Menu
RSS

თიბისი ბანკის ახალი პროექტი ქართული ენის მხარდასაჭერად

„ქართულად“ _ საერთაშორისო რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომის საშუალებაა!

თიბისი ბანკმა ახალი პროექტი _ ,,ქართულად'' დაიწყო. ამ პროექტში ბანკი „მაიკროსოფტთან“, „ჯეოლაბთან“ და „საბასთან“ თანამშრომლობს, რომლის მიზანი ქართული ენის ხელშეწყობა, სათარჯიმნო რესურსის შექმნა, ამ რესურსის ,,მაიკროსოფტის'' პროგრამებში ინტეგრაცია, ქართულენოვანი მომხმარებლისთვის საერთაშორისო რესურსებსა და ინფორმაციაზე მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობაა.

თავდაპირველად, ,,მაიკროსოფტის'' სისტემაში ქართულის ინტეგრაციაა საჭირო, პროგრამამ უნდა ისწავლოს ენა, რისთვისაც პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 100 000 ქართული წინადადება ინგლისურად უნდა ითარგმნოს. თარგმნილი წინადადებები გარედაქტირდება და ხელოვნურ ინტელექტში ჩაიტვირთება, რათა პროგრამამ ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნა შეძლოს. პროექტის ფარგლებში, ,,მაიკროსოფტის'' სისტემისთვის ქართულის სწავლების შესაძლებლობა ყველა მსურველს მიეცემა. 

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ამ პროექტის საშუალებით, ქართულ ენას მსოფლიო მასშტაბით გავიტანთ და დაინტერესებულ პირებს გავაცნობთ: 

„ეს არის ჩვენი პროექტის _ ,,წერე ქართულად'' გაგრძელება, რომელიც სამი წლის წინ დავიწყეთ. ამ ხნის მანძილზე, ,,წერე ქართულად'' ფარგლებში, 200-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ და მივხვდით, რომ ის აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. შესაბამისად, ინიცირება გავუკეთეთ ახალ პროექტს _ ,,ქართულად'', რომლის საშუალებითაც, ,,მაიკროსოფტის'' დახმარებით, ქართული ტექსტების ინგლისურ ენაზე და პირიქით _ ინგლისური ტექსტების ქართულად თარგმნას შევძლებთ. ,,საბას'' ფარგლებში, ასეულობით ათასი ქართული წინადადება შევაგროვეთ, რომელსაც ,,მაიკროსოფტს'' გადავცემთ. ესაა უმნიშვნელოვანესი პროექტი ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ გაგვაჩნია უნიკალური ძეგლი _ ქართული ანბანი და ქართული ენა, რომელიც მსოფლიომ უნდა გაიცნოს''. 

ვებ-გვერდზე kartulad.ge _ თითოეულ დარეგისტრირებულს შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია ,,საბას'' ელექტრონული წიგნების ბაზიდან. მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როდესაც ნათარგმნ წინადადებებს სპეციალისტები გაარედაქტირებენ. 

100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია ჭინდოწს-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ეს პროექტი ქართული ენის შენარჩუნებას ემსახურება. ამ პროექტის განსავითარებლად, მნიშვნელოვანია, რომ მასში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. 

პროექტი _ „ქართულად“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ თიბისი ბანკის ორგანიზებით, მართლაც სერიოზული და ფუნდამენტური პროექტი დაიწყო: 

,,პირადად ჩემი და განათლების სამინისტროს სახელით, დიდი მხადაჭერა მინდა გამოვუცხადო ამ პროექტის თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორებს, განსაკუთრებით კი თიბისი ბანკს და ბატონ მამუკას, ამ ბრწყინვალე წამოწყებისთვის. პროექტი _ ,,ქართულად'', შესაძლებლობას ქმნის, რომ ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ქართული ენა, მთელ მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ. ამ პროექტის შედეგად, თითოეულ მოქალაქეს საშუალება ექნება, საკმაოდ ფართო წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო რესურსებზე. ისიც მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ამ პროექტის შექმნასა და განხორციელებაში. შესაბამისად, ეს ჭეშმარიტად სახალხო პროექტია! რასაკვირველია, ამ პროექტს უდიდესი საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ მისი საშუალებით, ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენის სწავლებაც წახალისდება''. 

პროექტში _ ,,ქართულად'', PH international  და ლექსიკოგრაფიული ცენტრიცაა ჩართული, რომელსაც თინა მარგალიტაძე ხელმძღვანელობს. თუმცა პროექტში ჩაერთვებიან მოსწავლეები, მასწავლებლები და სტუდენტები მთელი საქართველოდან. მონაწილეები, რომლებიც გამორჩეულნი იქნებიან საკუთარი შედეგებით, თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით, პრიზებსაც მიიღებენ. „ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდაჭერის ყველა მსურველისათვის! 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში