ვისთვის არ ძვირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სააბონემენტო მგზავრობის სისტემის დეტალები - რა იცვლება 2022 წლის 1 თებერვლიდან

2022 წლის 1 თებერვლიდან, საზოგადოებრივ (მუნიციპალურ) ტრანსპორტში - მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო აბონემენტები დასჭირდებათ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება. ნებისმიერ სიახლეს და მათ შორის, ამასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ჰოდა, წინასაახალწლოდ, წლის ეკონომიკური მოვლენების შეჯამების ნაცვლად (წელს გამონაკლისი დავუშვათ და 2021 წლის ეკონომიკური მოვლენები 2022-ში შევაფასოთ), დეტალურად აგიხსნით იმ სიახლეს, რასაც მერია გვთავაზობს.  

 

დავიწყოთ იმით, რომ 2017 წლიდან დღემდე, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ეს იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით: შეიქმნა ტრანსპორტის განვითარების გეგმა; ახლდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გამოიყოფა ე.წ. ბასლაინები, ველობილიკები; იდენტიფიცირებულია ათი ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მგზავრთა ნაკადის ძირითადი ნაწილის გადაყვანას უზრუნველყოფს; ერთმანეთთან სინქრონდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი. გადახდის სისტემაც ერთიანი, ინტეგრირებული იქნება; განახლდა ავტობუსების პარკი; მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ახლდება მიკროავტობუსების პარკი; განხორციელდა ტაქსების რეფორმის ორი ეტაპი და მზადდება მესამე ეტაპის რეფორმა; შეიქმნა ახალი საპარკინგე სისტემა. ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმებით, ჩვენ ვქმნით თანამედროვე ტიპის სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს, ამცირებს მგზავრთა გადაყვანის დროს, საცობებს და ჰაერის დაბინძურების ხარისხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 1 თებერვლიდან, მგზავრობის ულიმიტო სისტემა ამოქმედდება და შესაბამისი ტიპის სამგზავრო ბარათები შეიქმნება. რას ნიშნავს ეს? ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულ თუ განსახორციელებელ რეფორმებისა და განახლებულ სატრანსპორტო სისტემას გადახდის სისტემის განახლებაც სჭირდება. კახა კალაძის თქმით, იმ ტიპის სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც უფრო კომფორტულს, აქტიური მომხმარებლებისთვის უფრო იაფს და თანამედროვეს გახდის გადახდის სისტემას. აი, ამ მიზნით შემოდის გადახდის სააბონემენტო სისტემა და იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი სისტემები:

„ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (1 ლარი) განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტით და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა. ეს ადამიანები 90 წუთის განმავლობაში, 1 ლარად შეძლებენ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, იქნება ეს მეტრო, ავტობუსი, თუ მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან; ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი (3 ლარი) - ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 3 ლარად; ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი (20 ლარი) - ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი; ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი (40 ლარი) - ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი, ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს, დღეში, საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად, 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი ერთი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10 ლარიდან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ); ულიმიტო, სამთვიანი ბარათი (100 ლარი) - ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის); ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი - (150 ლარი) - ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი (250 ლარი) - ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“.

პრობლემა და აჟიოტაჟი სწორედ ამ სისტემას მოჰყვა. ცხადია, ძალაში რჩება უფასო და შეღავათიანი მგზავრობაც, მაგრამ ეს არავის ადარდებს. კახა კალაძემ მერობა გაინაღდა და 50-თეთრიანი მგზავრობა 1 ლარამდე გააძვირაო, - ამას საზოგადოების ის ნაწილი გაყვირის, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სერთოდ არ სარგებლობს. დიახ, 2022 წლის 1 თებერვლიდან, მგზავრობა გაუძვირდება იმ ადამიანებს (90-წუთი - 1.00 ლარად), რომლებიც მეტროს, მიკროავტობუსს ან ავტობუსს კვირაში ერთხელ, ან თვეში რამდენჯერმე იყენებს. სამაგიეროდ, საკმაოდ დიდი შეღავათით ისარგებლებენ ისინი, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე და თანაც რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ.

დავუშვათ, ცხოვრობთ გარეუბანში და თანაც ისეთ გარეუბანში, სადაც არ არის მეტრო, მაგრამ მუშაობთ და ყოველდღიურად გიწევთ სამსახურში წასვლა. იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მიხვიდეთ, საუკეთესო ვარიანტში ორი ტრანსპორტის (ზოგჯერ სამიც, თუ ლილოს დასახლებაში ცხოვრობთ) გამოცვლა გჭირდებათ - მიკროავტობუსის, ან ავტობუსის, რომლითაც თქვენი სახლიდან მეტრომდე მიხვალთ და მერე ისევ ან მიკროავტობუსი (ავტობუსი) ან ყველაზე სწრაფი - მეტრო. სამსახურიდან სახლში დასაბრუნებლადაც ორი (სამი) ტრანსპორტის გამოცვლა გიწევთ. რასაკვირველია, თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი ერთთვიანი აბონემენტია, მაგრამ ყოველთვიურად 40 ლარის, თუნდაც სამ თვეში ერთხელ 100 ლარის, ან ექვს თვეში ერთხელ 150 ლარის გადახდას, გირჩევთ, გაიჭირვოთ და ერთწლიანი - 250-ლარიანი აბონემენტი იყიდოთ. თუმცა, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, სამთვიანსა და ექვსთვიანს შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მაღალი შემოსავალი, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდებათ, გაიჭირვებენ და მათი საჭიროებისდა მიხედვით, შეირჩევენ აბონემენტს. ოღონდ, ყველაზე მეტად ზუსტად ის ხალხი ჯავრობს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან!

რაც მთავარია, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს. დავიწყოთ უფასო მგზავრობით, კალაძის განმარტებით, უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები,  მათი თანმხლები და გამცილებელი პირები; მოსწავლეები; უბნის ინსპექტორები და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები; თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები; თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები.

რაც შეეხება მგზავრობის შეღავათიან ტარიფს, დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ამ უფლებით კვლავ ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები: 

„შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0.20 თეთრი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები;  საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0.10 თეთრი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები“.