Menu
RSS

თიბისი-მ „საბას“ საკონსულტაციო საბჭო შექმნა

საბჭოში ლიტერატურასთან დაკავშირებული ინსტიტუციები გაერთიანდნენ 

ვიდრე ფრანკფურტში, „საბას“ მე-16 საზეიმო დაჯილდოება გაიმართება, თიბისი-მ საკონსულტაციო საბჭო შექმნა. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურის განვითარებასა და განსაზღვროს ,,საბას'' პოლიტიკა ლიტერატურის განხრით. ,,საბას'' საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შევიდა ქვეყანაში არსებული ყველა ის ინსტიტუცია, რომლებიც ლიტერატურას უკავშირდება. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საკონსულტაციო საბჭოს შექნის შესახებ მემორანდუმს ხელი 25 სექტემბერს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში მოეწერა. 

საკონსულტაციო საბჭოს წევრები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებმაც საქართველოში ლიტერატურული პროცესები უნდა განავითაროს, წერა-კითხვის კულტურა გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს. საბჭო უზრუნველყოფს ,,საბას'' და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ, თუ საერთაშორისო პროექტებში. საკონსულტაციო საბჭოს, ,,საბას'' ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე უხელმძღვანელებს: 

„მოგეხსენებათ, წელს, ,,საბას'' პრემია გაიცემა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველო თავისი დიდი ისტორიითა და ლიტერატურით წარსდგება. უკვე 16 წელია, რაც ლიტერატურული პრემია „საბა“ გაიცემა და ამ ხნის მანძილზე, პროგრესი საკმაოდ დიდია. თუ თავდაპირველად, კონკურსში 30 წიგნი იყო შემოსული განსახილველად, ხოლო ბოლო წლებში _ 300-ზე მეტი წიგნი შემოდის. ნომინანტებს შორის, სულ 6 500 წიგნი განვიხილეთ და პრემიის სახით, 550 000 ლარი გაიცა. ამ წლების განმავლობაში, ,,საბამ'' ბევრი ნიჭიერი მწერალი, პოეტი და ლიტერატორი აღმოაჩინა. ბოლო ორი წელია, აქცენტს ქართული ლიტერატურის გარეთ გატანაზე ვაკეთებთ, რისთვისაც ინტენსიურად ვმუშაობთ და ეს ,,საბას'' ნომინაციებსაც დაეტყო თარგმანის მიმართულებით. ვფიქრობთ, დღეს უკვე ახალ ეტაპზე, საერთაშორისო ასპარეზზე გადავდივართ, ამიტომ საკონსულტაციო საბჭოში მოვიწვიეთ ყველა ის ინსტიტუცია, რომლებიც ლიტერატურასთანაა დაკავშირებული. საერთაშორისო ასპარეზზე ,,საბას'' ძალიან დიდი მისია ეკისრება და გვინდა, რომ კომპლექსურად, სტრატეგიულად შევათანხმოთ ის საქმიანობა, რასაც მომავალში ვაპირებთ''. 

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, 2003 წელს, თიბისი-მ ლიტერატურული პრემია „საბა“ დააარსა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ,,საბა'' აფასებს გასული წლის ლიტერატურულ პროცესებს და შესაბამისად, მის მთავარ განმსაზღვრელ პრემიად იქცა. ,,საბამ'' უამრავ შემოქმედს მისცა სტიმული, დააფასა არა ერთი მწერლის ღვაწლი და ბევრი მათგანის სასურველ ჯილდოდ იქცა. ,,საბა'' კითხვის კულტურის ამაღლებასა და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ლიტერატურული წრეების გარდა, მკითხველებიც ყოველ წელს ელიან ,,საბას'' დაჯილდოებას, ხოლო გამარჯვებული წიგნები, თუ ავტორები, მაშინვე ბესტსელერები ხდებიან. ლიტერატურული პრემიის დაარსებიდან დღემდე, 111 სხვადასხვა ავტორზე, 140 პრემია გაიცა. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, ლიტერატურული პრემია ,,საბას'' ლაურეატი 2009 წელს გახდა, ნომინაციაში _ წლის საუკეთესო დებიუტი კრებულისთვის ,,ოდები''. ამიერიდან, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ის ,,საბას'' საკონსულტაციო საბჭოს წევრია: 

,,ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვანი ორგანიზაციები და კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ჩაერთნენ ამ საქმეში, რეალურად განაახლებენ პროცესს. ამავდროულად, საშუალება გვექნება, რომ ერთობლივი ძალებით, კონკურსის მნიშვნელობა გავზარდოთ და საგანმანათლებლო მიმართულებითაც განვავითაროთ. იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც ამ საბჭოში მონაწილეობენ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ დარჩება მხოლოდ კონკურსისთვის ანუ საბჭო საბჭოსთვის და რეალურად, ქმედით ღონისძიებებს განვახორციელებთ''. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს, დავით ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ საკონსულტაციო საბჭო მის გასაფართოებლად შეიქმნა, რადგან ,,საბა'' მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი არაა: 

,,ესაა პლატფორმა და ჩვენც, ეროვნული მუზეუმი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთვებით. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ საზოგადოებრივი განათლებაა და ამ მხრივ, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. საბჭოს შექმნა ინოვაციური მიდგომაა, თუ როგორ ვითარდება კონკურსი და შესაბამისად, ახლა ,,საბა'' საბაბია იმ მნიშვნელოვანი პროექტებისა, რომლებიც ერთი მხრივ, ეროვნულ მემკვიდრეობას ეფუძნება, მეორე მხრივ, თანამედროვე ლიტერატურას ავითარებს''. 

ლიტერატურული პრემია ,,საბას'' ისტორიაში, 2018 წელი განსაკუთრებული იქნება, რადგან დაჯილდოების საზეიმო ცერემონია წელს გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება. ცერემონია 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში _ Kაისერსაალ ჩატარდება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე, ქართული წიგნის გატანის კარგი შესაძლებლობაა. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში