ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 4 წლის შემდეგ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა - სასამართლოს გადაწყვეტილებას ნესტან ლონდარიძე აფასებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე დამნაშავედ ცნომოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა არასრულოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ის ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წელი და 6 თვე.

აღნუშნული გადაწყვეტილების შესაფასებლად „ვერსია“ დაუკავშირდა მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველ ნესტან ლონდარიძეს:

 „დღევანდელმა განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი, დაზარალებული მხარის, პოზიცია. ახლა კი ყველაზე მთავარი არის ის, რომ კიდევ ერთხელ ვცდილობთ, გავააქტიუროთ სამოხელეო დანაშაულის ნიშნების არსებობა საგამოძიებო ორგანოს მომუშავე პირების ქმედებებში, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ მხოლოდ ამ კითხვებზე ვითხოვთ პასუხს.“

ლონდარიძეს ვკითხეთ, რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ მენაბდის მიმართ განაჩენი? - საგულისხმოა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან უკვე 4 წელია გასული და საინტერესოა, რა გახდა მენაბდის მიმართ სასჯელის გამოტანის საფუძველი...

„სასამართლოზე იყო განხილული ის მტკიცებულებები, რაც საქმეში იყო ჩადებული. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება, რაც თავის დროზე უნდა ყოფილიყო მოპოვებული გარკვეული პრობლემების გამო, არ იყო ან დაგვიანებით იყო მოპოვებული, რამაც ხარისხი და მნიშვნელობა დაკარგა. სწორედ ამის გამო ვსაუბრობთ, რომ სამოხელეო დანაშაულის ნიშნებიც არსებობდა. რაც შეეხება იმას, რომ საქმეში იყო საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, ეს სადაო არ არის.“

გამომდინარე იქიდან, რომ ზაზა სარალიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განცხადა, მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების წინააღმდეგი არაა, ნესტან ლონდარიძეს ვკითხეთ - სამართლებრივად განახორციელა თუ არა სარალიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება?

„ბატონ ზაზას სამართლებრივი გზის გავლა ამ პოზიციის დაფიქსირებისათვის ნამდვილად არ სჭირდებოდა. მან ადამიანურად უაღრესად დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც თქვა, რომ აპატია მისი შვილის მკვლელებს და თუ შეიწყალებენ, ის ამის წინააღმდეგი არ იქნება. თუმცა, ეს პოზიცია არ არის გადამწყვეტი საქმეში და არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირები უნდა იყვნენ შეწყალებულები. ეს უკვე არის პრეზიდენტზე დამოკიდებული. ზაზამ, უბრალოდ, თავისი პოზიცია გამოთქვა, რომ მან აპატია... “

 ავტორი: სალომე ნოზაძე