Menu
RSS

თიბისი ბანკისა და იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა

პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის პრეცედენტი

18 მაისს, თიბისი ბანკისა და იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, ,,რედისონ ბლუ ივერიაში'' კონფერენცია გაიმართა. მთავარი თემა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, ასევე სამართლებრივ ასპექტები და პრობლემები იყო. კონფერენციას საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად კორძაძე, იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ქეთევან ქვარცხავა და თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე ეგუტია უძღვებოდნენ.

,,რედისონში'' გამართულ კონფერენციაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობისა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის უფლების შელახვა. შეხვედრაზე მიმოიხილეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკაც. თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე ეგუტიამ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში, ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა: 

,,თუმცა ამის მიუხედავად, როდესაც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ულახავენ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, შესაძლებელია, ამ შემთხვევაში, სიტყვის თავისუფლებაც შეიზღუდოს. ხელაღებით პირის შეურაცხყოფა, მისი ღირსებისა და პატივის შელახვა დაუშვებელია. ჩვენი კონფერენციის აუდიტორიაა მედიის წარმომადგენლები და ადვოკატები, მედიაც ჩვენი სამიზნე ჯგუფია, რადგან მას გავრცელებისა და დაფარვის დიდი არეალი აქვს. შესაძლოა, პირის ღირსება და პატივი სხვა კონტექსტშიც შეილახოს, მაგალითად, ორმა ფიზიკურმა პირმა ერთმანეთს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ ამას იმხელა შედეგი და ისეთი ზიანი არ მოჰყვება, როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას''. 

როგორია სიტყვის თავისუფლების სტანდარტი აშშ-ს კანონმდებლობით? ამასთან დაკავშირებით, ეკატერინე ეგუტიამ აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოსა და აშშ-ს კანონმდებლობა განსხვავებულია: 

,,მაგალითად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და ზიანის დაკისრების ნაწილში, ღირსების ხელმყოფებს აშშ-ში კოლოსალურ თანხას აკისრებენ. ჩვენთან ეს თანხა ნომინალურია და ძირითადად, აქცენტი ცნობების უარყოფაზე კეთდება. თიბისი ბანკსა და მამუკა ხაზარაძეს ოთხწლიანი დავა ჰქონდა გაზეთთან ,,ასავალ-დასავალი''. ოთხი წლის შემდეგ, როდესაც დავა დასრულდა, სასამართლომ ,,ასავალ დასავალს'' საჯაროდ სიცრუის უარყოფა და ფულადი კომპენსაცია დააკისრა, რაც საკმაოდ მცირე იყო. თანხის ოდენობა, რომელიც სასამართლომ გაზეთს დააკისრა, შემაკავებელი ღონისძიება არაა, რათა კიდევ არ გაიმეოროს ვინმემ, მაგრამ ეს მაინც კარგი პრეცენდენტი იყო. სასამართლომ დაადგინა, რომ სიცრუის გავრცელება სიტყვის თავისუფლების კონტექსტში მისაღები ქმედება არაა. როდესაც სიცრუეს განზრახ ავრცელებ და ამას წლების მანძილზე, კამპანიის სახეს აძლევ, ცხადია, ეს უნდა აღიკვეთოს. ,,ასავალ-დასავალმა'' სიცრუე გაზეთის იმავე ფონტითა და იმავე გვერდზე უარყო, სადაც 2014 წელს, ცრუ სტატიები გამოაქვეყნდა და კომპენსაციაც გადაიხადა. ეს კომპენსაცია მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სტიპენდიის სახით დაუნიშნა''. 

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ თიბისი ბანკს კონფერენციის ორგანიზებისთვის, მადლობა გადაუხადა: 

,,ქვეყანაში დაგროვდა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც გარკვეულწილად, არეგულირებენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პირის ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ჩვენ, იურისტებმა სწორედ ამგვარ გადაწყვეტილებებზე ვიმსჯელეთ, განვიხილეთ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები და შევჯერდით იმ თემებზე, რაც ამ გადაწყვეტილებების მიხედვით, სადავოა. მოხარული ვარ, რომ სასამართლოები აქტიურად იყენებენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს ამგვარ საკითხებთან მიმართებაში, რადგან ერთი მხრივ, ადამიანების პატივი და ღირსება უნდა იყოს დაცული, ხოლო მეორე მხრივ, სიტყვის თავისუფლებაც არ შეიზღუდოს''. 

ზვიად კორძაძის განმარტებით, ქართული სასამართლოების მთავარი პრობლემა ისაა, რომ როდესაც პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი დამტკიცდება, მორალური ანაზღაურება გარკვეულ ოდენობას _ 10 000 ლარს არ სცილდება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება მაშინ, როდესაც ქვეყანაში საინფორმაციო ნაკადი იზრდება, მნიშვნელოვანი პრობლემაა: 

,,რაც შეეხება ამ პრობლემის მოგვარებას, იურისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მედიის წარმომადგენლები კი სხვაგვარად ვფიქრობთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავარი, რასაც ხელი უნდა შევუწყოთ, ეთიკური ჟურნალისტის განვითარებაა, ვინაიდან სწორედ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მედიასაშუალებებს შეუძლიათ დაუპირისპირდნენ და რაც მთავარია, წაართვან აუდიტორია იმ გამოცემებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და სიძულვილის ენის ტირაჟირებაზე. ჩვენ არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ ქარტიაში, რაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ეხება და ამის შემდეგ, ბევრმა მედიასაშუალებამ დეზინფორმაცია სწორი ინფორმაციით შეასწორა. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ''. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში