Menu
RSS

„ქართული ლუდის კომპანიამ“ 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

საჯარო ობლიგაციების ემისია თიბისი კაპიტალის დახმარებით განხორციელდა

,,ქართული ლუდის კომპანიამ'' 25 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა. 2018 წლის განმავლობაში, კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში, ეს ერთ-ერთი, უმსხვილესი ტრანზაქციაა. 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ პირველად გამოუშვა. მათი საჯარო ემისია კი თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანიამ, ,,თიბისი კაპიტალმა'' განახორციელა.

,,თიბისი კაპიტალის'' დირექტორმა, ირაკლი ელაშვილმა განმარტა, რომ ობლიგაციებში ინვესტირება რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა, მათ შორის, ბანკებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა განახორციელეს. საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში, ეს ობლიგაციები 2018 წლის 26 დეკემბერს დაუშვეს. მისივე თქმით, ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა _ EBRD-მა შეიძინა. სხვათა შორის, დალისტულ ლარის ობლიგაციებში, ეს EBRD-ის რიგით მეორე ინვესტიციაა: 

„ესაა მორიგი შემთხვევა, როდესაც ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან, ამ შემთხვევაში, „ქართული ლუდის კომპანიასთან“ ვმუშაობთ. კაპიტალის ბაზრის საშუალებით, ამ კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ. 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაცია, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სექტორში გამოშვებული, პირველი საჯარო ობლიგაციაა. ეს მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია მთლიანი სექტორის სამომავლო განვითარებისა და ლარით დაფინანსების წყაროების შესაქმნელად'', _ განუცხადა ,,ვერსიას'' ირაკლი ელაშვილმა. 

 

მისივე თქმით, ობლიგაციების საერთო ძირი თანხა 25 000 000 ლარია, ხოლო დარიცხული პროცენტი _ 400 საბაზისო პუნქტი (სპრედი) და მათზე დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის _ რეფინანსირების განაკვეთი, ვადამოსული 2023 წლის 21 დეკემბერს გახდება. ირაკლი ელაშვილმა ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ ეს ობლიგაციები 2018 წლის 21 დეკემბერს, 10 000 ლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად გამოუშვეს. მათი გამოსყიდვა 2021 წლის 21 დეკემბერს, ძირი ღირებულებით განხორციელდება. 

,,ქართული ლუდის კომპანიის'' გენერალურმა დირექტორმა, კახა კოტრიკაძემ აღნიშნა, რომ ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით _ კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად და არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს: 

„2018 წელი, ჩვენი კომპანიისათვის საკმაოდ საინტერესო იყო. „ქართული ლუდის კომპანიამ“ 5-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განათავსა. მთლიანობაში, 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოვუშვით და განვათავსეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიის მიმართ, ინვესტორების ნდობა საკმაოდ მაღალია. ეს ნდობა გამოიხატება, როგორც კომპანიის სტარტეგიული განვითრების სწორ ხედვაში, ასევე ჯანსაღ და სტაბილურ ფინანსური მდგომარეობაში. ამით, ,,ქართული ლუდის კომპანია'' განვითარების სულ სხვა ეტაპზე გადავიდა, რადგან 2019 წლის 1 იანვრიდან, მის მიმართ, საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. კომპანია ანგარიშვალდებული იქნება, რათა საკუთარი მიღწევები და ფინანსური მაჩვენებლები ყოველკვარტლურად, თუ ყოველწლიურად, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საფონდო ბირჟასთან და ინვესტორებთან დაადეკლარიროს'', _ განაცხადა კახა კოტრიკაძემ. 

,,ქართული ლუდის კომპანია'', 2011 წელს დაფუძნდა და აქედან მოყოლებული დღემდე, თიბისი ბანკთან თანამშრომლობს. ამ ხნის მანძილზე, თიბისისთან, როგორც მთავარ საფინანსო პარტნიორთან ერთად, კომპანიამ უამრავი, საინტერესო პროექტი განახორციელა. კახა კოტრიკაძის განმარტებით, 2018 წელი, ამ კომპანიისთვის საფინანსო წყაროების დივერსიფიკაციის მხრივაც გამორჩეული იყო. თიბისი ბანკმა და ევრობანკმა, ,,ქართული ლუდის კომპანია'' ერთობლივად დააფინანსეს, რითაც კომპანიის დანახარჯები უცხოურ ვალუტაში მოზიდულ ფინანსურ სახსრებზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ობლიგაციების ემისიის საშუალებით კი, ,,ქართული ლუდის კომპანიამ'' გრძელვადიანი რესურსი მიიღო ლარში, რაც ამ კომპანიას სავალუტო რისკებს შეუმცირებს. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში