რატომ მოკლა თანაშემწე და როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ თანაჯგუფელი თემიდას მსახურმა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

მექრთამე მოსამართლის კრიმინალური დოსიე

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ალბათ, ყველას გახსოვთ, რა ამბავი ატყდა, როცა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თანამშრომელი თავზე დაადგა და კონკრეტულ განაჩენზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ცოდვა გამხელილი სჯობსო და, იგივე აშშ-ში რომ მომხდარიყო, ჩვენი ელჩი თუ გამოასწრებდა, ხომ კარგი, თუ არა, შესაძლოა, ელჩი დაეკავებინათ, რადგან მოსამართლეები იქ, ლამის, წმინდანებად არიან შერაცხულნი. ზოგადად, სასამართლო სისტემა დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, თუმცა აგერ, 30 წელია, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და, რბილად რომ ვთქვათ, სასამართლო დღემდე არაერთ კითხვას ტოვებს. რაღა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ სასამართლოთი ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ როცა ერთი და იგივე მოსამართლე წინა ხელისუფლების დროს, თურმე, არაკანონიერ გადაწყვეტილებებს იღებდა, ახლა კი გამოსწორდა, ძნელი დასაჯერებელია.

რასაც მოსამართლეებს ვერ დავუკარგავთ, კოლეგიალობაა. ისინი ყოველნაირად ცდილობენ, ერთმანეთი დაიცვან და ტერმინი - „მოსამართლეთა კლანიც“, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა, შეთქმულების თეორიებისა და კიდევ იმის, რომ ყველა მოსამართლე ცუდია, ან პირიქით - ყველა მოსამართლე კარგია, არ მჯერა, მაგრამ ამ ინსტიტუტს, მინიმუმ, დახვეწა რომ სჭირდება, ფაქტია.

 

„შევარდნაძის მთავრობა ბოლო თვეებს ითვლიდა და ნებისმერი პროვოკაციისთვის მზად ვიყავით. ძალოვან უწყებას ინფორმაცია ჰქონდა, რომ შეიძლება, ისეთი დანაშაული მომხდარიყო, რომელიც აქციების გასაძლიერებლად იქნებოდა ოპოზიციისთვის ხელსაყრელი, ამიტომ ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით. ჰოდა, სწორედ ასეთ დროს, ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის სახლში დაიწვა. წინასწარი ვერსიით, მოსამართლეს გაზის გამორთვა დაავიწყდა და მისმა თანაშემწემ შინ შესვლისას შუქი აანთო, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივად ჩანდა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

პირველი კითხვა, რომელიც მაშინვე გაჩნდა - რა უნდოდა მოსამართლის ახალგაზრდა თანაშემწეს მოსამართლესთან, რომელსაც იმ პერიოდისთვის ცოლ-შვილი არ ჰყავდა? თავად მოსამართლემ თქვა, რომ წნევის წამალი დაუმთავრდა, ბევრი სამუშაო ჰქონდა და წამლის მოსატანად თანაშემწე გოგონა გაგზავნა. მან მოსამართლის სახლი იცოდა, საბუთებისთვისაც ხშირად გაუგზავნია და ეს სამწუხარო ამბავი მოხდა. მოსამართლე დარწმუნებული იყო, რომ მასზე შურისძიება იმ კრიმინალურ ავტორიტეტს სურდა, რომელსაც ასამართლებდა და ძალიან დიდი ალბათობით, 15 წელს მიუსჯიდა. იმის მიუხედავად, რომ კარის საკეტი გამოგლეჯილი იყო, ექსპერტმა დაასკვნა, კარი „ატმიჩკებით“ იყო გაღებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ გაზი შეგნებულად მოუშვა.

ამასთან, მოსამართლე იფიცებოდა, ბოლო სამი დღეა, შინ ისეთი დაღლილი მივდივარ, სამზარეულოში არც შევსულვარ, გაზი არ ამინთია და მოშვებული რომ ყოფილიყო, ამ სამ დღეში გავიგუდებოდიო.

გამოძიებამ კრიმინალური ავტორიტეტის გარემოცვის შესწავლა დაიწყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ერთი ოპერმუშაკი, რომელიც საქმის გამომძიებელთან მივიდა.

„ეს მოსამართლე, რომელსაც უმწიკვლო რეპუტაცია და პატიოსანი კაცის სახელი აქვს, სინამდვილეში, ყველაზე დიდი მექრთამეა. ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემი და გაიტანა მანქანამ და ბევრი მცდელობის მიუხედავად, სიმართლე ვერ დავამტკიცე, თანაც დააკვირდით მოსამართლის გადაწყვეტილებებს, ყველა საქმეზე, სადაც მას კონკრეტული ადვოკატი ჰყავდა, ისეთი განაჩენი დადგა, რომელიც ბრალდებულს აწყობდა. ეს ადვოკატი კი მისი თანაჯგუფელი და ძმაკაცია, ქრთამს მხოლოდ მისგან იღებს, ამ საქმეზეც რამდენიმე დღის წინ შეხვდა ადვოკატს და აგერ, ფოტოებიც მაქვს“, - უთხრა ოპერმა გამომძიებელს და ის ფოტო ანახა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში, მაგიდას მოსამართლე და ადვოკატი უსხდნენ, მათ შუაში კი საკმაოდ მსხვილი კონვერტი იდო.

გამომძიებელმა მოსამართლე დაიბარა და სურათი წინ დაუდო. მან აუღელვებლად დახედა და თქვა, შეგიძლიათ რესტორნის პერსონალი დაკითხოთ, რა მოხდა იმ დღეს, ეს ფოტოც ანახეთ და მოგიყვებიანო. სამართალდამცავები რესტორანში წავიდნენ.

„ეს ორი ადამიანი ჩვენთან რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. თავიდან ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, შემდეგ ერთ-ერთი (ოფიციანტებმა ხელი მოსამართლის სურათს დაადეს) წამოხტა, ჯერ ჩუმად და დაძაბულად საუბრობდა, შემდეგ ხმამაღლა აყვირდა და ეს კონვერტი თანამოსაუბრეს სახეში ესროლა. იქიდან მსხვილი კუპიურები გადმოიყარა, რის შემდეგაც მამაკაცმა რესტორანი დატოვა, მეორემ კი ფული შეაგროვა, მოთხოვნილი ყავა ბოლომდე დალია და მშვიდად წავიდა“, -გაიხსენა რესტორნის მომსახურე პერსონალმა.

ახლა გამომძიებლებმა იმ ოპერს რესტორნის პერსონალის ჩვენება დაუდეს წინ და მან თავი გადააქნია, სცენა დადგეს, სავარაუდოდ, მიხვდნენ, ფოტო რომ გადავუღე, რის შემდეგაც, ყურადღება რომ არ მიმეპყრო, იქიდან წამოვედიო.

„საფუძველი არ მქონდა, ოპერისთვის დამეჯერებინა, მით უმეტეს, რომ მოსამართლეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს და რაც მთავარია, მან გარკვევით თქვა, ჩემი თანაშემწის სისხლს არავის შევარჩენ, ბრალდებული მთელი სიმკაცრით დაისჯებაო. ყოველი შემთხვევისთვის, გადავხედე იმ განაჩენებს, რომელზეც ის ოპერმუშაკი ამბობდა, მართლაც, როცა ადვოკატი მისი თანაჯგუფელი იყო, განაჩენი თითქოს შერბილებული გახლდათ, მაგრამ არა - ყველა შემთხვევაში და ეს უბრალო დამთხვევად ჩავთვალე. ახლა საჭირო იყო, როგორმე, იმ კრიმინალისთვის დაგვემტკიცებინა, რომ მოსამართლეზე თავდასხმა სწორედ მისი ორგანიზებული იყო და ის მხოლოდ იღბლიანმა შემთხვევამ იხსნა, თუმცა ახალგაზრდა ქალი დაიღუპა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ყოველი შემთხვევისთვის, ადვოკატის დაკითხვაც გადაწყდა და ის განყოფილებაში დაიბარეს, მაგრამ გზაზე ავარია შეემთხვა, წინ მიმავალ ავტომობილს შეასკდა და უგონო მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ადვოკატის ავტომობილზე სამუხრუჭე მილები იყო გადაჭრილი. არადა, გამოძიებას პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა, რომ ყველაფერ ამის უკან, სწორედ ის კრიმინალური ავტორიტეტი იდგა და ისიც მშვიდად იმეორებდა, მე რა შუაში ვარ, ციხეში ვზივარ და გართ რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვსო.

ერთი შეხედვით, მისი საძმაკაცოც არაფერს აკეთებდა, მათზე თვალთვალი იყო დაწესებული და ისინი, პრაქტიკულად, შინიდან არ გამოდიოდნენ, გაჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულმა სხვები დაიქირავა. სანამ გამოძიება ამ მიმართულებაზე იმტვრევდა თავს, განყოფილებაში ადვოკატის შვილი, 20 წლის გოგო გამოცხადდა და გამომძიებელთან შეხვედრა ითხოვა.

„თქვენზე მთხრეს, რომ წესიერი ადამიანი ხართ. მამაჩემის მოკვლა მოსამართლემ სცადა, ზუსტად ვიცი, რომ ეს მან გააკეთა. ის ჩვენთან ხშირად, ოღონდ ღამით დადიოდა. იცოდა, რომ უთვალთვალებდნენ, ამიტომ თავის კორპუსში, სახურავიდან მეორე სადარბაზოში გადადიოდა და იქაურობას ისე ტოვებდა, მუდმივად გრძელი ლაბადა ეცვა და ხელში ჯოხი ეჭირა, ვითომ კოჭლობდა. ზუსტად ამ აღნაგობის კაცი ცხოვრობს იმ სადარბაზოში, ამიტომ მას ყურადღებას არავინ აქცევდა. ყველაფერი ეს მამამ მითხრა, რადგან ეჭვი გაუჩნდა, რომ მოსამართლე მოცილებას უპირებდა. წლებია, ისინი ერთად მუშაობენ და ფულსაც აკეთებენ, უამრავი საქმიდან აქვს მოსამართლეს ქრთამი აღებული, სახელი კი უმწიკვლო. ამ საქმიდანაც დიდი თანხა აიღო, ის აფეთქება სახლშიც თავად მოაწყო და გოგონა გაიმეტა. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტს შეუთვალა, შენ ჩემი მოკვლა გინდოდა და ორმაგი უნდა გადამიხადოო. შუამავალი მამა იყო, რესტორანში ის სცენაც დადგეს, ესეც მამამ მიამბო და სწორედ ავარიის წინა დღეს მითხრა, არ გამოვრიცხავ, მოსამართლეს ჩემი მოკვლა სურდეს, იმხელა თანხაზეა საუბარი და რაც მთავარია, მე ერთადერთი მოწმე ვარ, ვისაც შეუძლია ხელი დაადოს და ყველაფერში ამხილოსო. აგერ, მოხდა ის, რაც მოხდა და ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმეში მოსამართლის ხელი ურევია“, - სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა გოგონამ.

კანონის გამო, რომელიც მოსამართლეებს განსაკუთრებულად იცავს, მისი დაპატიმრების უფლება არავის ჰქონდა, თუ უშუალოდ დანაშაულის ფაქტზე არ წაასწრებდნენ. ამიტომ, სამართალდამცავებმა გოგონა თანამშრომლობაზე დაითანხმეს, მოსასმენი დაუმაგრეს და მოსამართლესთან შეხვედრაზე გაუშვეს. გოგონამ იქ ყველაფერი გაიმეორა და სიჩუმის სანაცვლოდ, კრიმინალური ავტორიტეტის მიერ გადახდილი თანხის 80% მოითხოვა, როგორც მორალური კომპენსაცია მამის მკვლელობის მცდელობისთვის. თანხის გადაცემა იმავე საღამოს, შებინდებულზე, ერთ-ერთ სკვერში უნდა მომხდარიყო. სამართალდამცავებმა გოგონას უთხრეს, რომ ადგილამდე მათი თანამშრომელი „ტაქსით“ მიიყვანდა და სკვერშიც არაერთი ოპერმუშაკი იქნებოდა. იქვე, ახლომდებარე შენობაზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერა, რომელსაც ყველაფერი უნდა გადაეღო.

„მოსამართლე ადგილზე მოვიდა, გოგონა სკვერის ბოლოსკენ წაიყვანა და როცა დანის მოქნევა დააპირა, სწორედ მაშინ დავუყვირე, დანა დააგდე და დაგვნებდი-მეთქი. დანა არ დაუგდია, გაიღიმა, ჩემი მეგობრის შვილს ვეხუმრებოდი, შეშინება მინდოდაო, მაგრამ რა თქმა უნდა, არ დავუჯერეთ. ფული თან არ ჰქონდა, თუმცა შინ, სამალავში, იმ დროისათვის ძალიან, ძალიან დიდი თანხა ვიპოვეთ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მოსამართლემ, პრაქტიკულად, ყველაფერი დაადასტურა, თუმცა პროცესი გაიწელა, შემდეგ „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ხელისუფლება შეიცვალა და მოსამართლე ჯერ გაათავისუფლეს, შემდეგ თანამდეობობაც დაუბრუნეს და მანაც სინდისის ქეჯნის გარეშე გააგრძელა საქმიანობა.