Menu
RSS

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

წელს, ფესტივალს "ფუძეობა" საქართველოს რვა რეგიონი უმასპინძლებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფოლკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა'' გაიმართება. ფესტივალი 2018 წლის ივლისიდან დაიწყება და ნოემბრამდე გასტანს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განმარტეს, წელს ეს ღონისძიება მასშტაბური იქნება, რადგან საქართველოს რვა რეგიონს მოიცავს.

ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“, კომპანია Geotourist-ის საავტორო, სოციალური პროექტია. ამ პროექტს საქართველოს მუნიციპალიტეტები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია _ პროექტ CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ხოლო ფესტივალის სლოგანია _ „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ღონისძიებაზე, ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის რეგიონის ფოლკლორული ჯგუფებისა და ანსამბლების წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები. 

 

საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ფოლკლორულ ფესტივალზე ,,ფუძეობა'', სტუმრებს ქვეყნის წამყვანი ბანკი სხვადასხვა სიურპრიზს შესთავაზებს: 

,,მოხარულები ვართ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი ფოლკლორული ფესტივალის გენერალური პარტნიორები გავხდით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თითქმის ყველა წამყვან ქალაქში, ასეთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. ფესტივალში ჩაერთვება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქართველი და უცხოელი ტურისტები''. 

ფესტივალი საინტერესო იქნება, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორები საფესტივალო ქალაქის მოწყობას გეგმავენ. მეტიც, პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, რათა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ და საკუთარი ნამუშევრებიც წარადგინონ. ამ მიზნით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონის მასშტაბით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 

ადგილზე მისულ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი სამზარეულო, მიიღონ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, მათ შორის, სირბილში, მკლავჭიდსა და ჭიდაობაში. ,,ფუძეობის'' სტუმრები შეძლებენ იხილონ რეგიონისთვის დამახასიათებელი და აღდგენილი ქართული თამაშები. მაგალითად, მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა. ფესტივალის ფარგლებში, საბავშვო გასართობ კუთხესაც მოაწყობენ. 

ფოკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა'' წელს უკვე მეორედ ტარდება. ტურისტული კომპანია ,,გეოტურისტის'' წარმომადგენლის, ქრისტინე კობახიძის განცხადებით, ფესტივალის მიმართ საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ტურისტული კომპანიების ინტერესი დიდია: 

,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, როგორც საქართველოს ბანკს, ასევე CHECK IN GEORGIA-ს. ფოლკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა'' ყველაზე მასშტაბური, სოციალური პროექტი, რომელიც ფოლკლორის განვითარებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონებისთვის, რათა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ფოლკლორის მიმართ ინტერესი გავზარდოთ. წელს ამ ფესტივალს ჩვენი ქვეყნის რვა რეგიონი უმასპინძლებს. პროექტი ტარდება იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც ფოლკლორი და ქართული ესტრადა მივიწყებული აქვთ, ამ ფორმით კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ამიტომ ფესტივალის ფარგლებში, ფოლკლორისა და ესტრადის წარმომადგენლები ერთად წარსდგებიან მსმენელწების წინაშე. ფესტივალის სლოგანია _ ,,დაუბრუნდი შენს ფუძეს ერთი დღით'', ამიტომ უცხოელი ტურისტების გარდა, საქართველოს მოსახლეობასაც მოვუწოდებთ, რათა ერთი დღით, საკუთარ კუთხეებში დაბრუნდნენ''. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, წელს საქართველოში დაახლოებით, 8.5 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ელიან: 

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ CHECK IN GEORGIA ყოველწლიურად, სულ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე იმ მილიონობით უცხოელი ტურისტისთვის, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ. ამ მიმართულებით, 2018 წელი, ახალი რეკორდების წელი იქნება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს, CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში, 300-მდე ღონისძიებით დავხვდებით უცხოელ ტურისტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ნაწილში, ფოლკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა'' მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, რამეთუ საქართველოს რვა რეგიონს მოიცავს. ასევე ორიენტირებულია, როგორც ცნობილი შემსრულებლების ვიზიტით რეგიონებში, ამავდროულად, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ჯგუფების წინა პლანზე წამოწევით, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის. ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა ერთ-ერთი, მთავარი მიზეზია, რისთვისაც ეს ადამიანები საქართველოში მოგზაურობენ''. 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკი ასეთია: 21 ივლისს, ,,ფუძეობა'' სამცხე-ჯავახეთსა და ბაკურიანში დაიწყება, სადაც ნიაზ დიასამიძე და 33ა გამართავს კონცერტს; 29 ივლისს, ზემო სვანეთსა და მესტიაში, სტუმრებს გრანდიოზული ღონისძიება ელით, რადგან ამ რეგიონს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უმასპინძლებს. თუმცა ორგანიზატორები ამ დღეს, სტუმრებს განსაკუთრებულ სიურპრიზსაც სთავაზობენ, რასაც ამ ღონისძიებამდე ორი კვირით ადრე დააანონსებენ; 11 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთსა და ყაზბეგში კვლავ ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება; 27 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი-ამბროლაურში, დათო არჩვაძის შემოქმედებითი საღამო იგეგმება, რომელშიც ქართული ესტრადის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას; 29 სექტემბერს, შიდა ქართლსა და ნიქოზში, ამ მართლაც განსაკუთრებულ ადგილზე, ,,ერისიონის'' კონცერტი გაიმართება; 6 ოქტომბერს, ფესტივალი სამეგრელოსა და ფოთში გადაინაცვლებს, სადაც ანსამბლ ,,რუსთავის'' კონცერტი გაიმართება; 12 ოქტომბერს, ფესტივალს გურია-ოზურგეთი უმასპინძლებს, სადაც ,,შვიდკაცას'', ნატო მეტონიძესა და ლიზა ბაგრატიონს ელიან; 8 ნოემბერს, ,,ილიაობას'', ფესტივალი ,,ფუძეობა'' კახეთსა და ყვარელში, გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება, სადაც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძესა და ლიზა ბაგრატიონთან ერთად წარსდგება მსმენელთა წინაშე. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში