Menu
RSS

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს

26 დღიანი ლოდინის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, 22 თებერვალს, ახალგორში დაკავებული და წამებით მოკლული საქართველოს მოქალაქის _ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, საქართველოში გადმოასვენეს.
ინფორმაცია ცხედრის გადმოსვენების შესახებ, 20 მარტს დილით გავრცელდა:
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების გენპროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია ცხედრის გადმოსვენების შესახებ და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო _ სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას გადასცემს:
„ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ველოდით, რომელიც მანამდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დავუკვეთეთ. ამ დროისთვის დასკვნა უკვე მიღებულია და ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს გადავცემთ ექსპერტების დასკვნასთან ერთად“.
მათივე თქმით, ცხედართან ერთად გადმოცემული იქნება სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტატუნაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. სააგენტოს ცნობით, ცხედრის გადმოცემის შუამავალია „წითელი ჯვრის კომიტეტის“ საერთაშორისო მისია.
ერგნეთის საგუშაგოზე იმყოფებოდნენ საქართველოს ხელი სუფლების წარმომადგენლები _ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სოფელში, ქართველი ჯარისკაცის ცხედარს მისი თანასოფლელები, ნათესავები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება, რასაც შსს _ ს წარმომადგენლის განცხადებით, 3 _ 4 საათი დასჭირდება. ამის შემდეგ კი არჩილ ტატუნაშვილს წილკანში გადაასვენებენ.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში