რა ელის მამაკაცს, რომელმაც შვილების თვალწინ, ცოლს ყელი გამოსჭრა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

საშინელი რეალობა - ორ დღეში წართმეული ოთხი სიცოცხლე

პატიმრის დღიური 

ორ დღეში წართმეული ოთხი სიცოცხლე: ბორჯომში გარდაცვლილი მეთორმეტეკლასელი, ათარაში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 11 წლის ბავშვი, კახეთში მოკლული ახალგაზრდა კაცი და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყელგამოჭრილი ქალი... 20 და 21 მაისი უმძიმესი იყო საქართველოსთვის, რადგან ერთ წამში, ოთხი სიცოცხლე გაქრა. შესაძლებელი იყო თუ არა რომელიმეს პრევენცია? - პრაქტიკულად, რთულია ამის მტკიცება, რეალურად კი... შესაძლებელი იყო.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცოლის მოკვლის გამო დაკავებული როინ მებონიას საქმეზე სასამართლო, მაგრამ ყველაფერ ამას, კიდევ ერთი უდიდესი ტრაგედია ახლავს - მშობლების კამათსა და ფატალურ შედეგს ორი მცირეწლოვანი უყურებდა და ამ ბავშვებს ახლა აღარც დედა ჰყავთ და აღარც - მამა.
ბავშვებთან ერთად, მკვლელობას უყურებდა გარდაცვლილის და, დისშვილები, რამდენიმე მგზავრი და... ერთ-ერთი მგზავრი ყველაფერს ტელეფონითაც კი იღებდა. არსებობს შესაძლებლობა, რომ მამის ფსიქიკური მდგომარეობა სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნიოს და მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს.
ციხეში რომ გაუშვამ, ასევე, ხანგრძლივი იქნება სასჯელის ვადა.
ცალკე საკთხია, როგორი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ ახლა ბავშვებს და რამდენ ხანს გაჰყვებათ სტრესი, რომელიც მიღეს?
გამორიცხულია, რომელიმეს თვალებიდან და ყურებიდან ამოვიდეს ის, რაც ნახეს და გაიგონეს - დედის განწირული ხმა და ბოლო ამოძახილი.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კიდევ ერთმა, ცნობილმა და ძალიან კარგმა კაცმა, დეპრესიის გამო, თვითმკვლელობა გადაწყვიტა და საბედნიეროდ, გადაარჩნეს.
ჰო, თვითმკვლელობა გადაწყვიტა კაცმა, რომელიც გარედან ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, რეალიზებული ჩანდა, მას ჰქონდა საქმე, რომელიც უყვარდა და ძალიან უყვარდა, მაგრამ...
შედარებას გავაკეთებ და შესაძლოა, ამ შედარებისთვის ვინმემ გამკიცხოს, საბჭოთა კავშირზე ნოსტალგია დამწამოს, მაგრამ... ტელევიზიების ძველი თანამშრომლებიდან მაქვს მოსმენილი, რომ სუიციდს ან მის მცდელობას ტელევიზია, უბრალოდ, არ აშუქებდა. ამ ამბავს ტაბუ ედო და რაც მთავარია, მაქსიმალურად ცდილობდნენ სტატისტიკის დამალვას.
წარმოუდგენელია, 15 რესპუბლიკაში, წლის განმავლობაში, სუიციდის მხოლოდ 2-3 შემთხვევა რომ ყოფილიყო, მაგრამ სტატისტიკურად, სწორედ ასე აჩვენებდნენ მსოფლიოს და, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებას, რათა ეს პროცესი წახალისებული არ ყოფილიყო, რათა თვითმკვლელობის მოსურნეებზე დღეების, კვირეების განმავლობაში არ ესაუბრა მოსახლეობას, ყური არ მოეკრათ ბავშვებს იმისთვის, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.
იგივე ითქმის მკვლელობებზეც. ტელევიზია ამ ამბავსაც მაქსიმალურად მალავდა. ჰო, მალავდა იმიტომ, რომ ისევ და ისევ, წახალისება არ მომხდარიყო, თემის არსი არ გამხდარიყო მსჯელობის საგანი და არ ყოფილიყო პოპულარული ხალხში.
მაშინ არც სოციალური ქსელი იყო და არც - ინტერნეტი, ამიტომ დამალვა ადვილად შეიძლებოდა, ახლა კი, საინფორმაციო გამოშვებები აუცილებლად ნეგატივით იწყება - მოკლეს, დააყაჩაღეს, გაქურდეს...
არადა, ადრე, ოფიციალურად იყო აკრძალული საღამოს საინფორმაციოებში ნეგატიური ინფორმაციის გაჟღერება, რათა ადამიანებს მშვიდად დაეძინათ. ახლა კი, ნეგატიურ ინფორმაციაზე რეიტინგს დებენ ტელევიზიები და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ უმძიმეს დანაშაულებს ყველაზე მეტი ნახვა და კომენტარი აქვს.
ის, რომ სისხლით ვერ გაძღა კაცობრიობა, იქიდანაც ჩანს, რომ პრაქტიკულად ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ, დიდი ომების მომსწრენი ვართ. ჰო, 21-ე საუკუნეში, თითქოს ცივილიზაციის უმაღლეს უმაღლეს მწვერვალზე, გასაყოფი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ...
უკრაინამდე იყო სირია, სირიამდე - ერაყი, მანამდე ავღანეთი, აფრიკის ქვეყნები... და საქართველო, სადაც 1991 წლიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, სულ ომია და ახლაც, ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და ძნელად დასაჯერებელია, რომ ომით წართმეული უომრად დაბრუნდეს.
ისევ ქართველებზე ვთქვათ. სიღარიბემ და გაჭირვებამ საქართველო ლამის დაცალა. შესაძლოა, ვინმეს ძალიან ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ რომ ვიანგარიშოთ, შესაძლოა, ქვეყნიდან იმაზე მეტი ქართველი იყოს წასული, ვიდრე დღეს ცხოვრობს საქართველოში.
მილიონამდე ქართველი მხოლოდ რუსეთის ფედერაციაშია და მინიმუმ, ერთი ამდენი, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული. აქეთ აშშ და... მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში, აშშ-ში წასვლა 4 ათასზე მეტმა ქართველმა სცადა, მათგან ნახევარზე მეტს გამოუვიდა იმ ჯოჯოხეთის გავლა, რასაც მექსიკის საზღვრის კვეთა და შემდეგ ერთი თვით ციხეში ყოფნა ჰქვია.
აგერ, უკრაინელმა სამართალდამცავებმა „კანონიერი ქურდი“, მამუკა ონიანი დააკავეს და ახლა იმაზე იმსჯელებენ, კანონის შესაბამისად, ციხე მიუსაჯონ თუ ქვეყნიდან გააძევონ.
საბრძოლო მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო დიდი შანსია, რომ ონიანს უბრალოდ, უკრაინა დაატოვებინონ.
„ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, დაკავებულ იქნა რამდენიმე პირი, რომლებიც რუსეთთან კავშირში არიან მხილებული. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, შემთხვევით დავაკავეთ მოქალაქე, რომელსაც თან საბუთები არ ჰქონდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ ის „კანონიერი ქურდი“, მამუკა ონიანი გახლდათ. მას არანაირი შეხება არ აქვს ომთან და რუსეთთან, თუმცა უკრაინული კანონმდებლობით, კრიმინალური სამყაროს უმაღლეს საფეხურზე ყოფნა დასჯადია“, - ნათქვამია უკრაინის შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთზე ადრეც მოგახსენეთ, იქ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რუს სამართალდამცავებს ახლა ყველაზე ნაკლებად, სწორედ კრიმინალთა დევნისთვის სცალიათ.
გაგიკვირდებათ და, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში კრიმინალმა იკლო, რაზეც ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნული, სწორედ „კანონიერი ქურდების“ დაბრუნებას უკავშირდება. მათ მოახერხეს და წვრილმანი კრიმინალი საერთოდ აღკვეთეს, ხოლო დიდ საქმეებზე, ამ ეტაპზე, ხმამაღლა არავინ საუბრობს ანუ ომის პერიოდი კრიმინალებმა სათავისოდ ძალიან კარგად გამოიყენეს და გავლენის სფეროების აღდგენა კონკრეტულად რუსეთში დაიწყეს.
უკრაინაში ყველაფერი ეს არ გამოდის იმიტომ, რომ მთელი ქვეყანა ომშია, იარაღი იმდენად უკონტროლოა და ისეთი რაოდენობით ტრიალებს, რომ ვინ - ვის და სად ესვრის, არავინ უწყის.
საქართველოში ყველაზე უკეთ სიძულვილი შეგვძლებია და ეს ყოველდღიურად მტკიცდება. საქართველოში შეცოდებაც კი მაშინ იცის უმრავლესობამ, თუ ეს ყველაფერი შემდეგ გავრცელდება და შემცოდებელს ხოტბას შეასხამენ. ისე კი... ისე, ყველა მხრიდან, მხოლოდ ლაფი და ღვარძლი ისხმება.