Menu
RSS

საქართველოს ბანკი რეგიონის ფინტექ მიმართულებას ანვითარებს

პირველი ფინტექ-ჰაკათონი 14-16 სექტემბერს გაიმართება

მთელი საქართველოს ბანკმა, ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა BOG Fintech  და ვებ-გვერდი www.fintech.ge  წარადგინა. ღია ბანკინგი (open banking), მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ-სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით, მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განმარტებით, ქვეყნის წამყვანი ბანკი პირველია, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში, რომელმაც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა. მისი თქმით, BOG Fintech პროგრამა რამდენიმე მსხვილ კომპონენტს მოიცავს, როგორც მოქმედი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, ასევე ერთეული სპეციალისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი პროექტის განსახორციელებლად, ან გასავითარებლად, დღეს საჭირო რესურსი არ გააჩნიათ: 

,,სწორედ ასეთი პროექტების გამოსავლენად, საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია სხვადასხვა კონკურსების, მათ შორის ფინტექ-ჰაკათონების მოწყობა. ამ კონკურსებისა და ჰაკათონების გამარჯვებულებს გადაეცემათ გრანტები და საშუალება ექნებათ, რათა საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან კონსულტაციის შედეგად, საკუთარი პროექტები წარმართონ. უნდა აღინიშნოს, რომ BOG Fintech  პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა, ე.წ. API  Sandbox  ანუ მზა პროგრამული გარემო შექმნა. ესაა ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელი პროგრამა. დღეისთვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API''. 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 14-16 სექტემბერს, პირველი ფინტექ-ჰაკათონი გაიმართება, რომელიც გადახდების მიმართულებით, საუკეთესო იდეებისა და პროტოტიპების მქონე გუნდებს გამოავლენს. ჰაკათონის პირობები ვებგვერდზე www.fintech.ge  უკვე ხელმისაწვდომია. 

როგორც საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ განაცხადა, ქვეყნის წამყვან ბანკს ერთ-ერთი, ძლიერი ტექნოლოგიური გუნდი ჰყავს რეგიონში: 

,,ეს საშუალებას გვაძლევს, საბანკო მომსახურების მობილური და ინტერნეტ-აპლიკაციები სრულად, კომპანიის შიგნით შეიქმნას და ამასთან, მომზადდეს პროგრამული გარემო შემდეგი თაობის _ ღია ბანკინგის კონცეფციის დასანერგად. მოხარული ვარ, რომ BOG F Fintech  პროგრამის ფარგლებში, ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებსა და სპეციალისტებს, შესაძლებლობა მიეცემათ, რათა უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისების API-ს, წარმოადგინონ მათი იდეები უკვე მუშა-პროტოტიპების სახით და საბოლოოდ, საშუალება მიიღონ, რომ საუკეთესო იდეები განავითარონ, რათა ჩვენს მომხმარებლებს ახალი, კომფორტული და თანამედროვე სერვისები წარუდგინონ“. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, 14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, პირველი ფინტექ-ჰაკათონის გამარჯვებულებს მხოლოდ საქართველოს ბანკი დააფინანსებს, კახა კიკნაველიძემ გვიპასუხა: 

,,ამჟამად, BOG F intech  პლატფორმა, მხოლოდ საქართველოს ბანკის ინიციატივაა. შესაბამისად, პირველი ფინტექ-ჰაკათონის გამარჯვებულებს სწორედ საქართველოს ბანკი დააფინანსებს. თუმცა მომავალში, არ გამოვრიცხავთ პარტნიორობას, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორებთან. რაც მთავარია, ყველამ კარგად ვიცით მთავრობის ინიციატივები ტექნოლოგიური მიმართულების განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალში ბევრი შესაძლებლობა გვექნება, რათა ერთობლივი პროექტებიც განვახორციელოთ''. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში