Menu
RSS

საქართველოს ბანკმა 75 მილიონი ლარი მოიზიდა

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს

საქართველოს ბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს (BSTDB) შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოს ბანკს 75 მილიონი ლარის (30 მლნ აშშ დოლარის) მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა, ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები, ლარში დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განათავსების გზით, ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია Gალტ & თაგგარტ-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა: 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის, კიდევ ერთ, წარმატებულ თანამშრომლობას მოეწერა ხელი. მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, რათა შემდგომი განვითარების მიზნით, მათ დაფინანსებაზე წვდომა ჰქონდეთ. ამავდროულად, ჩვენ, როგორც წამყვან ბანკს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციის პროცესში. ჩვენი პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტისგან 75 მილიონი ლარი მოვიზიდეთ და ეს სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს, მხარდაჭერისათვის“, _ განაცხადა კახა კიკნაველიძემ. 

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იგორ ლეშუკოვმა აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით, უმსხვილეს პარტნიორთან _ საქართველოს ბანკთან, წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება: 

„ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, რათა ერთობლივად შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორის დაფინანსება, ამით კი ხელს შევუწყობთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამას _ საბანკო სექტორში დედოლარიზაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს, BSTDB-ის ადგილობრივი სავალუტო ოპერაციების მხარდაჭერისთვის. BSTDB-ი ოპერაციების დაფინანსების მიზნით გამოუშვებს ბონდებს, რასაც საჯაროდ განათავსებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ეს კი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეიწყობს“, _ განაცხადა იგორ ლეშუკოვმა. 

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. BSTDB მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალის მოზიდვისა და პროექტების განხორციელების, ასევე ვაჭრობის დაფინანსების გზით, მისი წევრი ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორებში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საწესდებო კაპიტალი 3.45 მილიარდი ევროა. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში