რადიატორზე დაბმული ბანკის თანამშრომელი - უცნაური შურისძიების დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სამწუხარო რეალობაა - უამრავ კომპანიას აქვს გამოცხადებული ვაკანსია,მაგრამ დასაქმების მსურველთა რიცხვი ცოტაა. ისე არ იფიქროთ, რომ ადამიანებს მუშაობა არ უნდათ, ან ეზარებათ. არა, უბრალოდ, ისინი ხვდებიან, რომ ანაზღაურება ღირსეული არ არის და ის, რასაც გამოიმუშავებენ, არ ეყოფათ საარსებოდაც კი. აგერ, ორიოდე დღის წინ, სოციალური ქსელი წალეკა ვაკანსიამ, რომელშიც ეწერა, რომ ერთ-ერთი კომპანია ეძებდა დამლაგებელს, რომელსაც თვეში 1200 ლარს გადაუხდიდა, მაგრამ როცა პირობებს კითხულობდნენ მსურველები, კომპანიას, უბრალოდ, აგინებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ დამლაგებელს დილის 8-დან საღამოს 8-მდე ანუ 12 საათი უნდა ემუშავა (ერთი საათი შესვენების უფლებით), რაც 11 საათს ნიშნავს დღეში და უნდა ემუშავა შაბათის ჩათვლით, დასვენება მხოლოდ კვირა დღე იყო. გამოდიოდა, რომ დამლაგებელს კვირაში 66 საათი უნდა ემუშავა და ეს მაშინ, როცა კანონით, კვირაში 40 საათზე მეტი ზეგანაკვეთურ მუშაობად ითვლება და ცალკე ანაზღაურებაა. მთლიანობაში, დამლაგებელს თვეში, დაახლოებით, 270 საათი უნდა ეშრომა და სანაცვლოდ 1200 ლარი მიეღო. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ მართლა კარგ ვაკანსიასა და ღირსეულ ჯამაგირზე, ყველა ხვდება, რომ შანსი არ აქვს, რადგან იქ ხელმძღვანელობა ნაცნობს, მეგობარს, ძმაკაცს მიიღებს ანუ კარგი ვაკანსია შინაურობაში „ტყდება“, რა...

 

განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელს პრაქტიკანტი გოგონა მიამაგრეს, ძალიან პერსპექტიულია და აბა, შენ იცი, ყველაფერი ასწავლეო. გოგონა მართლაც მონდომებული გახლდათ, ყველაფერს ისრუტავდა, არ აგვიანებდა, არც კონსპექტების გაკეთება ეზარებოდა, ბევრ რამეს იწერდა, ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. დაახლოებით, ერთკვირიანი პრაქტიკის შემდეგ, გოგონამ გამომძიებელს ღამის 12 საათზე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

„მეგობარი მყავს, ბანკში მუშაობს, დღეს შეაგვიანდა, დამირეკა და მითხრა, თუ შეიძლება, შენთან დავრჩებიო. რა თქმა უნდა, გამიხარდა და 11-ზე, სამსახურიდან რომ გამოვიდა, დამირეკა, მოვდივარო, მაგრამ არ მოსულა. მასავით მოწესრიგებული არავინ მეგულება, გამორიცხულია, სხვაგან წასულიყო და ჩემთვის არ ეთქვა. მგონია, რომ ის უბრალოდ გაიტაცეს და არ ვიცი, ვის მივმართო“, - გოგონა აშკარად ნერვიულობდა.

გამომძიებელმა ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ ურჩია, ყველაფერი ეს, უახლოეს განყოფილებაში მოუყევი, ძებნა დაიწყონ და თან უთხარი, რომ მე საქმის კურსში ვარო.

გადაღლილი გამომძიებელი გამოძინებას აპირებდა და აშკარად არ სურდა, პრაქტიკანტს სადმე გაჰყოლოდა. გოგონა წავიდა, მაგრამ შემდეგ კიდევ ორჯერ დარეკა და მოახსენა, დაქალს ვერ ვპოულობო, თუმცა გამომძიებელს ძილის გარდა არაფერი აინტერესებდა, თანაც იცოდა, რომ დაკარგულს უკვე ეძებდნენ სამართალდამცავები და მათი იმედიც ჰქონდა.

მეორე დღეს, სამსახურში მისულ გამომძიებელს პრაქტიკანტი გოგონა კართან ელოდა.  „მიშველეთ, გთხოვთ, ჩემი მეგობარი არც სახლში მისულა, არც სამსახურში დაბრუნებულა. მგონია, რომ გაიტაცეს, რომ ახლა აწამებენ, ან კლავენ“, - გოგონა ლამის ტიროდა და გამომძიებელმაც ყველაფრის თავიდან მოყოლა სთხოვა, ოღონდ დალაგებუყლად მომიყევი და არაფერი გამოგრჩესო.

გოგონაც ყველაფერს მოჰყვა და გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა, არც კი ვიცი, რით დაგეხმარო, საქმე რომც აღიძრას, მე არ მომცემენ, სახელმწიფო მნიშვნელობის ნამდვილად არ არისო, თუმცა დაჰპირდა, საქმე ვისაც უნდა მისცენ, დავურეკავ და ვეტყვი, რომ ყურადღებით მოეკიდონ და თან გავაკონტროლებო.

საქმე მართლაც აღიძრა და გამომძიებელიც კოლეგას სთხოვდა, თუ რამე საინტერესო იქნება, შემატყობინეო, მაგრამ...

ბანკის თანამშრომლების დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გოგონა სამსახურში ორი წლის წინ, ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ აიყვანეს და უფროსი, ვინც აიყვანა, მალევე მისი საყვარელი გახდა. მეტიც, ამბობდნენ, რომ მმართველი ოჯახთან დაშორებას აპირებდა და სწორედ ეს გოგო უნდა მოეყვანა ცოლად. ამიტომ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სწორედ მმართველის ცოლი იყო, რადგან ის ორჯერ უკვე მიუვარდა გოგონას სამსახურში, ერთხელ თმითაც ითრია.

„რაა? ის კახპა დაიკარგა და მე მადანაშაულებთ? ახლა ნამდვილად არ ვაპირებ თავის მართლებას, რადგან ქმართან ურთიერთობა გავარკვიე და შევთანხმდით, რომ ჩვენი შვილის გამო, ერთმანეთს არ დავშორდებით, ის შტერი გოგო სხვა ფილიალში გადავა და ყველაფერი ძველებურად იქნება. ეს, შეგიძლიათ, ჩემს ქმართანაც გადაამოწმოთ“, - განაცხადა ქალმა და რაც მთავარია, იმ დროისთვის, როცა ბანკის თანამშრომელი დაიკარგა, ალიბიც დადო.

ძალოვნებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ. მთავარი ეჭვმიტანილი მართალი აღმოჩნდა და რაც მთავარია, არ არსებობდა სხვა ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია, მოტივი ჰქონოდა. მოტივი კი, ყველა საქმეში აუცილებელია. სხვა თანამშრომლების დაკითხვამაც არ გამოიღო შედეგი, რადგან ყველა ერთხმად აღნიშნავდა, მტერი არ ჰყოლია, რაც მოვიდა, ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობდა და მერე რა, რომ მმართველის საყვარელი იყო, დაკისრებულ მოვალეობას თავს აშკარად კარგად ართმევდაო. შესაბამისად, არავის ჰქონდა პრეტენზია, რომ მისი ადგილი დაეკავებინა და მტერიც არ ჰყავდა

„მე, უბრალოდ, იმისიც კი არ მჯერა, რომ ბანკის მმართველი მისი საყვარელი იყო. ის ყველაფერს მიყვებოდა და ამასაც მომიყვებოდა. ის თავისი საქმის პროფესიონალია და სამსახურის დასაწყებად ლოგინი და სექსი არ სჭირდებოდა“, - ბოლო ხმაზე კიოდა მისი დაქალი და განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელს უკვე აშკარად ნერვებს უშლიდა. საბოლოო ჯაამში, ის იძულებული გახდა, საქმის მასალებს თავად გასცნობოდა, მაგრამ რამე ახალი ვერ აღმოაჩინა.

გადაწყდა, ბანკის მმართველი გამოკითხულიყო, რადგან, გარდა იმისა, რომ ის დაკარგულის უშუალო უფროსი იყო, ასევე, გარკვეული პერიოდი, საყვარლად ჰყავდა და წესით, ყველაზე მეტი უნდა სცოდნოდა. ბანკის მმართველმა ბევრი ვერაფერი გაიხსენა, ისიც დაადასტურა, რომ გოგო ნამდვილი პროფესიონალი იყო და უბრალოდ, გარემოებების დამთხვევა თუ არა, მათი ურთიერთობაც არ შედგებოდა ანუ გოგო მასთან კარიერის კი არა, სიყვარულის გამო იწვა.

„ერთი უცნაური შემთხვევა კი გვქონდა. ქალაქგარეთ, სასტუმროში წავედით ღამის გასატარებლად და დამლაგებელი მეცა, ახლა ვხვდები, ეს გოგო რატომ მამჯობინე, მე ხომ მასზე მაღალი შეფასება მივიღე, მაგრამ თურმე, საყვარლად გყოლიაო. მერე მოვიკითხე და როგორც მივხვდი, ის ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც მაშინ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. შემიძლია, კონკურსის შედეგები გამოგიგზავნოთ, მე პროფესიონალი მჭირდებოდა და არა - ნაშა, სამსახურშიც სწორედ ის მივიღე, ვისაც ყველაზე მაღალი შედეგები ჰქონდა. ურთიერთობა მოგვიანებით აგვეწყო, მეც ძალიან შემიყვარდა, ლამის ცოლსაც დავშორდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვის გამო, ერთად უნდა ვყოფილიყავით“, - განაცხადა ბანკის მმართველმა, რომელსაც კარგად ახსოვდა იმ გოგოს სახელი და გვარი, რომელიც თავს დაესხა. მისი პოვნა არც სამართალდამცავებს გასჭირვებიათ.

თითქოს, უცნაური არაფერი ხდებოდა, ძალოვნები ეჭვმიტანილის ყოველ ფეხის ნაბიჯს აკონტროლეებდნენ, მის შესახებ ინფორმაციაც მოიკითხეს მეზობლებში და მათი თქმით, გოგონა ძალიან კარგად სწავლობდა, დიდი მომავალიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ მერე გამზრდელი ბებია გარდაეცვალა და... გალოთდა. ჰო, სასმელს მიეძალა და სამსახურსაც ამის გამო ვერ პოულობდა. უფრო სწორად, პოულობდა, მაგრამ მუდმივად აგდებდნენ, რადგან ცოტა ხანს ითმენდა, შემდეგ კი ყველა სამსახურში მთვრალი მიდიოდა.

„ის, რომ საჭმელს არ ყიდულობს, არ ნიშნავს, რომ სახლში ჩვენი დაკარგული არ ჰყავს დაბმული. ხომ შეიძლება, უბრალოდ, შიმშილით კლავდეს და შურისძიებას ასე აპირებდეს? რაც შეხება თავად მას, არ ყიდულობს საჭმელს და ყიდულობს მხოლოდ სასმელს, ნიშნავს ერთადერთ რამეს - ლოთია და დასაყოლებლი, უბრალოდ, არ სჭირდება“, - თქვა გამომძიებელმა და იმდენი მოახერხა, რომ პროკურორს ბინის ჩხრეკის ორდერიც გამოსტყუა. სახლში შესულმა სამართალდამცავებმა რადიატორზე დაბმული და გოგონა მალევე იპოვეს, ბინის მფლობელი კი დააკავეს. მისი დაკითხვა მხოლოდ გამოფხიზლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„ის სამსახური ძალიან მჭირდებოდა, ვემზადებოდი, ბებია მყავდა ცუდად, მისი წამლებისა და მკურნალობის ფული სწორედ იმ სამსახურის ხელფასით უნდა გადამეხადა, მაგრამ არ ამიყვანეს. მაშინ ჩავთვალეე, რომ ამან მაჯობა, მაგრამ მერე, როცა მმართველთან ერთად ვნახე, მივხვდი, რომ ერთადერთი, რაშიც მაჯობა, ლოგინში კოტრიალი იყო. ბებიაც გარდამეცვალა, ვერაფერი ვუშველე. შემთხვევით დავინახე და გატაცებაც სპონტანურად გადავწყვიტე, თავში არყის ცარიელი ბოთლი ჩავარტყი და სახლამდე მოვათრიე. საჭმელს რატომ არ ვაჭმევდი? უი, ეგ არც გამხსენებია, უბრალოდ, რომ მოვდიოდი, ყოველ საღამოს წიხლს ჩავაზელდი ხოლმე და გავუშვებდი რამდენიმე დღეში“, - განაცხადა დაკავებულმა და... სასამართლოსგან ექვსწლიანი სასჯელიც მარტივად მიიღო.

 

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე