Menu
RSS

თიბისი ბანკსა და საქართველოს ფოსტას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

ფოსტის სერვისცენტრებში თიბისი ბანკის სერვისებითაც ისარგებლებთ

თიბისი ბანკის პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას საქართველოს ფოსტის მომხმარებლებიც შეძლებენ. საქართველოს მასშტაბით, ფოსტის ყველა სერვისცენტრში, მომხმარებლები თიბისი ბანკის, ასევე თიბისი დაზღვევის სერვისებითა და პროდუქტებით ისარგებლებენ. ამასთან დაკავშირებით, 24 ოქტომბერს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში'' მხარეებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის მომხმარებლები, არა მარტო გააგზავნიან ან მიიღებენ გზავნილებს, არამედ თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის სერვისებითა და პროდუქტებითაც ისარგებლებენ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. მეტიც, მომხმარებლები საქართველოს ფოსტის სერვისცენტრშივე განახორციელებენ მათთვის სასურველ ფინანსურ ოპერაციებს. მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანი, მომხმარებლების დროის დაზოგვა, ასევე საფოსტო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. 

პირველ ეტაპზე, საბანკო სერვისები საქართველოს ფოსტის რამდენიმე სერვისცენტრში იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო 2019 წლის განმავლობაში, ეს სიახლე ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით მდებარე, ფოსტის ყველა სერვისცენტრში დაინერგება. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით მოხარულია: 

,,ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს ფოსტასთან _ ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორთან, რომელიც მომხმარებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით უწევს მომსახურებას. ჩვენ, ორივე კომპანიას ბევრი საერთო გვაქვს _ ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე, მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნასა და მათი მოთხოვნებისა, თუ ინტერესების გათვალისწინებით, ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება, საქართველოს ფოსტა და თიბისი ბანკი ერთობლივად, არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ მომხმარებლებს''. 

,,ვერსიასთან'' საუბრისას საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ თიბისი ბანკთან თანამშრომლობა მომხმარებელზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული საფოსტო ოპერატორების პრაქტიკაა გათვალისწინებული: 

,,ვფიქრობ, ჩვენს თანამშრომლობას მრავალი მიმართულება ექნება, რომელიც მხოლოდ საფოსტო და ფინანსური პროდუქტებით არ შემოიფარგლება. ქვეყანაში ორი წამყვანი დარგის მსხვილი წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარება, მეტი ინოვაციის ინიცირებისთვისაა სასარგებლო. თიბისი ბანკის გუნდი გამოირჩევა ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინტერესო ხედვით, საქართველოს ფოსტის სამომავლო გეგმები კი პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ სიახლეებთან''. 

საქართველოს ფოსტა ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფოსტა 82 სერვისცენტრს ფლობს. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, დაიცვას და უზრუნველყოს მათი უფლება, რათა ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, შეუფერხებლად მიიღონ საფოსტო მომსახურება. 

რაც შეეხება თიბისის, ყველა საკვანძო პარამეტრის გათვალისწინებით, ის საქართველოში პირველი ბანკია. 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მას შემდეგ, რაც ბანკი რესპუბლიკა შეუერთდა, თიბისი ბანკის მთლიანი საბანკო აქტივების მოცულობა 37.1%-ია, სასესხო პორტფელი _ 38.3%, სადეპოზიტო პორტფელი _ 39.5%. თიბისი ბანკი ემსახურება საცალო, მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორატიულ სეგმენტს, ასევე 2 300 000-ზე მეტ მომხმარებელს. საქართველოს მასშტაბით, თიბისი ბანკს 7 200 თანამშრომელი ჰყავს, ხოლო თიბისი კრედიტის ჩათვლით, ფილიალების რაოდენობა 152-ია. 2014 წლიდან, თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში