Menu
RSS

საქართველოს ბანკი ისევ Chek in Georgia-ს გენერალური სპონსორია

2018 წლის სეზონი „ბლექ სი არენაზე“ ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება

წელს უკვე მეორედ, საქართველოს ბანკი კვლავ Chek in Georgia-ს პარტნიორი და გენერალური სპონსორია. ქვეყნის წამყვანი ბანკის პარტნიორობით, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი, ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის ენიო მორიკონეს კონცერტით, 19 მაისს გაიხსნება. წელს, Chek in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის, ხათუნა კაკაბაძის განცხადებით, ტრადიცია არ ირღვევა და უკვე მეორედ, საქართველოს ბანკი ჩჰეცკ ინ Gეორგია-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს უმასპინძლებს. მისი თქმით, წელსაც, ისევე, როგორც შარშან, საქართველოს ბანკი ,,ბელქ სი არენაზე'' მისულ სტუმრებს უამრავ სიურპრიზს დაახვედრებს: 

,, Chek in Georgia ფარგლებში, წლევანდელი სეზონი ,,ბლექ სი არენაზე'' იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება. თუმცა საქართველოს ბანკისა და Chek in Georgia პარტნიორობის ფარგლებში, ენიო მორიკონეს გარდა, საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი არენის სცენას, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი თუ ჯგუფი დაიკავებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ ,,ბლექ სი არენაზე'', ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მუსიკალური კოლაბორაციებიც შედგება, რაც დიდი სიურპრიზი იქნება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის''. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, წელს, Chek in Georiga-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განსაკუთრებით მრავალფეროვანია: ,,საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუ ,,ბლექ სი არენაზე'' დაგეგმილი ღონისძიებების ლაინაფს გადავავლებთ თვალს, 2018 წლისთვის, ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით, 8 მილიონამდე უცხოელ ვიზიტორს ველოდებით''

წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი მედიას ,,ბლექ სი არენას'' დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა წარუდგინა: ,,სეზონი 19 მაისს, ენიო მორიკონეს გრანდიოზული კონცერტით, რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად გაიხსნება. იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებითი ფრენა და თბილისიდან მატარებლის სპეციალური რეისიც კი დაინიშნა. ლეგენდარული კონპოზიტორის კონცერტის ბილეთების მცირე რაოდენობა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია და მსურველებს მათი შეძენა ვებ-გვედზე _ TKT.GE ახლაც შეუძლიათ''. 

ამის შემდეგ, 7 ივლისს, ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალური საღამო გაიმართება; 28 ივლისის, ,,ბლექ სი არენა'' ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს, ხოლო ამ საღამოს სპეციალური სტუმარი, „გრემის“ მფლობელი, ბრწყინვალე ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი იქნება; 4 აგვისტოს ცნობილი პიანისტის, გიორგი მიქაძის პროექტს VOISA-ს მოისმენთ. ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, რომლებსაც ,,გაჯაზებული'' ქართული ფოლკლორის მოსმენა სურთ; 11 აგვისტოს, ,,ბლექ სი არენა'' ანსამბლ „შვიდკაცასა“ და ამერიკული ვოკალური ჯგუფის, 8 „გრემის“ მფლობელ თაკე შიხ-ის ერთობლივ კონცერტს დაეთმობა; 16 აგვისტოს, ყველა თაობისთვის საყვარელი ჯგუფ „სახისა“ და Poetry ‘N’ Motion-ის ერთობლივი კონცერტი იგეგმება; 21 აგვისტოს, უკვე მეორედ, საკუთარ დაბადების დღეს, ნინო ქათამაძე ,,ბლექ სი არენაზე'' სოლო კონცერტით აღნიშნავს; 28 აგვისტოს, ცნობილ ქართულ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილს'' ნახავთ. როგორც ,,ვერსიას'' ანსამბლ ,,ივერიის'' მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, გია ბაღაშვილმა განუმარტა, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება, რადგან ,,ბლექ სი არენაზე'' მიუზიკლი პირველად დაიდგმება. რაც მთავარია, წელს, ლეგენდარული ანსამბლი ,,ივერია'' 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, ხოლო მიუზიკლი ,,ჩხიკვთა ქორწილი'' _ 10 წელია, აღარ განახლებულა. შესაბამისად, 28 აგვისტოს, ,,ბლექ სი არენაზე'' ქართველ და უცხოელ სტუმრებს შესანიშნავი საღამო ელით _ ,,ივერიის'' ლეგენდარული, პირველი თაობის შემსრულებლებთან ერთად, თანამედროვე მომღერლებსაც ვიხილავთ. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ,,ვერსიას'' გია ბაღაშვილმა გაუმხილა ისაა, რომ ჩხიკვი ქეთევანის პარტიას _ ნუცა ბუზალაძე, ჩხიკვი ზაქარას _ ანდრია გველესიანი, ხოლო ყვავის პარტიას _ ბორის ბედია შეასრულებენ; 23 სექტემბერს, ,,ბლექ სი არენა'' 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალს უმასპინძლებს. 

30 ივნისსა და 1 ივლისს, ,,ბლექ სი არენაზე'' დაგეგმილია ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები, რომლებსაც ქართველ და უცხოელ სტუმრებს SOLO წარუდგენს. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში