Menu
RSS

უპრეცედენტო გადაწყვეტილება _ ქორეპისკოპოსი იაკობი სასამართლომ ცილისწამებაში ამხილა

მუეფე იაკობმა ადვოკატ მიხეილ რამიშვილს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს და, სიმბოლურად, 1 ლარი გადაუხადოს!

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, ქორეპისკოპოსმა იაკობმა, რომელსაც ადვოკატი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩიოდა, მიხეილ რამიშვილს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს. მეტიც, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, სასამართლომ ქორეპისკოპოსს, სიმბოლურად, 1 ლარის გადახდაც დააკისრა.

,,ვერსია'' ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, 11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, რომლითაც ადვოკატის სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა. 

,,ტელეკომპანია ,,იბერიას'' პირდაპირ ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში, ქორეპისკოპოსმა იაკობმა, იგივე კონსტანტინე იაკობიშვილმა, საჯაროდ დამწამა ცილი. მისი თქმით, თითქოს მეუფე პეტრეს მაბეზღარა ვიყავი, ხოლო დეკანოზ გიორგი მამალაძისა და სანდრო გირგვლიანის საქმეში კი ჩანერგილი აგენტი. შესაბამისად, როგორც აგენტ-პროვოკატორს, ინფორმაცია ახალაიასთან მიმქონდა, რაც სრული აბსურდია. მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ქორეპის კოპოს იაკობის ეს განცხადება ცილისწამებად ჩათვალა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქორეპისკოპოსი იაკობი ვალდებულია, რომ საჯაროდ, ნებისმიერი ტელეკომპანიის საშუალებით უარყოს ცილისმწამებლური განცხადებები. მან საჯაროდ უნდა თქვას, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება'', _ განუცხადა ,,ვერსიას'' მიხეილ რამიშვილმა. 

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, ადვოკატის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქორეპისკოპოს იაკობს ადვოკატის სასარგებლოდ, სიმბოლურად, 1 ლარის გადახდა დააკისრა: 

,,პატივი და ღირსება ჩემთვის შეუფასებელია. შესაბამისად, ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის გამო, ქორეპისკოპოს იაკობს სიმბოლურად, 1 ლარის გადახდა დაეკისრა. ამიერიდან, მას მოუწევს, რომ მხოლოდ სიმართლე ილაპარაკოს და იქადაგოს''. 

როგორც მიხეილ რამიშვილმა ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ სასამართლოს რომელიმე ქორეპისკოპისი ცილისწამებაში ემხილებინა. აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეზე გარკვეული ზეწოლის მცდელობა იქნებოდა, თუმცა ირაკლი კოპალიანმა მაინც სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში