Menu
RSS

თიბისი კაპიტალის კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „რუმსში“

„ობლიგაციების ბაზარი საქართველოში“ _ ამ კვლევის შედეგები ბიზნესფორუმზე წარადგინეს

თიბისი კაპიტალმა კვლევის _ ,,ობლიგაციების ბაზარი საქართველოში'', პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში, რომელიც 15 ივნისს, სასტუმრო ,,რუმსში'' წარადგინეს, დეტალურადაა მიმოხილული ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები. თიბისი კაპიტალმა კვლევის შედეგები ბიზნესფორუმზე წარადგინა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. კერძოდ, თიბისი კაპიტალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საქართველოს საფონდო ბირჟიდან, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-დან, სარეიტინგო კომპანია შცორე ღატინგს-დან, იურიდიული კომპანია BLC Law Office-დან და ს/ს ,,სილქნეტიდან''.

თიბისი კაპიტალი, თიბისი ბანკის შვილობილი, ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან, თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილია. თიბისი კაპიტალი საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია, რომელიც ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. 

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი საქართველოში სწრაფად ვითარდება. კორპორაციული ბაზრის განვითარება 2014 წლიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ კომერციულ ბანკებს ნება დართო, რომ დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციები გირაოს სახით, ლარში წარედგინათ. თუმცა სწრაფი ზრდის მიუხედავად, 2017 წლის ბოლოს, საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამური რაოდენობა 232 მილიონ ლარზე დაფიქსირდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.6%-ია. სპეციალისტების განმარტებით, შესადარის ქვეყნებთან მიმართებაში, ეს ციფრი საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. 

ანგარიშში კორპორაციული ბაზრის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები დეტალურადაა განხილული. კერძოდ, საგადასახადო შეღავათები საჯაროდ განთავსებულ ობლიგაციებზე, კომპანიების გამჭვირვალობის ზრდა საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნით და ობლიგაციების ბაზრის ხელშემწყობი საკანონმდებლო, თუ მარეგულირებელი გარემო. 

ამ კვლევაში განსაკუთრებული ადგილი საპენსიო რეფორმას ეთმობა. თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდი ვარაუდობს, რომ რეფორმის შედეგად, გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდება და ფონდის დაახლოებით, 4% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში განთავსდება. თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს. 

თიბისი კაპიტალის დირექტორმა, ირაკლი ელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციები შედარებით ახალი პროდუქტია: 

,,მიუხედავად ამისა, ობლიგაციების პროდუქტზე მზარდი მოთხოვნა ცალსახად მიუთითებს, რომ ეს ბაზარი გააქტიურდა. საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი განვითარების სტადიაშია და მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია მიმართავს დაფინანსების ამ გზას, რათა დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება განახორციელოს. კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდისა და განვითარებისთვის, ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი უკვე არსებობს. ამ მხრივ, საპენსიო რეფორმა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რაც ეკონომიკაში გრძელვადიანი ლარის რესურსს გააჩენს და ბაზრის დინამიურ განვითარებასაც გამოიწვევს''. 

თიბისი ბანკის დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მომდევნო ორი-სამი წლის მანძილზე, საქართველოში ობლიგაციების ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება: 

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ობლიგაციების ბაზარი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თუკი წლების განმავლობაში კომპანიების დაფინანსების წყარო იყო სესხები, საშუალო პერსპექტივაში, მოლოდინი გვაქვს, რომ დაფინანსების წყარო უფრო დივერსიფიცირებული გახდება და სესხების გარდა, ახალი წყაროც გაჩნდება. კომპანიებს საშუალება მიეცემათ, მოიძიონ არა მხოლოდ სესხები, არამედ აიღონ ევრო-ობლიგაციები, ან გამოუშვან ქართულო ობლიგაციები. ვფიქრობთ, მომდევნო ორი-სამი წლის მანძილზე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს საქართველოში, საშუალება ექნებათ, საკუთარი ობლიგაციები ქართულ ბაზარზე განათავსონ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ამ ბაზრის განვითარებისთვის! ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდეს, რასაც ის საპენსიო რეფორმა შეუწყობს ხელს, რომელიც უკვე დაგეგმილია''. 

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის, გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, ობლიგაციების ბაზრის განსავითარებლად, საქართველოს საფონდო ბირჟა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: 

,,მეტიც, ჩვენ მხარში ვუდგავართ, როგორც თიბისი კაპიტალს, ასევე ბაზრის სხვა მონაწილეებს, რათა საქართველოში ობლიგაციების ბაზარი სწრაფად განვითარდეს. რაც შეეხება კონკრეტულ ობლიგაციებს, გასულ წელს, ჩვენ ოთხმაგი ანუ 300%-იანი ზრდა გვქონდა სავაჭრო მოცულობებში. ჩვენ ვიხილეთ ,,სილქნეტის'', ,,მ 2''-ის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის'' ობლიგაციები. ვფიქრობთ, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, წელს დაახლოებით, ხუთ ახალ ობლიგაციას ველოდებით საფონდო ბირჟაზე. კონკრეტული კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება, თუმცა საფონდო ბირჟაზე საკუთარ ობლიგაციებს წელს ელექტროენერგიის სექტორის წარმომადგენლებიც განათავსებენ. რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტი და ქართული კომპანია, ობლიგაციების გამოშვებას ნამდვილად გეგმავს''. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში