Menu
RSS

საქართველო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობებს წყვეტს!

სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა

2018 წლის 29 მაისს, სირიის რეჟიმმა, კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრონციპების უხეში დარღვევით, აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას: 

 

„2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრონციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ყველა მათგანი გმობს სირიის გადაწყვეტილებას და უახლოეს დღეებში გაკეთდება შესაბამისი განცხადებები, სადაც ყველა პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, სირიის ამ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება უმკაცრესი რეაქცია იმ ქვეყნების მიმართ, ვინც დაარღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ყურადღება მოადუნა და აცხადებს, რომ სირია იმდენად არის დამოკიდებული რუსეთზე, რომ საქართველოს ხელისუფლება აქ უძლური იქნებოდა. როგორც ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რუსეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სირიაზე, რათა მას აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა“: 

„სირია დიდხანს ფიქრობდა ამაზე, არაერთი დელეგაცია იყო ჩასული ბოლო წლების განმავლობაში დამასკოში, კონტაქტები იყო რუსეთის დონეზე. რუსეთი ცდილობდა, დაერწმუნებინა სირია წასულიყო ამ ნაბიჯზე. როგორც ჩანს, სირიამ ვერ გაუძლო ზეწოლას. ამდენ ხანს რომ არ მომხდარა ეს „აღიარება“ მეტყველებს, რომ სირიაში სხვადასხვა მოსაზრებები იყო, იმდენად დარტყმის ქვეშ არის სირია, ისე გარიყულია მსოფლიოსგან და მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, რომ მე მგონია, საქართველოს ხელისუფლება აქ უძლური იქნებოდა. სირიის დღევანდელი რეჟიმი გადაარჩინა რუსეთმა. შესაბამისად, მან ამ აღიარებით მოსკოვისადმი მადლიერება გამოხატა. მაგრამ რეჟიმის გადარჩენა ერთია და სირიის მომავლის გადარჩენა -მეორე. აქ უკვე საქართველო უნდა იყოს პრინციპული და სირიას ძვირად დაუსვას ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, სირიის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება არ არის კარგი, მაგრამ ამით ისტორია არ მთავრდება. სირია მოწყვლადი სახელმწიფოა და დაშლის ქვეშ არის, მან თავისი უგუნური ნაბიჯით საქართველო აქცია თავის მოწინააღმდეგედ. საკმარისია სირიაში დაიწყოს დეზინტეგრაციის პროცესები, რომ საქართველოს იმედი მას აღარ უნდა ჰქონდეს. საქართველოს სახით შეიძლება მიიღოს სახელმწიფო, რომელიც აღარ დაინდობს. ახლა საქართველოს აქვს შანსი და საშუალება, უგულვებელყოს სირიის ინტერესები, როცა ამის რეალობა დადგება“. 

რაც შეეხება იმას, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ სირიასთან ერთად უნდა დააყენოს თუ არა რუსეთის პასუხისმგებლობა, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სირია სუვერენული სახელმწიფოა და მხოლოდ რუსეთზე ყურადღების გადატანა საკმარისი არ იქნება: „საქართველომ უნდა დააყენოს სირიის პასუხისმგებლობა გაერო-ში და ყველგან ამაზე უნდა ატეხოს სერიოზული განგაში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაბულ სახელმწიფოთაა დარაზმვა მოხდეს სირიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ და ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს თბილისმა. რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება საუბარი, მაგრამ სირია სუვერენული სახელმწიფოა და მარტო რუსეთზე ყურადღების გადატანა არ გამოვა. სერიოზულად უნდა გავილაშქროთ სირიის წინააღმდეგ“. 

საქართველოს ხელისუფლება სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას ქართული დიპლომატიის ჩავარდნად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ რუსეთის აღტაცება ამ ფაქტის გამო, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ სირიამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს: „ბაშარ ალ ასადის ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ აქვს და ვერც ექნება, რადგან ასადს სირიელი კაცების, ქალების და ბავშვების ხმა დიდი ხანია აღარ ესმის. ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმს არ ესმის აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების, რომელსაც აღიარების ილუზია და იარაღის ჟღარუნი კი არა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პროგრამები, ახალი ინფრასტრუქტურა და განვითარებულ სამყაროსთან მუდმივი კავშირი სჭირდება. საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის. ჩვენს გულებში, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გულებში ერთი სიმართლეა და ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“. 

თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ „ეს არის არასასიამოვნო, ძალიან ცუდი ფაქტი. ჩვენ ხშირად გვესმოდა მარიონეტული ხელისუფლებების რეჟიმებისგან , რომ ისინი მუშაობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აფრიკაში, ლათინო ამერიკულ ქვეყნებში, სირიაზეც იყო საუბარი, მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად ვუმკლავდებოდით ჩვენი პარტნიორების დახმარებით. თუმცა, ეტყობა, ჩვენი ბერკეტები ასადის ხელისუფლებაზე დავკარგეთ ისევე, როგორც ჩვენმა მოკავშირეებმა, მოვადუნეთ ყურადღება და ბუნებრივია, ეს უყურადღებოდ არ დარჩენია არც რუსეთს, არც დე ფაქტო რეჟიმებს, შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე არაბული ქვეყნებიდან დე ფაქტო რეჟიმები არავის უღიარებია. არაბული სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის აღიარებას, იმედია, არ მოჰყვება სხვა არაბული სახელმწიფოების მხრიდან გაგრძელება... ეტყობა მოვდუნდით და თავბრუ დაგვახვია არაღიარების პოლიტიკამ, ვირწმუნეთ საკუთარი თავის. ჩვენი მხრიდან უნდა გაძლიერდეს არაღიარების პოლიტიკა და უნდა მოხდეს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება. რაც მთავარია, ამას მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს დასავლეთისგან“. 

კითხვაზე, რა შეიძლება მიიღოს ასადის რეჟიმმა დე ფაქტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ სანაცვლოდ, კაკაჩია ასე პასუხობს: „ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. გარკვეულწილად, სირია უკვე იღებს დახმარებას რუსეთისგან. ბაშარ ასადის რეჟიმი რეალურად რუსულ ხიშტებზე დგას. ეს საერთაშორისო თანამეგობრობამაც იცის. ასადი რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და ხელისუფლებასაც ვერ შეინარჩუნებს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მას დამატებითი სტიმული არც სჭირდებოდეს, რადგან რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მას დიდი არჩევანი ამ შემთხვევაში არ ჰქონდა. ჩვენ კი ამ საკითხზე მაშინვე უნდა გვეფიქრა, როდესაც ისინი აფხაზეთში ჩავიდნენ ზაფხულში. მაშინვე უნდა ამტყდარიყო ამაზე განგაშის ზარები. ჩვენ არ ვიცით კულუარებში როგორ იმუშავეს, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განცხადება. შედეგის მიხედვით ჩანს, რომ არარასაკმარისად იმუშავეს, მაგრამ მეორე საკითხია, რა ბერკეტები ჰქონდათ მათ. რამდენად ჰქონდათ ბერკეტები ასადის ხელისუფლებაზე, რადგან ჩვენ ვართ შეერთებული შტატების და დასავლეთის მოკავშირე, რომელიც ასადის ხელიფლების მოწინააღმდეგე მხარეა. თუმცა, არსებობენ სახელმწიფოები, რომლებთანაც ვმეგობრობთ და მათ აქვთ სირიის რეჟიმთან მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა, იყო თუ არა ეს გამოყენებული ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში