო, რასაც მღვდელმთავართა სერიული მკვლელობები მოჰყა.

 

ბელზებელის ალგორითმი

... გარეშე თუ შინაური მტერი საქართველოს აოხრებას, როგორც ისტორია ცხადჰყოფს, ვაზის აჩეხვითა და ეკლესიაში შუღლის ჩამოგდებით იწყებდა. შესაძლოა, დღესაც სწორედ ამის მომსწრენი ვართ ანუ ვაზი, დიდი ხანია, იჩეხება; ეკლესიის მსახურზე თავდასხმა და ჯგუფური გაუპატიურება კი, მართლაც, კოშმარია. ამასობაში, ბელზებელი იქ, სადღაც, კუთხეში მშვიდად ზის და ხითხითებს... ბელზებელი 1918 წლის 26 ივნისსაც იცინოდა, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, მარტყოფის მონასტერში რა მოხდა და ამას ცნობილი საზოგადო მოღვაწის, რ. ივანიცკის (ინგილო) ნათქვამიც მოწმობს: „მარტყოფის მონასტრის საიდუმლო უცნობია! რა მოხდა წმინდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის... საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათალიკოსმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მისი სასიკვდილო იარაღზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც!“

სხვათა შორის, კირიონ მეორის მკვლელობაზე გამოძიება არ ჩატარებულა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მარტყოფის ტრაგედია ჩრდილოეთში დაიგეგმა. ეს ეჭვი უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, რადგან კირიონის ეროვნული სულისკვეთება რუსებს ნერვებს უშლიდა და ჯერ კიდევ ცარიზმის დროს, საერო ხელისუფლებამ მასზე საიდუმლო მეთვალყურეობა დააწესა. მას ე.წ. სასულიერო მთავრობაც „პოლიტიკურად არასაიმედო და მეფის ხელისუფლებისთვის მიუღებელ პიროვნებად“ მიიჩნევდა და ავიწროებდა. მეტიც, კირიონი გორის ეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეს, სამშობლოში მოღვაწეობა აუკრძალეს და რუსეთში, კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გააგზავნეს, რაც, პრაქტიკულად, გადასახლება იყო. ქართული ეკლესიის თავდადებული ქომაგის, ნიკოლოზ დურნოვის გადმოცემით, კირიონ საძაგლიშვილის საქართველოდან განდევნის საბაბი სვეტიცხოვლის ტაძარში, საბერძნეთის დედოფლის მიმართ, მის მიერ წარმოთქმული მისალმება გახდა, რომელშიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიის აღმავლობა-წინსვლა ალეგორიულად მოიხსენია.

1905 წელს, კირიონ საძაგლიშვილს საქართველოში აბრუნებენ და სოხუმის ეპარქიის მმართველად ნიშნავენ. სწორედ ამ დროს, მეფის რუსეთი სოხუმში ასიმილისტურ ანუ აფხაზეთის საქართევლოდან ჩამოცილების პოლიტიკის გატარებას იწყებს, რასაც კირიონი დაუპირისპირდება... 1907 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, კირიონის წინააღმდეგ ბრძოლა განახლდება და, აფხაზთა გაქართველების ბრალდებით, სოხუმის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლებენ. ადგილობრივი მოსახლეობა კირიონის დაცვას შეეცდება და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. საპროტესტო წერილს ხელს 909 ადამიანი მოაწერს, მათ შორის, ადგილობრივი რუსები და აფხაზებიც: „კირიონის დროს, რუსები - სლავურ ენაზე, ბერძნები - ბერძნულზე, ქართველები - ქართულ ენაზე ისმენდნენ წირვა-ლოცვას და აფხაზებიც მალე მოისმენდნენ აფხაზურ ენაზე“, - ნათქვამი იყო საპროტესტო წერილში...

ერთი სიტყვით, საარქივო მასალები მოწმობს, რომ კირიონ მეორე შეთქმულების მსხვერპლი გახდა...

 

მარტყოფის მონასტრის საიდუმლო

... წმინდა ანტონის მონასტრის მყუდროება ცხენის ჭიხვინმა დაარღვია... ეტლიდან კათალიკოსი მძიმედ გადმოვიდა და ახლადგაღვიძებულ მზეს თვალი თვალში გაუყარა... არქიმანდრიტმა ტარასიმ და ვასილ კბილაშვილმაც მას მიჰბაძეს...

თავიდან გადწყვეტილი იყო, რომ პატრიარქს მარტყოფში ქრისტეფორე კაპანაძეც უნდა ხლებოდა, მაგრამ ეტლში ჩასხდნენ თუ არა, კათალიკოსს მოაგონდა, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში წიგნები დარჩა. გადაწყდა, წიგნებს ხვალ ქრისტეფორე ჩამოიტანს...

უწმინდესი პატრიარქი მარადისობისაკენ მიმავალ გზას მშვიდად გაუყვა...

1918 წლის 26 ივნისია...

მარტყოფის სანახებში სიკვდილი დანავარდობს...

... პატრიარქმა წელზე არამიწიერი სიცივე იგრძნო. ჯერ გაუკვირდა. მერე, ცალყბად გაიღიმა.

შეეშინდა?..

ალბათ, - არა...

ანდა, რისი უნდა შეშინებოდა?! ეს ხომ „ბრაუნინგია“, მისი გადასახლებისა და ჭირ-ვარამის თანამოსაყდრე...

ისე, კირიონს სიკვდილი სულ ფეხდაფეხ დაჰყვება. მართალია, რუს ეგზარქოსებს თავი როგორღაც დააღწია, მაგრამ კინაღამ სამშობლოში მოკლეს. ეს ამბავი შარშან, 1917 წლის 1 ოქტომბერს, სვეტიცხოველში, სწორედ იმ დღეს მოხდა, კირიონი კათალიკოს-პატრიარქად რომ აღსაყდრდა:

უწმინდესმა წირვა დაასრულა და, მღვდელმთავრების თანხლებით, გასასვლელისკენ დაიძრა. მოულოდნელად, უცნობი მიუახლოვდა და ქაღალდის ნაგლეჯი მიაჩეჩა. ანონიმურ წერილში გარკვევით ეწერა, ხალხში მკვლელია დამალული და ტაძრიდან გახვალ თუ არა, გესვრისო.

პატრიარქი წამითაც არ შეყოვნებულა...

გასასვლელამდე რამდენიმე ნაბიჯიღაა დარჩენილი...

მრევლი დაზაფრულია...

ყარამან კიკნაველიძემ ხალხის ტალღა გაარღვია და კირიონს გვერდით ამოუდგა. ყარამანი ავტორიტეტული კაცია. ადრე, თურმე, ყაჩაღად ყოფილა გავარდნილი...

- მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ! აბა, ვინმემ გაბედოს თქვენთვის სროლა! - შესძახა კიკნაველიძემ და პატრიარქი სამშვიდობოს გამოიყვანა...

ამ ამბიდან გავა სამი-ოთხი თვე და კირიონის მოკვლას კიდევ ეცდებიან. „მკვლელობის სცენარი“ კი საეკლესიო საბჭოს იმ სხდომაზე „დაიწერება“, რომელზეც კათალიკოსის პირადი მდივანი და საკათალიკოსო საქმეთა მმართველი უნდა აერჩიათ. ამ თანამდებობაზე კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ დავით დავიდოვის კანდიდატურა წამოაყენეს. დავიდოვის გაგონებაზე, კირიონს ფერი ეცვალა, თუმცა არ შეიმჩნია...

ზემოხსენებულ თანამდებობაზე კეკელიძე და ცინცაძე პროტექციას კიდევ ერთ პიროვნებას - ალექსანდრე ნიკიტინს უწევენ, თუმცა კირიონი ვეღარ მოითმენს და წამოიძახებს:

- თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათალიკოსის ხარისხს ავიყრი!

დარბაზში სამარისებური სიჩუმე გამეფდება...

სიტყვას საბჭოს წევრი, ობერ-პროკურორი ჩიტო კაპანაძე ითხოვს:

- გასაოცარია ზოგიერთის განწყობილება, როგორ შეიძლება, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად იმ კაცის არჩევა, რომელიც მუდამ რუსის ეგზარქოსების ჯაშუში იყო!

დავით დავიდოვის მომხრეებს ნირი საბოლოოდ წაუხდათ...

საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად ალექსანდრე ნიკიტინს ირჩევენ...

- ბატონო ჩიტო, დავით დავიდოვი შეშფოთებული გეძებთ, დღეს უკვე სამჯერ გიკითხათ, - მოახსენა მეორე დღეს, სამსახურში მისულ კაპანაძეს მსახურმა, თუმცა ობერ-პროკურორს ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია...

... საკათალიკოსო საბჭო დღესაც შეიკრიბება. ანაზდეულად, დარბაზში დავით დავიდოვი შემოვა, დამსწრე საზოგადოებას ცივად მიესალმება და ჩიტო კაპანაძეს მკვახედ ჰკითხავს:

- თქვენ რა სთქვით ჩემზე?

- ის, რაც ვიცოდი და საჭიროდ მივიჩნიე. უკან დაიწიეთ და თქვენი ადგილი დაიჭირეთ!

- გაიმეორეთ, რა სთქვით? - დავიდოვს თვალები დემონივით უელავს.

- მე ის ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვინც რუსი ეგზარქოსების ჯაშუში იყო, თავისუფალი საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველი ვერ იქნება! - აუღელვებლად წარმოსთქვა კაპანაძემ. სწორედ ამ დროს, დავიდოვმა მუშტი მოუქნია. მერე, რევოლვერიც „იშიშვლა“, თუმცა დავით ჩიქოვანმა იმარჯვა და დავიდოვს ხელები დაუჭირა. ამასობაში, მილიციაც მოვიდა...

მერე, დრო რომ გავა, რევოლვერმომარჯვებული დავიდოვი კირიონის კაბინეტშიც შევარდება, თუმცა ამჯერად, მორჩილი გერმოგენე იმარჯვებს და კათალიკოსს „დემონის ბრჭყალებისგან“ იხსნის...

... ლოცვა რომ დაასრულა, კირიონმა ხელი სამუშაოს მიჰყო. ამასობაში ნაშუაღამევიც დადგა.

პატრიარქი დასაძინებლად მოემზადა...

ზუსტად ღამის პირველი საათია...

უწმინდესი, როგორც წესი, დილის 05.00 საათზე იღვიძებს. ამ ტრადიციას, ალბათ, არც დღეს დაარღვევს, მაგრამ... უკვე 06.00 საათი სრულდება, კირიონი კი არ ჩანს.

რატომ?

რა ხდება?

ნეტავ, ავად ხომ არაა?

- ცოტა ხანს კიდევ ვაცალოთ და თუ კარი არ გააღო, ჩვენ შევიდეთ, - გადაულაპარაკა ვასილ კბილაშვილმა არქიმანდრიტ ტარასის.

ცოტა ხანიც გავიდა...

კირიონი ისევ არ ჩანს...

არქიმანდრიტი ტარასი და დავით კბილაშვილი კათალიკოსის საძინებელში შედიან...

კირიონი საწოლზეა მისვენებული, სახე წითლად აქვს შეღებილი...

„ბრაუნინგიც“ აქვეა...

უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა?

არა, ეს შეუძლებელია!

დაუჯერებელია!..

იქნებ, ვინმე ფანჯრიდან შემოიპარა და მოკლა?

ეს უფრო ლოგიკურია, მაგრამ კათალიკოსის ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, რომელიც მიწიდან 4 მეტრითაა დაცილებული. მაშასადამე, მკვლელს ოთახში უხმაუროდ შეღწევა გაუჭირდებოდა.

აბა, რა მოხდა?!

„ბოროტი სული“, იქნებ, კარიდან შემოვიდა?

დავუშვათ, ასეა, მაგრამ სანამ კირიონამდე მიაღწევდა, ჯერ ის ოთახი უნდა გაველო, სადაც არქიმანდრიტ ტარასისა და ვასილ კბილაშვილს ეძინათ, მაგრამ მათ ხმაური კი არა, ფაჩუნიც არ გაუგონიათ...

ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა? ისე, თუ თავის მოკვლას აპირებდა, ქრისტეფორე კაპანაძე წიგნების წამოსაღებად თბილისში რატომღა დატოვა?

იმ ღამეს მარტყოფის ტაძარში, იქნებ, დემონი შეიპარა?

იქნებ, თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი ბრაუნინგს?

იქნებ... იქნებ...

... და კიდევ უამრავი „იქნებ“...

გავა წლები და ეს „იქნებ“ უარესად „გაფართოვდება“, „ჩაიხლართება“, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აიზილება და საქმე იქამდეც კი მივა, რომ ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი იტყვის, კირიონს „ბრაუნინგისთვის“ კი არ უნდა მიემართა, არამედ, ქართველი ერისთვისო. ისე, ისტორიკოს ჯანაშვილს კირიონი არც სიცოცხლეში ჰყვარებია, თურმე...

... მარტყოფის საიდუმლოდან გავა ზუსტად 75 წელი და „ბრაუნინგის ისტორია“ დეტალურად განმეორდება - სამაგრელოს მიყრუებულ სოფელში, ხიბულაში, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სიცოცხლეს დაასრულებს. კირიონის მსგავსად, გამსახურდიას სიკვდილიც ნაშუაღამევს „დადგება“, თუმცა გასროლას, მარტყოფისა არ იყოს, ვერც ხიბულაში გაიგონებენ. „ფანჯრიდან შეპარული დემონის“ ვერსია „გამსახურდიას საქმეშიც“ აბსურდულია: უცხო პირი წინა ოთახს ვერც ამჯერად გამოიყენებდა, რადგან იქ პრეზიდენტის დაცვასა და პრემიერ-მინისტრს ეძინათ.

იქნებ, ხიბულაშიც თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი სასხლეტს?

იქნებ... და ისევ ეს მრავლისმთქმელი იქნებ...

... ლამის, ასი წელია, მარტყოფის მონასტერი საიდუმლოს ინახავს. ამ ხნის განმავლობაში, უწმინდესი პატრიარქის სიკვდილი, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ შეისწავლა. ისე, გასაკვირი არაა, რომ „წითლები“ ამ ტრაგედიით არ დაინტერესდნენ, მაგრამ კირიონი ხომ ნოე ჟორდანიას ხელისუფლების დროს მოკლეს.

რატომ დადუმდა ეროვნული მთავრობა? ვინ შეუკვეთა კირიონის განადგურება? ვინ მოიყვანა „განაჩენი სისრულეში?“ რა ვერსიები გაჩნდა იმდროინდელ ქართულ პრესაში და მიდის თუ არა კვალი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან? - ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ერთი კია: კირიონის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. საფლავის ქვა, საკათალიკოსო საბჭოს დავალებით, დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ, ნეოფიტე აგლაძეს დაამზადებინეს და 1919 წლის 10 ივნისს დადგეს...

კირიონის გარდაცვალებას საქართველოში სერიული მკვლელობები მოჰყვება: 1918 წლის სექტემბერში, მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს კლავენ, მერე - მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს და ბერებს - მირიანსა და გერმოგენს...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ხდება...

დავით დავიდოვიც უკვე „დიდი კაცი“ და ლეონიდეს ნდობით აღჭურვილი პირია...

... კირიონის მოკვლას მისი შინაკაცი, არქიმანდრიტი ტარასი დაიბრალებს. ხალხში ხმა გავარდება, ტარასი დავით დავიდოვმა მოისყიდა, 500 თუმანი მისცაო. იმასაც იტყვიან, ამ ხუთასი თუმნით, ტარასიმ კავკავში ძროხები იყიდა და თბილისში ფერმა „აიშენაო“... მოკლული კათალიკოსის მიერ შეკრებილ ხალხურ ლექსებსაც ტარასი მიითვისებს, რომელსაც მერე ლიტერატურულ მუზეუმს შესწირავს და თავმომწონედ იტყვის, ჩემი შეკრებილიაო...

... ასი წელია, მარტყოფის სანახები „ლუციფერის საიდუმლოს“ მალავს. ასი წელია, ვერავინ გაარკვია, რა მოხდა იმ ღამეს საპატრიარქო რეზიდენციაში...

1918 წლის 26 ივნისთან ერთად, 2022 წლის 26 ნოემბერიც „დემონურ სირცხვილად“ დარჩება - მაშინ უწმინდესი მოკლეს, ახლა კი მონაზონი დააყაჩაღეს და ჯგუფურად გააუპატიურეს.

და მაინც, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა...