Menu
RSS

საქართველოს ბანკი გადახდის ახალ სისტემას ნერგავს

QR PAY _ ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად!

ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი გადახდის სრულიად ახალ სისტემას _ QR PAY-ს ნერგავს. QR PAY, საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებული გადახდის ინოვაციური მეთოდია, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს. უნაღდო ანგარიშსწორებისთვის, მცირე მეწარმეები გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს მიიღებენ.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განმარტებით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა QR-ით სარგებლობა რომ შეძლონ, საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ, რათა QR PAY-ს გადახდის სისტემაში სრულიად უფასოდ ჩაერთონ. ამასთან, ისინი საქართველოს ბანკში, ეროვნულ ვალუტაში, მინიმუმ ერთ, მიმდინარე ანგარიშს უნდა ფლობდნენ. მცირე მეწარმეებისთვის, QR PAY-ს გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, სრულიად უფასო იქნება. ერთი წლის შემდეგ, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. 

`ვერსიის~ კითხვაზე, რამდენად შეღავათიანი იქნება მცირე მეწარმეებისთვის გადახდის ახალი სისტემის დანერგვა, კახა კიკნაველიძემ გვიპასუხა, რომ საკომისიო იმაზე გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე ბარათებით გადახდის შემთხვევაში. მისივე განმარტებით, QR PAY-ის მომსახურებას ორი უპირატესობა აქვს: პირველი _ ინდმეწარმეებსა და მერჩანტებს პოს-ტერმინალების შეძენა არ დასჭირდებათ და მეორე _ საკომისიო გადასახადი დაბალი იქნება. 

რაც შეეხება მომხმარებლებს, მათთვის QR PAY-ით გადახდა საკმაოდ მარტივია. ყველა მომხმარებელი, რომელიც საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობს და ამავდროულად, ქვეყნის წამყვანი ბანკის აქტიურ სადებეტო ან/ და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard, an American Express) ფლობს, QR PAY-თ გადახდას მარტივად შეძლებს. ამისთვის, მომხმარებელმა მობილბანკი უნდა გახსნას და გადახდა QR კოდის წაკითხვით განახორციელოს. 

როგორც კახა კიკნაველიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, QR PAY-თ გადახდა, უკვე 800 სავაჭრო და მომსახურების ობიექტშია შესაძლებელი, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მათი რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. მომხმარებელს QR-ის ფუნქციონალი (ნიშანი), მობილბანკის აპლიკაციაში, აპლიკაციის განახლებისთანავე, ეტაპობრივად გამოუჩნდება. 

კახა კიკნაველიძის განცხადებით, გადახდის ამ ახალი სისტემის დანერგვით, ქვეყნის წამყვანი ბანკი ქმნის შესაძლებლობებს, რათა მომხმარებლებმა ყველგან გადაიხადონ: 

„იქაც კი, სადაც აქამდე, გადახდები მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით მოემსახურონ. იმავდროულად კი, საკუთარი ბიზნესიც განავითარონ“. 

მომხმარებლების წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკი QR-გათამაშებასაც იწყებს! იმ მომხმარებელსა, თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, რომელიც QR PAY-თ ყველაზე მეტჯერ გადაიხდის, შესაძლებლობა აქვს, მოიგოს 2-კაციანი საგზური ევროპაში. გათამაშების ფარგლებში, მთლიანობაში, 16 გამარჯვებული გამოვლინდება. QR PAY-თ პროდუქციის, თუ მომსახურების შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, სადაც QR PAY-ს მანიშნებელია განთავსებული. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, სატელეფონო ცენტრებს უნდა დაუკავშირდეთ. კერძოდ, გათამაშებასთან დაკავშირებით: 032444 444; QR PAY-ის მხარდაჭერის სამსახური: 032 444 490, ან მიმართოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს! 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში