Menu
RSS

კონტეინერების კონტროლის სასწავლო კურსი ბათუმში

ბათუმში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის _ კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისთვის, თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი ჩატარდა. სასწავლო კურსის ფარგლებში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და ნიდერლანდების საბაჟოს ეროვნული მიზნობრივი ცენტრის (The Netherlands Customs National Targeting Center) ტრენერებმა, მონაწილეებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა (გეზი) და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში (თიზი), კონტრაბანდული საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთისა და ნარკოდანაშაულის გამოვლენის უახლესი ტენდენციები გააცნეს. მიაწოდეს ინფორმაცია გლობალურ სავაჭრო სფეროში კონტეინერების ინსპექტირებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტების შესახებ.

თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში, მონაწილეებმა დანაშაულის რისკების შეფასებისა და მართვის საკითხები, ასევე სინდიკატური დანაშაულის გამოვლენის ეფექტური მეთოდები და საზღვაო პორტებში მიტოვებულ კონტეინერებთან დაკავშირებული რისკები განიხილეს. კურსის ფარგლებში, იმსჯელეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავ სამსახურებს შორის ინფორმაცის გაცვლის მნიშვნელობისა და ინტერნეტქსელის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. 

სასწავლო კურსს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენების, ასევე უკრაინის, კერძოდ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და ოდესის ოლქის მებაჟე ოფიცერები ესწრებოდნენ. სასწავლო კურსში, ოდესის პორტის სამუშაო ჯგუფის წევრების მონაწილეობა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. 

სასწავლო კურსი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის _ კონტეინერების კონტროლის პროგრამისა და პროექტის „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU-ACT) საქართველოსა და უკრაინაში“ ორგანიზებით გაიმართა. 

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის _ კონტეინერების კონტროლის პროგრამაში, ოთხი უწყებაა ჩართული: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა. 

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორის, ნაიდა ჩამილოვას განმარტებით, გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო ტვირთბრუნვას ებრძვიან, როგორც საქართველოში, ასევე შავი რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში: 

,,პროგრამის მონაწილე უწყებების წარმომადგენლებისთვის, პერიოდულად, უნარ-ჩვევებზე ორიენტირებულ ტრენინგებსაც ვატარებთ. ბათუმის ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა და მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაცის ტრენერებმა, ძალიან დიდი თეორიული ცოდნა გადასცეს ჩვენ მონაწილეებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კურსს ესწრებიან კოლეგები ოდესიდანაც. საქართველოს ჯგუფები დაკომპლექტებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებით. უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობასა და ფინანსთა სამინისტროს, ვინაიდან ეფექტიან თანამშრომლობაში ხელს გვიწყობენ''. 

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ტრენერმა, პიტერ ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ ის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში, კონტროლის პროგრამის საკითხების ტრენერად მუშაობს. მისივე თქმით, ორგანიზაცია ტრენინგებს ბევრ ქვეყანაში ატარებს, წარმომადგენლობა კი 50 ქვეყანაში აქვთ: 

,,ჩვენ ვასწავლით ადამიანებს, როგორ უნდა ამოიცნონ უკანონო ტვირთი, გაყალბებული საქონელი, კონტრაბანდა, ნარკოტიკული ნივთიერებების გადაზიდვა. საბაჟო ორგანიზაციის პრიორიტეტი გახლავთ ვაჭრობის ხელშეწყობა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ვქმნით უსაფრთხო ჩარჩოს, რათა ქვეყნები უკანონო ვაჭრობისგან დავიცვათ.რაც შეეხება ამ პროექტს, რეგიონალური სწავლების მიზანი ისაა, რომ სხვადასხვა ქვეყანის პროგრამებში ჩართულმა ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და ერთობლივი მუშაობით გამოცდილება მიიღონ. ეს ადამიანები უკვე კარგად განსწავლულები არიან და მაღალ დონესაც მიაღწიეს. სასწავლო კურსი დაეხმარა მათ, რათა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადონ საქმიანობა. პროგრამის შედეგები ციფრებში რომ მოგახსენოთ, მისი დაწყებიდან დღემდე, უკვე გამოვლენილია 230 000 კგ კოკაინი, 5 500 კგ ჰეროინი, ასევე 1 300 კონტეინერი, რომელშიც შედიოდა კონტრაბანდული, ან გაყალბებული საქონელი. ეს ძალიან დიდი შედეგია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ პროგრამა საკმაოდ წარმატებულია''. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში