Menu
RSS

თიბისი-ს ახალი სათავო ოფისის მშენებლობა იწყება

ლისის ტბის მიმდებარედ „თბილისის ბიზნეს ცენტრი“ განთავსდება

თიბისი-ს ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები იწყება. 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე, „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ მშენებლობას საფუძველი თიბისი ჯგუფის დამფუძნებლებმა _ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჩაუყარეს. ღონისძიება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილზე გაიმართა, სადაც ახალი სათავო ოფისი, ხოლო მის მიმდებარედ, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაშენდება.

ახალი პროექტის მშენებლობა, რომელიც თიბისი-მ გასულ წელს, ბანკის 25-ე იუბილეზე დააანონსა, მთლიანად თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეფუძნება. 2 000 თანამშრომელზე გათვლილი კომპლექსი, 13 ჰექტარზე გაშენდება და ენერგოეფექტური იქნება, რომელიც მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს. თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ინოვაციური პროექტი 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობა ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება, 80% _ გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა: 

,,ახალი პროექტი ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა იქნება, რომელიც მიმზიდველ სამუშაო გარემოს შექმნის, როგორც ბანკის თანამშრომლებისთვის, ასევე ინვესტორებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვისაც. ინოვაციური პროექტი მთლიანად ენერგოეფექტური იქნება, რომელიც 2 000 ადამიანზეა გათვლილი. თავიდანვე გავითვალისწინეთ, რომ ,,თბილისი ბიზნეს ცენტრის'' კომპლექსის შენობა-ნაგებობები მწვანე ლანდშაფტში განთავსებულიყი, სადაც მცენარეები ტერასულად გაშენდება და ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის'', _ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

„თბილისის ბიზნეს ცენტრის“ ერთ საჯარო სივრცეში, სამი ძირითადი პროექტი გაერთიანდება. კერძოდ, თიბისი-ს სათავო ოფისი; ინოვაციების ლაბორატორია _ ახალი ცენტრი კვლევისა და ახალი იდეების გენერირებისთვის; კულტურული ჰაბი ანუ გალერეის, რესტორნისა და საერთო სამუშაო სივრცის შერწყმა, რაც აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა. 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ახალი სათავო ოფისი, საბანკო სექტორში აქამდე არსებულ, დახურული სივრცის კონცეფციას ურთიერთობებზე ორიენტირებული, ღია და მოქნილი სივრცით ჩაანაცვლებს: ,,ოფისში თანამშრომლები მეტი ინტერაქციითა და მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნით, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას შეძლებენ'', _ აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

„თბილისის ბიზნეს ცენტრის“ ადგილმდებარეობა მისი დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლისის ტბის ბუნებრივი ლანდშაფტის ფონზე, ახალი საოფისე კომპლექსი მწვანე გარემოს ნაწილი გახდება, სადაც დედაქალაქის ურბანულ ელემენტებს, ვენახებით გამდიდრებული ბუნებრივი ლანდშაფტი ჩაენაცვლება. 

აღსანიშნავია, რომ თიბისი-ს ახალი სათავო ოფისის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სადაც არქიტექტურული ნაგებობები, მათი ტერასული განლაგებისა და დიდი ზომის აივნების წყალობით, ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის: 

,,სწორედ ესაა ამ კონცეფციის მთავარი ამოსავალი: ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, მთის ფერდობზე შეფენილი კომპლექსი, სადაც ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებული გარემოა შექმნილი. თიბისი-ს თანამშრომლები კომფორტულ გარემოში მუშაობასა და დასვენებას, კოლეგებსა და სტუმრებს შორის ინტერაქციას შეძლებენ. შენობაში განთავსდება რესტორნები, ფიტნეს-კლუბები, სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის და სხვა'', _ განმარტა მამუკა ხაზარაძემ. 

პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი, ფრანს ვუურეა, რომელიც საერთაშორისო კომპანია UN STUDIO-ს წარმოადგენს. UN STUDIO-მ პროექტის განხორციელების დაწყებამდე, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, საფუძვლიანად გამოიკვლია ლოკაცია, შეისწავლა თიბისი-ს, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები. 

თიბისის ახალი სათავო ოფისი სავიზიტო ბარათი გახდება თიბისი ჯგუფისთვის, რომელშიც გაერთიანდება ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსი საქართველოში პირველად შენდება. 

„თბილისის ბიზნეს ცენტრის“ პროექტის განხორციელება 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში